როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი უმიზეზოდ ყეფას?
როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი უმიზეზოდ ყეფას?
ხმაურიანი ძაღლების პატრონები ყოველთვის ცდილობენ მიაგნონ გზას, რისი საშუალებითაც თავიანთ ცხოველებს უმიზეზოდ ყეფას გადააჩვევენ.

ყეფა ოთხფეხა ბინადრისთვის ჩვეულებრივი ურთიერთობის საშუალებაა. ამგვარად შინაური ცხოველი საუბრობს, გიზიარებთ თავის ემოციებსა და შიშებს. ამაში ცუდი არაფერია, სანამ ეს ხმაური არ იწვევს პატრონისა და მეზობლების გაღიზიანებას.

არც ისე იშვიათად ძაღლი გამვლელებს უყეფს, აშინებს და მათ აღშფოთებას იწვევს. ეს არასასიამოვნო პროცესია, ზოგჯერ საშიშიც, რადგან უცხო ადამიანის რეაქცია შესაძლოა მოულოდნელი იყოს, რაც ცხოველს საფრთხეში აგდებს.

იმისათვის, რომ ყეფა უმიზეზო არ იყოს და არ გამოიწვიოს გარშემომყოფების აგრესია, სპეციალისტი რამდენიმე
რჩევას გვიზიარებს.


პირველ რიგში, პატრონმა უნდა გაარკვიოს მიზეზი, რის გამოც შინაური ცხოველი გადმოსცემს თავის აღელვებას
ან სიხარულს და ამით ცდილობს ყურადღების მიქცევას. დიდი ალბათობით, ძაღლი რაღაცაზე ღელავს ან შესაძლოა, ფიზიკური ტკივილიც ჰქონდეს. 

თუ მისი ყეფა უმიზეზოა, მიმართეთ წვრთნის გზებს, რათა ოთხფეხა ბინადარი ამ მავნე ქცევას გადაეჩვიოს.

ყეფის მიზეზები

სიხარული

ისევე როგორც ადამიანს, ძაღლსაც აქვთ სიხარულის განცდა, რომელსაც ყეფით გამოხატავს. ყეფის საშუალებით ძაღლი შესაძლოა გიწვევდეთ თამაშში, გამოხატავდეს პატრონთან შეხვედრის ემოციას ან აღგზნებადობას.

შიში

ხშირ შემთხვევაში ოთხფეხა ბინადრები საშიშროების დროს იყეფებიან. ეს გრძნობა ჩნდება, როდესაც პატრონი მიდის და ცხოველი იძულებულია, მარტო დარჩეს, უმეტეს შემთხვევაში, თუ მას  მარტო ყოფნა შეზღუდულ სივრცეში უწევს.

შფოთვა

არც თუ ისე იშვიათად, გარეშე ხმები, რომელიც ქუჩიდან ან სადარბაზოდან მოდის, შესაძლებელია თქვენი ბინადრის შფოთვის მიზეზი გახდეს, რაზეც ის ყეფით რეაგირებს. მაგალითად, ბავშვების ყვირილი, სხვა ძაღლების ყეფა, ფეიერვერკების ხმა და ა.შ.

მოწყენილობა

ძაღლი შესაძლოა მოწყენილობისგან ყეფდეს, რათა საკუთარი თავი როგორღაც გაართოს (ძირითადად ასე იქცევიან მუდმივად დაბმული ძაღლები). ადამიანს შეუძლია გამონახოს რაიმე გასართობი, თუმცა, ასეთ შემთხვევაში ძაღლი პატრონზეა დამოკიდებული და დამოუკიდებლად გართობის დიდი არჩევანი არ აქვს. ცხოველის დამოუკიდებლად გართობის ვარიანტები მცირეა: დამოუკიდებელი თამაში (რომელიც ცხოველს მალევე ბეზრდება), ავეჯის დაღრღნა, ტანსაცმლის დაზიანება ან უმიზეზო ყეფა.

საშიშროების მოახლოება

არც თუ ისე იშვიათად ძაღლი ყეფას იწყებს ქუჩაში, გამვლელების მისამართით, როდესაც საშიშროების მოახლოებას გრძნობს, ამგვარად ის საკუთარ თავსა და პატრონს იცავს.

ამ ჩამონათვალის მიხედვით, მარტივი მისახვედრია, თუ რატომ ყეფს თქვენი ძაღლი. შესაბამისად, შეგიძლიათ, კონკრეტულ მოქმედებებს მიმართოთ, რათა შინაურმა ცხოველმა უმიზეზოდ ყეფა შეწყვიტოს.

როგორ ავიცილოთ თავიდან უმიზეზო ყეფა?

შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ ისეთი სიტუაციები, რომლებიც თქვენი ძაღლის პროვოცირებას იწვევს.

ძაღლი სოციალური ცხოველია, მას არ შეუძლია დიდი ხნით მარტოობა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, პატრონმა შესაძლოა, მასთან ერთად დიდი დრო ვერ გაატაროს - სამსახური, მეგობრები და ა.შ.  ამიტომ, ცხოველი ლეკვობიდან უნდა შეაჩვიოთ დამოუკიდებლობასა და მარტო ყოფნას, რათა პატრონის სამსახურში წასვლისას სტრესი არ მიიღოს და შიშის გრძნობა არ გაუჩნდეს, რისი შედეგიც შეიძლება შეუჩერებელი ყეფა გახდეს.

ძაღლი უმიზეზო ყეფას აუცილებელია ლეკვობიდან გადააჩვიოთ. შეინარჩუნეთ მოთმინება და ყეფის დროს ცხოველს სრული იგნორირება გაუკეთეთ. თუ თქვენი პატარა ბინადარი ყეფს, დააცადეთ, სანამ დამოუკიდებლად არ დამშვიდდება. ამის შემდეგ მიუახლოვდით მას, მოეფერეთ და დააჯილდოვეთ გემრიელი სასუსნავით. ამგვარად ის დაიმახსოვრებს, რომ სიჩუმე დასაფასებელია და სანაცვლოდ დაჯილდოვდება.

როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი ყეფას სახლში ყოფნის დროს

ოთხფეხა ბინადრები სახლში ყოფნის დროს ყეფას სხვადასხვა მიზეზით იწყებენ: როდესაც კარი იღება, როდესაც პატრონი სახლში ბრუნდება, როდესაც კარს იქით ესმის ადამიანების სიარული, როდესაც ძაღლი მარტო რჩება ან როცა სეირნობა სურს.

ყეფა უმნიშვნელო ხმაურის დროს არ არის ცხოველის ნორმალური მდგომარეობა და ამ შემთხვევაში აუცილებელია მუშაობა, რათა სამომავლოდ მეზობლების საყვედურები არ მოისმინოთ.

ხშირ შემთვევაში ძაღლის პატრონები გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ: არავითარ შემთხვევაში მოეფეროთ ძაღლს და არ შეაქოთ იმ დროს, როდესაც ყეფას იწყებს თქვენი დანახვისას და ამგვარად გამოხატავს სიხარულს. ეს გაგრძელდება მუდმივად, როდესაც სახლში დაბრუნდებით - ხტუნაობა და ყეფა, რა დროსაც ძაღლს ჰქონია, რომ პატრონს სიხარულს უზიარებს. თუ ძაღლი ყეფს, როდესაც სახლში ბრუნდებით, ყურადღება არ მიაქციოთ, მშვიდად აუარეთ გვერდი, გააგრძელეთ ოთახისკენ გზა და გააკეთეთ თქვენი საქმე, სანამ ცხოველი არ დამშვიდდება. მხოლოდ ამის შემდეგ დაუძახეთ ოთხფეხა ბინადარს, მოეფერეთ და შეაქეთ.

იმისათვის, რომ ძაღლს უმნიშვნელო ხმაურზე ყეფა გადააჩვიოთ (ფეხის ხმა, ლიფტის ხმა, მეზობლის კარის ხმა), დაიხმარეთ ახლობელი ცხოველის წვრთნისას. სთხოვეთ, ახლობელს გაიაროს თქვენს კართან, გამოიძახოს ლიფტი (არავითარ შემთხვევაში არ დარეკოს ან დააკაკუნოს თქვენს კარზე, ეს სხვა შემთხვევაა), ხოლო თქვენ ამ დროს დაიწყეთ ძაღლის წვრთნა: დაჯექით თქვენი ბინადრის გვერდით, დაიჭირეთ მისი საბელი. თუ კარს იქით ხმაურზე ის დაიწყებს ყეფას, მკაცრად უბრძანეთ "შეჩერდი"/"სდექ"და მსუბუქად მოქაჩეთ საბელი. გაიმეორეთ ეს მოქმედება, სანამ ძაღლი არ დაგემორჩილებათ. როდესაც ცხოველი დამშვიდდება, შეაქეთ ის და სასუსნავით დააჯილდოვეთ. დაიმახსოვრეთ, რომ ერთჯერადი წვრთნით ოთხფეხა ბინადარი მავნე ჩვევას ვერ მოიშორებს. გაიმეორეთ იგივე ვარჯიში, სანამ ცხოველი არ მიხვდება, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

არც ისე იშვიათად, ძაღლი ემოციური ხდება, როდესაც პატრონი სახლიდან მიდის და ის სახლში მარტო რჩება. ძაღლს ეწყება შფოთვა და როცა კარს კეტავთ, ის იწყებს ყეფას. დაიმახსოვრეთ, რომ ამ შემთხვევაში არ ღირს ცხოველის დამშვიდება, ისევე როგორც ბავშვის. მნიშვნელოვანია, რომ იმოქმედოთ მკაცრად. ამისათვის, უნდა შეასრულოთ შემდეგი მოქმედებები: დაბრუნდით უკან, გააღეთ კარი და უბრძანეთ "ადგილზე" (ან სიტყვა, რომელსაც მის გასაფრთხილებლად ხშირად იყენებთ), ხოლო შემდეგ დაკეტეთ კარი და რამდენიმე წუთი მოიცადეთ. თუ ცხოველი ყეფას კვლავ აგრძელებს, კვლავ გააღეთ კარი და ისევ მკაცრად გაუმეორეთ "ადგილზე"/"სდექ". კარი კვლავ დაკეტეთ და დააცადეთ 5-10 წუთი, რათა წვრთნამ შედეგი გამოიღოს. ეს ვარჯიში ყოველდღე გაიმეორეთ, გაზარდეთ დრო, სანამ ძაღლი თქვენს წასვლაზე მშვიდ რეაგირებას არ მოახდენს.

როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი ქუჩაში ყეფას?

ხშირ შემთხვევაში ოთხფეხა ბინადრები ყეფენ იმ დროს, როდესაც საშიშროებას გრძნობენ ან იცავენ პატრონს. იმისათვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, ძაღლს უნდა ესმოდეს ბრძანებები ("სდექ", "შეჩერდი" და ა.შ.).

სპეციალისტები გვიზიარებენ რამდენიმე რჩევას იმისათვის, რომ ძაღლმა ქუჩაში ყოფნის დროს გამვლელებს არ დაუყეფოს.

რამდენიმე წუთი დააბით ძაღლი ეზოში, იქ სადაც ბევრი ადამიანი დადის. მას გვერდიდან არ მოშორდეთ, როგორც კი ყეფას დაიწყებს, უბრძანეთ "შეჩერდი".

ქუჩაში სეირნობის დროს, გაიყოლეთ წყლით სავსე სპერის ბოთლი. როგორც კი ძაღლი გამვლელების მისამართით ყეფას დაიწყებს, შეასხით მას ცხვირზე მცირე რაოდენობით წყალი და უბრძანეთ - "შეჩერდი". ეცადეთ წყალი ცხოველს თვალებში არ მოხვდეს. როდესაც ძაღლი ყეფას შეწყვეტს, მიეცით მას სასუსნავი და შეაქეთ.

ვარჯიშები გაიმეორეთ იმ დრომდე, სანამ ოთხფეხა ბინადარი არ მიხვდება, თუ რა სიტუაციაში შეიძლება ყეფა და რა დროს არა. მაგრამ დაიმახსოვრეთ ერთი რამ - ძაღლისთვის ყეფა გარემოსთან კავშირის მთავარი საშუალებაა. ისევე როგორც ადამიანებს, ძაღლებსაც სურთ კონტაქტი, ამიტომ არ ღირს რადიკალური ზომების მიღება იმისათვის, რომ ოთხფეხა ბინადარი ყეფას გადააჩვიოთ. უბრალოდ მსუბუქი კორექტირება მოახდინეთ ცხოველის ქცევაში, რათა მან ყველა მიზეზის გამო ყეფა არ დაიწყოს.

შენიშვნა: ნებისმიერი წვრთნის დროს დაუშვებელია ძაღლზე ფიზიკური ძალადობა და ყვირილი, რა დროსაც ცხოველი ითრგუნება და იღებს სტრესს - ეს პატრონისგან გამოუსწორებელი შეცდომაა.

ასევე იხილეთ:

რატომ არასოდეს სჯის საკუთარ ძაღლებს ცეზარ მილანი და რას გვირჩევს ის, თუ ძაღლი რამეს აშავებს?

როგორ უნდა ასწავლოთ ძაღლს თქვენს გვერდით სიარული?

როგორ უნდა მოიქცეს პატრონი, თუ ძაღლს წყლის ეშინია?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?