ფუკუსიმა-1-ის ტრაგედიიდან თითქმის 9 წელი გავიდა. რადიაციული დაბინძურების გამო, ტერიტორიიდან 150 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხდა.
რამდენიმე თვის წინ ბიოლოგებმა რადიაციულ ზონაში კამერები დაამონტაჟეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებისგან მიტოვებულ ტერიტორიაზე ცხოველთა სამყარო ყვავის.
ფოტოზე აღბეჭდილია იაპონური სეროუ

ჯორჯიის უნივერსიტეტის ეკოლოგმა, ჯეიმს ბისლიმ და მისმა კოლეგებმა, რადიაციულ ზონაში 106 კამერა დაამონტაჟეს. ოთხ-თვიანი კვლევის შედეგად, ამ ტერიტორიიდან მათ მიიღეს 267 000 ფოტო. კადრებზე 20-ზე მეტი ცხოველის სახეობაა ასახული. მათ შორის არიან მელიები, იაპონური კურდღლები და ხოხბები.

"ჩვენი მონაცემები პირველი მტკიცებულებაა იმისა, რომ ფუკუსმა-1-ის შემოგარენში, სადაც რადიაციის მაღალი მაჩვენებელია, უამრავი ცხოველი ბინადრობს", - ამბობს პროფესორი ბისლი.
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ის ცხოველები, რომლებიც ადამიანების სიახლოვეს ვერასოდეს იცხოვრებენ (ტახები, ენოტები და იაპონური მაკაკები), სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს იქ, სადაც ადამიანებმა თავიანთი საცხოვრებელი ადგილები დატოვეს.
"ეს მანიშნებელია იმისა, რომ ადამიანების ევაკუაციის შემდეგ ამ სახეობების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა", - ამბობს პროფესორი ბისლი.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 11 მარტს ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა–1"–ზე მძიმე ავარია მოხდა. რადიაციის გაჟონვის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, ადამიანთა ევაკუაციის ზონა, ატომური სადგურიდან, 10 კმ-მდე რადიუსით გამოცხადდა.

უნდა აღინიშნოს, რომ რადიაციის ზონაში ბინადარი ცხოველების ქცევები არაფრით განსხვავდება მათი ჩვეული ქცევისგან, თუმცა, სპეციალისტებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
წყარო: dailymail.co.uk