როგორ უნდა მოიქცეს პატრონი, თუ ძაღლს წყლის ეშინია?
როგორ უნდა მოიქცეს პატრონი, თუ ძაღლს წყლის ეშინია?
ძაღლების პატრონები გონებაში ხშირად ხატავენ შემდეგ სურათებს: ზღვა, მზე და საყვარელი შინაური ცხოველი ბედნიერი ცურავს მასთან ერთად, მაგრამ უყვარს კი ზოგიერთ ბინადარს ცურვა?

არიან ძაღლები, რომლებიც ზღვის/მდინარის/ტბის დანახვისას უყოყმანოდ შედიან წყალში და პატრონს  დიდი ძალისხმევა უწევს, რათა ნაპირისკენ გაიტყუოს, თუმცა გხვდებიან ძაღლები, რომლებსაც შიში ეუფლებათ და წყლისკენ ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავენ. როგორ გამოვასწოროთ ეს უკანასკნელი? როგორ დავეხმაროთ ძაღლს წყლის შიშის დაძლევაში?

დასაწყისისთვის ძაღლის ყველა მფლობელმა უნდა იცოდეს, თუ რატომ ეშინია მის ბინადარს წყლის.

Zooclub

წყლის შიშის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

ძაღლისთვის  
უცხო გარემო;

უცხო საგნები;

ახალი სუნი;

უცხო ადამიანები;

შიში შეუცნობელი შეგრძნების მიმართ;

ნეგატიური გამოცდილება (ძაღლს შესაძლოა წყალში
უსიამოვნო ფაქტი შეემთხვა- გავიდა სიღრმეში და ვერ ბრუნდებოდა, იხრჩობოდა ან იჩხუბა სხვა ძაღლებთან);

ამინდი (ძლიერი ქარი, ტალღები);

წყლის შიში (ძაღლებში მსგავსი ფობია ყველაზე რთული დასაძლევია და ხშირ შემთხვევაში პროფესიონალ კინოლოგსაც კი უჭირს ამის მოგვარება);

ზოგიერთ ჯიშს კატეგორიულად არ უყვარს წყალი.

სანამ ძაღლს წყალში შესვლას და ცურვას ასწავლით, აუცილებლად დაიმახსოვრეთ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება.

რა არ უნდა გავაკეთოთ

თუ თქვენი ბინადარი წყლის მიმართ შიშს განიცდის, იძულებითი მოქმედებები დაუშვებელია. შეინარჩუნეთ მოთმინება და არ დააძალოთ ძაღლს გააკეთოს ის, რაც არ სურს.

Zooclub

კონკრეტულად კი:

არ შეიძლება იძულებით შეიყვანოთ თქვენი ბინადარი წყალში, რათა მან ნეგატიური ემოცია არ მიიღოს;

არავითარ შემთხვევაში არ ჩააგდოთ ძაღლი წყალში. ის შეიძლება ფსკერისკენ წავიდეს და კიდევ უფრო მეტად შეეშინდეს;

არ შეასხათ ძაღლს წყალი;

არ დააბათ ძაღლი წყლის სიახლოვეს, უცხო ადამიანების გარემოცვაში, როცა საცურაოდ მიდიხართ;

არ მისცეთ ძაღლს უფლება იბანაოს ცივ წყალში, ამასთანავე ძლიერი დინების დროს.

როგორ ვასწავლოთ ძაღლს წყალთან შეჩვევა?

თუ სურვილი გაქვთ, რომ მომავალში თქვენს ბინადართან ერთად ზღვაზე დასვენებამ მეტი პოზიტივი მოგიტანოთ, აუცილებელია ძაღლს წყლის შიშის დაძლევა ეტაპობრივად ასწავლოთ.

არაერთი ძაღლი დასაწყისშივე თავად ინტერესდება წყლით- შედიან წყალში, ისველებენ თათებს. ამ დროს აუცილებელია არ შეაშინოთ ცხოველი, პირიქით, ყოველი მცდელობისას შეაქეთ ის.

კინოლოგები გვიზიარებენ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ ძაღლს წყლის შიშის დაძლევაში:

პირველ ყოვლისა შეარჩიეთ მშვიდი ადგილი, რათა ცხოველმა ყურადღება არ გადაიტანოს და ასევე არ შეშინდეს.

თქვენს ოთხფეხა მეგობარს მიეცით საშუალება გაეცნოს ახალ გარემოს.

პირველი გაკვეთილი უკეთესია ნაპირზე თამაშის სახით წარიმართოს, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად გადახვიდეთ მთავარ ამოცანაზე- ყოველ ჯერზე ბურთი ისროლეთ, რაც შეიძლება წყალთან ახლოს.

სასურველია ძაღლს ცურვა ასწავლოთ თბილ, შეიძლება უფრო ცხელ და მშვიდ ამინდში, რათა თქვენ ბინადარს გაგრილების სურვილი გაუჩნდეს.

ამისათვის, გამოიყენეთ ძაღლისთვის საყვარელი სათამაშო.

ყოველ დღე, თამაშის დროს, შეეცადეთ წყალში სულ უფრო ღრმად შეხვიდეთ.

Zooclub

დააკვირდით თქვენი ბინადრის ქცევას. თუ ის საყვარელ სათამაშოს წყალში თამამად მიჰყვება, ამ შემთხვევაში, შეიძლება შემდეგ ეტაპზე გადასვლა:

შედით მეტნაკლებად წყლის სიღრმეში. შეიძლება გაცუროთ კიდეც, რათა აჩვენოთ თქვენს ბინადარს, რომ საშიში არაფერია. თუ ძაღლი გამოგყვათ, შეაქეთ ის. თავიდან წყალში ძალიან შორს არ შეხვიდეთ. წვრთნა დაიწყეთ ადგილიდან, სადაც მუხლებზე დგომა შეგეძლებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ზრდასრულ ადამიანს წყალი მუხლებამდე წვდება, პატარა ზომის ძაღლისთვის ის 50 სმ-მდე სიღრმეა.

ხშირად ხდება, რომ წყლის სიღრმეში შესვლისას, ოთხფეხა ბინადარი მაინც ცდილობს უკანა თათებით დგომას. იმისათვის, რომ ძაღლმა ცურვა ისწავლოს და წყალში ვერტიკალურ მდგომარეობაში არ იაროს, აუცილებელია მას დაეხმაროთ: ამისათვის, მას მსუბუქად მოჰკიდეთ მკერდზე ხელი, მეორე ხელში აიღეთ სათამაშო და გეჭიროთ პირდაპირ მისი ცხვირის სიახლოვეს. გაითვალისწინეთ, რომ სათამაშო წყლის ზედაპირთან  უნდა იყოს (ძაღლის ცხვირის გაყოლებაზე) და არა ზემოთ. თუ ნივთს ზემოთ აწევთ, ძაღლის გულმკერდიდან ხელის აღების შემთხვევაში, ის ეცდება მისწვდეს სათამაშოს- კისერს ზევით ასწევს და ისევ ვერტიკალურ მდგომარეობას მიიღებს.

თუ წვრთნის პროცესს სწორად წარმართავთ, თქვენი ოთხფეხა მეგობარი წინა და უკანა თათებით ინტენსიურად იმუშავებს, შედეგად მისი სხეულზე დატვირთვა თანაბრად განაწილდება და ის დაიწყებს ცურვას.

მნიშვნელოვანია, რომ წყლიდან გამოსვლის შემდეგ ძაღლი პირსახოცით გაამშრალოთ, ხოლო შემდეგ განტვირთვისთვის, რამდენიმე წუთი ნაპირზეც ერთად ითამაშეთ.

Zooclub

უსაფრთხოების ზომები წყალში

როდესაც ძაღლი შეიყვარებს წყალს და ცურვით სიამოვნებას მიიღებს, უსაფრთხოების ზომების მიღება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომელიც ცხოველის წყალში ყოფნისას უნდა გაითვალისწინოთ:

არ შეუშვათ ძაღლი წყალში უამინდობის და ძლიერი ტალღების დროს;

ჩააცვით ცხოველს სამაშველო ჟილეტი, რომელიც სპეციალურად ძაღლებისთვის არის განკუთვნილი;

არ ისროლოთ წყალში სათამაშო ძალიან შორს. ძაღლი შეიძლება დინებამ გაიყოლოს;

არ ისროლოთ სათამაშო იქ სადაც წყალმცენარეები იზრდება, რადგან ძაღლს შეიძლება ცურვისას თათები მცენარეებში გაებლანდოს;

სანამ ძაღლს საცურაოდ გაუშვებთ, აუცილებლად მოხსენით საბელი, რადგან შესაძლოა ცურვისას საბელი მოედოს ქვას, მცენარეს...და ძაღლი დაიხრჩოს;

წყალში შესულ ძაღლს აუცილებელად მიაქციეთ ყურადღება;

15-20 წუთის შემდეგ ამოიყვანეთ თქვენი ბინადარი წყლიდან, რათა მან შეძლოს დასვენება და გაშრობა, რადგან ძაღლები ბავშვებივით არიან, თუ მას ცურვა შეუყვარდა, მისი წყლიდან ამოყვანა რთულია.

თუ თქვენს ძაღლს წყლის ეშინია, სანერვიულო არაფერია, შეინარჩუნეთ მოთმინება და ნელი ნაბიჯები გადადგით სასურველი მიზნისკენ.

ასევე იხილეთ:

რატომ არასოდეს სჯის საკუთარ ძაღლებს ცეზარ მილანი და რას გვირჩევს ის, თუ ძაღლი რამეს აშავებს?

როგორ მივაჩვიოთ ლეკვი საბელს?

როგორ უნდა ასწავლოთ ძაღლს თქვენს გვერდით სიარული?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?