ერთი წელი წყალდიდობიდან, რომელმაც თბილისში მრავალი სიცოცხლე იმსხვერპლა
ერთი წელი წყალდიდობიდან, რომელმაც თბილისში მრავალი სიცოცხლე იმსხვერპლა
თბილისის 13 ივნისის წყალდიდობიდან ერთი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.

წყალდიდობა 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო. წყალმა მთლიანად დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალი თბილისის ზოოპარკშიც შეიჭრა და ათეულობით ცხოველის სიცოცხლე შეიწირა.

მდინარე ვერეს ადიდება და წყალდიდობა ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია.

წყალდიდობიდან ერთი წლის შემდეგ თბილისის ზოოპარკი საჩუქრად 45 ახალ ცხოველს მიიღებს. როგორც ზოოპარკი
დან გვაცნობეს, ზოოპარკს 20 ჰამადრილი (10 - ანტვერპენის ზოოპარკიდან, ბელგია, 5-5 Beekse Bergen-ისა და ამერსფორტის ზოოპარკებიდან, ჰოლანდია), 24 დეგუ და 1 ინდური მაჩვზღარბა (AAP, ჰოლანდია) შეემატება. ახალი ბინადრებისთვის
ვოლიერები უკვე მზადაა.

13 ივნისს ზოოპარკში შესვლა უფასო იქნება და მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია საქველმოქმედო ღონისძიებები: 11:00 საათიდან დაიწყება ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ორგანიზებული სისხლის ჩაბარების აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“. სისხლი მიეწოდებათ ძუძუს კიბოთი დაავადებულ და სისხლის ონკოლოგიურ პაციენტებს, ახალშობილებს, ბავშვებს, მშობიარეებს, ავტოავარიებში დაზარალებულ ავადმყოფებს, ქირურგიულ და სოციალურად დაუცველ პაციენტებს. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 13:00 საათზე გაიხსნება თავდაცვის სამინისტროს ფოტოგამოფენა „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“. გამოფენა ასახავს შეიარაღებული ძალების როლს სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. წარმოდგენილი იქნება 13 ივნისის წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები. 14:00 საათზე გაიხსნება მხატვარ ირინე ჩუტკერაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „ზოოლაივი“. გამოფენილი 35 ნახატი ცხოველების თემაზეა შექმნილი. შემოსული თანხა თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

12:00-დან 18:00 საათამდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტების ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, გაიმართება აქცია „GAUფრთხილდი“. გაიყიდება სხვადასხვა ბრენდირებული სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, წიგნები და 13 ივნისისადმი მიძღვნილი სიმბოლოები. შემოსული თანხა თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში, სტიქიით დაზარალებულთა ფონდში და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში გადაირიცხება. სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები და გათამაშება ელით. აქციას უერთდებიან მოძრაობის თეატრისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები, მოხალისე სტუდენტები და მეგობარი კომპანიების წარმომადგენლები.

ამას გარდა, ზოოპარკში მოეწყობა საბავშვო კუთხე „ზოოპარკის პატარა მეგობრები“, სადაც ბავშვები ცარცით გააფერადებენ მოედანს, ფურცლებზე დატოვებენ ხელის ფერად ანაბეჭდებს, დახატავენ და იქვე გამოფენენ საკუთარ ნამუშევრებს. ბავშვებს დაურიგდებათ სამახსოვრო სუვენირები და საჩუქრები ზოოპარკისგან და მხარდამჭერი კომპანიებისგან: Maika.ge, „სნო“, სადისტრიბუციო კომპანია „მზიური“ – შოკოლადი „ლინდტი“, FRIXX.

2015 წლის 13 ივნისის შემდეგ თბილისის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე აღდგენილ იქნა ნიანგის, დათვების, მგლების, მარტორქის, ირმების, ლამებისა და ტაპირის, ალპაკების, კამერუნის თხებისა და ზებრების ვოლიერები; მოეწყო ჰიპოპოტამის ზამთრის ვოლიერი აუზითა და გათბობით; ეგზოტარიუმში გაკეთდა 2 ახალი აკვარიუმი (9 და 4-ტონიანი); რეაბილიტაცია ჩაუტარდა პინგვინების ვოლიერსა და აუზს; აშენდა ჰამადრილების, მაკაკების, ლემურების, კენგურუების, დეგუების, ტაპირებისა და ემუების, მანგუსტებისა და მაჩვზღარბების, კოატების ახალი ვოლიერები. ამჟამად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით მიმდინარეობს დათვებისა და მგლების ახალი ვოლიერების მშენებლობა (120,000 ლარი). დაპროექტების პროცესშია ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერები, რომლებიც GIZ-ის დაფინანსებითვე აშენდება (40,000 ევრო).

სტიქიამდე ზოოპარკში 1155 ინდივიდი ბინადრობდა (თევზებისა და ქვეწარმავლების ჩათვლით). წყალდიდობის შედეგად 281 ცხოველი დაიღუპა.

„13 ივნისის სტიქია უმძიმესი ტრაგედია და ამავე დროს, ძალიან დიდი გამოცდა იყო თბილისის ზოოპარკისთვის. გამოცდა იმ თვალსაზრისით, შევძლებდით თუ არა სირთულეების გადალახვას და უმოკლეს ვადებში ყველაფრის აღდგენას. ამ ხნის განმავლობაში თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად შრომობდა ზოოპარკისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად. სწორედ ეს, შესაშურად მებრძოლი სულისკვეთება და ჩვენი მეგობრების უდიდესი მხარდაჭერა იყო ის, რამაც შეგვაძლებინა ზოოპარკის გახსნა სტიქიიდან ზუსტად 3 თვეში, ჰიპოპოტამის ვოლიერის აშენება უკიდურესად შეზღუდულ ვადებში და 1 წლის თავზე როგორც ვოლიერების, ისე ცხოველების კოლექციის განახლება. მეტად მძიმე წელი გამოვიარეთ. ბევრი სირთულე დავძლიეთ. დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იდგა, მადლობა ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, მადლობა თბილისის მერიას, ევროპისა და ამერიკის ზოოპარკებს, მადლობა ზოოპარკის ყველა მეგობარს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 13 სექტემბერს, ზოოპარკის გახსნის დღეს პირობა დავდეთ, რომ აღვადგენდით ზოოპარკს და მაქსიმალურად ვეცადეთ დაპირება შეგვესრულებინა. ახლა დამთვალიერებლის ჯერია. იმედია, ზოოპარკის სტუმრები დადებითად შეაფასებენ ჩვენი ერთწლიანი მუშაობის შედეგებს“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

თბილისის ზოოპარკს უკვე შეემატა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გამოგზავნილი 29 ახალი ცხოველი. 13 ივნისს 45 ცხოველი ჩამოვა, ზაფხულსა და შემოდგომაზე ზოოპარკი კიდევ 55 ახალ ბინადარს მიიღებს.

13 ინისს ადიდებულმა ვერემ სვანიძს ქუჩაზე არსებული თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრიდან რამოდენიმე ასეული ძაღლი წაიღო, რომელთაგან თავი წყალდიდობას ძალიან ცოტამ დააღწია. ვოლიერებში ასევე დაიხრო 10 დათვი.
ამჟამად ეს თავშესაფარი ქაიროს ქუჩაზე გადავიდა.


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის.


13 ივნისი გვახსოვს...:


13 ივნისის სტიქია - ორი საათი მაშველების მოლოდინში

ბეგის 13 ივნისის "დიდი გასეირნება" (+ფოტო)

მშვიდობით, მეგობარო! - გულიკო კონცელიძე, რომელიც ვეფხვებს გადაურჩა, სტიქიამ იმსხვერპლა

"ახლა მხოლოდ შუმბას უყურებდა ყველა იმედის თვალით" - სასწაულებრივად გადარჩენილი ბოკვერის ნაღვლიანი სიკვდილი

თბილისის ზოოპარკმა სტიქიას გადარჩენილი ცხოველების სია გამოაქვეყნა

"წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად იბრძოდა..." - 13 ივნისის სტიქიის გმირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ზოოპარკის თბილისის ზღვაზე სრულად გადატანას 3-4 წელი დასჭირდება


თბილისში, 13 ივნისის წყალდიდობას გადარჩენილი სამი ბელი საბერძნეთის ნაკრძალში გაუშვეს (+ფოტო & ვიდეო)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?