ბეგის 13 ივნისის "დიდი გასეირნება" (+ფოტო)
ბეგის 13 ივნისის "დიდი გასეირნება" (+ფოტო)
ბეგი თბილისის ზოოპარკის ერთ-ერთი უსაყვარლესი ბინადარია. თბილისის ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე მისი ერთი თვის წინანდელი "თავგადასავალი" გაიხსენეს.

აი, როგორი იყო ბეგისთვის 13 ივნისი - ყველაზე მძიმე და სევდიანი დღე...

"ზუსტად 1 თვის წინ, თბილისის დროით დაახლოებით 07:00 საათზე ბატონი ბეგი სახლში დაბრუნდა. დიდი ზარ-ზეიმითო ვერ ვიტყვით, მაგრამ დიდი წვალებით - ნამდვილად.

გიჟური ღამე. ნეტავ ბეგი სადაა? ნუთუ დაიხრჩო? თუ წყალდიდობის დროს შენობაში იყო გადარჩენის შანსი არ ექნებოდა. თუ გარეთ, აუზში - კიდევ შეიძლება... და აი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰიპოპოტამი გმირთა მოედანზეა.
დაუჯერებელია,
მაგრამ ასეა. და გამთენიისას, როცა წყვდიადი გაფერმკრთალდა, ბეგიც გამოჩნდა. მთელი თავისი მშვენიერებით. უდარდელად დააბოტებდა ტალახში და ალბათ ფიქრობდა, ნეტავ რა ხდება ჩემს თავს, ეს სად აღმოვჩნდიო. სანამ მისი იმობილიზაცია მოხერხდებოდა, კარგა ხანს იბოდიალა. მაღაზიების ვიტრინებიც დაათვალიერა, თბილისური ჭადრებიც დააგემოვნა, ტალახის აბაზანებითაც იჯერა გული და ბოლოს, ნახევრად გაბრუებული, ზოოპარკისკენ გამოეშურა. კი არ გამოეშურა, გამოაშურეს. საძოვარიდან მომავალი ძროხასავით გამოდენეს ჩვენმა თანამშრომლებმა. ხან უძახდნენ, ხან ფოთლებით აცდუნებდნენ, ხან აწვებოდნენ... მშვენიერ ხასიათზე იყო. ნელ-ნელა მოაბიჯებდა, სვენებ-სვენებით. სადაც დაიღლებოდა იქვე მიწვებოდა. რა ენაღვლებოდა... თავს ევლებოდა ყველა. დასასვენებლად წამოკოტრიალებულს წყალსაც ავლებდნენ, რომ არ გადახურებულიყო და არც საალერსო სიტყვებს იშურებდნენ მის მიმართ. ზოოპარკისკენ ტაატით მომავალი ჭადრის სალათას მაინც ვერ ელეოდა და ბოლოს ასე, მწვანე ფოთლებით პირდამშვენებულმა შემოაბიჯა ჭიშკარში.

ეს დიდი გასეირნება ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი თავგადასავალი იყო ბეგის ცხოვრებაში. თავგადასავალი, რომელმაც ჩვენი ჰიპო მსოფლიო ვარსკვლავად აქცია. და არა მხოლოდ ვარსკვლავად. ბეგი ისტორიად იქცა. თბილისის ისტორიად. სიურეალისტური სურათი - ჰიპოპოტამი ქალაქის ცენტრში - ეს დაუვიწყარი კადრები ყოველთვის დარჩება ამ ტრაგიკული ღამის ერთ-ერთ საუკეთესო ილუსტრაციად".

იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?