ცხოველთა მოყვარულებმა ერთმანეთი 3 წლის წინ გაიცნეს და მას შემდეგ ერთიანი ძალებით ცდილობენ, უმკურნალონ და გამოკვებონ ქუჩებში მცხოვრები უპატრონო ძაღლები.
ნიკუშა აღნიშნავს, რომ სენაკში მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. საბედნიეროდ, მეგობრებს თბილისიდან არა ერთი ცხოველთა მოყვარული ეხმარება. ისინი სენაკში საკვებს და საჭირო მედიკამენტებს გზავნიან.
"ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ფაქტიურად სენაკს არ გააჩნია ცხოველთა თავშესაფარი. მე და დანიელმა ვითხოვეთ, ფართი მოეცათ მიუსაფარ ცხოველებისათვის, მაგრამ უშედეგოდ", - ამბობს ნიკუშა.

ნიკამ და დანიელმა თხუთმეტამდე დაავადებულ ძაღლს გაუწიეს დახმარება:
ამ ძაღლს ბატუტას ეძახიან - გერმანული ნაგაზის მეტისი, რომელიც სენაკის ქუჩებში ცხოვრობს. ბატუტას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ბიჭების დახმარებით ცხოველი გამოჯანმრთელდა.

ნიკუშა აღნიშნავს, რომ თავის მეგობართან ერთად, სენაკის ქუჩაში მცხოვრებ ყველა ძაღლს, შეძლებისდაგვარად, კვებავს და მკურნალობს.

რამდენიმე დღის წინ, მეგობრებმა იპოვეს 3 გადაგდებული ლეკვიც, რომლებიც სახლში წაიყვანეს და პატრონობენ.

საქართველოში ათასობით მიუსაფარი ცხოველია. განსაკუთრებულად კრიტიკული მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ვხვდებით გადაგდებულ ლეკვებს, სახლიდან გაგდებულ და დაავადებულ ძაღლებს. ისინი თავიანთ სიცოცხლეს უპატრონოდ, ყოველგვარი სითბოსა და ზრუნვის გარეშე ასრულებენ, თუმცა, არიან ცხოველთა მოყვარულები, რომლებიც მათ ყოფას უმსუბუქებენ. სწორედ ისეთი ადამიანები, როგორებიც ნიკუშა და დანიელია.
ასევე იხილეთ:
"ადამიანებს მივუტოვებივარ, ძაღლებს არასოდეს..." - ბროწეულაში ოლია ვოლკოდავ-ბერიტაშვილი და მისი შვილები 50 ძაღლს და 12 კატას უვლიან
"სადაც გინდა დადე ფოტო, ოღონდ მე ნუ გამომაჩენო... დავპირდი, რომ არ გამოვაჩენდი!"
"თავისთვის იწვა ძაღლი, ეფერა და მერე თავისი ქურთუკი დააფარა,"- დღის ფოტო