გია ჯაჯანიძის კატა გოგონებს ათხოვებს
გია ჯაჯანიძის კატა გოგონებს ათხოვებს
მტრედი, მელა, თხა, გოჭები, ძაღლი, კატა, - ერთად არა, მაგრამ ცალ-ცალკე ყველა ჰყოლია გია ჯაჯანიძეს სახლში. იგი შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით დაუჯერებელ ამბებს ჰყვება. სიხარულით გარდაცვლილ პუდელზე, კატაზე, რომელიც გოგონებს ათხოვებს, მეზობლის კატის კნუტებით დაწყებულ ბიზნესზე და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ჩვენი რესპონდენტი თავად გიამბობთ.

- ჭიათურაში გავიზარდე და ეზოში სულ გვყავდა ძაღლები, ხან მშობიარე, ხან ნამშობიარევი, ლეკვებით. მაგრამ ამით არ შემოიფარგლება ჩემი სიყვარული ცხოველებისა და ფრინველების მიმართ... ერთხელ რომელიღაც სოფელში თხა ვნახე და ისე მომინდა მყოლოდა, მშობლებს ციკანი ვაყიდვინე, ოთახში
ცხოვრობდა ჩვენთან. პრობლემები, რასაკვირველია, იყო, მაგრამ უარი ვერ მითხრეს. მიყვარდა პატარა გოჭები, მაგრამ რომ იზრდებოდნენ,
მათი სახლში გაჩერება აღარ შეიძლებოდა. დღემდე ვერაფრით ვხვდები, რატომ არ შეიძლება, ღორიც ისე გაწვრთნა, როგორც ძაღლებს წვრთნიან.

- ძაღლები ჭკვიანები არიან, გია...
- ყველაფრის გაწვრთნა შეიძლება, თუ მოინდომებ.

- შენ მოახერხე გოჭის გაწვრთნა?
- ვერ მოვახერხე. გოჭი კი არა, ვერც ერთი ცხოველი ვერ გავწვრთენი. ცხრა თვის ვიყავი, პირველად ბულიონი და შიგ ჩახეხილი ქათმის ხორცი რომ მაჭამეს და ისე ცუდად გავხდი, საავადმყოფოში გადამიყვანეს. ორი თვის შემდეგ ისევ ისეთი რეაქცია მქონდა ხორცზე. საბავშვო ბაღშიც ცუდად გავხდი, გუფთა რომ მაჭამეს. მის მერე ვეგეტარიანელი ვარ. მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ ვაცნობიერებდი, 12 წლის ასაკში მივხვდი, რა კარგია, ხორცს რომ არ ვჭამ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეცოდება ცხოველი და ფრინველი, ენა რომ არ აქვთ, მოკვლაზე და დაკვლაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ყველა ღონე მიხმარია, რომ ჩემს მეგობარ მონადირეებს ნადირობისთვის თავი დაენებებინათ. ერთ-ორ შემთხვევაში ეს გამომივიდა. ვეგეტარიანელიც გახდა ერთი-ორი, ჩემი მიბაძვით.

- პირველად რა ცხოველი მოიყვანე უკვე თბილისში, სახლში?
- 22 წლის ასაკში მოვხვდი კიევში, ძალიან კარგ ოჯახში, რომელიც ძაღლების ბიზნესით იყო დაკავებული. ძირითადად, პუდელებით ვაჭრობდნენ. იქ გავიგე, რომ ერთ-ერთ პუდელს ცალთვალა ლეკვი გაუჩენია. ნაგაზს უკბენია ფეხმძიმე პუდელისთვის და ეს იმის შედეგი იყო. ერთ დღეს ვეტერინარს ელოდებოდნენ, არ უნდოდათ, ვინმეს გაეგო ასეთი დეფექტიანი ლეკვის ამბავი და უნდა მოეკლათ. სწორედ იმ დღეს, ვეტერინარი მოვიდა თუ არა, ეს ლეკვი გაქრა. ვერსად მიაკვლიეს. წავიდა ვეტერინარი უკან. ფული კი გადაუხადეს. მეორე დღეს, ბევრი ძებნის მერე, ჩემს ფეხებთან, ჩემი სკამის ქვეშ იპოვეს. ვთხოვე ქალბატონ ირას, გამატანე ეს ძაღლი საქართველოში-მეთქი. როგორ წაიყვან, ამას საბუთები დასჭირდებაო, მითხრა. ყოველგვარი საბუთის გარეშე ჩამოვიყვანე.

- როგორ?
- გავრისკე. ჩემს მეგობარ ქალთან ერთად ვმგზავრობდი, რომელსაც ქურქი ეცვა. სწორედ ამ ქურქის ქვეშ მკერდთან ახლოს ჩაისვა. არ დაიჯერებთ და მთელი გზა ძაღლს ხმა არ ამოუღია.

- ასე მგონია, ზღაპარს მიყვები.
- შვილებს ვფიცავარ, მართალს გეუბნები. ვიფიქრე, როგორმე შევიყვან, თვითმფრინავიდან ხომ არ ჩაგვაგდებენ-მეთქი, მაგრამ თვითმფრინავშიც არ ამოუღია ხმა.
- სახლში რა გითხრეს, ცალთვალა ძაღლი რომ ჩამოიყვანე კიევიდან?
- ცოლმა მითხრა, ძაღლიანად წადი სახლიდანო. რომ ვნახე გადაირია, ვუთხარი, ორი დღით მყავს, მე ძაღლის გამჩერებელი ვარ სახლში, პატრონმა მთხოვა, სადღაც წავიდა-მეთქი. ზუსტად ორ დღეში მითხრა ჩემმა მესამე ცოლმა, რა გავაკეთოთ, რომ ეს ძაღლი ჩვენთან დარჩესო. გამორიცხულია-მეთქი, ვეუბნები - როლში ვარ. 7 წელი მყავდა სახლში. გოგო იყო, თილი დავარქვით. ორი თვით ამერიკაში მომიწია ყოფნამ. რომ ჩამოვედი და დამინახა, ისე გაგიჟდა, ვერ აღვწერ, მერე უცბად გაწვა იატაკზე და მოკვდა.

- კაი, გია, რეებს მიყვები?!
- რა გავაკეთო, მართალს ვყვები, სიხარულისგან ინფარქტი მიიღო და მოკვდა საწყალი. ვიგლოვეთ, მოდიოდნენ პანაშვიდებზე მეზობლები, ახლობლები, საპატიოდ დავასაფლავეთ...
ცხოველებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა ახლა. მოკლედ, სტუდენტი ვარ, ახალი ჩამოსული თბილისში და ეკონომიკურად მიჭირს. მყავდა მეგობარი, რომელსაც დედალ-მამალი კატა ჰყავდა სახლში. რომ იმშობიარებდა ეს კატა, გაშვილების პრობლემა ჰქონდა, ქუჩაში ხომ არ გადაყრიდა. მითხრა, გამაშვილებინე და თითო კნუტის გაშვილებაში ხუთ ლარს გადაგიხდიო. უარს როგორ ვეტყოდი. დავიწყე თავდასხმა ახლობლებზე. მივდივარ, ველაპარაკები, რომ კატაა სასწაული, ერთი ჭურჭელს ვერ რეცხავს, თორემ დანარჩენი ყველაფერი იცის, ოჯახში არავის გექნებათ წნევა, კატას მოაქვს ბედნიერება-მეთქი. რომ დავითანხმებდი და მომიყვანეო, მეტყოდნენ, დამატებით ხუთ ლარს ამათაც ვართმევდი, ცხოველის ჩუქება არ შეიძლება, სიმბოლური თანხა უნდა მომცეთ-მეთქი და ასე ერთ კნუტში 10 ლარს ვშოულობდი. ისე კარგად ავაწყვე ბიზნესი, ერთი სული მქონდა, როდის იმშობიარებდა ბუცაცო.

- ცალთვალა პუდელის გარდა, სხვა ძაღლი არ გყოლია?
- მერე მყავდა დობერმანი ერთოთახიან ბინაში. მთელი ცხოვრების განმავლობაში მსგავსი კოშმარი არ მქონია. იზრდებოდა დობერმანი და იზრდებოდა პრობლემებიც. მარტოს დავტოვებდით და წიგნები და საწოლი ერთმანეთში არეული გვხვდებოდა. ცხრა თვის შემდეგ ჩემ დას მივეცი, ეზოიანი სახლი აქვს. ოღონდ ყოველდღე ვნახულობდი, ძაღლს არ უგრძნია, რომ პატრონი აღარ ჰყავდა.

- მელაც გყოლია სახლში...…
- ჰო, ერთ ოჯახში ვნახე გალიაში, ეზოში. ისე გავგიჟდი, გაჩუქებთო, მითხრეს. წამოვიყვანე. ექვს თვეში იმხელა გახდა, ვეღარ ტრიალდებოდა გალიაში. ისიც ჩემს დას მივუყვანე. არავინ მი-ჯერებდა, რომ მელა მყავდა. ვისაც არ სჯეროდა, ვეუბნებოდი, გაყინული ქათმით მოდით და განახვებთ-მეთქი. მელას სულ ქათმის ხორცი ჰქონდა, უფასოდ ვკვებავდით. ჩემი და ამბობდა, ამდენი ჩახოხბილი ცხოვრებაში არ გვიჭამიაო. ბოლოს ჩემი მელა ქალბატონ ნათელა პატარკაციშვილს ვაჩუქე. არ დაიჯერებთ და სიცოცხლე უცნაურად დაამთავრა, თავისი კუდი მოიჭამა.

- ვერ დავიჯერებ, რომ იმ ოჯახში მელას შიოდა.
- არა, რა შიოდა, ნეტავ ისეთი საჭმელები მე მქონოდა. არ ვიცი, რა მოხდა. გამოძიება აღარ დაგვიწყია... იცი, რატომ არ ვყვები ბევრ რამეს? არავის არ სჯერა. კიდევ კარგი, მოწმეებიც მყავს. მტრედიც მყავს სახლში, ქუჩაში გამომეკიდა და წამოვიყვანე... აივანი ღია მაქვს, შემოდის, გადის. თუ კარი მიუკეტე, ფანჯარაზე გვიკაკუნებს... კატა მყავს, აფრიკული სფინქსი, ბედნიე-რების კატაა. ვინც კი კალთაში ჩაისვა, ყველა გასათხოვარი გათხოვდა.
- რას ამბობ, გია, ტელეფონი აგიფეთქდება, გასათხოვარი გოგონების შემოსევა გე-ქნება ჟურნალის გამოსვლის დღეს.
- არ არის პრობლემა, ყველას დავეხმარები. ჩემი კატა მამალია და ყვავილის სახელი ჰქვია, გიორგინა... მანამდე სხვა კატაც მყავდა, მოსკოვში მიწისქვეშა გადასასვლელში ვიყიდე, სიმბოლური თანხა გადავიხადე. ირანული ჯიში იყო, სულ თეთრი. საქართველოში მისი ჯიშის მამრის შოვნა ძალიან გამიჭირდა. ვიღაცას აღმოაჩნდა მერე ძლივს, მომცეს ნომერი და ვრეკავ: ქალბატონო, მოგეხსენებათ მარტია და ჩემს კატას კაცი უნდა-მეთქი. კატა კი არ ვარ, მაგრამ კაცი მეც მინდაო, მიპასუხა გაბრაზებულმა. აღმოჩნდა, რომ სხვაგან მოვხვდი. მერე ძლივს ვიპოვე მისი ჯიშის მამრი, მაგრამ სხვა პრობლემები გაჩნდა - მამრი ყრუ აღმოჩნდა. თურმე ხმას კატების სექსში დიდი მნიშვნელობა აქვს, ქალის კივილს. ერთი სიტყვით, ჩემი ჩინო ქალიშვილი გარდაიცვალა.

- ეს პატარა ძაღლი რა ჯიშია?
- ''იორკშირული ტერიერი''. მაჩუქეს, თილი დავარქვი, იმ სიხარულისგან გარდაცვლილი ძაღლის პატივსაცემად. უჭკვიანესია, გუშინ პირველად დაიყეფა. ჯერ პატარაა, მაგრამ მალე გასეირნება დასჭირდება და იძულებული გავხდები, რეჟიმში ჩავჯდე, დღის 2 საათზე ვეღარ გავიღვიძებ.


ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

fghfhg
ეს ხომ დაქნეულია ...და ამის ტელესტუდიაში მომწვევი კი საერთოდ დაქნეულები არიან... რა ეშველება ჩვენს საცოდავ ქვეყანას ამათ ხელში......????
kako
ეს კაცი ხან ძალიან გიჟი მგონია ხან ძალიან ჭკვიანი, ვერ გავრკვეულვარ კარგა ხანია
111
ძალიან დადებითი ადამიანია,მით უმეტეს ასე ყვარებია ცხოველები
მარი
მაგრა უბერავს მაგრამ იუმორის გრძნობას არ უჩივის.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?