ელიზი - ლეკვი, რომელმაც ევთანაზიის განაჩენი დაძლია
ელიზი - ლეკვი, რომელმაც ევთანაზიის განაჩენი დაძლია
ელიზი ჩემთან თავშესაფრიდან მოვიდა.

უბრალოდ, დამირეკეს ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან და მითხრეს, რომ ლეკვს აქვს გადაადგილების პრობლემა, რომ არ უნდათ დაძინება და მთხოვეს, მეშველა მისთვის.

ლაბრადორის ლეკვი რომ გადმომცეს ცუდად გავხდი. ლეკვი კუსავით აბსოლუტურად ბრტყელი იყო. მკერდის სიმაღლე 4 სმ, სიგანე 24 სმ, უკანა ფეხები ამოტრიალებული და გამრუდებული ჰქონდა. გაფრთხილებული ვიყავი, მაგრამ ეს ბევრად მძიმე შემთხვევა აღმოჩნდა... არ შეიძლებოდა, მისთვის ცრემლის გარეშე შეგეხედათ. ფეხზე დაყენების იმედი მაშინვე მოკვდა…

მიუხედავად ამისა, როდესაც იბრძვი სიცოცხლისთვის, ძალა და იმედი გიათმაგდება. მაშინვე დავჯექი სამარშრუტო ტაქსში და
ვეტექიმთან წავიყვანე, თუმცა ტრანსპორტში დიდხანს ვერ გავჩერდი, რადგან იქ მჯდომი ადამიანები გაუჩერებლივ მეკითხებოდნენ: "უი, რა
მოუვიდა? მანქანამ გადაუარა? ასეთი ბრტყელი რატომ არის?"

იმ დღეს 5 ვეტექიმთან ვიყავი. ყველამ ერთი და იგივე დიაგნოზი დაუსვა - დაძინება. თან მეჩხუბებოდნენ, რატომ აწვალებ - ახლავე დავაძინოთო!

საღამოს ლეკვი სახლში მივიყვანე. იქ შეხედეს ჯერ ლეკვს, მერე - მე და სერიოზულად მითხრეს: "იმედია, ხვდები, რომ ეს ვერ გაივლის!"
ბავშვებმა კი გამომტაცეს ხელიდან და ჩაიხუტეს სიტყვებით "დედა ხომ უშველი?"

ამ საოცრებას ელიზი დავარქვით.

Zooclub

ჩვენი პატარა მეტისი კიკინა, მიუხედავად თავისი რთული ხასიათისა, ლეკვს არ მოშორებია. ლოკავდა, წკმუტუნებდა, გვერდზე უწვებოდა, ცდილობდა, გადმოებრუნებინა კუს ფორმის ლეკვი, ცხვირით აწვებოდა.

საღამოს, მას მერე, რაც ცოტა დავმშვიდდი, უკვე სხვა კუთხით შევხედე ამ პრობლემას, ემოციების გარეშე. გავუკეთე ჩამოსაკიდი, რაშიც ჩავსვი და ჩამოვკიდე. მთელი ეს პერიოდი კიკინა არ შორდებოდა ელიზს. უბიძგებდა მოძრაობისკენ. მე მასაჟები დავუწყე. პირველი სამი დღე არანაირი წინსვლა არ იყო. გადავუღე რენტგენი, რითიც დისპლაზია დაუდგინეს. ყოველდღე ვატარებდი ტბაზე, რომ დაეწყო მოძრაობა. ასე გავიდა 11 დღე.

Zooclub

და შედეგიც გამოჩნდა, ელიზი უკვე მესამე-მეოთხე დღიდან ფეხზე დგებოდა და მეთერთმეტე დღეს დარბოდა კიდეც!

ლეკვი, რომელიც უნდა დაეძინებინათ, ახლა უმშვენიერესი ძაღლია.

ელიზის ყველა სამედიცინო დასკვნა და რენტგენის სურათები საბერძნეთში ერთ-ერთ კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის ვეტერინარებმა ნახეს. იქ ითქვა, რომ დისპლაზია მხოლოდ წლინახევრის ასაკში დგინდება და გვირჩიეს, რომ საბოლოო დასკვნისთვის წლინახევრის ასაკისთვის გაგვეკეთებინა რენტგენი.

ასეც მოხდა და ბედნიერი ვარ, რომ ელიზი სრულიად გამოჯანმრთელდა იმ გაგებით, რომ ვიზუალურად საერთოდ აღარაფერი ეტყობა.

Zooclub

ძალიან მტკივა გული, რომ აქ უფრო და უფრო ხშირად მესმის ზოგი ვეტექიმის დასკვნა-განაჩენი "დასაძინებელია" ლაბრადორის იმ ლეკვებზე, რომლებიც ჩვეულებრივ დადიან, დარბიან.

ძალიან მინდა, რომ ვეტერინარებმა გადახედონ ამ საკითხს და არ იჩქარონ განაჩენის გამოტანა.

შეხედეთ ელიზს! ის ძალიან მძიმედ იყო, თუმცა სათანადო მოვლის შედეგად, გადარჩა! ძაღლი სიცოცხლით ტკბება და ძალიან ბედნიერია!


ბლოგის ავტორი: ნანა ხომასურიძე
ელზა
ძალიან გამიხარდა თქვენი აღმოჩენა..მიხარია რომ არსებობთ...ასეთი წარმატებული ყოფილიყავით ცხოვრების მანძილზე.. .
liza
მიყვარხართ ყველანი ვისაც ძაღლები გიყვართ.
mzia
შენნაირი ადამიანი პატივსაცემია. მეც მყავდა ქათამი,(ეკა) რომელიც ვერ დადიოდა და მეც მასაჟებით გამოვიყვანე და სიკვდილს გადავარჩინე. დამცინოდნენ, ზურგს უკან მჭორავდნენ, გიჟიაო ჩურჩულებდნენ.დღეს დარბის და ჩემს პატარა ლეკვსაც კი ეჩხუბება
mariami
3 გული ჩამეწვა
მარიამი {კულულა)
ამ ისტორიაზე ფილმის გადაღება კარგი იქნებოდა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?