როგორ მოვუაროთ ასაკოვან კატას?
როგორ მოვუაროთ ასაკოვან კატას?
რამდენად საწყენიც არ უნდა იყოს, შინაური ცხოველი ბევრად სწრაფად ბერდება, ვიდრე ადამიანი. კატა, რომელმაც 8 წელს გადააბიჯა, ითვლება ხნიერად, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა 17-18 წლამდე ნიშნავს, რომ მან რეკორდულ ასაკს მიაღწია.

კატას სრულფასოვანი ცხოვრება შეუძლია 12-13 წლამდე. უდავოა, ყოველივე დამოკიდებულია მის გენეტიკაზე, მოვლასა და ცხოვრების წესზე.

კატის მოვლის ძირითადი წესები

შინაური ცხოველის ასაკის დადგენა შესაძლებელია გარეგნულად. მაგალითად, ბეწვში შერეული ჭაღარა, ირისის ფერის შეცვლა, სმენისა და მხედველობის გაუარესება, ძილის ხანგრძლივობა და სხვა.

მნიშვნელოვანია ასაკოვან კატაზე განსაკუთრებით ვიზრუნოთ:

1. ასაკოვანი შინაური ცხოველი წელიწადში
2-ჯერ მიიყვანეთ ვეტერინართან კონსულტაციაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ
ის ჯანმრთელად გამოიყურება.

2. მიაქციეთ ყურადღება, რომ ის არ იწვეს მზის გულზე დიდი ხნის განმავლობაში (კატებს ეს ძალიან მოსწონთ).

3. თქვენს ოთხფეხა მეგობარს მოუწყეთ კომფორტული საძინებელი ადგილი, რათა მას სხვა შინაურმა ცხოველებმა (თუ გყავთ), სტუმრებმა ან ბავშვებმა მოსვენებისას ხელი არ შეუშალონ.

ზოგიერთი ხნიერი კატა შარდის შეუკავებლობით იტანჯება, ამიტომ სასურველია, მისი ტუალეტის კოლოფი რამდენიმე ოთახში მოათავსოთ.

ბანაობის შემდეგ ის გაწმინდეთ და 15-20 წუთი შეახვიეთ თბილ პლედში, რომ კარგად გაშრეს და არ გაცივდეს.

ხნიერი კატა ისე ხშირად ვერ ზრუნავს საკუთარ ჰიგიენაზე, როგორც ახალგაზრდობაში, ამიტომ ის ხშირად დავარცხნეთ. ასევე, კუდის ძირში მოაჭერით ბეწვი, რათა ფეკალიები არ დარჩეს და სხეულზე უსიამოვნო სუნი არ ჰქონდეს.

არ დაგავიწყდეთ მისი ყურების შემოწმებაც. ასაკოვან ცხოველებში ოტიტის წარმოქმნის შანსი საკმაოდ დიდია.

Zooclub

იმუნიტეტი

ხნიერ კატას სუსტი იმუნიტეტი აქვს, ამიტომ ნებისმიერი დაავადება, რომელსაც ახალგაზრდა ცხოველი მარტივად გაუმკლავდება, ასაკოვანს გაურთულდება და გადავა ქრონიკულში.

ამიტომ მნიშვნელოვანია იმუნიტეტის შენარჩუნება შემდეგი წესების დაცვით:

ხარისხიანი საკვები;

ზედმიწევნითი მოვლა;

კომფორტული პირობები.

ყურადღება! არ დაგავიწყდეთ შინაური ბინადრის ჭიებსა და რწყილებზე დამუშავება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცხოველი ეზოში არ გადის.

Zooclub

თერმორეგულაცია

ასაკოვანი კატა სიცივის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა, ხოლო სიცხე ცუდად გადააქვთ. მიაქციეთ ყურადღება, რომ შინაური ბინადარი არ დაწვეს ცივ იატაკზე.

მიეცით მას მყუდრო ადგილზე დასვენების ნება. საწოლი უნდა იყოს თბილი და რბილი, დაბალზე შემოსაზღვრული. 

Zooclub

საჭმლის მომნელებელი სისტემა

კატას ასაკის მატებასთან ერთად კუჭ-ნაწლავის პრობლემები ექმნება, ამიტომ თუ ცხოველის რაციონი დაბალი ხარისხის საკვებისგან შედგება, რომელიც გაჯერებულია არომატიზატორებით და კონსერვანტებით, მისი სიბერე ხანმოკლე იქნება.

შინაური ცხოველის დიეტა ხარისხიანი საკვებით უნდა შედგებოდეს. იგულისხმება, როგორც მშრალი, ისე "სველი" კვება. ხნიერი კატა დღეში 3-4-ჯერ პატარა ულუფებით უნდა კვებოთ.

კატამ შეიძლება მოაწყოს განტვირთვის დღე და საკვებს 20-24 საათის განმავლობაში არ მიეკაროს. ამის გამო არ ღირს ნერვიულობა, მაგრამ თუ ცხოველმა წყლის დალევაზეც უარი თქვა, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

ვეტ-ექიმების რეკომენდაცია:  სასურველია, შინაური ცხოველის წონა გააკონტროლოთ თვეში ერთხელ, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ჭარბი წონის რისკი საკმაოდ მაღალია.

კბილები

ზოგიერთი ხნიერი კატის პატრონი თავის ცხოველს კვების მხრივ პრეტენზიულს უწოდებს, თუმცა, პრობლემა შესაძლოა, სხვა რამ იყოს. კერძოდ, შინაურ ბინადარს ასაკის მატებასთან ერთად ექმნება ღეჭვის პრობლემა.

აუცილებელია, ხნიერ კატას ხშირად შეუმოწმოთ პირის ღრუ (კბილის ანთებითი პროცესის ან გაფუჭების მხრივ). თუ ცხოველს პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის, ეს მიუთითებს კბილის გაფუჭებაზე ან საკვების მომნელებელი სისტემის პრობლემებზე.

სტატისტიკურად, კატას 12 წლის შემდეგ კბილების ცვენა ეწყება. მზად უნდა იყოთ, რომ მისი საკვები რაციონი შეცვალოთ.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც შესაძლოა, კატას ასაკის მატებასთან ერთად შეექმნას, თუმცა, აუცილებელია, პატრონმა იცოდეს წლების მატებასთან ერთად, რა ცვლილებები ხდება საყვარელი ცხოველის ორგანიზმში და როგორ შეძლებს სამედიცონო ჩარევის გარეშე ხნიერი ბინადრის სიცოცხლის გახანგრძლივებას.

გარდა ამისა, ასაკოვან კატას შესაძლოა გულის, თირკმელების, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებიც განუვითარდეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვეტერინართან ხშირი კონსულტაცია.

ასევე იხილეთ:

როგორ მოვუაროთ 5 კვირის კნუტს?

შეიძლება თუ არა ეზოში სასეირნოდ კატის მარტო გაშვება? ვეტერინარის რჩევები

საჭიროა თუ არა კატისთვის ბანაობა?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?