- ვეტერინარობა ვიწრო სპეციალობა არ არის, რომ მხოლოდ ძაღლებს ან თუნდაც ძროხებს ვმკურნალობდე. პრაქტიკა გიჩვენებს, რომელი მიმართულებით წავიდეს - ძროხებს უმკურნალოს, ძაღლებს, კატებს, ღორებს, ცხვრებს თუ ფრინველებს. როცა ადამიანი წლების განმავლობაში ერთი მიმართულებით მუშაობს,
- ვეტექიმის პროფესია რატომ, როგორ აირჩიეთ?
- მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. სკოლაში სწავლის პერიოდიდან ქირურგობაზე ვოცნებობდი. მისაღებ გამოცდებს რუსეთში ვაბარებდი, რადგან ჩვენთან ინსტიტუტში ჩაბარების მხრივ, ძალზე რთული სიტუაცია იყო - კორუფცია ყვაოდა. რუსეთში 4 წელი ვაბარებდი გამოცდებს და ბოლოს მითხრეს, - მაინც არ მიგიღებთ, გვარი შეიცვალე - რუსული გვარი აიღე ან ამ პროფესიას თავი დაანებეო. რა თქმა უნდა, გვარის შეცვლაზე არც მიფიქრია. საქართველოში დავბრუნდი და ვეტერინარულ ფაკულტეტზე იმ იმედით ჩავაბრე, რომ შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში გადავიდოდი, მაგრამ ამ პროფესიამ დამაინტერესა და ვეტექიმი გავხდი.
- ძირითადად, თქვენი პაციენტები "ვინ" არიან?
- ძაღლი, კატა, თუთიყუშები, ფარშავანგი, ზღვის გოჭი, ზაზუნები, კურდღელი... ყოფილა შემთხვევა, მტაცებელი ფრინველებიც მოუყვანიათ: ქორი, შევარდენი, მიმინო... ტელეფონითაც მიმიცია კონსულტაციები ან ადგილზე მივსულვარ, რადგან მაგალითად, ჩემთან ძროხას ან ცხენს ვერ მოიყვანენ - ძალიან რთულია. ამას სპეციალიზებული კლინიკები სჭირდება.
- ფარშავანგი ახსენეთ. ეს პაციენტი ზოოპარკიდან გახლდათ თუ კერძო პირმა მოგიყვანათ?
- ზოოპარკის სხვადასხვა ცხოველთანაც მიხდება მუშაობა. ლომისთვის, ვეფხვისთვის, იაგუარისთვის ოპერაციები ჩამიტარებია... ფარშავანგს რაც შეეხება, ახლა ბევრს ჰყავს შინ. სპეციალურად ამრავლებენ და საკუთარ ეზოებში უშვებენ. ზოგი ყიდის - ბიზნესითაა დაკავებული... ყოფილა შემთხვევა, ფარშავანგს კვერცხი ვერ დაუდვია, რადგან მისი კვერცხი საკმაოდ დიდია და კვერცხსავალში იჭედება. ამიტომ გაჭრა და მუცლის ღრუდან კვერცხის ამოღება მოგვიხდა. ფარშავანგიც გადარჩა, კვერცხიც და ფრინველმა კვერცხები კიდევ დადო... მაგალითად, გედები, რომლებსაც პატრონები ტბაში უშვებენ, ხანდახან გაფრინდებიან ხოლმე. არადა, არც ისე იაფი ღირს. რომ არ გაფრინდნენ, მათთვის ცალ მხარეს, ფრთის წვერის მოჭრა მიხდება და ვეღარ მიფრინავენ.
- თქვენი პირველი პაციენტი გაიხსენეთ?..
- ამ ამბავმა ჩემზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა: ინსტიტუტი რომ დავამთავრე, მეზობელი მოვიდა, მონადირის ლეკვი მომიყვანა, ინსტიტუტის დამთავრება მომილოცა და მითხრა, - აი, შენი პირველი პაციენტი, კუდი უნდა მოაჭრათო. რა თქმა უნდა, ყველა წესის დაცვით, პაციენტს გაუტკივარება გავუკეთე, მოვაჭერი კუდი, დავადე ნაკერები და პატრონს გავატანე. 2 დღის შემდეგ მეზობელი მოვიდა და მითხრა: - ლეკვი მოკვდა, როგორი სპეციალისტი ხარ, ლეკვი
როგორ მოკალიო?! ჩემი მაშინდელი მდგომარეობა წარმოიდგინეთ: პირველი ოპერაცია როგორი ენთუზიაზმით გავაკეთე და ლეკვი მოკვდა!.. მერე მეორე მეზობელმა მითხრა, რომ თურმე, იმ ლეკვს ჭირი ჰქონია. ყველა დაავადებას თავისი ინკუბაციური პერიოდი აქვს. ლეკვი ჩემთან რომ მოიყვანეს, დაავადების კლინიკური ნიშნები გამოვლენილი არ იყო, ცხოველი აბსოლუტურად ჯანმრთელი გახლდათ. როცა დაავადება გამოვლინდა, უკვე გვიან იყო. ვიდრე გამაგებინეს, რომ ჭირით დაიღუპა, მანამდე გადავწყვიტე, ცხოვრებაში ოპერაციას აღარ გავაკეთებ-მეთქი. ცხოველის დაღუპვის ნამდვილი მიზეზი რომ გავიგე, გულზე ძალიან მომეშვა.
- ალბათ, ბევრი სარისკო ოპერაცია წარმატებულად გაგიკეთებიათ. შეგიძლიათ, ერთ-ერთი გაიხსენოთ?
- ასეთი ბევრია. მომაკვდავი ცხოველი მოჰყავთ ხოლმე, რომელსაც ტემპერატურა დავარდნილი აქვს, ორგანიზმს უკვე წინააღმდეგობის არანაირი უნარი აღარ გააჩნია. ისეთი ცხოველი მოჰყავთ, რომ ძალიან საეჭვოა, ნარკოზის შემდეგ მდგომარეობიდან გამოვიდეს, მაგრამ გვინდა თუ არა, ოპერაცია უნდა გაკეთდეს. აი, ამ შემთხვევაშია ყველაზე რთული და სასიამოვნო, როცა ოპერაციას გააკეთებ და მომაკვდავი ცხოველი ნელ-ნელა წამოიწევს, ნორმალურ ცხოვრებას იწყებს...
- პაციენტებს თქვენი ეშინიათ? ექიმის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ?
- პაციენტები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან: ზოგი ჩემთან სიხარულით შემორბის, შემომახტება, კუდს აქეთ-იქით აქნევს, ზოგი კი ვერ შემოჰყავთ - პატრონი ჩემკენ ეწევა, ცხოველი უკან გარბის.Yყოფილა შემთხვევა, მე და ჩემი პაციენტი ძაღლი ერთმანეთს ქუჩაში სეირნობისას შევხვედრივართ. ძაღლი მოსულა, დავუსუნივარ, მერე პატრონს ამოფარებია და ყეფა დაუწყია. ასეთ დროს ყველაფერს მეუბნება, რასაც ჩემზე ფიქრობს... ზოგჯერ პაციენტი ჩემთან შემოჰყავთ თუ არა, მაშინვე კანკალს იწყებს. როგორც ადამიანები განსხვავდებიან ხასიათით, ცხოველებიც ასე არიან.
- რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ვეტექიმს?
- პირველ რიგში, ცხოველი უნდა უყვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეტექიმი ვერ იქნება; ასევე, უნდა ჰქონდეს პატრონთან ურთიერთობის კულტურა და საქმე ისე უნდა წაიყვანოს, რომ პაციენტის პატრონს მასთან მეორედ მისვლის სურვილი ჰქონდეს. სამწუხაროდ, არიან ისეთი ვეტერინარები, რომლებიც პაციენტსაც და მის პატრონსაც ძალიან უხეშად ექცევიან. ძალიან ხშირად ასეთ ვეტექიმთან მეორედ მისვლა აღარც უნდათ ხოლმე...
- გაზაფხულიდან ხშირია ხოლმე შემთხვევა, როცა ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყებს ვპოულობთ. რა პირველადი დახმარება შეიძლება, აღმოვუჩინოთ ბარტყებს?
- ინტერნეტში საკმაოდ დიდი ინფორმაციაა. აუცილებლად უნდა მოიძიოთ ინფორმაცია, რითი იკვებება ბარტყი, რა ჩვევები აქვს და იმის მიხედვით გამოვკვებოთ; თუ დაშავებულია, ფრთა ან ფეხი აქვს მოტეხილი, რა თქმა უნდა, ვეტერინარს უნდა მიმართოთ.
- მომცრო ზომის ფრინველებისთვის ოპერაცია ტარდება?
- პრაქტიკულად არ ტარდება. მაგალითად, თუთიყუშები, იადონები იმდენად პატარები არიან, რომ საკმარისია, რამდენიმე წვეთი სისხლი დაკარგონ და იღუპებიან.
- ვეტექიმის მომსახურება რამდენად ხელმისაწვდომია?
- ვეტერინართან მისულ პატრონს თუ შესაძლებლობა აქვს, ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა. ცოტა ხელმოკლე კითხულობს, მკურნალობა რა დაუჯდება, რომ უმარტივესი ფორმით პაციენტი მოარჩინოს. თუ პატრონს მკურნალობის საშუალება არა აქვს, ნორმალური ვეტექიმი მომსახურებაზე უარს არ უნდა ეუბნებოდეს. შეძლებისდაგვარად, მგონი, ცხოველს ყველა ვეტექიმი ეხმარება. პატრონმა უნდა იცოდეს, რომ როცა რომელიმე ცხოველს აიყვანს, ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული. ისეთიც ბევრია, ვინც თავად ვერ იკვებება ნორმალურად და საჭმელს ძაღლისთვის, კატისთვის ყიდულობს, თავის შემოსავალს ცხოველის გამოსაკვებად ხარჯავს, თავად კი მშიერი ზის. ჰოდა, ასეთი პატრონი ვეტექიმთან რომ მიდის, რა თქმა უნდა, მას გადახდის საშუალება არ ექნება. ცხადია, ასეთებს ვეხმარებით.
- რას ურჩევთ ადამიანებს, ვისაც შინ ცხოველი, ფრინველი ჰყავთ ან ახლა აპირებენ აყვანას?
- ვურჩევ, დაფიქრდნენ, რომელი ცხოველის აყვანას აპირებენ, შინ როგორი პირობები აქვთ. არის ხოლმე შემთხვევები, როცა მცირეწლოვან ბავშვს კნუტს მიუყვანენ ხოლმე. ბავშვი კნუტს გააწამებს, დააზიანებს, ფსიქიკას გაუფუჭებს - მისთვის ეს ცხოველი სათამაშოა. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ოჯახში გაზრდილ ძაღლს ბავშვები არ უყვარს. ის ქუჩაში ვერ გაჰყავთ, რადგან ბავშვი რომ გაიქცევა, შეიძლება ძაღლმა უკბინოს ან დაგლიჯოს... ყოველ აყვანილ ცხოველს ადამიანმა განსაზღვრული დრო უნდა დაუთმოს: მოუაროს, ყურადღება მიაქციოს, პროფილაქტიკური ღონისძიებები ჩაუტაროს, გაასეირნოს... ზარმაცი ადამიანი ძაღლს ვერ აიყვანს. მას კატა ურჩევნია... ასე რომ, წინასწარ დაფიქრდით, ვეტერინართან კონსულტაცია გაიარეთ და ისეთი ცხოველი შეარჩიეთ, რომლის მოვლასაც შეძლებთ.
ეთო ყორღანაშვილი
იხილეთ - http://gza.ambebi.ge