კანონი, რომელიც უნდა ვიცოდეთ! - საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით პრაქტიკულ კითხვებს იურისტი პასუხობს
კანონი, რომელიც უნდა ვიცოდეთ! - საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით პრაქტიკულ კითხვებს იურისტი პასუხობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის - გიორგი სახოკიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით:
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკისა და მონაცემთა მართვის სამმართველოს მონაცემებით, 2016 წელს სსკ-ის 259-ე მუხლით "ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა" გამოძიება დაწყებულ იქნა 15 სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების სასამართლოში განხილვის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მაია პაპელაშვილი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
მუხლი 259. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა

1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება
გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება,
- ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე
ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით,
- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

- თანხის რა ოდენობას გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა?
პასუხი: სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა 500 ლარია.

- მუხლი 375 - დანაშაულის დაფარვა და მუხლი 376 - დანაშაულის შეუტყობინებლობა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზეა გათვალისწინებული. რას ამბობს კანონი 259-ე მუხლის დარღვევის დაფარვის ან შეუტყობინებლობოს შემთხვევაში?
პასუხი: კანონმდებლობით ისჯება მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და შეუტყობინებლობა, გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გავთვალისწინებული დანაშაულის შეუტყობინებლობას ან დაფარვას, არ ისჯება, ვინაიდან ეს დანაშაული არ წარმოადგენს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს.

მუხლი 33. შეურაცხაობა ასაკის გამო
ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი.

- რას ნიშნავს „ბრალად შერაცხვა“?
პასუხი: ბრალის განმარტება რამდენიმენაირია. ზოგადად, ესაა პირის დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. არსებობს ბრალის გამომრიცხველი გარემოებები და მათ შორის ერთ-ერთია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკობრივ ზღვარს მიუღწევლობა. ეს ზღვარი სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაა. ხშირ შემთხვევებში, ასეთი ასკობრივი ზღვარია პირის 14 წლის ასაკამდე მიუღწევლობა. ამდენად, ჩადენილი ქმედება შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ პირს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, თუ მას დანაშაულის ჩადენის მომენტში არ მიუღწევია 14 წლის ასაკისათვის.

- საზოგადოებისთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც სისხლის სამართლის საქმე არ მისულა სასამართლომდე, რადგან ეჭვმიტანილი არ იყო 14 წლის ასაკს მიღწეული - „არსებობს დანაშაული, მაგრამ არ არსებობს დამნაშავე“. ამ შემთხვევაში მართებულია საქმის შეწყვეტა, თუ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება სასამართლოში უნდა გადაწყდეს?
პასუხი: კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას სხვადასხვა ეტაპზე. ერთ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღიძრას და სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ან თუ აღძრულია, ამ გარემოების გამომჟღავნების შემდეგ უნდა შეწყდეს გამოძიების ეტაპზე პროკურორის გადაწყვეტილებით, ხოლო თუ გარემოება, რომელიც სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველია, გამომჟღავნდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, სასამართლო, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, წყვეტს სისხლის სამართლის საქმეს.

- რა სადამსჯელო ღონისძიებები ტარდება დამნაშავის მიმართ, თუ ის არ არის 14 წელს მიღწეული, ან რა პრევენციული ღონისძიებები იგულისხმება კანონმდებლობით მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანი პირის მიერ დანაშაულის ხელახლა ჩადენის აცილების მიზნით?
პასუხი: 14 წელს მიუღწეველ პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, შესაბამისად, სადამსჯელო ზომები მათ მიმართ არ გამოიყენება
რაც შეეხება 14 წელს მიღწეულ პირებს... დღეს საქართველოში უფრო მეტი ყურადღება ექცევა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის თანახმად, შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დანაშაულის პრევენციის ცენტრი. ცენტრი ხელმძღვანელობს არასრულწლოვანის რესოციალიზაციის პროცესს, კოორდინაციას უწევს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდიდან, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში.

მუხლი 34. შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.


- რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება დამნაშავის მიმართ, თუ ის ფსიქიკური დაავადების გამო შეურაცხადია?
პასუხი: ამ შემთხვევაში პირი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და, მისი დაავადების ფორმის საშიშროებიდან გამომდინარე, ენიშნება არანებაყოფლობითი მკურნალობა ფსიქიატრიულ სავადმყოფოში.


- რა სადამსჯელო ზომები იგულისხმება კანონმდებლობით, თუ სისხლის სამართლის 259-ე მუხლის დამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეა?

პასუხი: სისხლის სამართლის კოდექსი საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ განსხვავებულად არ აწესრიგებს სანქციების გამოყენების წესს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს გააჩნია დიპლომატიური იმუნიტეტი.


საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 104. ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა
ცხოველებისა და ფრინველებისადმი
სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალება,
- გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

- რის მიხედვით განისაზღვრება, თუ რომელი წესით უნდა განიხილოს საქმე, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის?
პასუხი: სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება საზოგადოებრივად უფრო საშიში ქმედება/ გადაცდომა, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მას გაცილებით მკაცრი სასჯელი მოჰყვება, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციული გადაცდომა ითვლება ნაკლებად საშიშ ქმედებად და, შესაბამისად, შედეგიც ნაკლებად მკაცრია.
ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალება, შესაძლებელია განხილულ იქნას, როგორც საქართველოს სამარათალდარღვების კოდექსის, ისე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მათ ფაქტობრივად ერთნაირი სანქცია აქვთ. რაც შეეხება იგივე ქმედებას ჩადენილს ჯგუფურად, არაერთზის ან მცირეწლოვანის თანდასწრებით, ამ შემთხვევაში უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.


- რომელი კანონმდებლობით ისჯება ძაღლების ჩხუბი, მაგალითად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, და რის მიხედვით განისაზღვრება, თუ რომელი წესით უნდა განიხილოს საქმე, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის თუ მოვლა-პატრონობის?
პასუხი: ზოგადად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი არეგულირებს ქ.თბილისის ტერიტორიაზე ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობებს. ხსენებული წესის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტში მოცემულია ნორმის დისპოზიცია, ანუ პირობა, როდესაც ნორმა იწყებს მოქმედებას. ამ წესით არ არის დადგენილი ნორმის სანქცია, ანუ ამ დისპოზიციის არსებობისას რა შედეგი უნდა დადგეს. ასეთ შემთხვევაში, თუ სახეზეა „წესების“ შესაბამისი პირობები, ამ ნორმასთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისი ნორმები, კერძოდ: 104-ე მუხლი ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალება, ან თუ ცხოველთა ბრძოლა ორგანიზებული იყო ჯგუფურად, არაერთზის ან მცირეწლოვანის თანდასწრებით, მაშინ კვალიფიცირდება, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება #444 (2013 წლის 31 დეკემბერი) ტექნიკური რეგლამენტის - „საკლავი ცხოველების ვეტერინარული შემოწმებისა და ხორცისა და ხორცის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების“ დამტკიცების შესახებ,
მუხლი 5.

1. საკლავი ცხოველების კატეგორიას მიეკუთვნებიან: მსხვილფეხა პირუტყვი (მათ შორის, იაკი, კამეჩი), ღორი, ცხვარი, თხა, ირემი, ცხენი, ვირი, ჯორი, აქლემი, ბოცვერი, ნუტრია, ქათამი, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი და მწყერი.

- რომელი კანონმდებლობით ისჯება არა-საკლავი ცხოველების სიცოცხლის ხელყოფა? წარმოადგენს, თუ არა, ძაღლის, კატის ან მსგავსი შინაური ცხოველის საკვებად გამოყენება დანაშაულს?
პასუხი: ამ ნორმით რეგულირდება არა ცხოველის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევა, არამედ, საკლავი ცხოველის შემოწმებისა და ვეტერინალურ-სანიტარული წესების დარღვევით საკვებად გამოყენება. საკლავი ცხოველის დაკვლა არ ისჯება კანონმდებლობით.
საკვებად გამოსაყენებლად ბაზარზე გატანისას აუცილებელია ცხოველის ვეტერინალური შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტის მიღება. სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ კატისა და ძაღლის ხორცის საკვებად ბაზარზე დაშვების კანონმდებლობით დადგენილი პირობა არ არსებობს. შინაური ცხოველის პირდაპირ საკვებად გამოყენების აკრძალვა კანონმდებლობით არ არის დადგენილი, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი განსაზღვრავს შინაური ცხოველების დაღუპვა/დასახიჩრების და წვალების შემთხვევაში პირის პასუხისმგებლობას. ამიტომ არა-საკლავი ცხოველს მოკვლის შემთხვევაში გამოიყენება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისი პუნქტები.


საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ,
მუხლი 5.

65. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია) – გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა ან სხვა ქონება.

- ითვლება თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევად ცხოველის დაშავება ან დაღუპვა, როგორც „სხვა ქონება“, როცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, მუხლი 147 გვამცნობს, რომ ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის “ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს"?
პასუხი: რა თქმა უნდა ითვლება.

- ვალდებულია თუ არა მძღოლი, ცხოველზე დატაკების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება, ჩართოს საავარიო შუქ-სიგნალიზაცია და მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს?
პასუხი: ავარიის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია დაიცვას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებით დადგენილი პირობები.

- ვის ქონებას წარმოადგენს თავისუფლად ბინადარი, ე. წ. „უპატრონო“, ცხოველი?
პასუხი: ასეთი ცხოველი არავის ქონებას არ წარმოადგენს, მაგრამ მათზე ზედამხედველობა ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 6. ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული პატრონის ვალდებულებები.
8. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა ქირურგიული (სტერილიზაცია/კასტრაცია), ან სხვა, ცხოველისათვის უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით.

- ეწინააღმდეგება თუ არა ეს პუნქტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, კერძოდ მესაკუთრის, უფლებებს?
პასუხი: ამ შემთხვევაში, ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის ცხოველის პატრონის კერძო და საზოგადოების საჯარო ინტერესები. საჯარო ინტერესია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით, ნაკლებად არსებობდეს უპატრონო და მაწანწალა ძაღლები. საჯარო ინტერესი ამ შემთხვევაში უპირატესია ცხოველის პატრონის კერძო ინტერესთან შედარებით.


მუხლი 175. სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება
1. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
2. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.

- რამდენად აქვს მეზობელს თმენის ვალდებულება შინაური ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული დისკომფორტის (მაგ., ყეფა, ბეწვი და ა. შ.) გამო?
პასუხი: სამეზობლო თმენათა ვალდებულებას არ გააჩნია მკვეთი ზღვარი. ამ შემთხვევაში მომჩივანმა უნდა დაასაბუთოს, რომ მეზობელი უძრავი ქონებიდან წამოსული ზემოქმედება, მაგ. ყეფა, აღემატება იმ გონივრულ საზღვრებს, რომლებიც დასაშვებია სამეზობლო ურთიერთობებში და ხელს უშლიან მესაკუთრეს უძრავი ქონების ჩვეულებრივ გამოყენებაში. სხვა შემთხვევაში, მეზობელი უძრავი ქონების მესაკუთრე ვალდებულია ითმინოს მეზობელი უძრავი ქონებიდან წამოსული ზემოქმედება. ამასთან, მესაკუთრე, რომელსაც ყავს შინაური ცხოველები, ვალდებულია, დაიცვას შინაური ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული ჰიგიენური და სანიტარული ნორმები, საკუთარ ბინაში/სახლში ან საერთო სარგებლობის ტერიტორიაზე და არ შეუქმნას ზედმეტი დისკომფორტი მეზობელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს.
თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს. თუ მომჩივანი დაასაბუთებს, რომ ზემოქმედება არსებითია და თმენის ვალდებულება არ გააჩნია, შინაური ცხოველის პატრონს შეიძლება აეკრძალოს ამ ცხოველის ყოლის უფლება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 103. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა
1. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა
– გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის დაჯარიმებას – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

- რა იგულისხმება „თანამდებობის პირში“?
პასუხი: „თანამდებობის პირია“ საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სახელმწიფო, ან ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებული/დანიშნული/არჩეული ან მათთან გათანაბრებული პირები, რომელთა ჩამონათვალიც მოცემულია საქართველოს მთავრობის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში.



ნატალია სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?