ოქროს თევზი
ოქროს თევზი
ოქროს თევზი, რომელიც ყველა ჩვენგანს ბავშვობის ზღაპარს აგონებს, კარგა ხანია აკვარიუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბინადარია . მისი თანამედროვე სახეობა X-XI საუკუნეებში ჩინეთსა და იაპონიაში ხანგრძლივი სელექციის შედეგად მიიღეს, ევროპაში კი პირველად 1611 წელს შეიყვანეს. ამ უმშვენი-ერესი არსების შეძენის მსურველებს, რასაკვირველია, უამრავი შეკითხვა დაებადებათ. ვეცდებით, ზოგიერთ მათგანს ვუპასუხოთ.


რას მიირთმევს ოქროს თევზი?


ოქროს თევზი პრეტენზიული არ არის. სპეციალურ მზა საკვებთან ერთად შეიძლება გავუმასპინძლდეთ ჭიაყელათი, აკვარიუმის მცენარეთა ნაზი ფოთლებით, ძვლიდან ჩამოფხეკილი ხორცით, წიწიბურათი, შვრიით, ჩვეულებრივი თეთრი პურით.

რაციონის შედგენისას მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ
ოქროს თევზს სხვა, მაგალითად, ტროპიკული ზონის თევზებთან შედარებით ნაკლები ცილა და მეტი ნახშირწყლები სჭირდება. ამის
გამო ყველა კომპანია, რომელიც თევზების მზა საკვებს გვთავაზობს, ოქროს თევზისთვის სპეციალურ ნარევს ქმნის. ის, გარდა ნახშირწყლებისა, შეიცავს ნატურალურ დანამატებს, რომლებიც ოქროს თევზის შეფერილობას აუმჯობესებს. მადას ოქროს თევზის არც ერთი სახეობა არ უჩივის, მაგრამ მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადილის შემდეგ მორჩენილი საკვები ძალიან სწრაფად ფუჭდება და შესაძლოა, აკვარიუმში წყალიც გააფუჭოს. უმჯობესია, ოქროს თევზი დღეში რამდენჯერმე ვკვებოთ, მაგრამ მცირე ულუფებით, ისე, რომ ერთ ჯერზე მიწოდებული საკვები მთლიანად გაათავოს. ტრაპეზი, ჩვეულებრივ, 5-10 წუთს გრძელდება. თუ თქვენი აკვარიუმის ბინადარი მოუქნელია (ასეთია, მაგალითად, ტელესკოპი), 15 წუთს აცადეთ. შემდეგ კი აუთვისებელი საკვები გულდასმით უნდა შეაგროვოთ ბადით და წყლიდან ამოიღოთ. საკვების ნარჩენების მოგროვება რომ არ გაგიჭირდეთ, უმჯობესია, სამზარეულოსთვის აკვარიუმის ის ნაწილი შეარჩიოთ, რომელშიც წყალმცენარეები არ არის ან ნაკლებია.


მცენარეები აკვარიუმისთვის


უმჯობესია, ოქროს თევზის აკვარიუმისთვის შევარჩიოთ მყიფეფოთლებიანი წყალმცენარე, რომელსაც წყლის გათბობა არ სჭირდება. არ არის მიზანშეწონილი წყალმცენარის ჩარგვა გრუნტში, რადგან დროდადრო ოქროს თევზს უცნაური სურვილი ეუფლება – იწყებს გრუნტის თხრას და უნებლიეთ წყალმცენარის ფესვებსაც აზიანებს. ასე რომ, უმჯობესია, მცენარე ქოთანში ჩარგოთ, ქოთნის ნიადაგი კი ლითონის ბადით დაიცვათ.


გამრავლება

ოქროს თევზის ყველა სახეობას შეუძლია, 2-3 ლიტრის მოცულობის აკვარიუმშიც კი გამრავლდეს. ამისთვის საკმარისია ერთი მდედრი და ორი-სამი მამრი. უმჯობესია, აკვარიუმის ფსკერი ქვიშიანი არ იყოს - ქვირითი უკეთ დამაგრდება ცემენტის, თუთიის ან შუშის ზედაპირზე. წყლის ტემპერატურა 160C-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ოპტიმალურია 22-240C. აკვარიუმში, რომელსაც ოქროს თევზის გასამრავლე-ბლად ვამზადებთ, წვრილფოთლებიანი წყალმცენარეები უნდა მოვაშენოთ. შეიძლება, მათ ნაცვლად წვრილი მცენარეული (ოღონდ არა ტირიფის) ღრუბელი ან ხელოვნური წყალმცენარეები გამოვიყენოთ. აკვარიუმს დილიდანვე უნდა ხვდებოდეს მზის სხივები ან მთელი დღე-ღამის განმა-ვლობაში ანათებდეს ელექტრონათურა. წყლის ოპტიმალური სიმაღლე 20-25 სანტიმეტრია. აუცილებელია მისი ხშირი განახლება სპაციალური ხელსაწყოს მეშვეობით. დიდი ზომის ოქროს თევზები ქვირითობის უნარს დაახლოებით ერთი წლის ასაკში იძენენ. მოწიფული მამრის წინა ფარფლები ხერხს ემსგავსება, ხოლო ლაყუჩებზე მანანის ბურღულის მსგავსი მეჭეჭისებრი წარმონაქმნები უჩნდება. მოწიფულ მდედრს სქელი, ქვირითით სავსე მუცელი აქვს. თუ ზემოდან დავხედავთ, შევამჩნევთ, რომ სხეული თითქოს გამრუდებულია, რაც ქვირითის ბრალია. ეს ასიმეტრია ქვირითობის შემდეგაც რჩება. ხშირად კითხულობენ, შეიძლება თუ არა, გაძლიერებული კვებით ოქროს თევზების მომწიფება დავაჩქაროთ. ეს დაუშვებელია - ჭარბმა კვებამ შესაძლოა სიმსუქნე, შედეგად კი უნაყოფობა გამოიწვიოს. მაინც რა იზიდავს აკვარიუმში მობინადრე თევზებს ერთმანეთისკენ? ვარაუდობენ, რომ მომწიფებული მდედრი გამოყოფს სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერებას, რომელსაც გრძნობს მამრი. სწორედ ამ ნივთიერების დამსახურება უნდა იყოს, რომ მარტსა და აპრილში მამრი თევზი მდედრს ფეხდაფეხ დასდევს. თუ `არშიყი~ მარტის დამლევს, აპრილის დადგომამდე დაიწყო, რეკომენდებულია მდედრისა და მამრის განცალკევება, რათა შთამომავლობა დროზე ადრე არ მივიღოთ. ამავე დროს, მდედრ თევზებს განსაკუთრებული პირობები უნდა შევუქმნათ – არ მივცეთ მცენარეებთან ხახუნის საშუალება, დავაქვეითოთ აკვარიუმის ტემპერატურა. უმჯობესია, ახალი თაობა მაისსა და ივნისში მივიღოთ. წლის ამ პერიოდში უხვადაა ბუნებრივი საკვები პატარებისთვის. ქვირითობისთვის მზადებისას თევზებს უხვად უნდა მივცეთ ცხიმიანი საკვები – ჭიაყელა, დაფნია. ცოცხალი საკვების დეფიციტის შემთხვევაში შეიძლება გამხმარი, დაფქული ხორცი გამოვიყენოთ. განაყოფიერებამდე რამდენიმე დღით ადრე მამრი თევზები მეტისმეტად აქტიურდებიან. ამ დროს ფარფლები რომ არ დაიზიანონ, აკვარიუმში რბილი წყალმცენარეები უნდა მოვაშენოთ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სრულფასოვანი ქვირითობისთვის უმჯობესია, აკვარიუმში ერთ მდედრზე ორი მამრი მაინც გვყავდეს. მდედრის ორგანიზმიდან გამოყოფილ ქვირითს მამრი რძისებრ სითხეს ასხამს. ქვირითი მწებავია და კარგად ეკვრის აკვარიუმის ფსკერსა და წყალმცენარეებს. მისი დიამეტრი 1,5 მილიმეტრია. თავდაპირველად სუსტი ქარვისფერია, მეორე-მესამე დღეს კი ფერმკრთალდება. გაუნაყოფიერებელი ქვირითი მეორე დღესვე კარგავს ფერს და მასზე სწრაფად იკიდებს ფეხს სოკო. თევზი ქვირითის დაყრისთანავე უნდა გადავიყვანოთ სხვა აკვარიუმში, თორემ ქვირითს შეჭამს. შეიძლება პირიქითაც მოვიქცეთ – აკვარიუმს ქვირითით დახუნძლული წყალმცენარეები მოვაცილოთ და სხვა აკვარიუმში გადავიტანოთ. თუ აკვარიუმში 22-240C-ია, ქვირითიდან მეოთხე-მეხუთე დღეს პაწია არსებები იჩეკებიან. დაბალ ტემპერატურაზე, მაგალითად, 140ჩ-ზე, ეს პერიოდი 8-9 დღეს გასტანს. რასაკვირველია, უმჯობესია ლიფსიტების განვითარება მაღალი ტემპერატურის პირობებში მიმდინარეობდეს. თუ ქვირითს იმავე აკვარიუმში ვტოვებთ, რეკომენდებუ-ლია, მასში წყლის დონე დაბლა დავწიოთ. აკვარიუმი სინათლეში უნდა იდგეს, მაგრამ გადახურებაც მავნებელია. თუ ქვირითი რამდენიმე საათით მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მოხვდა, შესაძლოა დაიღუპოს. როცა ახალი თაობა გაჩნდება, აკვარიუმში შეგვიძლია ლოკოკინები ჩავსვათ. ისინი შეჭამენ გაუნაყოფიერებელ ქვირითს და წყალს გაფუჭებისაგან დაიცავენ.


როგორ გამოვკვებოთ ახალშობილები

ახალდაბადებული ლიფსიტა ძალიან სუსტი და უმწეოა. ის მოგვაგონებს ძაფს, რომელსაც ცალ ბოლოზე ორი თვალი აქვს, ხოლო შუაში – ყვითრის პარკი. ეს უკანასკნელი სიცოცხლის პირველი დღეებისთვის აუცილებელი საკვების მარაგს შეიცავს. თავდაპირველად ლიფსიტა ბიძგისებურად გადაადგილდება და მხოლოდ იმ ადგილზე მიმაგრების უნარი აქვს, რომელსაც ასე მოძრაობისას მიაღწევს, ორი-სამი დღის შემდეგ კი თავისუფლად ცურავს. ყვითრის პარკში არსებული მარაგიც თავდება და სხვა საკვები ხდება საჭირო. ლიფსიტების პირველი ბუნებრივი საკვები ინფუზორიებია, რომლებიც მცირე ულუფებით უნდა მივაწოდოთ. სასარგებლოა წვრილი წყალმცენარეებიც ცოტაოდენი ამწვანებული წყლის სახით.

კვირანახევარი-ორი კვირის შემდეგ საკვებად დაფნია და ციკლოპიც შეიძლება გამოვიყენოთ, ერთი თვის ასაკში კი პატარები „საერთო სუფრას მიუსხდებიან~. ბუნებრივია, ლიფსიტებს ცილაც სჭირდებათ. თუ ცოცხალი საკვების შოვნა გაგვიჭირდა, თავისუფლად შეიძლება წყალში კარგად გახსნილი მოხარშული კვერცხის გულის გამოყენება. ლიფსიტები საკმაოდ მსუნაგები არიან - დღის განმავლობაში ისინი თავიანთ წონა საკვებს მიირთმევენ. საზრდო ხშირად და მცირე ულუფებით უნდა მივაწოდოთ. დაუშვებელია ღამით აკვარიუმში საკვების დატოვება. ორთვე-ნახევრიდან შეგვიძლია პატარებს ხორცსაკეპ მანქანაში კარგად დაქუცმაცებული შვრიით გავუმასპინძლდეთ. ის თევზის სხეულს მოკლე, მომრგვალო ფორმას აძლევს.


შესაფერისი პირობები


ახალი თაობა კარგად რომ განვითარდეს, აუცილებელია სივრცე და ჟანგბადით გაჯერებული წყალი. ორ კვირამდე ლიფსიტები შეიძლება იმავე აკვარიუმში დავტოვოთ, სადაც ქვეყნიერებას მოევლინნენ. ამ ხნის შემდეგ კი აუცილებელია მათი გადაყვანა მცირე მოცულობის 3-4 აკვარიუმში, ისე, რომ თითოეულში 250-მდე ლიფსიტა მოხვდეს. თუ წყალი ავტომატურად არ იწმინდება და ძველ წყალს პერიოდულად ჩვენ თვითონ ვცვლით, ლიფსიტების რაოდენობა ორჯერ ნაკლები უნდა იყოს. ასეთი თანაფარდობა 2 თვემდე შეიძლება დავიცვათ. შემდგომში ზრდასთან ერთად მათი რაოდენობა უნდა შემცირდეს. ლიფსიტების აკვარიუმიდან აკვარიუმში გადაყვანისას რეკომენდებულია არა ბადის, არამედ პატარა ჯამის გამოყენება. ჯამში ისინი ნაკლებად წუხდებიან, თანაც გადათვლა უფრო ადვილია. თევზს მკვეთრი შეფერილობა რომ ჰქონდეს, აუცილებელია დღის სინათლე, მაგრამ დაუშვებელია მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება, ამიტომ აკვარიუმში საჩრდილობელი უნდა მოვაწყოთ. ამაში წყალმცენარეები დაგვეხმარება. თუ მზე აკვარიუმს მხოლოდ ორი საათის განმავლობაში ანათებს, ასეთი ღონისძიება აუცილებელი აღარ არის, ხოლო თუ მზის სხივები საერთოდ არ ხვდება, ხელოვნური განათებაა საჭირო.

* * *
ლიფსიტების ნაწილი მეტისმეტად სუსტია, მთელი ზამთრის განმავლობაში ნელა ვითარდება, თითქოს ჯუჯა რჩება. ეს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების არასრულფასოვანი ფუნქციონირებით არის განპირობებული. სუსტი თევზების ნაწილი ზამთარში იღუპება, დანარჩენები კი გაზაფხულზე სწრაფად განაგრძობენ ზრდას და ზომით თანატოლებს უთანაბრდებიან, თუმცა შედარებით სუსტები და ნაკლებად სიცოცხლისუნარიანნი არიან.

* * *

მართალია, კომფორტის სანაცვლოდ ოქროს თევზი სამ სურვილს ვერ აგვისრულებს, მაგრამ თავისი სილამაზით ნამდვილად გაგვახარებს.



ავტ: მარიკა დვალი

ინფორმაცია გამოყენებულია საიტიდან mkurnali.ge
ტეგები
eliso
ტევზი კანი გაუტეტრდა და რისი ბრალია ან როგორ ვუმკურნალოტ?
anuki5525@yahoo.com
მაინტერესებს რამდენჯერ უნდა ვაჭამო დღეში?
toma
მკავდა ორი ოქროს თევზი ერთი იკო 5ცლის მეორე ცლის დილას ვაჭამე ჩვეულებრივ და საგამოს ორივე მკვდარი დამხვდა ცკალი სუფთა იკო.მაინტერესებს ორივე ერთათ რატო ,შეიძლება ხო ბებერი იკო ,მეორე ხო ახალგაზრდა.ემართებათ რაიმე ისეთი რასაც განიცდიან თუ ?????????????????
@@@
მაინტერესებს დღის განმავლობაში რამდენი გრამი საკვები უნდა მივცეთ.თუ არ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა...
გიორგი.
მყიფე ფოთლიანი - შეცდომაა..... რას ნიშნავს მყიფე ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?