გურამი ძალიან მშვიდობისმოყვარე თევზია. ის არასოდეს შედის კონფლიქტში სხვა თევზებთან, საფრთხის შემთხვევაში კი, ამჯობინებს წყალმცენარეებში დაიმალოს.
გურამის ყოლის შემთხვევაში აკვარეუმის დიდ გაბარიტებს მნიშვნელობა არ აქვს, დაახლოებით 40 ლიტრამდე აკვარიუმი, მათი კომფორტისთვის სრულიად საკმარისია, რა თქმა უნდა, მათთან ერთად სხვა სახეობის თევზები თუ არ იქნებიან.
აკვარიუმში გრუნტი სასურველია იყოს მუქი შეფერილობის, სპეციალური განათების შემთხვევაში, თევზები ძალიან ლამაზად გამოჩნდებიან.

აკვარიუმში ცოცხალი მცენარეები მჭიდროდ ჩარგეთ, ისე რომ აუცილებლად დატოვოთ სივრცე, რათა თევზმა შეძლოს თავისუფლად გადაადგილება და ამავე დროს მამრ გურამიმ შეძლოს გააკეთოს ბუდე.
გურამი შეგიძლიათ კვებოთ ნებისმიერი თევზის საკვებით, ამ მხრივ ისინი პრეტენზიულები არ არიან, ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, ეს მისი პატარა ზომის პირია, საკვების მოზრდილმა ნამცეცებმა შესაძლოა მას ზიანი მიაყენოს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააპირეთ სახლიდან რამდენიმე დღით გამგზავრება, გაითვალისწინეთ, რომ მოზრდილი გურამი მხოლოდ 1-2 კვირა გაძლებს საკვების გარეშე, ხოლო პატარა - შედარებით ნაკლები პერიოდი.
გურამის ჯიშის თევზის სიცოცხლის ხანგრძლივობა აღწევს 5-7 წელს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ყველა პირობას შეუქმნით იმისათვის, რომ ის კომფორტულად იყოს.