აკვარიუმის მოვლის წესები
აკვარიუმის მოვლის წესები
თუ თქვენ გადაწყვიტეთ, სახლში მოიყვანოთ ეგზოტიკური თევზები, მაგრამ მათი ყოლის საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული რამდენიმე რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ პირობებში უნდა გყავდეთ ეს ფაქიზი არსებები.
შინაური ცხოველისგან განსხვავებით, თევზებს არ სჭირდებათ ყოველდღიურად გასეირნება, ისინი არ დაგიზიანებენ ნივთებს და არ მოითხოვენ იმდენ ძალისხმევას, როგორსაც ოთხფეხა ცხოველები. თუმცა იმასაც ნუ იფიქრებთ, რომ ისნი მხოლოდ აკვარეუმში წყლის ჩასხმითა და ყოველდღიური კვებით შემოიფარგლებიან, მათ ძალიან ფაქიზი მოვლა სჭირდებათ.
თევზის სიცოცხლე დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე - წყლის ტემპერატურაზე, საკვების რაოდენობაზე, წყლის
მცენარეებსა და რაც მთავარია, სხვადასხვა ჯიშების ერთად თანაცხოვრებაზე. ბევრი რამ შეიძლება მოხვდეს ჩამონათვალში, მაგრამ ამ
ეტაპზე შევჩერდეთ, რამდენიმე მომენტზე, როგორებიც არის: აკვარიუმის შერჩევა, მისთვის შესაფერისი მდებარეობა სახლში და წყლის ხარისხი.

პირველი ნაბიჯი: ძალიან მნიშვნელოვანია აკვარიუმისთვის ადგილის შერჩევა. ის არ შეიძლება დადოთ ფანჯრის რაფაზე, ან ფანჯარასთან ახლოს, ეს საზიანოა თევზებისთვის. შეიძლება ზაფხულში საჭიროზე მეტად გათბეს აკვარიუმი, ხოლო ზამთარში ძალიან გაცივდეს. ორივე შემთხვევაში თევზის მდგომარეობა სავალალო იქნება. თუ გსურთ, რომ ეს უსიამოვნება თავიდან აიცილოთ, აკვარიუმი დადგით კედელთან, მაგრამ არა გამათბობლის სიახოლოვეს, ან სითბოს რაიმე სხვა წყაროსთან. მოუძებნეთ თქვენს აკვარიუმს ნეიტრალური ადგილი. მაგალითად, კედელთან დადგით მაგიდა და ამ მაგიდაზე მოათავსეთ აკვარიუმი, ასევე შესაძლებელია დაამზადებინოთ ან იყიდოთ სპეციალური აკვარიუმის სადგამი.
Zooclub
მეორე ეტაპზე ვისაუბროთ აკვარიუმის ფორმებზე და მის ლიტრაჟზე (მოცულობაზე). ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს: ერთნი ამბობენ, რომ ჯობია დასაწყისისთვის მცირე ზომის მოცულობის (20-25 ლიტრი) აკვარიუმი შეიძინოთ, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ თავიდანვე 100 ლიტრამდე აკვარიუმში უნდა განათავსოთ თევზები. თუ ჩვენ რჩევას გაითვალისწინებთ, ყველაზე ოპტიმალურია, დასაწყისისთვის 40-45 ლიტრიანი აკვარიუმის შეიძნოთ. და კიდევ, რაც შეეხება მრგვალ აკვარიუმებს - ის, არც ისე კომფორტულია თევზებისთვის: ჯერ ერთი, რომ პატარაა და სიმაღლეშიც არ არის საკმარისი, მეორეც - ორ თევზზე მეტი მრგვალ აკვარიუმში დიდი ხნით ვერ ცოცხლობს, ამიტომაც ზედმეტი ფიქრის გარეშე, შეარჩიეთ ჩვეულებრივი, მართკუთხედი ფორმის აკვარიუმი.

მესამე ეტაპი: ცოტა რამ წყალზე და მის ტემპერატურაზე.
სანამ აკვარიუმში წყალს ჩაასხამთ, აუცილებელია, რამდენიმე დღით გააჩეროთ ის. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ავზი (იმის მიხედვით, რამდენ ლიტრიანი აკვარიუმი გაქვთ), არ დაგავიწყდეთ რომ, ეს ავზი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ წყლისთვის განკუთვნილი, მისი გამოყენება სხვა სითხისთვის ყოვლად დაუშვებელია, თუნდაც შემდეგ კარგად იყოს გარეცხილი. ჩაასხით ავზში გაფილტრული წყალი (შეგიძლიათ ონკანისაც), დადეთ ავზი ბნელ ადგილას და ორი დღის შემდეგ ჩაასხით აკვარიუმში.

წყლის ტემპერატურა დამოკიდებულია თევზის სახეობაზე, რომლებმაც უნდა იცხოვრონ აკვარიუმში. ამ არსებების უმეტესობისთვის ტემპერატურის ცვალებადობა საზიანოა - ამან შეიძლება თევზი დაავადოს ან სულაც მოკლას.

ასე რომ, თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ სახლში აკვარიუმის თევზების ყოლა, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, რომელიც მარტივი შესასრულებელია და თქვენი თევზებიც დაცულები იქნებიან.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?