ძია ნოდარი და მისი ერთგული მეგობარი ნემო
ძია ნოდარი და მისი ერთგული მეგობარი ნემო
რამდენიმე წლის წინ, ტელესივრცეში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც, გარკვეული დროის განმავლობაში, მოსახლეობას ძაღლების შესახებ რჩევებს აძლევდა. ეს ძაღლების ფსიქოლოგი ძია ნოდარი, იგივე ნოდარ მანჩხაშვილი გახლდათ.

,,zooclub.ge’’-მ მასთან გასაუბრება გადაწყვიტა, რის შედეგადაც, ჩვენს მკითხველს ძალიან სასიამოვნო ინტერვიუს ვთავაზობთ:

- ვინ იყო თქვენი პირველი შინაური ცხოველი და როდის?
- პირველი იყო მაილო, ვერცხლისფერი პუდელი. დაახლოებით 18-19 წლის წინ მაჩუქეს. პირდაპირ ვიტყვი, მე ასეთი მეგობარი არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მყოლია. ათი ბედნიერი წელი გავატარეთ ერთად. არანაირი სწავლა და გაწვრთნა არ დაგვჭირვებია, თავისით
ხვდებოდა ყველაფერს, ტუალეტით დაწყებული და თამაშითა თუ სეირნობით დამთავრებული. ძალიან მენატრება დღესაც.

- ძაღლების ფსიქოლოგიით როდის
დაინტერესდით?

- ნემო რომ მოვიყვანე, აღმოვაჩინე, რომ ისე არ იქცევა, როგორც მაილო იქცეოდა - ცელქობდა, სკამებს, პულტებს, მობილურებს, ფეხსაცმელს ღრღნიდა, სეირნობისას მექაჩებოდა... მოკლედ, მოვინდომე ამის გამოსწორება, მაგრამ მალე მივხვდი, რომ საქართველოში ამ თემაზე დაწერილ წიგნს ვერ ვიშოვიდი. გადავწყვიტე, ჩემ გამომცემლობაში დამებეჭდა წიგნი, რომელიც ძაღლების პატრონებს საწყის დონეზე მაინც დაეხმარებოდა ძაღლის მოვლასა და აღზრდაში. დავიწყე ასეთი წიგნების ძებნა უცხოეთში. ალბათ 100-ზე მეტი წიგნი წავიკითხე, მინდოდა ისეთი მეპოვა, ცოტ-ცოტა ყველაფერზე რომ ეწერებოდა. ბოლოს ვიპოვე ასეთი წიგნი - ლიზ დალბის „ბედნიერი ძაღლი“ - და დავბეჭდე კიდეც. მაგრამ ამ კითხვა-კითხვაში უამრავი რამე „შემომესწავლა“. ამას დაემატა ძაღლების ცნობილი ბიჰევიორისტის, ცეზარ მილანის გადაცემები ერთ-ერთ არხზე, კიდევ რამდენიმე ძალიან საინტერესო და საჭირო წიგნი (მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კონრად ლორენცის წიგნები, რომლებიც არა მარტო ძაღლების პატრონებმა, ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, ჩემი აზრით). ცოტა ხანში მცირე ექსპერიმენტები დავიწყე ნემოსთან და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გამოდის, როგორც ვისწავლე... შემდეგ უფრო სერიოზულ მუშაობაზე გადავედი, ნემოც ძალიან დამეხმარა, იოლად სწავლობდა ყველაფერს, რასაც მისგან ვითხოვდი. მერე მეზობლების ძაღლებთან ვცადე რამდენიმე სეანსი. მერე მეგობრების. მერე ფეისბუკზე უცხოებს ჩემ დახმარებას ვთავაზობდი და დაახლოებით ორი წელი უფასოდ ვიარე სახლებში, რათა გამოცდილებაც შემეძინა და ჩემი მეთოდები საბოლოოდ ჩამომეყალიბებინა. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე, ამ საქმეს სერიოზულად მივდგომოდი და ძაღლების ფსიქოლოგად მუშაობა დამეწყო.

Zooclub

- ნემო რამდენი წლისაა, რამდენი ხანია გყავთ და როგორ მოხვდა თქვენთან?
- 9 დეკემბერს უსრულდება 9 წელი, ანუ ახლა რვანახევრისაა. 2 თვიდან ჩემთანაა. მაილო რომ წავიდა, ძალიან განვიცადე. მძიმე დეპრესია მქონდა. მერე მივხვდი, ისევ ძაღლი თუ დამეხმარებოდა ამ კრიზისის დაძლევაში, ამიტომ ავდექი და დაბადების დღეზე საჩუქარი გავიკეთე. ასე რომ, ნემო ყველა თვალსაზრისით ჩემი საჩუქარია.

- რა პროცედურებს უტარებთ ყოველ წელს, ,,დაჩიპული'' თუ არის?
- გაზაფხულობით ალერგია ეწყება და ზაფხულის შუამდე ვებრძვით, წამლებით, მალამოებით, აეროზოლებით... გვიან შემოდგომაზე სახსრები ახსენებს თავს - ყველა ლაბრადორს სუსტი სახსრები აქვს, მაგრამ ამას განსაკუთრებით არ გაუმართლა. გამაყუჩებლებით ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას და, ამას გარდა, ჩვენი დათო ექიმი პერიოდულად მხოლოდ მისთვის ცნობილ ჯადოქრობას უტარებს და ეს ამხელა, ნორმალური ლაბრადორის მაქსიმალურ წონაზე დახლოებით 10 კილოგრამით მძიმე ძაღლი, რომელსაც არც ერთ სახსარში არც სითხე და არც ხრტილი არ დარჩა, ნორჩი ლაბრადორივით დახტის და დარბის. იმედი მაქვს, ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემაც არ გაურთულდება, და დათო ექიმიც თავის ჯადოქრობას არ მოგვაკლებს.
ჩიპი თავიდანვე გავუკეთე, ჯერ კიდევ მხოლოდ ორ-სამ კლინიკას რომ ჰქონდა ჩიპები და წამკითხველები, მაშინ. მას მერე აღარ შემიმოწმებია, მაგრამ წესით უნდა მუშაობდეს დღესაც.

Zooclub

- როგორ ფიქრობთ, ქართულ საზოგადოებას როგორი დამოკიდებულება აქვს ცხოველების მიმართ? რა უნდა შეიცვალოს ამ მხრივ?
- ასეთ სერიოზულ თემებზე ლაპარაკს ვერიდები ხოლმე. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ყველაფრისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს, საკუთარი თავის გარდა. ამიტომ ვერჩით ყველაფერს, რაც ჩვენ არ გვგავს. მარტო ცხოველებზე არ ვამბობ, დააკვირდით, როგორ გვძულს უცხოელები, სხვა ფერის, სხვა სარწმუნოების, სხვა ინტერესების, სხვა მრწამსის ადამიანები. რა უნდა შეიცვალოს? ყველაფერი. როგორ? არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ განათლებას შეუძლია ამაზე მეტ-ნაკლები გავლენა იქონიოს, მაგრამ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია და თანაც დღეს უამრავი ხელისშემლელი გარემოებაა. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებულ ოპტიმიზმს უახლოესი მომავლისთვის ვერ ვგრძნობ.

- ძაღლებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა რატომ შეწყვიტეთ?
- ამ პასუხებს მიჰქონდა ჩემი დროის დაახლოებით 80%. ამას გარდა, ,,ფეისბუკით“ გაცემული რჩევების მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალია და მათზე დახარჯულ დროს ნამდვილად არ აკომპენსირებს. თანაც, ნეტა იცოდეთ, ძაღლების ფსიქოლოგს ძირითადად რა საკითხებზე მიწევდა პასუხის გაცემა... კუჭი აეშალა, არ ჭამს, ყურები არ გაუსწორდა, რამდენი კილო უნდა იყოს ამა და ამ ასაკის ლეკვი, ერთი კარგი ჰასკი მაჩუქეთ რა... ასე რომ, ეს კითხვებიც უმეტესწილად წყლის ნაყვა იყო. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე ათეულ ადამიანს დავეხმარე და რამდენიმე ათეულ ძაღლს დღეს ნაკლები პრობლემა აქვს, მაგრამ, დამეთანხმებით, ეს ძალიან ცოტაა 4 წლის განმავლობაში დღეში 10-12 საათი კომპიუტერთან ჯდომისა და კითხვა-პასუხისთვის. მით უმეტეს, რომ დღეს სხვა საქმით ვარ დაკავებული და პასუხების დრო პრაქტიკულად არ მრჩება. მეგობრებს და ძველ „პაციენტებს“ თუ შევაწევ ხოლმე ორიოდე სიტყვას, ესაა და ეს.

Zooclub

- და ბოლოს, რას ეტყოდით საზოგადოებას? რისკენ მოუწოდებდით?

- აი, ყველაზე ნაკლებად საზოგადოების მოძღვრის როლის მორგება მინდა. არც არაფრისკენ არ მოვუწოდებ. პირადად მე კი ვისურვებდი, რომ ჩემი ლამაზი ხალხი ცოტა უფრო მეტს იღიმებოდეს და მეტი იუმორით უყურებდეს ცხოვრებას. სულ ეს არის.


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის.
nino bebo
როგორ მინდა ზია ნოდარის დახმარება კოკერი მყავს ტავის დროზე ვერ გავწვრტენიტ და ახლა 3 წლამდეა და ქატმებს ემტერება ამიტომ დამბული მყავს და ზალიან მეცოდება. იქნებ დამეხმაროს ტუ სჰეგიზლიან პირადსჰი რომ მომწეროტ ზია ნოდარის ტ ნომერი.
თეო
კარგი და კეთილი ძია
//-ს
დიახ-დიახ :)
//
სოფტ'ე'ჯექტ?
tbiliseli
მომწონს ამ კაცის იუმორი და ცხოვრების მისეული აღქმა,რაშიც სრულიად ვეთანხმები. ჯიგარი ხარ ძია ნოდარ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?