აქვს თუ არა თქვენს ცხოველს კანის დაავადება?!
აქვს თუ არა თქვენს ცხოველს კანის დაავადება?!
თქვენი ოთხფეხა მეგობრის კანი გლუვი და რბილი უნდა იყოს. მასზე არ უნდა შეიმჩნეოდეს ქერცლი, სიწითლე, გაღიზიანების სიმპტომები . კანი არ უნდა იყოს ზედმეტად მშრალი, თუმცა არც ზედმეტი ცხიმიანობა ითვლება ნორმალურად. არ უნდა შეიმჩნეოდეს ადგილი, სადაც თმიანი საფარველი დაკარგულია. ცხოველის მფლობელმა უნდა იცოდეს, რომ კანის დაავადებათა სიმპტომებია:

ქავილი, ნაკაწრები;
წითელი უბნები, ლაქები, გამონაყარი;
გამკვრივებული კანი, ქერქები, ქერცლი;
ბეწვის ცვენა;
აქერცლილი უბნები, კანის არასასიამოვნო სუნი.

გახსოვდეთ, კანის დაზიანება მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ნუ ჩათვლით კანის დაავადებას უმნიშვნელო პრობლემად, უმჯობესია, მისი გამოვლენის
შემთხვევაში ერთხელ მაინც მიმართოთ კონსულტაციისთვის ვეტერინარს.


რა იწვევს კანის დაავადებებს

შესაძლოა, ვეტერინარმა კანის დაავადების მიზეზის
დასადგენად ტესტების ჩატარება ჩათვალოს საჭიროდ. უმეტესად კანისმხრივი ცვლილებების მიზეზია:
ალერგია – თქვენი ოთხფეხა მეგობარი შესაძლოა ალერგიული იყოს არა მარტო საკვების, არამედ ისეთი ფაქტორების მიმართ, როგორიც არის ოთახის მტვერი, ობის სოკო ან ყვავილის მტვერი.
პარაზიტები – ტილები, ტკიპები და რწყილები - შეიძლება ალერგიის მიზეზად იქცეს და კანის მძიმე დაზიანებაც გამოიწვიოს.
ჰორმონული დისბალანსი – დადგენილია, რომ ცხოველებს, რომელთაც გარკვეული ჰორმონები ნორმაზე მეტი ან ნაკლები ოდენობით გამოუმუშავდებათ, კანის პრობლემები უფრო ხშირად აღენიშნებათ.
ინფექციები – კანის ცვლილება ზოგჯერ ბაქტერიულ ინფექციასთან არის დაკავშირებული.
როგორც ვხედავთ, კანის პათოლოგია მრავალი მდგომარეობის ნიშანი შეიძლება იყოს. ასე რომ, თუ ის შეამჩნიეთ, ჯობს, დროულად მიმართოთ ვეტერინარს.


აკონტროლეთ ცხოველის წონა

როდესაც ოთხფეხა მეგობრისთვის საკვებს დაეძებთ, ალბათ, არ ფიქრობთ იმაზე, რამდენი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს მისმა უკონტროლო მიღებამ. ჭარბი კვება შესაძლოა ცხოველის სიმსუქნის მიზეზად იქცეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ართრიტის, შაქრიანი დიაბეტის, გულის დაავადებებისა და სუნთქვის პრობლემების მომატებული რისკი ექნება.


აქვს თუ არა ცხოველს ჭარბი წონა?

ყველა ცხოველისთვის არსებობს იდეალური წონის სტანდარტი, რომელიც შემუშავებულია მისი ჯიშისა და ზომების გათვალისწინებით. თუ ამის თაობაზე ერთხელ მაინც მიმართავთ შეკითხვით თქვენს ვეტერინარს, მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას თქვენი ცხოველისთვის ოპტიმალური წონის შესახებ, ჩვენ კი იმ ზოგად ნიშნებს მოვიყვანთ, რომელთა ცოდნაც საშუალებას მოგცემთ, დროულად შეამჩნიოთ სიმსუქნე.

როცა ცხოველს ეფერებით, ნეკნებს ძნელად, ზოგჯერ სრულებით ვერ გრძნობთ.
ქრება წელი.
აუცილებელი ხდება საყელურის გაფართოება, რადგან ცხოველს ის აღარ ეტევა.
ცხოველს სეირნობა უჭირს, ზანტად მოძრაობს, ქოშინებს.
თავს იჩენს უგუნებობა;
ცხოველს ძალიან დიდხანს სძინავს.


რისი ბრალია ჭარბი წონა?


ჭარბი წონა ორგანიზმში ცხიმის ჭარბ დაგროვებასთან არის დაკავშირებული, ამ უკანასკნელის მიზეზი კი საკვების უზომო მიღებაა, განსაკუთრებით - მაშინ, როცა ჭარბი კვება ერწყმის დაქვეითებულ ფიზიკურ დატვირთვას. გარდა ამისა, არსებობს ხელშემწყობი ფაქტორებიც:

ასაკი – ასაკის მატებასთან ერთად ცხოველი კარგავს ფიზიკური აქტიურობის უნარს. მფლობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება და ხანში შესული ცხოველის კვების რაციონში კალორიები შეამციროს.
ჯიში – ზოგიერთი ჯიშის ცხოველები, მაგალითად, ლაბრადორი, პეტრივერი, კოკერსპანიელი, შერეული ჯიშის კატები, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სიმსუქნისკენ.
კასტრაცია/სტერილიზაცია – ეს პროცედურა მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, რის გამოც ცხოველს შესაძლოა სიმსუქნე განუვითარდეს.
სამედიცინო პრობლემები – ჭარბი წონა ზოგიერთი დაავადებითაც შეიძლება იყოს განპირობებული, თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი რამ იშვიათია.

გახსოვდეთ, ცხოველის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარტო მისი კვება არ არის. ვეტერინართან ვიზიტისას აუცილებლად უნდა მიიღოთ ინფორმაცია მისი წონის შესახებ და ეცადოთ, იდეალური ფორმა შეუნარჩუნოთ თქვენს მეგობარს.


როგორ დავეხმაროთ მსუქანას


წონის პრობლემა ხშირად აქვთ ძაღლებსა და კატებს. მათი წარმატებული მკურნალობა შესაძლებლია დიეტისა და ცხოვრების სტილის შეცვლით. ჯანსაღი წონის დაბრუნების ყველაზე ეფექტური გზაა დიეტისა და მზარდი ფიზიკური დატვირთვის შერწყმა.


ვარჯიში კატებისთვის

მიაჩვიეთ ფისო, სახლში ფეხდაფეხ გდიოთ.
გამოიყენეთ სათამაშოები, რათა აიძულოთ კატა, მეტი იმოძრაოს. დამალეთ საკვები, რათა ფისომ მასზე დიდხანს "ინადიროს".
თამაშისას გამოიყენეთ სარკე და სინათლის სხივი მიმართეთ კედლისკენ.


ვარჯიში ძაღლებისთვის


რეგულარულად ისეირნეთ ფეხით ძაღლთან ერთად.
ეცადეთ, იაროთ ქვიშაზე. ეს ზრდის წინააღმდეგობას და ცხოველიც უფრო მეტად იტვირთება.
ითამაშეთ როგორც ეზოში, ისე სახლში.

საკვების დღეღამური ულუფა რამდენიმე პატარა ულუფად დაყავით, რათა ცხოველი ადვილად დაანაყროთ. ნუ დაიზარებთ ამ რჩევების შესრულებას, გახსოვდეთ, ჭარბი წონა ცხოველისთვის ისევე საშიშია, როგორც ადამიანისთვის.



ავტ: მარიკა დვალი

ინფორმაცია გამოყენებულია საიტიდან mkurnali.ge

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?