საქართველოდან ხორცის ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა
საქართველოდან ხორცის ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა
საქართველოდან ცხოველთა დაკლული ხორცის ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო“ 2017 წელს განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებსს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს” ცნობით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტო სხვადასხვა ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ ცხოველების უფასო ვაქცინაციას ახორციელებს.

„2017 წელს ვაქცინირებულია: თურქულზე - 2 693 938 წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი; ჯილეხზე -1 075 832 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი და კენტჩლიქიანი ცხოველი; ცოფზე - 298 734 შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი და კატა; ცხვრისა და თხის ყვავილზე - 814 246
წვრილფეხა პირუტყვი; წვრილფეხა პირუტყვის ჭირზე - 323 742 წვრილფეხა პირუტყვი; ნოდულარულ დერმატიტზე - 286 219 მსხვილფეხა პირუტყვი;
ბრუცელოზზე - 234 158 მსხვილფეხა პირუტყვი; ყირიმ - კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 7 381 სული მსხვილფეხა პირუტყვი და 1 414 ცხოველის სადგომი.

პარალელურად მიმდინარეობს ბრუცელოზის, თურქულის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის და ცოფის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა)“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყნის კეთილსაიმედოობისთვის ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები. 2017 წელს კახეთის რეგიონში სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თელავის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკ ტრასაზე აშენდა და ამოქმედდა 3 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი (ბიოუსაფრთხოების პუნქტი). მათი ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სულ ფუნქციონირებს 5 პუნქტი (2 ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში), სადაც ხორციელდება ვეტერინარული ზედამხედველობა ცხოველების გადარეკვაზე და პარაზიტების საწინააღმდეგოდ მათი უფასო დამუშავება. 2017 წელს დამუშავდა 6 844 მსხვილფეხა და 368 755 წვრილფეხა პირუტყვი.

სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებულია: 311 758 სული მსხვილფეხა და 95 957 წვრილფეხა პირუტყვი. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია: 432 305 მსხვილფეხა, 109 333 წვრილფეხა პირუტყვი და 62 845 სადგომი.

ცხოველთა პასპორტიზაციის პროგრამის ფარგლებში, 236 348 ბრუცელოზზე აცრილ მსხვილფეხა საქონელზე გაიცა შესაბამისი პასპორტი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შედეგად 2017 წელს ექსპორტირებულია 361 711 ცხვრის დაკლული ხორცი, რაც წინა წლის მაჩვენებელს (50 709) 7-ჯერ აღემატება.

„2017 წელსაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა მნიშვნელოვანი ვეტერინარული ღონისძიებები, მათ შორის პროფილაქტიკური ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ, ასევე ნიმუშების აღება და მათი ლაბორატორიული კვლევა. შედეგად, ქვეყანაში შენარჩუნდა სტაბილური ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა, კერძოდ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული სხვადასხვა ზოონზური დაავადებების გამოვლინების მაჩვენებელი ცხოველებში და, შესაბამისად, ადამიანებშიც. სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე, კერძოდ, 2-ჯერ არის გაზრდილი ცხვრის ექსპორტი. მათ შორის, მნიშვნელოვნად მოიმატა დაკლული ხორცის ექსპორტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე შეიქმნა დამატებითი ღირებულება და მეტი შემოსავალი მიიღო ქვეყანამ“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?