"თუ ცხოველი ჯანმრთელია, მისი ბეწვი საშიში არ არის" - გვესაუბრება ვეტერინარი ქეთევან კვირკველია
"თუ ცხოველი ჯანმრთელია, მისი ბეწვი საშიში არ არის" - გვესაუბრება ვეტერინარი ქეთევან კვირკველია
მსოფლიოს პედიატრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ოჯახებში, სადაც ცხოველი ჰყავთ, ბავშვების იმუნიტეტი გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ ბავშვებისა, რომლებსაც ცხოველთან კონტაქტი არ ჰქონიათ, რადგან სტერილურ გარემოში გაზრდილი ბავშვის იმუნიტეტი უფრო სუსტია. ამიტომ უცხოეთში მშობლებს ურჩევენ, ბავშვის გაჩენასთან ერთად შინაური ცხოველი აიყვანონ.

კატების მიმართ ადამიანის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია: ზოგიერთი კატას ოჯახის წევრივით უვლის, ზოგს კი ანტიპათია აქვს. როგორ მოვუაროთ კატას – ამის თაობაზე ექიმ-ვეტერინარი ქეთევან კვირკველია გვესაუბრება:

– უძველეს დროში კატა ღვთიურ ცხოველად იყო მიჩნეული, მისი გამოსახულება ძველეგვიპტურ ფრესკებზეც აღმოჩნდა. კატის შესახებ დღესაც მრავალი
ცრურწმენაა გავრცელებული, ამიტომ ზოგიერთს მისი ეშინია. ქუჩაში კატა რომ გადაირბენს, ზოგი ქვას ესვრის და ზოგიც
გვერდს უქცევს, თუმცა ბევრს ის ძაღლსაც ურჩევნია.
კატას ინდივიდუალური ხასიათი აქვს, თვითონ წყვეტს, რა სურს და თავის საქციელს თვითონვე აკონტროლებს.
კატის მოვლა შედარებით ადვილია თუნდაც იმიტომ, რომ ძაღლისგან განსხვავებით, დღეში ორჯერ გასეირნება არ სჭირდება. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სუფთა სისხლის კატას (ან ძაღლს) საგანგებო მოვლა სჭირდება, რაც უფრო რთული და ძვირია.

დავუშვათ, ავიყვანეთ ფისო. პირველი ნაბიჯი ვეტექიმთან ვიზიტია. ყველაზე მნიშვნელოვანია ანტიპარაზიტული საშუალების, ანუ ე.წ. ჭიის წამლის მიღება. ეს პარაზიტები საშიშია როგორც ცხოველისთვის, ასევე პატრონისთვის. სამი თვის ასაკში კატის ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია. ამ დროს საჭიროა ვიტამინების მიღება, რათა ორგანიზმმა იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ხოლო თუ კატას ჭიები ჰყავს, მაშინ მას იმუნიტეტის გამომუშავების შანსი არ აქვს.

– რა თავისებურებით გამოირჩევა კატა?
– ძაღლისგან განსხვავებით, კატა ყოველთვის აკონტროლებს თავის ნორმას: ძაღლს შეიძლება ერთი ტომარა საჭმელი დაუდოთ და მთლიანად შეჭამოს, კატა კი შეჭამს იმდენს, რამდენიც აუცილებელია. რა არ შეიძლება ვაჭამოთ? – პირველ ყოვლისა – რძე, რომელიც არც ძაღლისთვის არის კარგი. არ შეიძლება ცხიმიანი საკვები, კარაქი, არაჟანი, რადგან ბეწვის ცვენას იწვევს, არ შეიძლება უმი ხორცი, ან თევზი, რადგან ასეთი საკვები პარაზიტების წყაროა. შეიძლება აჭამოთ მოხარშული ხორცი, გარდა ღორისა, ოღონდ – უცხიმო. კარგია უმარილო ყველი. ფისოები არც ხილს მიირთმევენ. მათთვის მრავალი სახეობის სპეციალური საკვები არსებობს. კატას უნდა ჰქონდეს გასართობი კუთხე, რადგან უყვარს ფხაჭნა, სჭირდება სახლი, რადგან უყვარს დამალვა და განმარტოება. პატრონმა თავიდანვე უნდა აირჩიოს, კატა გრძელბეწვიანი აიყვანოს თუ მოკლებეწვიანი, რადგან ზოგიერთს ალერგია აქვს ბეწვზე.
ცხოველს შინ ბეწვიც გასცვივდება და სპეციფიკური სუნიც ექნება... ზოგჯერ აიყვანენ, გაზრდიან 5-6 თვემდე და მერე ხვდებიან, რომ ცხოველმა პრობლემები შეუქმნათ. ამიტომ გააჩუქებენ, ან ქუჩაში დატოვებენ. ე.წ. იტალიურ ეზოებში ბევრი ასეთი კატაა, ზოგი აჭმევს, ზოგი კი ქვით მისდევს და არ იცის, რომ კატა ნამდვილი "სანიტარია": იმ ეზოში, სადაც კატებია, თაგვი არ ჩნდება, კატა განსაკუთრებით კარგი მონადირეა.

– რამდენად საშიშია კატის ნაკაწრი?
– საშიში მხოლოდ მაშინ არის, თუ ცოფიან ცხოველთან ჰქონდა კონტაქტი. ცოფი უეცრად არ გადადის, ის რამდენიმე კვირაში, ან თვეში ვლინდება. დაწინაურებულ ქვეყნებში ადამიანების ცოფით დასნებოვნების შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვენთან, იმიტომ, რომ იქ ვაქცინაციის საკითხი მოწესრიგებულია. თუ თქვენი ფისო აცრილია და სხვა ცხოველთან კონტაქტი არ ჰქონია, საშიში არაფერია. კონტაქტში ვგულისხმობ ჩხუბს, დაკაწვრას და სხვა. კატის ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოხერხდეს. ამ დროს ივსება მისი ანკეტა და იქმნება პასპორტი, სადაც იწერება ყველაფერი თქვენი კატის შესახებ: პატრონის სახელი, გვარი, მისამართი და მისი მონაცემებიც. ეს პასპორტი საჭიროა, თუ დაგვჭირდება ცხოველის საზღვარგარეთ გაყვანა, ან იმის გაგება, როდის არის აცრილი.

ხშირად გვეკითხებიან – მცირეწლოვანი ბავშვებისთვის საშიში ხომ არ არის კატასთან ურთიერთობაო? საქართველოში როგორც კი ბავშვი ჩნდება, ცხოველს სახლს ატოვებინებენ. კატის ბეწვი მხოლოდ იმ შემთხვევაშია საშიში, თუ ანტიპარაზიტული საშუალება არ გვაქვს მიცემული. თუ ცხოველი ჯანმრთელია, მისი ბეწვი საშიში არ არის. თქვენ რომ ქუჩაში, ქარიან ამინდში გახვიდეთ, მეტ ბაქტერიას შეისუნთქავთ, ვიდრე იმ ცხოველისგან, რომელიც შინ გყავთ.

– თუმცა, კატები ხშირად გადიან ქუჩაში, იქ კი უპატრონო ცხოველებიც ტრიალებენ.
– თუ კატის ქუჩაში გაშვებას საერთოდ არ აპირებთ, მაშინ ხვადს – კასტრაცია, ხოლო ძუს სტერილიზაცია უნდა გაუკეთდეს. თუ თქვენი ფისო კასტრირებულია, მას სახლიდან გასვლის სურვილიც აღარ ექნება. ზოგი ამჯობინებს, აბები დაალევინოს, მაგრამ ის ბევრ დაავადებას იწვევს, მათ შორის – სიმსივნესაც.
თუ კატას ქუჩაში ვუშვებთ, მაშინ კასტრაცია ან სტერილიზაცია არ უნდა გავუკეთოთ – შეიძლება დასახიჩრებული დაბრუნდეს. არ დააჭრათ ბრჭყალები, მისთვის ეს იარაღია, უბრჭყალებოდ დაიჩაგრება.

– ამბობენ, კატა ბევრ დაავადებას კურნავსო...
– კატები გრძნობენ ადამიანის პრობლემას და იმ ადგილას წვებიან, რათა უარყოფითი ენერგია წაიღონ. მქონია შემთხვევა, როცა პატრონს რაღაც დაავადება სჭირდა და მისი ძაღლი ან კატა იმავე დაავადებით დაღუპულა. ერთს, მაგალითად, გაჟონვა ჰქონდა და ძაღლსაც ზუსტად იმავე მხარეს დაემართა გაჟონვა. მეორეს თირკმლის უკმარისობა აწუხებდა და მისი კატა, რომელსაც ადრე არაფერი სჭირდა, თირკმლის უკმარისობით დაიღუპა, მისი პატრონი კი გადარჩა.

– მყავს ნაცნობი, რომელმაც თავისი ძაღლი სხვა ქალაქში გააჩუქა, ის კი უკან დაბრუნდა... ნუთუ ეს საკვირველი არ არის?

– კატაც შეიძლება ჩასვა ყუთში, ვერ დაინახოს განვლილი გზა და უკან, თავის პატრონთან მაინც დაბრუნდეს. როგორ აგნებენ გზას? – ძნელია ამაზე პასუხის გაცემა. ალბათ, ისინი, უბრალოდ, ჭკვიანები არიან. ამიტომაც პატრონმა ისე უნდა შეარჩიოს ცხოველი, რომ მისი გაჩუქება აღარ დასჭირდეს. თუ შინაური ცხოველის მოვლა არ შეგიძლიათ, არც უნდა აიყვანოთ. ზოგი კნუტებს ქუჩაში ტოვებს, ზოგიერთი – წყალშიც კი ახრჩობს, ნუთუ ეს საცოდაობა არ არის?!


კატები იმარჯვებენ?!

კატის აყვანა მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. კატები შესანიშნავად ერგებიან თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს თავისი ინდივიდუალიზმით, ეგოიზმითა და საკუთარი თავის ნარცისისტული სიყვარულით. განვითარებულ ქვეყნებში უკვე 204 მილიონი კატა ცხოვრობს და მხოლოდ 173 მილიონი ძაღლი. ეს სტატისტიკა მიახლოებითია, თუმცა ნათლად აჩვენებს, რომ კატები იმარჯვებენ. ძირითადი მიზეზი ის არის, რომ კატის ყოლას უფრო ქალაქის ბინებში მცხოვრები ადამიანები არჩევენ, ხოლო ძაღლები უფრო ეზოებიან, კერძო სახლებში მცხოვრებლებს მოსწონთ. რასაკვირველია, ეს ზოგადი შეფასებაა, მაგრამ ტენდენცია სწორედ ასეთია. ამიტომ მსოფლიოში შეუქცევადად მიმდინარე ურბანიზაცია სწორედ კატების წისქვილზე ასხამს წყალს...


გამოუძინებელი კატა საშიშია

კატას დღე-ღამეში 14-18 საათი უნდა ეძინოს. გამოუძინებლობამ შეიძლება მისი ჯანმრთელობის დარღვევა გამოიწვიოს, პირველ რიგში – ნევროზი. თუ კატა ძლიერად ილოკავს ბეწვს – ესე იგი, თავს კარგად გრძნობს. კატებს ღრძილების დაავადებებისკენ აქვთ მიდრეკილება, ამიტომ სასურველია, წელიწადში ერთხელ მაინც ვაჩვენოთ ვეტერინარს. კატის დავარცხნა აუცილებელია მისი ბეწვისთვის. ასევე საჭიროა ყურების გამოწმენდა და ბრჭყალების დაჭრა, სასურველია დაბანა ორ თვეში ერთხელ მაინც. თუ კატას გარეთ, ქუჩაში ვუშვებთ, საყელო არ უნდა გავუკეთოთ, რადგან შეიძლება ამ საყელოთი დაიხრჩოს. თუ თქვენს ფისოს რწყილები შეესია, უნდა დაბანოთ ანტიპარაზიტული შამპუნით და დააწვეთოთ ანტიპარაზიტული წვეთები. ამგვარი წვეთების დასხმა სამ კვირაში ერთხელ მაინც არის საჭირო.


მაწანწალა მილიონერი

როგორც ჩანს, იღბალი მხოლოდ ადამიანებს არ სწყალობს, იღბლიანები კატებს შორისაც არიან. ამის საბუთად ერთ გახმაურებულ ფაქტს შეგახსენებთ: 2011 წელს, რომში 94 წლის მილიონერი ქალბატონი – მარია ასუნტა გარდაიცვალა. მარიამ მთელი თავისი ქონება, 10 მილიონი ევრო, საყვარელ კატას დაუტოვა. ამ ამბის შემდეგ შავი კატა, სახელად ტომაზინო, მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ცხოველად იქცა. სხვათა შორის, ტომაზინო ერთ დროს უპატრონო იყო, მარიამ ქუჩაში იპოვა და მასზე წლების განმავლობაში ზრუნავდა.


ხათუნა ჩიგოგიძე
Tako
ბევრი კატები ძაღლები და კნუტები მყავს (არ ვიცი საიდან მოდიან, ან როგორ იგებენ რომ ცხოველები მიყვარს) ერთ-ერთ კატას, ბოსტნეული ძალიან უყვარს, ნეტავ განახათ როგორ სიამოვნებით მიირთმევს კიტრს, პომიდორს და თქვენ წაროიდგინეთ კომბოსტოსაც კი.
osti
კატის თმის ცვენაზე ცალკე პოსტი დადეთ რა, აქტუალური პრობლემაა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?