ტაძარი, რომელშიც ცხოველები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ
ტაძარი, რომელშიც ცხოველები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ
ხშირად ძველი ბერების შესახებ უცნაურ ამბებს ჰყვებიან. ამბობენ, რომ ისინი სხვადასხვა სასწაულს ახდენენ. შესაძლოა ამ მონათხრობის დიდ ნაწილში ვინმემ ეჭვი შეიტანოს, თუმცა იმ სასწაულის დანახვა, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ, ყველას საკუთარი თვალით შეუძლია. საუბარია ტაძარზე, რომელშიც გარეული ცხოველები და ადამიანები ერთად ჰარმონიულად ცხოვრობენ…

ტაძარი ნამდვილ ჯუნგლებში, მთის ძირში მდებარეობს. იგი ერთ-ერთმა ტაილანდელმა ბერმა 1994 წელს დააარსა. ტაძარი ბანგკოკიდან დაახლოებით 200 კილომეტრის მოშორებით, ბირმის საზღვართან ახლოსაა. მას საკმაოდ რთული დასახელება Wat Pa Luangta Bua Yannasampanno აქვს და ალბათ არც ღირს მის წარმოთქმაზე
დროის დახარჯვა. თუმცა ამ ტაძრის თავისებურება არა სახელის სირთულე, არამედ ისაა, რომ იგი არა მხოლოდ
ადამიანებისთვის, არამედ ცხოველებისთვისაც ღიაა და მასში ეს უკანასკნელები მართლაც უხვად არიან.

Zooclub

აღსანიშნავია, რომ ტაძრის თითოეულ ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს. მაგალითად, გარეული ტახი ბერმა მაშინ იპოვა, როდესაც საცოდავი ცხოველი მანქანამ გაიტანა და იგი ქუჩაზე უგონოდ ეგდო. ტაძარში მიყვანის შემდეგ ცხოველს უმკურნალეს, რის შემდეგაც მან იქაურობა მიატოვა. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ნამკურნალევი ტახი მთელი თავისი ოჯახობით ტაძარში დაბრუნდა და მას შემდეგ იქ ბინადრობს.

ტაძრის არც ერთ ცხოველს ჩაკეტილ სივრცეში არ ამყოფებენ. ყველა მათგანს საჭმელი, თავშესაფარი და მშვიდ გარემოში არსებობის საშუალება აქვს. ხოლო მას შემდეგ, რაც ახლოს მდებარე დასახლებების მკვიდრებმა შეიტყვეს, რომ ტაძარში ცხოველები ბინადრობენ, მათ საკუთარი დასახიჩრებული და დაზარალებული შინაური ცხოველების ტაძარში მიყვანა დაიწყეს.

ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, როდესაც ხეებიდან მოულოდენლად თავს გამოყოფს მშვიდი გამომეტყველების ცხენი ან ხის ტოტებში მობინადრე ფარშავანგი თავისი ლამაზი კუდით თავის მოწონებას დაიწყებს, ხოლო თუკი ჭაობში უცნაური არსების თავი შენიშნეთ, არ გაგიკვირდეთ: ამ ტაძარში მსგავსი სანახაობა იშვიათობა არ არის.

ტაძრის ბინადართა უმრავლესობას ვეფხვები წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ტაილანდში მათზე ნადირობა სასტიკად აკრძალულია და მკაცრადაც ისჯება, თუმცა ხუთი ათასი დოლარი, რომელსაც ვაჭრები ვეფხვის ღვიძლში იხდიან, საკმაოდ დიდი ფულია იმისთვის, რომ თავზეხელაღებული ადამიანები რისკზე წავიდნენ.

Zooclub

ტაძარში პირველი პატარა ვეფხვი მაშინ მოხვდა, როდესაც ცხოველის მშობლები ბრაკონიერებმა მოკლეს, თავად პატარა კი ადგილობრივმა მდიდარმა იყიდა და მისგან ფიტულის გაკეთება ბრძანა. ვეფხვი მხოლოდ მას შემდეგ შეიცოდეს, რაც მის ორგანიზმში კონსერვანტების შეყვანა მოასწრეს. ამის შემდეგ იგი ტაძარში მიიყვანეს, თუმცა ნახევარი წლის შემდეგ მისმა გულმა ძგერა შეწყვიტა. საოცარი ისაა, რომ იმავე დღეს ადგილობრივმა გლეხებმა ტყეში ვეფხვის სამი ბოკვერი იპოვეს, რომლებიც შიმშილით იხოცებოდნენ. ისინიც ტაძარში მიიყვანეს და გამოსაკვებად ძაღლი მიუჩინეს.

კიდევ ერთ ვეფხვს, რომელიც დრუნჩში ტყვიით იყო დაჭრილი, ჭრილობა ტაძარში მოურჩინეს. მას შემდეგ ვეფხვი გაიზარდა და ტაძარში გამართულ წირვებსაც ხშირად ესწრება.

ამჟამად ტაძარში სულ 17 ვეფხვი ბინადრობს. მათ უმრავლესობას ნადირობა აღარ შეუძლია, რადგან უკვე დიდი ხანია ტაძარში ცხოვრობენ და ნადირობა დაავიწყდათ. ცხოველებს მოხარშული ხორცით კვებავენ, რის გამოც ისინი აგრესიულობას არ იჩენენ. ვეფხვები ტაძარში ხშირად მედიტაციისთვის შედიან და მიწაზე გართხმულები ლოტოსის ფორმაში მსხდარ ბერებთან ერთად მდუმარებაში იმყოფებიან. ასეთ დროს ვეფხვები ხშირად სივრცეში იყურებიან და არავინ იცის, ვის ან რას უყურებენ…

ყოველდღიურად ვეფხვების ტაძარს 200-300 ადამიანი სტუმრობს. მონასტრის ტერიტორიაზე მოსახვედრად მსურველებმა რვა დოლარი უნდა გადაიხადონ. სტუმარს თითოეულ ცხოველთან დადგომის და მისი მოფერების უფლება აქვს. მონასტერში შესვლისთანავე დამთვალიერებლებს ბროშურებს ურიგებენ, რომელშიც ის საშიშროებებია ჩამოთვლილი, რომლებიც სტუმრებს ტაძრის ტერიტორიაზე შესვლისთანავე ელოდებათ.

მაგალითად, სახელმძღვანელოში წერია, რომ ვეფხვთან გასეირნების დროს მისთვის გასწრება არ შეიძლება, რადგან ბუნებით მტაცებელ ცხოველებს ეს არ მოსწონთ. სამაგიეროდ, ძალიან მოსწონთ, როდესაც მათ ეფერებიან. ასეთ დროს ისინი ხშირად ფისოებს ემსგავსებიან და შესაძლოა, თავი კალთაშიც ჩაგიდონ და გაინაბონ.

აღსანიშნავია, რომ ვეფხვებს ძალიან მაღალი ან დაბალი ადამიანები და ბავშვები არ მოსწონთ, ამიტომ ქვებზე შედგომა ან მათ გვერდით ჩამოჯდომა არ ღირს. სადილობის შემდეგ ვეფხვებს წყნარი საათი აქვთ. ასეთ დროს ცხოველები სულაც არ არიან წინააღმდეგი, რომ ტურისტებმა მათ ზურგი ან ყური მოფხანონ, ვეფხვები ფისოებივით ზურგზე წვებიან და თათებს ჰაერში აღაპყრობენ.

და ერთი საინტერესო დეტალი: ტაძრის ტერიტორიაზე შესვლისთანავე ტურისტი ხელს აწერს დოკუმენტს, რომელის თანახმადაც, თუ რომელიმე ცხოველის მსხვერპლი გახდება, ტაძარი ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის.


იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?