ძაღლებს უყვართ ხტუნვა...
ძაღლებს უყვართ ხტუნვა...
ზოგიერთი ტიპის ძაღლი ბუნებით უფრო ათლეტურია, რასაც მათი აღნაგობაც მოწმობს. შედარებით გამხდარ, გრძელფეხა ინდივიდებს, მაგალითად ბორდერ კოლის, გაცილებით უკეთ შეუძლიათ ხტუნვა, ვიდრე ჯმუხ და მოკლეფეხებიან ძაღლებს, მაგალითად ბულდოგს.

სტარტზე
ძლიერი, კუნთოვანი უკანა კიდურების წყალობით, ბორდერ კოლი მამოძრავებელ ძალას იძენს და მიწიდან ასაწევად ემზადება. ძაღლი, სანამ მიწას მოსწყდება, ჯერ წონას გადაიტანს უკანა კიდურებზე, შემდეგ კი შეკუმშული ზამბარასავით გაიშლება.

ბარიერის დაძლევა
ძაღლს ახტომისას წინა ფეხები ტანქვეშ აქვს შეკეცილი, მაგრამ შემდეგ, როდესაც ხარიხას მიაღწევს, წინ წამოსწევს და გაშლის.

აწევა
როდესაც კოლისთვის ნათელი გახდება, რას
უნდა გადაახტეს, ის სხეულს გამართავს და მიწიდან აწევას იწყებს. ამით პოზიციას აზუსტებს და თავს იცავს
დაზიანებისგან. ამ ეტაპზე კოლის წინა ფეხები ტანქვეშ აქვს შეკეცილი.

კუდი
ბორდერ კოლის სხეულის მართვაში კუდი ეხმარება - თავიდან იგი ჰორიზონტალურად უჭირავს, ახტომისას თანდათან ვერტიკალურად სწევს. კუდი ყველაზე მაღლა მაშინ ააქვს, როდესაც ბარიერს გადაევლება, შემდეგ კი მიწაზე დაეშვება და კუდსაც დასწევს.

აკრობატები
ძაღლები ღობეზე ხტებიან სხვადასხვა მიზეზის გამო: შესაძლოა, საკვები ეგულებათ მეზობელ ეზოში, ან შენიშნეს სავარაუდო მსხვერპლი, მაგალითად მელა. ხვადბს ღობეზე გადახტომის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი აქვთ - გაქცევა შეწყვილებისთვის მზადმყოფ ძუსთან, რომელიც ჰაერში გამოყოფს ქიმიურ ნაერთებს - ფერომონებს. ისინი ქარის საშუალებით ვრცელდება და ძუსკენ იზიდავს ახლომახლო მყოფ ყველა ხვადს, კასტრირებულ ხვადებს ღობეზე გადახტომისა და მძუნავ ძაღლთან გაქცევის სურვილი დაკარგული აქვს.

ვერტიკალური ნახტომი
ზოგი ძაღლი ათლეტურია, მაგალითად ჯეკ რასელ ტერიერებს შეუძლიათ შესანიშნავად ხტუნვა. მკვრივი სხეული და ძლიერი უკანა კიდურები მიანიშნებს, რომ ისინი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ახერხებენ ვერტიკალურად ახტომას, როდესაც ჰაერში ასროლილ თეფშს ან ბურთს იჭერენ. ეს თვისება წინაპარი მონადირეებისგან მემკვიდრეობით ერგოთ. ტერიერები მოკლე ფეხების გამო, ვერ ეწეოდნენ მეძებარ ძაღლებს, როდესაც ისინი სუნს მიჰყვებოდნენ; სამაგიეროდ, მონადირეებს ეხმარებოდნენ სოროდან მელას გამოგდებაში. ძაღლი საკმაოდ მოქნილი უნდა ყოფილიყო და შესძლებოდა მიწიდან ვერტიკალურად ახტომა, რათა მხედარს ცხენიდან ჩამოუსვლელად დაეჭირა და თან წაეყვანა. ცნობილია ძაღლები, რომელთაც 1.73 მ. სიმაღლეზე შეეძლოთ ახტომა. ასე რომ, გაითვალისწინეთ, ეზოს საკმარისად მაღალი ღობე უნდა ერტყას, რათა ძაღლი უსაფრთხოდ ცხოვრობდეს თქვენს კარ-მიდამოში.

პატარა, მაგრამ ხტუნია
პატარა ძაღლებს მარჯვედ ეხერხებათ ხტუნვა, მათ ვერტიკალურად ახტომაც შეუძლიათ.

თავის დაძვრენა
ძაღლები, როგორც წესი, ღობეზე ხტებიან მაშინ, როდესაც ეზოში მარტო არიან დატოვებულნი. ისინი სასეირნოდ გასვლისას, ჩვეულებრივ, ბედნიერები არიან. როდესაც თქვენთან ერთად გაივლიან ჭიშკარს, ამ დროს აზრადაც არ მოუვათ, მესერს ან ღობეს გადაევლონ, უბრალოდ იმიტომ, რომ პატრონს ბაძავენ. ნუ მოუწონებთ ძაღლს სხვადასხვა წინააღმდეგობაზე გადახტომას, რადგან თუ შეეცადა ეკლებიანი მავრთულის ღობეზე გადავლებას და მარცხი განიცადა, ეს შეიძლება, მისი დასახიჩრებით დასრულდეს. საქმე ის არის, რომ ძაღლები ვერ აფასებენ ასეთ სერიოზულ საფრთხეს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, ამგვარი მიდრეკილება თანდათან უსუსტებათ.


კონკურსი სიმარჯვეში
სიმარჯვეში ანუ აჯილითში (ინგლ. agility) კონკურსში ძაღლები, პატრონების თანადგომით, ერთმანეთს ეჯიბრებიან წინააღმდეგობების დაძლევაში: დაცოცავენ და დახტიან სხვადასხვა ნაგებობაზე, ძვრებიან გვირაბში და ა.შ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ტიპის ძაღლს, წარმატება კი სხეულის ზომაზეა დამოკიდებული.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?