როგორ ცდილობს ძაღლი თქვენი ყურადღების მიქცევას
როგორ ცდილობს ძაღლი თქვენი ყურადღების მიქცევას
ძაღლებს უყვართ პატრონებთან ურთიერთობა. მაგალითად, მოფერებისას, ისინი ხშირად, აქტიურად დაეძებენ და ზედ ახტებიან. ძაღლები დაკვირვებითა და გამოცდილებით მალევე სწავლობენ, რომელია საუკეთესო გზა პატრონის გულის მოსანადირებლად.

პატრონის მოხმობა
თუ ძაღლი სახლის სხვა ნაწილში ან გარეთ არის და თქვენთან მოსვლას ვერ ახერხებს, სავარაუდოდ, შეეცდება ყეფით გამცნოთ თავისი არსებობა. ამ დროს, როგორც წესი, ორჯერ მაინც მოკლედ დაყეფს. ძაღლმა იცის განსხვავებული, უფრო ძლიერი და განმეორებითი ყეფა მაშინ, როდესაც უცნობი ადამიანის მოახლოებას იგრძნობს ან მოკლე-მოკლე ყეფას იწყებს, მღელვარების ნიშნად. გარდა ამისა, ძაღლს შეუძლია კარზე ბრჭყალებით
ფხაჭნა, როცა მის გაღებას ცდილობს. ასევე, იცის ხალიჩის ან ხის იატაკის ფხაჭნაც. ცხადია, ეს არ არის
სასურველი, ამიტომ შეეცადეთ, ძაღლი თქვენგან მოშორებით ოთახში ჩაკეტილი არ დატოვოთ.

განსხვავებული სტრატეგიები
შედარებით პატარა ძაღლები, როდესაც ყურადღების მიქცევას ცდილობენ, რაკი ტანის სიმაღლე ამაში მაინცდამაინც ვერ ეხმარებათ, ჩვეულერბივ, ადვილად ახერხებენ მჯდომიარე პატრონს შეახტნენ. შესაძლოა, ხელიც კი შეუშალონ საქმეში. არსებობს სხვადასხვა ხერხიც - თავისი ყოფნის შესახებ პატრონს რომ შეატყობინოს, ძაღლი იწყებს წკმუტუნს. ეს არის ყეფისგან ძალზე განსხვავებული, ახლო მანძილისთვის განკუთვნილი მშვიდი მოხმობა. ძაღლი გაუთავებელი წკმუტუნით მიანიშნებს, რომ ნაწყენია და ყურადღებას ითხოვს.

მარტო სახლში

დიდი ხნის განმავლობაში მარტო დატოვებულმა და უყურადღებოდ დარჩენილმა ძაღლებმა შეიძლება, გაუთავებლად იყეფონ. ამ მხრივ, განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის ახალმოყვანილი ძაღლი. მისი პატრონი მეზობლების ჩივილის შედეგად იგებს ამ ამბავს, რის შემდეგაც საჭირო ხდება ამ ძაღლის დამშვიდება და დარწმუნება, რომ არ მიატოვებენ. შინიდან წასვლამდე ძაღლი ავარჯიშეთ, ისიც დაიღლება და დასაძინებლად დაწვება. ასევე შეგიძლიათ, ცვალოთ თქვენი არყოფნის ხანგრძლივობა, ზოგჯერ სულაც ცოტა ხნით გახვიდეთ სახლიდან.

კარის გაღება
ძაღლები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ პატრონის ყურადღების მისაქცევად. ისინი აკვირდებიან პატრონის ქცევას და შეუძლიათ მაგალითებზე სწავლა. მაგალითად, ზოგიერთ დიდ ძაღლს შესანიშნავად გამოსდის შიდა კარის გაღება სახელურის ჩამოწევით.
თუმცა, უფრო ხშირად, ძაღლი წინა თათებსა და ცხვირს იყენებს, რომ კარი გააღოს, ოთახიდან გავიდეს და სახლში პატრონი მოძებნოს. თუ კარი ოდნავ შეღებულია, ის წინა თათს ძირში ამოსდებს და თავისკენ ნელა გამოსწევს; შემდეგ, უფრო ზემოთ, ცხვირით გამოაღებს, გაძვრება და თქვენს საძებრად გამოიქცევა. კარის გაღების ამ მეთოდს ყველა ძაღლი არ ფლობს. ასეთი ქცევა არც ლეკვებშია შემჩნეული; ალბათ იმიტომ, რომ საამისოდ საკმარისი ძალა არ აქვთ.

მარჯვე თათები
ზოგიერთი ძაღლი თათებს ხელებივით ხმარობს, კარის გაღების დროს. ისინი თათებითვე ფხაჭნიან ნივთებსა და ავეჯს პატრონის ყურადღების მისაქცევად ან მასთან მისაღწევად.

გაქცევის ოსტატები
კარის გაღებას ყველაზე კარგად მაღალი ძაღლები ახერხებენ; ასევე, ისინი, რომელთაც  შედარებით გრძელი და ვიწრო დინგი აქვთ.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?