დეპუტატებმა ცხოველებისადმი სასტიკი და არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომების გამკაცრებას მხარი დაუჭირეს
დეპუტატებმა ცხოველებისადმი სასტიკი და არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომების გამკაცრებას მხარი დაუჭირეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, სულხან მახათაძის, ნინო წილოსანისა და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, კანონპროექტით გათვალისწინებულია ცხოველებისადმი სასტიკი/არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომების გამკაცრება. ასევე, პროექტით განისაზღვრა და დაზუსტდა ადმინისტრაციულ გადაცდომათა ჩამონათვალი.

პროექტის თანახმად, ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას,
ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში -გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.შემოთავაზებული
ცვლილებების თანახმად, ცხოველის მოკვდინების შემთხვევა ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის 259-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებად და აღნიშნული ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 104-ე მუხლით გათვალისწინებული აღარ იქნება.

"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის თანახმად: ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, - ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე; იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების საკითხის დარეგულირების მიზნით ადგენს გარკვეულ სამართალდარღვევებს და მათ შესაბამის სანქციებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას განმარტებით, კანონპროექტი მომზადდა თბილისი მერიასთან ერთად და ეხება იმ პრობლემას, რომელზეც კომიტეტი თითქმის ერთი წელია მუშაობს.

"ჩვენ საკომიტეტო მოკვლევა ჩავატარეთ და დავადგინეთ, რომ ტექნიკურად გაუმართავი მანქანების გარდა, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ასევე არის სამშენებლო და ბუნებრივი მტვერი. სამშენებლო მტვერის საკითხის მიმართულებით თბილისის მერიამ გადადგა ნაბიჯი და მოამზადა კანონპროექტი, რომელის ინიცირებაც მოვახდინეთ. კანონპროექტი ეხება შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების განთავსებასთან, რეალიზაციასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას. კანონპროექტით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის პირველ ივლისამდე უნდა განსაზღვროს წესი, რომლის მიხედვითაც ისინი აკრძალავენ და გააკონტროლებენ ასეთი მასალების შენახვას და განთავსებას", - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ერთ-ერთი ცვლილების თანახმად: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით; აღნიშნული დარღვევა ჩადენილი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 2000 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი - 6000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა.), რომელიც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. კანონპროექტით გათვალისწინებულია, ასევე სანქციები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვაზე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას და სხვა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ", რომელიც სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარმოადგინა. კანონპროექტი შედგება რვა მუხლისგან და ის არეგულირებს პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნის საკითხებს და განსაზღვრავს მისი შექმნის მიზნებს, აღკვეთილის მდებარეობას, ფართობს, მის საზღვრებს და იმ ტერიტორიებს (გეოგრაფიული კოორდინატებს), რომლებიც უნდა გადაეცეს დაცულ ტერიტორიას, პონტოს მუხის აღკვეთილის დაცვისა და გამოყენების რეჟიმს.

პროექტის მე-6 მუხლი არეგულირებს პონტოს მუხის აღკვეთილის სახელმწიფო მართვის საკითხს, კერძოდ, პონტოს მუხის აღკვეთილის მართვა განხორციელდება "დაცული ტერიტორიების სიტემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე.

მე-7 მუხლში მოცემულია კანონის გარდამავალი დებულება, რომლითაც რეგულირდება პონტოს მუხლის აღკვეთილის ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მიწათსარგებლობის, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

კერძოდ, კანონი არ გავრცელდება: პონტოს მუხის აღკვეთილის ამ კანონით დადგენილ საზღვრებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით); სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; "ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართელოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: interpressnews
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?