ინგლისური მარილის გახმაურებული საქმე - ფაქტები და მათი ანალიზი
ინგლისური მარილის გახმაურებული საქმე - ფაქტები და მათი ანალიზი
კვლავ აქტუალურია კითხვა, იყენებს თუ არა დღეს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველთა ევთანაზიისთვის ინგლისურ მარილს?

კიდევ ერთხელ გადავხედოთ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ლერი ქვარაიას, გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში გაჟღერებულ პასუხს:

„2017 წლის დასაწყისში სააგენტომ შეისყიდა ე.წ. ინგლისური მარილი სწორედ ევთანაზიის პროცესის უზრუნველსაყოფად, ქსილაზინის საჭირო მარაგთან ერთად, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან რეკომენდაცია თიოპენტალის გამოყენებასთან დაკავშირებით, 2017 წლის თებერვალში შესყიდულ იქნა თიოპენტალის საჭირო მარაგი და სწორედ თებერვლის თვიდან ინგლისური მარილი არ გამოიყენება ევთანაზიისთვის.“

2017 წლის
27 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების # 01-52/2017 მიხედვით, ცხადია, რომ სააგენტომ ინგლისური მარილი
და თიოპენტალი ერთდროულად შეისყიდა.


ინგლისური მარილი (Magnesium Sulfate) 25 გ, 5 000 პაკეტი
თიოპენტალი (Thiopental Sodium) 1 გ, 200 ფლაკონი

თვალსაჩინოებისთვის იხილეთ:

Zooclub

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/contract.php?go=207942


უფლება არ გვაქვს, ბატონ ლერის სიტყვებს არ ვენდოთ, მაგრამ როდის მიიღო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უცხოელი პარტნიორისგან თიოპენტალის გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები? იქნებ ამ ცხრილის შედგენის პროცესში, კერძოდ, მერვე პუნქტიდან მეთოთხმეტემდე ინტერვალში?

Mayhew-ს საერთაშორისო ჯგუფის რეკომენდაციები 2016 წლის აპრილით თარიღდება და მოიცავს:

„ამჟამად თავშესაფარში ევთანაზიისთვის იყენებენ ქსილაზინს მაგნეზიის სულფატით.
ქსილაზინთან კომბინაციაში მაგნეზიის სულფატი უნდა გამოვიყენოთ ქსილაზინის შეყვანიდან 10 წუთში, რაგდან ქსილაზინი ტკივილს აყუჩებს 30 წუთით. და მაინც, არც ეს მეთოდია რეკომენდირებული, რადგან ქსილაზინის მოქმედება, როგორც გამაყუჩებლისა, მინიმალურია.

მაგნეზიის სულფატი (MgSO4) არის ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორი. ინტრავენურად შეყვანისას, როგორც მარილით გაჟღენთილი ხსნარი, ის იწვევს გულის მუშაობისა და სუნთქვის ბლოკირებას, რასაც მოყვება სიკვდილი (Close et al., 1996). ის იწვევს კუნთების პარალიზებას (და სუნთქვის შეწყვეტას) ისე, რომ ცნობიერების დაკარგვა არ ხდება (Beaver et al., 2001); ამდენად, ცხოველი ყველაფერს გრძნობს, მაგრამ ვერ მოძრაობს, სანამ ტვინი არ იგრძნობს ჟანგბადის ნაკლებობას (ევროპის კვების უსაფრთხოების რეგულაცია, 2005). გარდა ამისა, MgSO4-ს არ აქვს გამაყუჩებელი თვისებები. ის ვერ ბლოკავს ტკივილს, ამდენად, მისი გამოყენება ევთანაზიის შემთხვევაში არის არაჰუმანური (Close et al., 1996, 1997; Beaver et al., 2001; ევროპის კვების უსაფრთხოების რეგულაცია, 2005).
სიკვდილის წინ ძაღლი განიცდის საშინელ კუნთოვან სპაზმს, კრუნჩხვებს, ყმუის, ეხუთება სუნთქვა (წყარო: Avariez and Caday, 1958), რაც მიუთითებს სტრესსა და ტკივილზე.“
„ევთანაზიის ეს მეთოდი მოითხოვს დიდ დროს და ფინანსურ ხარჯებს. საჭიროა MgSO4-ის დიდი დოზა, ხოლო ეფექტური გაჟღენთილი ხსნარი სქელდება და რთულია მისი შპრიცით შეყვანა.“

აქვე ვნახულობთ:

„ვიცით, რომ ბარბიტურატი თიოპენტონი ხელმისაწვდომია საქართველოში (უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა იყენებს მას). ამდენად, ევთანაზიისთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი იმ შემთხვევაში, თუ პენტობარბიტონი არ იშოვება საქართველოში.“

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში აღნიშნულ რეკომენდაციას პრიორიტეტების მიხედვით მინიჭებული აქვს 1 კატეგორია და განსაზღვრულია, როგორც 2016 წლის მესამე კვარტალში შესასრულებელი:

„პრიორიტეტის რეიტინგი: 1 - 2016 წლის მესამე კვარტალში, 2 - 2016 წლის მეოთხე კვარტალში, 3 – 2017 წლის პირველი კვარტლისათვის.“

საბუთებიდან გამომდინარე, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობას უცხოური პარტნიორების რეკომენდაციები წინა წლის აპრილშივე ხელთ ჰქონდა და, ამ რეკომენდაციების თანახმად, ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში უარი უნდა ეთქვა მაგნიუმის სულფატის გამოყენებაზე.

2017 წლის ივნისით დათარიღებულ რეკომენდაციებში ჩანს, რომ თავშესაფარში არსებული ინგლისური მარილის დანიშნულებით Mayhew-ს საერთაშორისო ჯგუფიც დაინტერესდა:

„გვიხარია, რომ ჰუმანური ევთანაზიის მიზნით დაიწყეთ თიოპენტონის გამოყენება. და მაინც, გაუგებარია, რა მიზნით შეიძინეთ მაგნეზიის სულფატი და რატომ არის ის მარაგის სიაში. დაუშვებელია მაგნეზიის სულფატის გამოყენება ევთანაზიისთვის, ამდენად, არ არის საჭირო მისი შეძენა.“

და მაინც, საშუალოდ რამდენ ცხოველზე შეიძლება თიოპენტალის 1გ. 200 ფლაკონის გათვლა? ამ კითხვაზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის მთავარი ვეტერინარი, მარიამ ჩხიკვიშვილი, გვპასუხობს:

- დოზირება ინდივიდუალურია, გააჩნია ძაღლის ზომას, თუმცა, მაქსიმუმ, 200 ზრდასრულ ძაღლზე შეგვიძლია გავთვალოთ.

სააგენტოს მიერ თიოპენტალის შემდეგი შესყიდვა 2017 წლის 25 ივლისით თარიღდება,

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/contract.php?go=223023

ხოლო ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ოფიციალურ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მარტის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში ევთანაზია ჩაუტარდა 975 ძაღლსა და 484 კატას.

https://www.zooclub.ge/images/doc/statistika17.pdf

მეტად საინტერესოა, როგორ მოახერხა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 200 ძაღლის სამყოფი წამლით 5-ჯერ მეტი ცხოველის დაძინება.
ასევე საინტერესოა, როგორ გაანაწილა ამდენ ცხოველზე ქსილაზინის 50 მლ, 150 ფლაკონი.

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/contract.php?go=206491

საინტერესოა, რამდენად დაცულია სხვა პროცედურები... თუმცა, Mayhew-ს საერთაშორისო ჯგუფის 2017 წლის რეკომენდაციებს თუ გადავხედავთ, ქირურგები არ იცნობენ ხელის დაბანის პროცედურებს, „ძაღლებს თითქმის გუდავს მოჭერილი საყელურები“, ცხოველების დეზინფექციისთვის გამოიყენება ინსტრუმენტებისა და იატაკისთვის განკუთვნილი მასალა,„განაკვეთი უნდა გაკეთდეს თეთრ ხაზზე და არა კუნთზე“, „პერსონალმა წამალი და დოზა უნდა შეარჩიოს ცხოველის წონის შესაბამისად“, „კუნთის შიდა ინექცია დაუშვებელია უკანა ფეხის უკანა მხრიდან! (განმეორებითი რეკომენდაცია) ასეთი ინექცია უნდა გაკეთდეს უკანა ფეხის წინა ნაწილში (დიდ კუნთში და არა მთავარ ნერვში)”, ჯიხურების დასუფთავებისას, ცხოველი გარეთ უნდა გამოივყვანოთ... ზედაპირი რომ გაშრება, მხოლოდ მაშინ უნდა დავაბრუნოთ ცხოველები ჯიხურში”, „წესი: თუ უსიამოვნო სუნს გრძნობთ, ესეიგი საკმარისად კარგად ჯერ არ გაგიწმენდიათ. თუ ჭრილობა ცუდად გამოიყურება, ის არ არის საკმარისად სუფთა და ჯერ კიდევ სამკურნალოა“, „ასევე გირჩევთ გამოიყენოთ ადვილად გასაწური იატაკის ჯოხები, რომლებიც ზედმეტ წყალს სწრაფად იღებს იატაკიდან“, „კნუტები უნდა გამოვკვებოთ ხშირად და მცირე დოზით“


და ბოლოს, „პერსონალს უნდა ესმოდეს განსხვავება მილიგრამსა და მილილიტრს შორის.“
მდგომარეობა, მართლაც რომ სავალალოა!


იხილეთ:

რეკომენდაციები თბილისის მუნიციპალური თავშესაფრისთვის - აპრილი 2016

რეკომენდაციები თბილისის მუნიციპალური თავშესაფრისთვის - ივნისი  2017



იხილეთ პირველი ნაწილი: "ინგლისური მარილის გახმაურებული საქმე - ქრონოლოგია"


ნატალია სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?