ინგლისური მარილის გახმაურებული საქმე - ქრონოლოგია
ინგლისური მარილის გახმაურებული საქმე - ქრონოლოგია
ამა წლის 16 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის ათმა ორგანიზაციამ და 53-მა ფიზიკურმა პირმა თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობა ქმედუუნაროდ და თანამდებობისათვის არალეგიტიმურად ცნო.

http://gfpa.org.ge/333/24-animalprotectiontbilisi.html

ასე გამოხატა საზოგადოებამ თავისი პოზიცია სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ინგლისური მარილის (მაგნიუმის-სულფატი) გამოყენების თაობაზე, რაშიც ის ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარემ, თემურ ლაჭყეპიანმა, 4 ოქტომბერს პორტალი „კვირას“ პრესკლუბის ეთერით დაადანაშაულა. ამასთანავე, ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ გაავრცელა კადრები, სადაც მკვდარი ძაღლები და ლეკვებია აღბეჭდილი.

https://www.facebook.com/GeorgianFederationfortheProtectionofAnimals/videos/725627827648481/


ბრალდებას სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, თეიმურაზ ფხალაძე,
იმავე დღეს, 4 ოქტომბერს, „მაესტროს“ ეთერით გამოეხმაურა და „რეალობას მოკლებული აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა. მისი სიტყვებით,
ევთანაზია თავშესაფარში ხორციელდება ქსილაზინითა და თიოპენტალით, ინგლისური მარილი „რას ნიშნავს“ არ იცის, მაგნიუმის სულფატი საგანგებო სიტუაციების სააგენტოდან გადმოჰყვა ნაშთად, ხოლო 2017 წლის თებერვალში შეძენილი პრეპარატი გამოიყენება არა ძაღლების ევთანაზიის საშუალებად, არამედ „პირუტყვთან დაკავშირებით რამდენიმე ასპექტში“.

თეიმურაზ ფხალაძემ არც კადრები დატოვა უკომენტაროდ: „ეს ... ადრინდელი, საგანგებო სიტუაციების სააგენტოს დროინდელი კადრებია, რაც შეგვიძლია, ადვილად დავადასტუროთ მანქანის ნომრებიდან გამომდინარე. ეს, როგორც ჩანს, სპეციალურად გადაიღო საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა, რომ შემდგომ დაემძიმებინათ სურათი. იმიტომ, რომ იქ ნაჩვენებია ე. წ. მაშები, რასაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შექმნის დღიდან არ იყენებს...“

https://www.zooclub.ge/video-galerea.html?view=video&video=2044

თეიმურაზ ფხალაძეს პასუხს თემურ ლაჭყეპიანმა ცინიკური უწოდა. მან მიუთითა, რომ შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში თემურ ფხალაძემ შეისყიდა 5000 ერთეული ინგლისური მარილი, რაც წინა წლებში შესყიდულ მარილთან ერთად 17 000 ერთეულს შეადგენს. ლაჭყეპიანის აზრით, ყველა ამ შესყიდვაზე პასუხისმგებელია თეიმურაზ ფხალაძე, რადგან ის სინამდვილეში 2012 წლიდან არის ხელმძღვანელი თავშესაფრისა, რომელსაც უბრალოდ სახელი შეეცვალა, რაც მის (ფხალაძის) პასუხისმგებლობას არ ცვლის.

https://www.facebook.com/GeorgianFederationfortheProtectionofAnimals/videos/725691044308826/

ამას, 7 ოქტომბერს, მოჰყვა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერი, სადაც სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლერი ქვარაიამ, ისაუბრა. როგორც ეთერიდან ჩანს, მან, ფხალაძისგან განსხვავებით, იცის, რას წარმოადგენს ინგლისური მარილი და ისიც იცის, რომ 2017 წლის დასაწყისამდე სააგენტო ევთანაზიის პროცედურებს ახორციელებდა სწორედ ე. წ. ინგლისური მარილის გამოყენებით. „ეს იყო საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც შეიცვალა 2016 წლის ბოლოდან. ეს (ევთანაზიის) ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო სწორედ ინგლისური მარილით და ამით არის განპირობებული ის, რომ 5 000 ერთეული მაგნიუმის სულფატი, ე.წ. ინგლისური მარილი, არის სააგენტოს მიერ შესყიდული. რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2017 წლის თებერვლიდან, საერთაშორისო სტანდარტით, სააგენტო ახორციელებს, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ცხოველების ევთანაზიას მხოლოდ და მხოლოდ თიოპენტალისა და ქსილაზინის კომბინირებული ინექციით.“

https://www.facebook.com/GeorgianFederationfortheProtectionofAnimals/videos/726741777537086/

9 ოქტომბერს ამ თემას ვრცელი საეთერო დრო დაუთმო გადაცემა „საქმიანმა დილამ“, რომლის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ლერი ქვარაია შესაშური დედუქციური უნარების დემონსტრირებით ადგენს, რომ ლაჭყეპიანის მიერ გავრცელებული კადრები გადაღებულია 2014 წელს, სავარაუდოდ, სექტემბერში.

გადაცემამ ლერი ქვარაია სტუდიაშიც მოიწვია. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

„2017 წლის დასაწყისში სააგენტომ შეისყიდა ე.წ. ინგლისური მარილი სწორედ ევთანაზიის პროცესის უზრუნველსაყოფად, ქსილაზინის საჭირო მარაგთან ერთად, თუმცა, მას შემდგომ, რაც ჩვენ მივიღეთ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან რეკომენდაცია თიოპენტალის გამოყენებასთან დაკავშირებით, 2017 წლის თებერვალში შესყიდულ იქნა თიოპენტალის საჭირო მარაგი და სწორედ თებერვლის თვიდან ინგლისური მარილი არ გამოიყენება ევთანაზიისთვის.“

„რაც შეეხება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობის ღიაობას, ამ მიმართულებით სააგენტო ვერ მიიღებს შენიშვნებს, ვინაიდან: 1. ცხოველთა მონიტორინგის ბაზაზე შექმნილია მუდმივმოქმედი საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც გაერთიანების საშუალება გააჩნია ნებისმიერ ადამიანს, და ეს საბჭო იძლევა ძალიან ფართე ფორმატს სააგენტოს საქმიანობის მონიტორინგისთვის და, გარდა ამისა, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ სულ ახლო მომავალში სააგენტოში მივიღეთ ერთ-ერთი აქტიური, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ცხოველთა დაცვის სფეროში. ამ ჟესტითაც სააგენტოს სურდა, რომ ხაზი გაესვა ღიაობისთვის. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენი საქმიანობა ხორციელდება მხოლოდ კანონმდებლობის საფუძველზე.

თუ ნებას მომცემთ, ხაზი მინდა გავუსვა იმ კადრებს, რომელიც გაჟღერდა და რომელმაც ეს ვნებათა ღელვა გამოიწვია. ჩვენი პოზიცია არის შემდეგი: „ჯერ ერთი, ამ კადრების გადამღები, მარტივად რომ ვთქვათ, არის, ალბათ, დეგრადირებული ფსიქიკის ადამიანები, რომლებმაც, რატომღაც ჩათვალეს, რომ შესაძლებელია ასეთი კადრები გადაიღო... და იმ ადამიანმა, რომელმაც გაასაჯაროვა ეს კადრები, ჩათვალა, რომ ამით ან სახელს მოიხვეჭდა ან რაიმე სხვა დივიდენდებს მიიღებდა. ეს არის აბსოლუტურად ლეგალური პროცესი... ეს არის ის რეალობა, რომელშიც თბილისს და თბილისელებს უწევთ ცხოვრება.“

კიდევ უფრო საინტერესოა ბატონი ლერის პასუხი ჟურნალისტის, ნინი ლონგურაშვილის, კითხვაზე:

112-ის მანქანა ჩანს კადრებში, რომელიც, რეალურად, ახალია, როდესაც თქვენ სათავეში ედექით თავშესაფარს და, ასევე, კადრებში ჩანს მაშებიც, რაც აბსოლუტურად არაჰუმანურია და არ შეიძლება რომ გამოიყენებოდეს დღეს, თუ ჩვენ ევროპულ სტანდარტებს ვუახლოვდებით. ამაზე რა პასუხს გაგვცემთ?“

„მაშებით ხდება ცხოველების ლეშის გადმოტანა და ჰუმანურობასთან აქ არანაირი კავშირი არ არის, ვინაიდან ლეშისთვის ტკივილის მიყენება არის აბსურდული თემა. რაც შეეხება ავტოტრანსპორტს, რომელიც კადრებში ფიგურირებს, ეს არის ჩვენი ავტომანქანები. იმ კადრებში არაფერი არაკანონიერი, არაჰუმანური არ არის ასახული. ეს არის პროცესი, რომელიც ასახავს ევთანაზირებული ცხოველის ლეშის გაუვნებელყოფის პროცედურას. ცუდია, რომ ეს კადრები გასაჯაროვდა. მე, პირადად, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ კადრების გამო, თუმცა, ეს იყოს იმ ადამიანების სინდისზე, რომლებმაც ეს გადაიღეს და გაასაჯაროვეს.“

https://www.facebook.com/GeorgianFederationfortheProtectionofAnimals/videos/727955144082416/

ლერი ქვარაიას ბოლო პასუხიდან გამოდის, რომ კადრები არცთუ ისეთი ძველია, როგორც, თუნდაც, თავადვე ბატონი ლერი იმავე გადაცემის დასაწყისში ამტკიცებდა. კადრები ახალია, მაგრამ მასში აღბეჭდილი პროცედურები კანონიერი; კადრები ასახავს ცხოველის ლეშის გაუვნებელყოფის ჩვეულ პროცედურას, სადაც ლეშის გადმოტანა ხდება მაშებით, რომელთა არსებობის შესახებ სააგენტოს დირექტორმა, თეიმურაზ ფხალაძემ, მისივე სიტყვებს თუ ვენდობით (და რა უფლება გვაქვს, არ ვენდოთ), არაფერი იცის.

გაუგებარია, რატომ უხდის ბატონი ლერი საზოგადოებას ბოდიშს ამ „აბსოლუტურად ლეგალური პროცესის“ ამსახველი კადრების გამო ან რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი მათი გადაღების თარიღი; რისთვის წუხს გადამღებ-გამავრცელებლების ფსიქიკასა თუ მოტივაციაზე, როცა დასამალი არაფერი აქვთ; დასამალი იმდენად არაფერი აქვთ, რომ სპეციალურად ღიაობის ხაზგასასმელად ახალი თანამშრომელიც კი მიიღეს, მეტად სასწრაფოდ და საგანგებოდ - „სულ ახლო მომავალში“, მაგრამ უკვე... იხილეთ


იხილეთ გაგრძელება: "ინგლისური მარილის გახმაურებული საქმე - ფაქტები და მათი ანალიზი"


ნატალია სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
მაგდა
გასაკვირი არაფერია, თავშესაფრის ბიუჯეტიდან მხოლოდ 300 ათასი რომ ხმარდება ცხოველების მოვლას. სისასტიკეს როგორც ჩანს ვერ ანებებენ თავს
ნატო სლეპაკოვა
მარციპანი, აბსოლუტურად გეთანხმებით.
ნატო სლეპაკოვა
მადლობა, ბატონო თემურ. თქვენს ერთგულებაში და თავგანწირვაში არავის ეპარება ეჭვი. მაგრამ თქვენც თუ წამოხვედით, საერთოდ ვიღა დარჩა?! თუმცა, რადგან ასე გადაწყვიტეთ, ე. ი. თქვენი იქ ყოფნით რაიმე დადებითი შედეგის მიღწევის იმედი საბოლოოდ გადაგეწურათ.
მარციპანი
დანარჩნები ხომ დარჩნენ? რისი იმედით დარჩნენ? თქვენ თუ ვერაფერი გააკეთეთ იქ ისინი რას იზამენ? ეგ საბჭო უცხოელების დასანახად არის გაკეთებული ისევ მუნიციპალურის გასაპრავებლად. თან ყველას შეუძლია შესვლა მანდო და რანაირად თუ ისევ მაგათ უნდა მისცენ ხმა მიღების დროს?ეგენი და იქ ვინც დარჩნენ ხომ ნორმალურებს მანდ არ შეუშვებენ და რა გამოდის? ისევ თვითონ უკრავენ და მღერიან :( სირცხვილია. მერია მიხედავს იმედია ძაღლებს ნორმალურად, ცივილურად და არა ისე,ნარმანიას დროს რომ იყო - გაქრობები და კარუსელები. ჯერ სახცელმწიფო თავშესაფარი უნდა მოწესრიგდეს, რომ მერე ელიზბარაშვილის თავშესაფარსაც მოეკითხოს ნორმები! თორემ ახლა დამდგარან და მათხოვრობენ, არა და ეგ მუნიციპალურზე უარესია ინფექციებით და კიდევ იმით, რომ მანდ ძაღლები მასიურად ჯვარდებიან და არ სტერილდებიან (1-2-ჯერ თუ ვიღაცამ თხოვა წელიწადში - და ეს არ არის სტერილიზაცია). მოკლედ - მისახედები არიან ეგენი მთლიანად და ძაღლები საშველი - ესაა მთავარი!
თეიმურაზ წიქორიძე
მინდა ავღნიშნო, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმომქმედი საბჭო, ამ საბჭოს მუდმივმომქმედი წევრის ლერი ქვარაიას (რომელიც პრაქტიკულად და მუდმივად ასრულებდა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას) საბჭოს წევრებისა და საკითხების მიმართ არაობიექტური დამოკიდებულების გამო 2017 წლის სექტემბერში დავტოვეთ მე, თეიმურაზ წიქორიძემ, ბატონმა პაატა კორძაძემ და ქალბატონმა თამთა შარაბიძემ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?