"ფაროსანასთან ბრძოლა თავშესაფარი ადგილებიდან უნდა დაიწყოს"
"ფაროსანასთან ბრძოლა თავშესაფარი ადგილებიდან უნდა დაიწყოს"
სურსათი და გარემო - აზიურ ფაროსანას სწორედ ეს ორი ფაქტორი იზიდავს. მავნებელს წვნიანი ნაყოფის მქონე მცენარეები მოსწონს, მათ შორის, ატამი,­ წიწაკა, ციტრუსი, კიტრი, პომიდორი, მზესუმზირა, ვაშლი, მსხალი, ქლიავი და ყურძენი.

ამჯერად, როგორც ფერმერების, ისე სურსათის უვნებლობის სამსახურის ყურადღება ციტრუსის კულტურაზეა კონცენტრირებული, რადგან აჭარასა და გურიაში მოსავლის ასაღებად ემზადებიან.

აზიური ფაროსანა გაზაფხულზე - აპრილის მიწურულსა და მაისის დამდეგს­ სახლდება მცენარეზე და მავნებლობას გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. ფაროსანა ხორთუმით ხვრეტს ნაყოფს, ათხელებს შიგთავსს და წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების
ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.­ მავნებელი გამოსაზამთრებლად შედის საცხოვრებელ სახლებში, ფარეხებში­,
ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში; ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს სახლის პირობებში და რა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს სახელმწიფო, რომ ფერმერებს­ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეთ, "კვირის პალიტრასთან" სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ლიპარტია საუბრობს:

- აზიური ფაროსანა ციტრუსს მინიმალურ საფრთხეს უქმნის, თანაც ამ პერიოდში მავნებელს უკვე დასრულებული­ აქვს კვება და ის მხოლოდ ერთეული სახით გვხვდება. მართალია, ციტრუსის კულტურაშიც დაფიქსირდა ფაროსანა, თუმცა, არა იმ რაოდენობით, როგორც სხვა მცენარეებში. სახელმწიფო აქტიურად­ აგრძელებს როგორც მავნებელთან ბრძოლას, ისე პროცესში მოსახლეობის ჩარ­თვას. კერძოდ, თითოეულ ფერმერს ერთი ლიტრი ფერომონი და მისი გამოყენების დეტალური ინსტრუქცია დაურიგდა - ერთი ლიტრი ფერომონი საკმარისია 2 ჰექტრის შესაწამლად. საერთოდ, ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - თუ აშშ-ში მავნებლისგან მიყენებული­ ზარალი 5%-მდეა დასული, ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ფერმერები მავნებ­ელს სახელმწიფოსთან ერთად ებრძვიან.­ ფერმერზე უკეთ არავინ­ იცის, რა ღონისძიებებია აუცილებელი მის საკარმიდამო სივრცესა თუ ბაღებში. სახელმწიფო კი შხამქიმიკატებითა თუ რჩევებით ეხმარება.

- აჭარასა და გურიაში ციტრუსის დასაკრეფად ემზადებიან. ფერმერების ნაწილი აცხადებს, რომ მოსავლის დიდი ნაწილი მავნებელმა მნიშვნელოვნად დააზიანა.
- თუ ციტრუსის მოსავალი წელს მცირეა და ნაყოფი ცვივა, ეს ფაროსანას არ უნდა დავაბრალოთ, ისევე როგორც თხილის მოსავლის მხოლოდ 10% დააზიანა­ ამ მავნებელმა. ციტრუსის მოსავლის პრობლემა წელს გვალვა იყო,
მოგეხსენებათ, ნალექი თვეების განმავლობაში არ მოსულა, რაც აისახა ნაყოფზეც. ეს მოსახლეობამ კარგად იცის, მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, საქართველოს მასშტაბით დარიგებულია 230 ათასი ბუკლეტი, სადაც აღწერილია როგორც მავნებლის თვისებები, ისე მასთან ბრძოლის მექანიზმები.

- ფერმერების ნაწილი ჩივის, რომ შხამ­ქიმიკატი, მართალია, ანადგურებს ფაროსანას, თუმცა, მცენარესაც ახმობს.
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა. პრეპარატი მსოფლიოს ხუთივე­ კონტინენტზეა დარეგისტრირებული, მის შემადგენლობაში ბოლო შესწორება 2012 წელს შევიდა და 2030 წლამდე მოხმარებისთვის ვარგისიანადაა მიჩნეული. მას იყენებენ როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში, თუმცა, არც ერთ ფერმერს არ დაუჩივლია, რომ ქიმიკატის გამოყენების შემდეგ მცენარე გახმა. პირიქით, ფერომონი ბოსტნეულის შესაწამლადაც რეკომენდებულია და თუ, მაგალითად, ბადრიჯანს­ ან პომიდორს არ აზიანებს, როგორ შეიძლება ციტრუსის ხე გაახმოს? მეტიც, წყალში შეუზავებელი ფერომონიც კი არ არის დამაზიანებელი მცენარისთვის, ის მხოლოდ მავნებელს ანადგურებს. როგ­ორც გითხარით, 230 ათას მოქალაქეს დეტალურად აღვუწერეთ ქიმიკატის გამ­ოყენების წესები, ამჯერად ინფორმირებული ფერმერების აქტიურობის დროა.

- როგორ ვებრძოლოთ ფაროსანას სახლის პირობებში?
- მავნებელი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში ინაცვლებს და მოზამთრე ფაზასთან ბრძოლა სწორედ თავშესაფარი ადგილებიდან უნდა დაიწყოს. სახლის პირობებში ფაროსანასთან ფერომონით ბრძოლა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მსოფლიოს ექსპერტების რეკომენდაციით, არსებობს მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთ­ოდები, რომლებსაც მოსახლეობა იყენებს­ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. მაგალითად, მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს­ ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერც­ხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა. გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოსაზიდად თავშ­ესაფრებს სახლების მახლობლად ათავსებენ. ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ ფაროსანას. სახლის პირობებში ფაროსანასთან ბრძოლის ერთი კარგი საშუალება მტვერსასრუტით მისი შეგროვება და განადგურებაა. კიდევ ერთი რეკომენდაცია: აზიური ფაროსანას გასანადგურებლად ეფექტიანია ე.წ. მოიზიდე და მოკალის მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოსაზიდად მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად ფაროსანა კვდება. გარდა ამისა, ვეგეტაციის პერიოდში ბაღის კიდეზე არსებულ მცენარეზე 5 ან მეტი ფერომონი თავსდება და ტარდება ყოველკვირეული წამლობა ინსექტიციდებით. ვიმეორებ, მთავარია, მოსახლეობამ არ დაიზაროს ფაროსანასთან ბრძოლა, რადგან ერთი ინდივიდის განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას. გარე ტერიტორიებზე, ჭალებში, ჯაგებსა თუ ტყის პირებში, სადაც მავნებლის კონცენტრაცია ხდება, უკვე სახელმწიფო მოქმედებს და მომავალშიც გააგრძელებს ბრძოლას მავნებელთან. სიმინდის მოსავლის გადასარჩენად ყველა სპეციფიკური ტექნიკა გამოვიყენეთ, მათ შორის, ავიაციაც, იმავე ზომებს­ მივმართავთ ყველა ტერიტორიაზე, სადაც ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა გვექნება. ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებულია ფაროსანას მოსაზიდი 21 ათასი ხაფანგი, აქედან 11 თბილისის ლოკაციაზეა განთავსებული.

რუსუდან შელია

სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UAID), FERRERO-სა და CNFA-ს "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის"  მხარდაჭერით/დახმარებით

წყარო bpn
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?