ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფაროსანა საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებში ინაცვლებს, სადაც კონკრეტული ლოკაციები იწამლება
ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფაროსანა საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებში ინაცვლებს, სადაც კონკრეტული ლოკაციები იწამლება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალურ ღონისძიებებს ატარებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტემპერატურის მატებასთან და კლიმატური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, მავნებელი საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებსა და მასივებში ინაცვლებს, სადაც სააგენტოს მიერ იწამლება კონკრეტული ლოკაციები.

მათივე ცნობით, სააგენტოს სპეციალური ტექნიკა მუშაობს სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში იმ ლოკაციებზე, სადაც მავნებელი დიდი ოდენობით აღინიშნება.
„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მოსახლეობის მიერ საკარმიდამო ტერიტორიებისა და ეზოების დამუშავება სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ქიმიური პრეპარატებით, საცხოვრებელ სახლებში კი მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდების
გამოყენება. მოსახლეობა ჩაერთო ღონისძიებების გატარებაში და ვინც სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპრატებით ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები
უკვე შეწამლა, მავნებლის შემცირებას ადასტურებს. პარალელურად, გრძელდება პრეპრატების დარიგების პროცესი, ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი, ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) და მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა.

პრეპრატების გადაცემა დაახლოებით 230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამგერლოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა პრეპარატები. სამეგრელოს რეგიონი - 95 911 ; გურია - 50 670; იმერეთი - 38 838; აჭარა - 13 000. პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ და მათი დარიგების პროცესი მიმდინარეობს. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას ურიგდება საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქცია.

მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გავრცელებულია მავნებელი, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატებისა და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექტარამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთი და დიდი მასივები“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?