ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 25 ათასამდე მიუსაფარი ძაღლია
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 25 ათასამდე მიუსაფარი ძაღლია
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ ფხალაძის ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 25 ათასამდე მიუსაფარი ძაღლია.

მისი განცხადებით, მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა 2 წლის წინ დათვალეს და მაშინ 43 ათასი მიუსაფარი ძაღლი დაფიქსირდა, თუმცა, ფხალაძე ვარაუდობს, რომ ახლა რაოდენობა განახევრებული იქნება.

"შარშანწინ დავთვალეთ პირველად დედაქალაქის მასშტაბით და დაახლოებით 43 ათასი მიუსაფარი ძაღლი დაფიქსირდა. ვაპირებთ მომავალ წელს ისევ დავთვალოთ. ვფიქრობ, ახლა კლება იქნება, რასაც აბსოლუტურად ჰუმანური მეთოდებით მივაღწიეთ. ეს გამოძახებების სტატისტიკაზეც აისახება. ბოლო ორი წლის განმავლობაში 10 ათასზე მეტი სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციაა ჩატარებული მუნიციპალურ თავშესაფარში. ვუზღუდავთ გამრავლების
უნარს, ვუკეთებთ აცრებს და ყურზე  ე.წ. ბირკას. თითოეული  ძაღლი, რომელიც დაუბრუნდება ქუჩას, კონტროლირებადი და უსაფრთხოა
მოსახლეობისთვის.

ვფიქრობ, ძაღლების რაოდენობა ახლა თბილისის ქუჩებში წინა ორ წელთან შედარებით, მონაცემების ანალიზის შედეგიდან და გამოძახებების სტატისტიკიდან გამომდინარე, განახევრებულია. თუმცა, ზუსტი რაოდენობის თქმა გამიჭირდება", – განაცხადა ფხალაძემ.  

მისივე ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს, 112-ის საშუალებით, 19 351 გამოძახება დაფიქსირდა, რაზეც სააგენტომ რეაგირება მოახდინა.

"ესენია, როგორც ძაღლებზე და კატებზე, ასევე პირუტყვთან დაკავშირებით გამოძახებები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით და ა.შ.  როგორც იცით, სააგენტოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით რეაგირება განახორციელოს და დააჯარიმოს ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დამრღვევი პირები, ასევე პირუტყვთან დაკავშირებით გვაქვს მონიჭებული უფლებამოსილება,  განვახორციელოთ რეაგირება პირუტყვის მოვლის წესებზე. სააგენტოს ჰყავს საპატრულო ეკიპაჟები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ  დედაქალაქის ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში. წელს 600–ზე მეტი ჯარიმა დაიწერა ძაღლებისა და კატების მოვლა პატრონობის წესის დარღვევაზე, 250–მდე  ჯარიმაა დაწერილი პირუტვის მოვლის წესის დარღვევისთვის. ცხოველების მოვლა–პატრონობის წესის დარღვევისთვის ჯარიმა 8 ლარიდან 20 ლარამდეა. ხოლო პირუტყვის მოვლის წესის დარღვევისთვის სანქცია 20–50 ლარი. იმის მიხედვით, სად არის პირუტყვი. თუ ქუჩაში ჯარიმა 20 ლარია, თუ სკვერში და ბაღშია – 50 ლარი. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება. უფრო მეტად ჭარბობს ძაღლების მოვლა–პატრონობი წესის დარღვევა. ეს ჯარიმები, რა თქმა უნდა, ადეკვატური არ არის. ეს არის მუხლი, რომელიც წლებია არ შეცვლილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. 2015 წელს ჩამოყალიბდა სააგენტო და შემუშავებული გვაქვს წინადადებები ამ სფეროს სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად. მაგრამ ეს პარლამენტის პრეროგატივაა, პაკეტი მომზადებულია, გადაგზავნილი, თუმცა, განხილვა ჯერ არ დაწყებულა", – აღნიშნა ფხალაძემ.

რაც შეეხება ცხოველთა ევთანაზიას, მისი თქმით, მხოლოდ მიმდინარე წელს, მუნიციპალურ თავშესაფარში 2 ათასზე მეტი ძაღლი დააძინეს.

"მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველების ევთანაზია ცხოველთა მოვლა–პატრონობის წესის შესაბამისად ხდება. იქ გაწერილია ამის საფუძვლები ისევე, როგორც ცხოველის დაჭერის საფუძვლები. თუ ცხოველი არის აშკარად  აგრესიული, საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის, დაავადებულია ისეთი დაავადებით, რომ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის ან სხვა ცხოველებისთვის, აქვს უკურნებელი დაავადება, დაუძლურებულია, ხანდაზმულია და ა.შ. ამ შემთხვევაში ვაძინებთ. ევთანაზიების რაოდენობას რაც შეეხება, წელს ევთანაზია 2 102 ძაღლს ჩაუტარდა.

რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სააგენტოს თანამშრომლები წესებს არღვევენ ევთანაზიის განხორციელებისას, ცალკე სააგენტოს ნამდვილად ვერ ჩამოვაყალიბებთ იმის გამო, რომ ჩვენს თანამშრომლებს მონიტორინგი ჩავუტაროთ, რის გამო აკეთებენ ევთანაზიას. ეს ხდება კომპლექსურად, ვეტექიმისა და კინოლოგის შესაბამისი დასკვნის შედეგად. არ ხდება ერთი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღება.  

ყველა კმაყოფილი ვერ გვეყოლება. თუნდაც, ცხოველის დაჭერასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. მაგალითად, მისამართზე გადის მორიგე ჯგუფი, სადაც რამდენიმე ადამიანს უნდა ძაღლი დავიჭიროთ, რამდენიმეს – არა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველა კმაყოფილი ვერ იქნება ჩვენი მუშაობის შედეგით. თუ დაჭერის საფუძველი არსებობს, დავიჭერთ წესის შესაბამისად, თუ არადა, არ დავიჭერთ. ასევეა ევთანაზიაზეც. არავის კაპრიზებსა და მითითებებზე არ დავდივართ, ვმოქმედებთ წესის შესაბამისად", – განაცხადა მან.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, თავშესაფარში, დაახლოებით, 200 ძაღლის მოსათავსებელი ადგილია. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს მშენებლობები და თავშესაფარს საკარანტინო სივრცე, ვოლიერები, მოქალაქეთა მისაღები დაემატება.

"თავშესაფარი არ არის  დახურული სივრცე. აქ შემოდიან და გადიან ძაღლები. ამ ბრუნვაში, რა თქმა უნდა,  ნულზე ვერ დავიყვანთ ვერასოდეს დაავადების რაოდენობას, ეს არც მსოფლიოში ხდება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ თავშესაფარში დაავადება არ არის. თავშესაფარში მეტწილად დაავადებული და აგრესიული ძაღლები შემოდიან, რა თქმა უნდა, არის ჭირისა და ენტერიტის შემთხვევები. ეპიდემიას ამას ვერ დავარქმევდი, თუმცა,  ფიქსირდება შემთხვევები და ეს გარდაუვალია. გამორიცხული არც ისაა, რომ ჩვენი თავშესაფრიდან დაავადებული ძაღლი ქუჩაში მოხვდეს. თავშესაფარში შეყვანისას, ყველა ძაღლს უტარდება ლაბორატორიული კვლევა და შემდეგ თავსდება ვოლიერში. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ძაღლს ინკუბაციის პერიოდი ჰქონდეს თავშესაფარში შეყვანისას და გაშვების მერე გამოაჩნდეს ეს დაავადება, ამას არ გამოვრიცხავ. თუმცა, ასეთი ფაქტები იმაზე ცოტაა, რაც სხვადასხვა ქვეყნის თავშესაფრების მუშაობის პროცესშია მიღებული", – განაცხადა ფხალაძემ.

მისივე განცხადებით, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც სააგენტოს აქვს, დაფინანსება 10–ჯერ მეტიც რომ იყოს, საკმარისი მაინც არ იქნება.

კითხვაზე – სააგენტოს  3 158 300 ლარის დაფინანსებიდან, რატომ დაიხარჯა  მხოლოდ 232 762 ლარი ცხოველთა მოვლა პატრონობაზე, ფხალაძემ აღნიშნა: "სააგენტოს 3 მილიონის ნაცვლად დაფინანსება 33 ან 103 მილიონიც რომ ჰქონდეს, მაინც იგივე დაიხარჯება ხელფასებზე, რადგან ამ თანამშრომლებს სჭირდებათ ანაზღაურება".

"მუნიციპალური თავშესაფარი არის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შვიდი განყოფილებიდან ერთ–ერთი. ბევრს ჰგონია, რომ ცხოველთა თავშესაფარი მთლიანად სააგენტოა. სააგენტოში  არის სხვა განყოფილებებიც: ოპერატიულ–სამორიგეო განყოფილება, რომელშიც 112–ის მეშვეობით შემოდის ზარები და ხდება განაწილება, ასევე, არის ოპერატიული რეაგირების განყოფილება, რომელთა თანამშრომლებიც ადგილზე გადიან და ცხოველთა დაჭერიდან დაწყებული, დაჯარიმებით დამთავრებული ასრულებენ სხვადასხვა დავალებას, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც ყველა მონაცემი, მოქალაქეთა მიმართვიანობის, აცრების, და ა.შ. ინფორმაცია ბაზებში შეჰყავთ და ატარებენ გაკვეთილებს სკოლებში, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით.

სააგენტოს 3 მილიონის ნაცვლად დაფინანსება 33 ან 103 მილიონიც რომ ჰქონდეს, მაინც იგივე დაიხარჯება ხელფასებზე, რადგან ამ თანამშრომლებს სჭირდებათ ანაზღაურება.

რაც შეეხება თავშესაფარს, მხოლოდ წელს ბიუჯეტიდან 534 ათას ლარზე მეტია დახარჯული. ამაში შედის, როგორც პრეპარატები და მედიკამენტები, ასევე ცხოველების კვება, მომსახურე პერსონალის ანაზღაურება და კომუნალური გადასახადებიც. ასე რომ, არ მგონია, რომელიმე სამსახურში ადამიანი ხელფასის გარეშე მუშაობდეს. ის თანხა, რასაც თქვენ მისახელებთ, 232 762 ლარი, არის ძაღლების კვებისა და ვეტერინარული მომსახურების თანხა. მაგრამ თავშესაფარს აქვს თავისი ხარჯები – კომუნალური გადასახადები, მომსახურე პერსონალის ანაზღაურება, აღჭურვილობის ხარჯი და ა.შ. მარტო ძაღლების კვებისა და ვეტერინარული  ფუნქცია  არ გაქვს", – განმარტა მან.


წყარო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?