ოთხფეხა მცველები საქართველოს საბაჟო სამსახურში
ოთხფეხა მცველები საქართველოს საბაჟო სამსახურში
საბაჟო დეპარტამენტის ამ შტატიანი და სტაჟიანი თანამშრომლის მოსყიდვა შეუძლებელია. გერმანული ნაგაზი, მეტსახელით "ლაქსი" კინოლოგ-ოფიცერ სანდრო ხუციშვილთან ერთად საქართველოს საბაჟო საზღვარს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში იცავს.

"ლაქსი" 5 წლის ძალიან ჭკვიანი და დამჯერი ძაღლია. საქართველოს სადარაჯოზე 2014 წლიდანაა. ის საქართველოს საბაჟოს კინოლოგიის ცენტრის ისტორიაში პირველი ძაღლი იყო, რომელმაც კონტრაბანდული ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინა.

"ლაქსი", ბევრი სხვა სამსახურებრივი ძაღლის მსგავსად, საქართველოში აშშ-დან მოხვდა. "კარიერა" დაიწყო საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი". "ლაქსა" ასევე  მუშაობდა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე "სარფი", "სადახლო საავტომობილო", "ვალე" და "ყაზბეგი". 2014
წლიდან დღემდე "ლაქსის" აღმოჩენილი აქვს მარიხუანა, ექსტაზი და მეტამფეტამინი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლის სამსახურის კინოლოგიის სამსახურში
დღეისათვის 28 სამსახურებრივი ძაღლია, აქედან 25 გაწვრთნილია ნარკოტიკული საშუალებების ძებნაზე, ხოლო 3 - თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე. გარდა ამისა, სამსახურის კინოლოგების მიერ 9 ლეკვი იწვრთნება.

კინოლოგიის სამსახურს თავისი ჩემპიონებიც ჰყავს. ყველაზე მეტი აღმოჩენა ნარკოტიკული საშუალებების ძებნაზე გაწვრთნილ სამსახურებრივ ძაღლ "ბორისს" და კინოლოგ-ოფიცერ ომარ ქულიჩიშვილს აქვთ. 

სამსახურებრივი ძაღლების დიდი ნაწილი საქართველოში აშშ-დან მოხვდა. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტში კინოლოგიური სამსახური 2014 წლის ივლისიდან მოქმედებს.  აშშ-ში შესყიდული იქნა ნარკოტიკების ძებნაზე გაწვრთნილი 18 სამსახურებრივი ძაღლი და ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ საქართველოში მოხდა კინოლოგ-ოფიცრების გადამზადება და სამსახურებრივ ძაღლებთან დაწყვილება.

როგორც წესი, ყოველ სამსახურებრივ ძაღლს ჰყავს თავისი მეწყვილე კინოლოგ-ოფიცერი. ძაღლი თავის მეწყვილეს უნდა ეწყობოდეს ხასიათით, ტემპითა და სხვა თვისებებით, რაც უზრუნველყოფს ძაღლსა და კინოლოგ-ოფიცერს შორის კარგ ურთიერთობას. თუ ეს კავშირი არ დამყარდა, მაშინ წყვილიც ვერ შედგება. ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. ძაღლი თავის მეწყვილეში უნდა ხედავდეს პატრონს, ლიდერს.

დაწყვილებისა და შემდგომი სწავლების პროცესს ხელმძღვანელობს კინოლოგ-ინსტრუქტორი. დაწყვილების პროცესი იწყება სამსახურებრივი ძაღლისთვის მეწყვილის შესაფერისი კანდიდატის მოძიებით. კანდიდატი გადის პირველად გასაუბრებას და ერთგვარ შემოწმებას, აქვს თუ არა მას დამწყები კინოლოგ-ოფიცრისთვის საჭირო და აუცილებელი თვისებები. ამ კანდიდატებიდან ყველაზე შესაფერისი იწყებს სამსახურებრივ ძაღლთან ყოველდღიურ ურთიერთობას, ზრუნავს მასზე, ათამაშებს, ასეირნებს. რამდენიმედღიანი ურთიერთობის შემდეგ უკვე ჩანს, ყალიბდება თუ არა კავშირი მათ შორის. მთელი ეს პროცესი დამოკიდებულია კინოლოგ-ინსტრუქტორის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე. თუ შეჩვევისას კონტაქტი ყალიბდება, პროცესი ნელ-ნელა გადადის კინოლოგ-ოფიცრად გადამზადებისა და სწავლების ეტაპზე.

Zooclub

თავდაპირველად საქართველოს საბაჟო სამსახურის ძაღლები მხოლოდ ნარკოტიკების აღმოჩენაზე იყვნენ გაწვრთნილნი, დღეს ძაღლებს კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენაც შეუძლიათ.

თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლები "ვორუსი", "ოქსი" და 2016 წელს მოლდოვას საბაჟო ადმინისტრაციის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის საჩუქრად გადმოცემული სამსახურებრივი ძაღლი "ნიკი" თავის მეწყვილე კინოლოგ-ოფიცრებთან უკვე რამდენიმე თვეა, მსახურობენ საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო საავტომობილო".

2017 წელს საქართველოს საბაჟოს ოთხფეხა "თანამშრომელმა" საქართველოს საბაჟოს ისტორიაში პირველად საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და მეექვსე ადგილი დაიკავა. შეჯიბრება უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში გაიმართა. სამსახურებრივ ძაღლების წინაშე იდგა ნარკოტიკების, იარაღის, საბრძოლო მასალისა და თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენის დავალება. 8 ქვეყნის 29 გუნდი მონაწილეობდა შეჯიბრში. საქართველოდან ასპარეზობდა ერთი გუნდი - კინოლოგ-ოფიცერი ვლადიმერ შალუტაშვილი ნარკოტიკული საშუალებების ძებნაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლით "ტუსა".

სადღეისოდ, კინოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფილია 10 საბაჟო გამშვები პუნქტი და 4 გაფორმების ეკონომიკური ზონა. სამომავლოდ გათვალისწინებულია, რომ აღნიშნული მომსახურებით ყველა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კონტროლის პუნქტი იქნება უზრუნველყოფილი.
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?