რატომ ელიან ცხოველები განაჩენს ორიდან ოთხ თვემდე?
რატომ ელიან ცხოველები განაჩენს ორიდან ოთხ თვემდე?
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სტატისტიკა, წინა წლის შემდეგ მრავალი პუნქტის დამატების მიუხედავად, 2017 წელსაც კვლავ ბუნდოვანი და გაურკვეველი რჩება.
ინფორმაცია, საჯაროა და შეგიძლიათ იხილოთ:

ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შედეგები (2017 წლის 21 მაისი)


მოცემული რიცხვების გაანალიზების შედეგად გამოდის, რომ 2017 წლის იანვარი - აპრილის თვეებში თავშესაფარში შეყვანილია 1674 ძაღლი, სხვადასხვა მიზეზით გაყვანილია - 1384, მოკვდა/დაძინდა - 332. მარტივი არითმეტიკით,
1674 – (1384 + 332) = - 42.
>რაც ნიშნავს, რომ 2017 წლის განმავლობაში გაყვანილი და მკვდარი ძაღლების რაოდენობა
42-ით აღემატება შემოყვანილების რაოდენობას. თუ გამოვრიცხავთ, რომ თავშესაფარში ლეკვები ჩნდება, ერთადერთი, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ
მოცემული 42 ძაღლი 2017 წლის 1 იანვრისთვის უკვე იმყოფებოდა თავშესაფარში.

ამ ვარაუდის შესამოწმებლად, მოდით, თვეების მიხედვით განვიხილოთ:
იანვრის თვეში შემოყვანილია 386 ძაღლი, გაყვანილია - 413, მოკვდა/დაძინდა - 49.
386 – (413 + 49) = - 76.
იგივე ხდება თებერვალშიც: შემოყვანილია 343 ძაღლი, გაყვანილია - 273, მოკვდა/დაძინდა 119, ანუ, ე. ი. კიდევ 49 ძაღლი, რომელიც არც იანვარში და არც თებერვალში შემოსულა. გამოდის, რომ 2016 წლიდან თებერვლამდე 76+49 = 125 ძაღლი იმყოფებოდა თავშესაფარში. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რამდენია თავშესაფრის საერთო ტევადობა, რომ 2 თვის გამავლობაში 125 ძაღლი შეინახოს?
საინტერესოა, რომ სწორედ თებერვლის თვეში ევთანაზიის მაჩვენებელი თავის რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 115-ს შეადგენს.
სამაგიეროდ, მარტსა და აპრილში შემოყვანილი ძაღლების რაოდენობა 31-ით და 52-ით, ჯამში 83-ით, აღემატება გაყვანილი და მკვდარი ძაღლების რაოდენობას. ნეტავ, რას უნდა ველოდეთ მაისში?
რაც შეეხება კატებს, 2017 წლის იანვარი - აპრილის თვეებში თავშესაფარში შეყვანილია 171 კატა, სხვადასხვა მიზეზით გაყვანილია - 36, მოკვდა/დაძინდა - 146. მარტივი არითმეტიკით, 171 – (36 + 146) = - 11. რაც ნიშნავს, რომ 2017 წლის განმავლობაში გაყვანილი და მკვდარი კატების რაოდენობა 11-ით აღემატება შემოყვანილების რაოდენობას.
თვეების მიხედვით კი კატების შემთხვევაში კიდევ უფრო საინტერესო სურათი იქმნება:
იანვარი - 29 – (6 + 11) = 12
თებერვალი - 33 – (6 + 40) = -13
მარტი - 38 – (10 + 18) = 10
აპრილი - 71 – (14 + 77) = -20
იანვარში შემოსული კატებიდან 12 თებერვალშიც სახეზეა; თებერვალში 13 კატით მეტი გაყვანილია/მოკვდა, ვიდრე თებერვალში შემოვიდა, ანუ, 1 კატით მეტი, ვიდრე იანვარში და თებერვალში შემოყვანილები ერთად აღებული. ამასთან, თებერვლის თვეში ევთანაზია ჩაუტარდა 38 კატას, რაც წინა თვესთან შედარებით (4 კატა) თითქმის 10-ჯერ მეტია. მარტში შემოსული კატებიდან 10 აპრილშიც სახეზეა, მაგრამ აპრილში ჩნდება კიდევ 10, რომელიც წინა თვეებში არსად ჩანს. და, ისევ, კატების ევთანაზიის რეკორდული მაჩვენებელი სწორედ აპრილის თვეში ფიქსირდება და 43-ს შეადგენს.
გამოდის, 2016 წლის შემდეგ 10 კატა 4 თვე ჰყავდათ თავშესაფარში და შემდეგ დააძინეს.
ამ რიცხვების ანალიზი ერთადერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფარი 2 ან მეტი თვის განმავლობაში ინახავს (აჭმევს, ასმევს, უვლის) ცხოველებს მხოლოდ იმიტომ, რომ მერე ერთიანად დააძინოს.
ამასთან, ლეტალობის კოეფიციენტი (გაურკვეველი წარმოშობის 42 ძაღლის და 11 კატის გათვალისწინებით) ძაღლებში 19, 34% შეადგენს, ხოლო კატებში მეტად შემაშფოთებელ რიცხვს - 80% - აღწევს (ევთანაზია - 94 კატა (64,38%), სიკვდილი - 52 კატა (35,61%). ამასთან, თავშესაფარში შეყვანილი 171 კატიდან მხოლოდ 47 (27,48%) კნუტია. რაც იმას ნიშნავს, რომ ეჭვის ქვეშ დგება 2016 წლის სტატისტიკასთან დაკავშირებით სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ლერი ქვარაიას განმარტება, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვახდენდით იმ ცხოველების დაუყონებლივ ევთანაზიას, რომლებიც ხვალ ან ზეგ, სავარაუდოდ, დაიღუპებოდნენ, გვინდოდა რაღაცა შანსი მიგვეცა მათთვის. ეს თავშესაფრის შეგნებული ტენდენცია და პრაქტიკა იყო, რომელიც უკვე გადაიხედა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბუნებრივი სიკვდილით დაღუპული ცხოველების დიდ წილს უსუსური და დაუძლურებული ლეკვები და კნუტები შეადგენენ. შესაბამისად, მიმდინარე წლიდან თავშესაფარში სიკვდილიანობის რიცხვი მაღალი არ იქნება...

იხილეთ სტატია: "ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შემოყვანილი ცხოველების მხოლოდ 53% ტოვებს თავშესაფარს"


მოცემული რიცხვებიდან, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენია ლეტალობის კოეფიციენტი გასტერილებულ/კასტრირებულ ცხოველებს შორის. ერთადერთი, რაც ფაქტია, რომ 2017 წლის განმავლობაში გასტერილებული ცხოველების რაოდენობა ამავე წლის განმავლობაში თავშესაფრიდან გაყვანილების რაოდენობას 76-ით აღემატება ძაღლების შემთხვევაში, და 28-ით კატების შემთხვევაში. მაგრამ, აქაც, ეს სხვაობა რეკორდულია თებერვლის თვეში (56 ძაღლი და 18 კატა). რა დაემართათ გასტერილებულ ცხოველებს, რომელზედაც შრომა და ფინანსებია დახარჯული?
შეგახსენებთ, სტატისტიკა ლათინური სიტყვაა და საქმეების მდგომარეობას ნიშნავს. ეს არის მეცნიერება მონაცემების შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და მათზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთების შესახებ. მეტად სამწუხაროა, რომ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სტატისტიკის განყოფილება, დასკვნების ნაცვლად, დღემდე მხოლოდ ვერსიებისა და ვარაუდების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

-


აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთეს:



შორენა ბუხრაშვილი (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე):
სააგენტოს ინფორმაციით, სტატისტიკურ ცხრილში არსებული სხვაობა თავშესაფარში შეყვანილი და გასული ცხოველების რაოდენობაში განპირობებულია იმ ცხოველების რაოდენობით, რომლებიც, ერთის მხრივ, 31 დეკემბრის მდგომარეობით იმყოფებოდნენ თავშესაფარში, მეორეს მხრივ, რჩებიან თავშესაფარში  სტატისტიკური მონაცემების შეკრების მომენტისთვის, ვინაიდან სხვადასხვა, ქვემოთ მოყვანილი მიზეზებით ყოვნდებიან თავშესაფარში სტანდარტულ ვადაზე (3-5 დღე) მეტი პერიოდით. ყველა სხვა გამოთვლები, ასახავენ რეალობას, რომელიც შემდეგია:
- ცხოველების შემოყვანა თავშესაფარში დამოკიდებულია როგორც შეტყობინებების (წერილობით და ტელეფონის მეშვეობით) რაოდენობაზე, ისე ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებზე და, შესაბამისად, ამ ორი ძირითადი საფუძვლით დაჭერილი ცხოველების რაოდენობაზე. ეს ციფრი ყოველდღიურად იცვლება.
- თავშესაფარში ცხოველების დაყოვნება დამოკიდებულია მათი დაჭერა-შემოყვანის
მიზეზებზე და საწყის მდგომარეობაზე. მაგალითად, დაკბენა-დაკაწვრის  შემთხვევაში წესდება ათდღიანი იზოლაცია-დაკვირვების პერიოდი, შემდგომში კვლევა-სტერილიზაცია-რეაბილიტაციის დაახლოებით 5 დღით; დაავადების ნიშნების შემთხვევაში - კვლევა-სტერილიზაცია-რეაბილიტაციის დაახლოებით 5 დღით; აგრესიის ნიშნების შემთხვევაში - დაკვირვება-შესწავლის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს ორ კვირამდე, შემდგომში და აგრესიული ფონის გამორიცხვის პირობებში - სტერილიზაცია-რეაბილიტაციის დაახლოებით 5 დღით; სავარაუდოდ პატრონიანი დაკარგული ცხოველების შემთხვევაში - პატრონის დადგენის 10-დღიანი ღონისძიებების შემდეგ იგივე სტანდარტული პროცედურებით და ა.შ.
თავშესაფარში ცხოველების დაყოვნების ხანგრძლივობა ასევე დამოკიდებულია მათ მდგომარეობაზე - ჯანმრთელ ცხოველებს დაუყოვნებლივ უკეთდებათ სტერილიზაციის ოპერაცია და 2-5 დღეში ბრუნდებიან ბინადრობის არეალში, ტრავმირებული ცხოველების მკურნალობის შესაძლებლობის შემთხვევაში - თავისთავად დროა საჭირო შესაბამის ვეტერინარულ მანიპულაციებზე და ა.შ., ასევე დამოკიდებულია პოსტოოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდზე, რომელიც განსხვავებულია ცხოველების სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი საწყისი მდგომარეობის შემთხვევებში და სხვა. თავშესაფარში ჯიშიანი ცხოველების  დაყოვნების სტანდარტულზე მეტი ხნგრძლივობის ვადას განაპირობებს ასევე გაჩუქება-მიკედლების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ვინაიდან ამ კატეგორიის ცხოველების გაშვება ურბანულ გარემოში არ არის ეკომენდირებული და სხვა;
- ევთანაზიის მაჩვენებელიც დამოკიდებულია კონკრეტული ცხოველის მდგომარეობაზე და სტატისტიკურად საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა ამ შემთხვევაშიც ვერ მოგვცემს ზუსტ შედეგს.
რაც შეეხება სტატისტიკის დანიშნულებას, ამ შემთხვევაში მოცემული ცხრილი სწორედ რომ მიზნად ისახავს მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს, შემდგომში მათზე დაყრდნობით დასკვნების გასაკეთებლად.



პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი:
მე ვიყავი ინიციატორი საკანონმდებლო წინადადების, რომლის ავტორები იყვნენ არასამთავრებო ორგანიზაციები და რომელსაც შეეძლო ამ საკითხის მოგვარება თბილისში და არა მხოლოდ თბილისში. მაგრამ ამ აქტის განხილვა, გარკვეულწილად, შეფერხდა.
ამ მიმართულებით ჩვენ კანონმდებლობაში ძალიან დიდი ჩამორჩენა გვაქვს. დღემდე გადადგმულ ნაბიჯები საკმარისი არ არის, მითუმეტეს რომ, თუ კი რამე ნაბიჯია გადადგმული, მხოლოდ თბილისს ეხება. გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს, რადგან ე. წ. "კომპანიონი" ცხოველების საკითხი მოთხოვს მეტ ყურადღებას. თბილისი გახდა უზარმაზარი მეგაპოლისი, სადაც უამრავი ცხოველია, რასაც სწორი მოვლა-პატრონობა და ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმების დაცვა სჭირდება; ცხოველებთან თანაცხოვრების, მათი პატრონობის, მათი მოვლის ჰუმანური წესები უნდა იყოს დანერგილი. მივისწრაფვით ევროპისკენ და უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაში ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია მოგვარებულია და, ადრე თუ გვიან, საქართველოშიც უნდა გადაიჭრას. შეიძლება, ამაზე საუბარი არაპოპულარულია, რადგან ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა უდგას. მაგრამ ეს საკითხიც აუცილებლად მოსაგვარებელია, რადგან, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ეს არის ფაქტი, რომ ცხოველები არსებობენ ჩვენს გვერდით და ჩვენთან ერთად ცხოვრობენ ქალაქებში.
რაც შეეხება სტატისტიკას, ამაზე სპეციალისტები უფრო ისაუბრებენ. მაგრამ გამოდინარე თბილისის მერიის თავშესაფრის რესურსებიდან, შორსმიმავალ დასკვნების გაკეთება ცოტა არასერიოზული იქნება. მე ვიცი, რომ არის ფინანსების ნაკლებობაც და ვიცი, რომ არსებული თავშესაფრები კრიტიკულად არ ჰყოფნის უმეთვალყურეოდ დატოვებული ცხოველების რაოდენობას. რამდენად ჰუმანურად ექცევიან ცხოველებს უკვე აბსოლუტურად სხვა კვლევის საგანია. იმიტომ ხართ თქვენ და იმიტომ არსებობს სხვა ორგანიზაციები, რომ თქვენ უნდა განახორციელოთ შესაბამისი მონიტორინგი თანხების ხარჯვის კანონიერებასა და სამართლიანობაზე და ცხოველების მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე.



ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ხეხლმძღვანელი, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების (GSPSA) გამგეობის წევრი, თამარ ჩხეიძე:
ვფიქრობ დაახლოებით და საკმაოდ თვითნებურად წერენ ციფრებს, ბალანსზე დიდად არ ფიქრობენ და საერთოდ, რომ ვერ ვაკონტროლებთ ვერავინ იქ რა ხდება ცხოველების თავს მეტ-ნაკლებად ადეკვატურად, ეს არის დიდი პრობლემა. განსაკუთრებით სრული თვითნებობა და სისასტიკეა კატების მიმართ.




ნატალია სლეპაკოვა - სპეციალურად ZooClub.ge-სთვის.




P. S. სანამ ეს სტატია მზადდებოდა, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სტატისტიკა შეივსო მაისის თვის მონაცემებით. შესაბამისად, კითხვაზე, თუ რას უნდა ველოდეთ ძაღლებთან დაკავშირებით მაისში, პასუხი გაცემულია: მაისის თვეში ევთანაზია ჩაუტარდა 143 ძაღლს და ამ მაჩვენებლით თებერვლის თვეში დაფიქსირებულ რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მანამდე გამოთქმულ მოსაზრებას: „რომ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფარი 2 ან მეტი თვის განმავლობაში ინახავს (აჭმევს, ასმევს, უვლის) ცხოველებს მხოლოდ იმიტომ, რომ მერე ერთიანად დააძინოს.”



კარინა
დამპლები, სიტყვა არ მყოფნის რა დამპლები არიან და მატყუარები. ძალიან ბევრისგან გავიგე რომ ცხოველები ამ თავშესაფარში არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?