თბილისში ცხოველთა განმეორებითი/საკონტროლო რეგისტრაცია დაიწყო
თბილისში ცხოველთა განმეორებითი/საკონტროლო რეგისტრაცია დაიწყო
თბილისში ცხოველთა განმეორებითი/საკონტროლო რეგისტრაცია დაიწყო.

განმეორებითი/საკონტროლო რეგისტრაციის შესახებ ჩვენს კითხვებს პასუხობს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ლერი ქვარაია:

- რას გულისხმობს და რა პროცედურებს მოიცავს განმეორებითი რეგისტრაცია?
- განმეორებითი რეგისტრაციის ვალდებულება აკისრია როგორც პატრონს, ასევე მიმკედლებელს. პირველადი რეგისტრაციის მომენტიდან როგორც პატრონიანი, ასევე მიკედლებული ცხოველები, გადიან განმეორებით ანუ საკონტროლო რეგისტრაციას. ეს, პირველ რიგში, ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარების კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს. ამასთანავე, კონტროლდება, არის თუ არა ცხოველი ცოცხალი, რა მდგომარეობაშია და რამდენად სრულდება სხვა ვალდებულებები.
მიკედლებული ცხოველების განმეორებითი რეგისტრაციის პროცედურა მაქსიმალურად გავამარტივეთ. ჩვენი თანამშრომელი
ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ უკავშირდება მიმკედლებელს და აფრთხილებს, რომ მის ცხოველს ანტირაბიული რევაქცინაციის ჩატარება უწვეს.
თუ მიმკედლებელი გვეუბნება, რომ ცხოველი რევაქცინირებულია, მაშინ ვინიშნავთ ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვთხოვთ, რომ ერთი კვირის ვადაში ჩვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე მოგვმართოს განცხადებით საკონტროლო რეგისტრაციის ჩატარების თაობაზე და მოგვაწოდოს ცხოველის სურათი, სადაც საიდენტიფიკაციო ბირკის ნომერი ჩანს. მომავალ წელს მსგავსი პროცედურა არ იქნება - ჩვენ შეხსენება არ გვევალება, ამიტომ თვითონ უნდა დაგვიკავშირდნენ, მოგვაწოდონ ფოტომასალა და, ამასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი რაიმე მასალა - ან ვაქცინის სტიკერი ან ვეტექიმის მიერ გაცემული ცნობა ან ფოტო-ვიდეო მასალა.
თუ ძაღლი არ არის ვაქცინირებული, მაშინ მიმკედლებელთან ვთანხმდებით კონკრეტულ დროსა და ადგილზე, ვცრით ძაღლს და ვარტყამთ ბეჭედს.
რაც შეეხება პატრონიან ცხოველებს, თბილისში 43 ოფიციალური მარეგისტრირებელია, სადაც პატრონს შეუძლია თავისი ცხოველი საკონტროლო რეგისტრაციას მიზნით მიიყვანოს. საკონტროლო რეგისტრაცია ყველგან უფასოა. მარეგისტრირებელთა სია შეგიძლიათ იხილოთ:

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პატრონიანი ძაღლების და კატების რეგისტრაციის ,  ასევე პატრონიანი და მიკედლებული ცხოველების საკონტროლო რეგისტრაციის წარმოების უფლებამოსილ ების მქონე დაწესებულებების სია.


- როდიდან დაიწყო განმეორებითი რეგისტრაციის პროცედურა?

- განმეორებითი რეგისტრაციის პროცედურა თებერვლის დასაწყისში დავიწყეთ.

- რა პერიოდი ეძლევა მოსახლეობას ამ ვალდებულებების შესასრულებლად? ანუ, 12 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მეორე დღესვე ჯარიმდება?
- საუბარია ანტირაბიული ვაქცინის მოქმედების ვადაზე. რადგან ამ ვაქცინის მოქმედება ერთწლიანია, სწორედ ამაზეა აწყობილი საკონტროლო რეგისტრაციის ვადაც. რამდენიმე დღეზე, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი, ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს ანტირაბიული ვაქცინაციის დროულად ჩატარებას?
- ამის შესახებ უნდა შეგვატყობინოს.

- იყო შემთხვევები, როდესაც წინასწარი შეთანხმების დროს რამდენჯერმე არ მოვიდა ადგილზე ბრიგადა. რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში მიმკედლებელმა და დაეკისრება თუ არა მას პასუხისმგებლობა რეგისტრაციის გაუვლელობის გამო?

- მსგავსი შემთხვევები გამორიცხულია, რადგან ამ მიზნებისთვის ცალკე ჯგუფია გამოყოფილი, რომელიც, წინასწარ გაწერილი გრაფიკის თანახმად, შეთანხმებულ დროს მიდის მითითბულ ადგილას. თუ ჩვენი მიზეზით მოხდა მსგავსი რამ, ამას, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ.

- რატომ მიჰყავთ მიკედლებული ძაღლები მიმკედლებლის ინფორმირების გარეშე?
- მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, ეს არასწორად გავრცელებული ინფორმაციაა. ჩვენ ვინმეს ინფორმირების ვალდებულება ცხოველის დაჭერის და გადაყვანის შემთხვევაში არ გაგვაჩნია. მაგრამ ჩვენ, საკუთარი ნებით, ყოველთვის, როცა მიკედლებული ძაღლი თავშესაფარში ხვდება, მიმკედლებლის დადგენის შემდეგ ვურეკავთ მიმკედლებელს და ვატყობინებთ, რომ მისი ძაღლი კონკრეტული მიზეზით გადაყვანილია თავშესაფარში.

- რატომ მიჰყავთ დაბირკული თავისუფლად მობინადრე ძაღლები და რატომ არ აწარმოებენ მათ რევაქცინაციას და ხელახალ რეგისტრაციას ბინადრობის ადგილზე?

- სააგენტოს თავშესაფარში გაზრდილია საოპერაციო (სტერილიზაცია/კასტრაცია) რესურსები და ჩვენ, დაახლოებით ერთი თვეა, აქტიურად გადავედით ქუჩაში ჯანმრთელი ცხოველების დაჭერის ღონისძიებებზე, პირველ რიგში, არაიდენტიფიცირებულებზეა საუბარი. თუმცა, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, ვცდილობთ ყველა ცხოველი დავიჭიროთ, რა თქმა უნდა, გვაქვს წინასწარი მონაცემები და ბირკების ფერებს საორიენტაცოდ ვიყენებთ, დაახლოებით, როდის გაუკეთდა ვაქცინაცია. შემდეგ თავშესაფარში ვარკვევთ, არის თუ არა აცრილი. ჯერ-ერთი, რეაგირების ეკიპაჟებს ვეტ-ექიმები არ ახლავთ და ეკიპაჟი ვერ ჩაატარებს აცრებს მთელი დღის განმავლობაში, გარდა ამისა, ქუჩაში ბევრი ძაღლის ერთდროულად ვაქცინაციის პროცედურა მრავალ უხერხულობასთანაა დაკავშირებული.

- რატომ არ ხდება იმ ტერიტორიის მიმკედლებლების წინასწარი გაფრთხილება, სადაც ძაღლების მასიურად დაჭერას აპირებთ?

- ჩვენ არ ვიცით, რომელი ძაღლი დაგვხვდება ქუჩაში, ამიტომ ამის მოხერხება გამორიცხულია. გარდა ამისა, წინასწარი გაფრთხილების არც რაიმე ვალდებულება გვაქვს.

- რატომ არ აბრუნებენ ძაღლებს მათი ბინადრობის ადგილებში და რატომ ხდება ძაღლების გადასმა?

- მოვლა პატრონობის წესის თანახმად, ცხოველების დაბრუნება ხდება მიკედლების/ბინადრობის პირვანდელ ან სხვა მიზანშეწონილ არეალში. შესაძლოა კონკრეტულ ტერიტორიაზე ძაღლების სიჭარბე იყოს, რითაც ადამიანისთვის საფრთხე იქმნება. ამასთანავე, თბილისში ბევრია ტერიტორიაა, სადაც ძაღლები ნაკლებად არიან და მათი გაშვება ასეთ ტერიტორიაზე უფრო მიზანშეწონილია. ჩვენი ზოგადი მიდგომა კი ასეთია: ნებისმიერი ძაღლი ყოველთვის უფრო მიზანშეწონილია დაბრუნდეს იგივე არეალში, თუ ამის საწინააღმდეგოდ რამე პრობლემა არ არსებობს.

- რა პრევენციული პროცედურები არსებობს ისეთ გასტერილებულ ძაღლებზე, რომელთაც ბირკა მოსძვრათ, რომ არ მოხდეს მათი ხელახლა გაკვეთა?
- თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველი გაივლის ვიზუალურ დათვალიერებას, გარდა ამისა, თითქმის 2 წელია, რაც ექოსკოპიის აპარატი შევიძინეთ.
თუ არ ვცდები, ადრე იყო ასეთი შემთხვევა, მაგრამ, ჩემს პრაქტიკაში მსგავსი პრეტენზიით ან პრობლემით არავის მოუმართავს.

- დაბირკული ძაღლის რაიონში საცხოვრებლად გადაყვანისას ან თუ დაბირკული ძაღლი გაჩუქდა, მოაძრეს ბირკა და გაუკეთეს ჩიპირება/ტატუირება, შესაბამისად, რეგისტრაციაში გაატარეს, როგორც პატრონიანი, რა დამატებითი პროცედურაა საჭირო?
- ნებისმიერი ინფორმაციის შეცლის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სააგენტოს.

- რამდენ ხანშია ვალდებული მიმკედლებელი შეატყობინოს სააგენტოს მიკედლებული ძაღლის თვალთახედვიდან დაკარგვის შესახებ?
- ჩვენ როგორც პატრონიანი, ასევე მიკედლებული, ძაღლების მდგომარეობას ვამოწმებთ ან რაიმე პრობლემის შემთხვევაში ან მხოლოდ ერთ წელიწადში, როდესაც საკონტროლო რეგისტრაციის პერიოდი უწევს.
ხშირია შემთხვევები, როცა მიმკედლებლებმა არ იციან სად არიან ძაღლები. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ, ჯერ-ჯერობით, გაფრთხილებით შემოვიფარგლებით, კონკრეტულ ძაღლებზე მიკედლების სტატუსს ვუხსნით და ვაფრთხილებთ, რომ მომავალში დაჯარიმდებიან, თუ ინფორმაციას დროულად არ მოგვაწვდიან. თუ მიმკდლებელმა არ იცის ძაღლი სად არის და ვერ უზრუნველყოფს მის კვება-დაწყურებას და სანიტარულ მომსახურებას, ის ვალდებულია, ამის შესახებ გვაცნობოს. მას ავტომატურად მოეხსნება სტატუსი და მომავალში ამ ძაღლთან დაკავშირებით საკონტროლო რეგისტრაციის ვალდებულება არ შეექმნება.

- 2017 წლის 25 აპრილს, animalsmonitoring.ge-ის გვერდზე დაიდო შემდეგი განცხადება:
„2017 წლის 25 აპრილს მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ განხორციელდა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება-მოწესრიგების ღონისძიებები, რომელშიც კომპეტენციის ფარგლებში ჩართული იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა მიუსაფარი ძაღლების ჰუმანური წესით დაჭერა და ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანა, სადაც მათ ჩაუტარდებათ წესით დადგენილი პროცედურები.“

ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან მიუსაფარი ძაღლების დაჭერა გაყვანილია დასუფთავება-მოწესრიგების ღონისძიებებში და, აქედან გამომდინარე, სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს, მათ შორის სტერილიზებულს/კასტრირებულს, აღიარებს ისეთ რამედ, რისგანაც ქალაქი უნდა დასუფთავდეს.

- აბსოლუტურად არ გეთანხმებით. მერიის სხვადასხვა სამსახური ახორციელებდა დასუფთავების სამუშაოებს, ჩვენი სააგენტო კი პოპულაციის მართვის აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს, კერძოდ, ვიჭერთ უპატრონო ძაღლების მაქსიმალურ რაოდენობას, რადგან თავშესაფარი დღეში უკვე 20-25 ოპერაციას აკეთებს და, სასიხარულოდ, მინდა გითხრათ, დინამიკაში პრობლემური ზარების ნაკლებობა აღინიშნება, შესაბამისად გამოთავისუფლდა ჩვენი რესურსი. ამ შემთხვევაში მერიის სხვა სამსახურების სამუშაოები და ჩვენი სამსახურის ღონისძიებები დავამთხვიეთ ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

- პრობლემა ისაა, რომ ამას „დასუფთავება“ დაერქვა.
- სათაურს რაც შეეხება, შეიძლებოდა სხვაგვარად დაგვერქვა, მაგრამ შინაარსობრივად ამით არაფერი იცვლება. ჩვენ გავაკეთეთ ის რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ სხვადასხვა ადგილებში.

- რომელი პირის/უწყების ბრძანების თანახმად მიიღო სააგენტომ მონაწილეობა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება-მოწესრიგების ღონისძიებებში?
- ჩვენ სამსახურს ბრძანებებს არავინ აძლევს. ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტი. ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ჩვენი დებულების და ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის, ასევე, პირუტყვის ყოფნის წესის ფარგლებში. უბრალოდ, თუ მერიის რომელიმე ჯგუფი რაიმე სამუშაოებს ატარებს, ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და შეიძლება ჩვენი საქმიანობა მათ პარალელურად ჩავატაროთ.

- დაგეგმილია თუ არა მსგავსი ღონისძიებები სხვა ტერიტორიებზე?
- მსგავსი ღონისძიებები უკვე ორი თვეა აქტიურად ტარდება და გავაგრძელებთ, სანამ ამის რესურსი გვექნება.



ნატალია სლეპაკოვა სპეცილაურად Zooklub.ge-სთვის.
დამატება!
როგორ ხდება დოგ ორგანიზაციის გასტერილებული ძაღლების რეგისტრაცია” მუნიციპალურის მეილზე (info@animalsmonitoring.ge ) აგზავნით განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ამა და ამ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველის მიკედლება გინდთ. თუ გასტერილებულია - მიუთითეთ სად გასტერილდა, ბირკის ნომერი და ვეტერინარის ცნობა, რომ ცხოველი ნამდვილად გასტერილებულია და პირდაპირ დარეგისტრირდება ეს როგორც განცხადება. შეგიძლიათ ასე გააგზავნოთ, ან ადგილზე გამოძახებულ მუნიციპალურის მობილური ჯგუფის თანდასწრებით დაწეროთ და გამოატანოთ. მოწმობას მოგიტანენ მისამართზე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?