დეკორატიული ფრინველების მინი ფერმა გორში
დეკორატიული ფრინველების მინი ფერმა გორში
"მანდარინები მსოფლიოში ყველაზე ლამაზ იხვებად არიან აღიარებულნი და წითელ წიგნშიც შეტანილია". ვასკა გოგიშვილს გორში დეკორატიული ფრინველების მინიფერმა აქვს. ფერმაში ჭარბობენ აბრეშუმის "ფისუნია" ქათმები. ჩინური წარმომავლობის ეს ჯიში ერთადერთია მსოფლიოში, რომლის წარმომადგენლებიც ადამიანებს არ უფრთხიან და კნუტებივით ინაბებიან პატრონების ხელში. მედიდური ფორმებითა და ფერებით შემკობილი ფენიქსები, მანდარინის იხვები, ოქროს ხოხბები და აბრეშუმის მამლები სოფლის მაშენებლებად თუ არა, აგარაკების დამამშვენებლებად ნამდვილად გამოდგებიან.

- წლის განმავლობაში სხვადასხვა დეკორატიული ფრინველი მყავს. ბოლო დროს ექვსი ჯიშის ფრინველი მყავდა და ნახევარი გავყიდე. ამ ეტაპზე სამი ქათმის
ჯიშიღა დამრჩა - აბრეშუმის, ჰოლანდიური და სებრაიტის. ქათმები სამ ჯგუფად იყოფიან - მეხორცულ, მეკვერცხულ და
დეკორატიულ ფრინველებად. სიმართლე გითხრათ, დეკორატიული ჯიშების მოშენება ადგილის სიმცირის გამო დავიწყე.

საქმიანობას ხუთი წლის წინ შევუდექი. პირველად ხოხბებით დავიწყე, შემდეგ მეგობარმა აბრეშუმის ქათმის 10 კვერცხი მაჩუქა. მაშინ სულ რამდენიმე ადამიანს გვყავდა ეს ჯიში საქართველოში, საზღვარგარეთიდან აბრეშუმის კვერცხების შემოტანაც ყოველთვის ძნელი იყო. მე რუსეთიდან შემომაქვს. შემდეგ, ბუნებრივი მეთოდით, კრუხს ვაჩეკინებ და ვზრდი.

შემომყავს ისეთი ფერისა და ჯიშის ფრინველები, რომლებიც ჩვენთან იშვიათია. კვერცხს აწერია კოდი და სასუ­რველ ფერს ყიდუ­ლობ - ორაგულისნაირი (ე.წ. ლოსოსევის), შერეულ-ლაქებიანი, ოქროსფერი და ყელტიტველა აბრეშუმის ქათმები მხოლოდ მე მყავს.

- რა გიჯდება მათი მოვლა-პატრონობა და რამდენად ძნელი მოსავლელი არიან?
- ძირითადად, სიმინდისა და ხორბლის ღერღილით ვკვებავ. საჭმელში პერიოდულად ვიტამინებს ვურევ. მით უმეტეს, თუ ფრინველი ვოლიერშია და გარეთ იშვიათად გამოდის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად ვიტამინები აუცილებელია. რაც შეეხება შენახვის ხარჯს, გააჩნია სახეობასა და ასაკს. თუ ფრინველები ყოველდღიურად ნედლ ბალახსა და ჭიაღუას ჭამენ, მათი შენახვა გაცილებით იაფია. მე, მაგალითად, ექვსი ჯიშის 30-მდე ფრინველი თვეში 80 ლარი მიჯდებოდა. აცრებისთვის ვეტექიმი მომყავს, გაყიდვით კი, ძირითადად, ინტერნეტით ვყიდი.

საქართველოში აბრეშუმის ქათმებს მხოლოდ ეზოების გასალამაზებლად ყიდულობენ, მათ ხორცს, როგორც ვიცი, მხოლოდ ჩინეთში იყენებენ სამკურნალოდ - ტუბერკულოზს, შაკიკსა და სხვა მრავალ დაავადებას კურნავსო.

დღეს უკვე ბევრს ჰყავს გასაყიდად აბრეშუმის ქათმები, მაგრამ ხარისხი განსხვავებულია თვით ჩინურ ჯიშებს შორისაც კი. მე 100 უხარისხოს ყოლას მირჩევნია სამი მყავდეს და - ნორმალური. ზოგ­ჯერ აბრეშუმის ქათმის კვერცხებს 1-2 ლარადაც იშოვით, თუმცა, ხარისხიანისას

5 ლარზე ნაკლებად ვერ იყიდით. ქათმების ფასიც 20-დან 50 ლარამდეა. ძვირი ღირს ექსკლუზიური ფერები. თითოეული ბუმბულის ფერსაც კი მნიშვნელობა აქვს.

ამ ფრინველებს ძალიან სუსტი აქვთ იმუნიტეტი. დეკორატიული ქათამი რაც უფრო უნაკლოა, მით მეტი მოვლა სჭირდება. მისი გაზრდაც ძნელია და ზრდასრულის მოვლაც. აბრეშუმის ქათმები, ასე ვთქვათ, ანტიბიოტიკებსა და ვიტამინებზე "სხედან" და მათი რეგულარული მიღება სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში იღუპებიან.

- კვერცხის შემოტანა ჭირს?

- საქართველოში ქათმის გრიპთან დაკავშირებით კვლავაც კარანტინია გამოცხადებული, დღემდე არ მოხსნილა და პრობლემებიც ამის გამოა.

- რას ურჩევ დეკორატიული ქათმების მოშენების მსურველებს?
- თუ ვინმე გადაწყვეტს ამ ფრინველების მოშენებას მცირე ტერიტორიაზე, ქალაქური ტიპის საცხოვრებელში, თავდაპირველად, სუფთა, შეძლებისდაგვარად ფართო და ნათელი ვოლიერები უნდა გააკეთოს. დაბლა მუდმივად სიმშრალე უნდა იყოს, რათა ფრინველები არ გაცივდნენ. აუცილებლად მოიძიონ ინტერნეტით მასალები მათი მოვლის შესახებ და რაც მთავარია, ხარისხს ყურადღება მიაქციონ.

- კიდევ რა ფრინველები გყავს?
- აბრეშუმის ჯიშების გარდა, მყავს სებრაიტის ჯიში, ჰოლანდიურის შავი და ნაცრისფერი, ოქროს ხოხბები. ხოხბების კვერცხი ბაზარზე 20-25 ლარი ღირს. ახლო მომავალში ვაპირებ ე.წ. დალმატინელების - კოპლებიანი აბრეშუმების შემოყვანას.

რაც შეეხება მანდარინებს, ისინი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ იხვებად არიან აღიარებული და წითელ წიგნშიც შეტანილია. დედამიწაზე მათი 20 ათასამდე წყვილი არსებობს. ცხოვრობენ წყვილებად, წელიწადში დებენ 12-მდე კვერცხს, არიან მონოგამიურები, გედების მსგავსად, პარტნიორს ერთხელ და სამუდამოდ ირჩევენ. თუ არ ვცდები, საქართველოში სულ სამი წყვილია. ერთი ვარკეთილში ჰყავს ჩემს მეგობარს, მეორე - ქარელის რაიონში, ძამის ხეობაში ჰყავს მეუფეს და მესამე წყვილი ჩემთან ბინადრობს.

წყვილი მანდარინი 1000 დოლარი ღირს, ზრდასრული ოქროს ხოხობი - 100 დოლარი, ჰოლანდიურ, სებრაიტისა და აბრეშუმის ქათამს ერთი ფასი აქვთ - 25-50 ლარი, როგორც გითხარით. უცხო ფერები კი ორმაგი ღირს.

რაც შეეხება ნაშიერებს, იხვის ჭუჭულების გამოყვანა არ მიცდია, ძალიან ძნელია, ამიტომაც ადევს დიდი ფასი. ოქროს ხოხბის ლაპი 50-70 ლარი ღირს, ქათმის 10-დღიანი წიწილები კი 10 ლარად იყიდება.

- დილაობით თუ გაღვიძებენ ჩვეულებრივი მამლების მსგავსად და ჩხუბობენ თუ არა?

- ქცევით ჩვეულებრივი ქათმებისგან დიდად არ განსხვავდებიან. განთიადის შემობრძანებასაც ყივილით გვატყობინებენ, ოღონდ დელიკატური მოპყრობა და მოვლა-პატრონობა სჭირდებათ, დადებით ენერგიას გასცემენ და ჩვენგანაც იმავეს მოელიან.

ავტორი კახა მჭედლიშვილი

წყარო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?