საქართველოში ბაჭიებს არც ერთი სტრუქტურა არ პატრონობს, ანუ - როცა „არც მიწისა ხარ არც ცისა“
საქართველოში ბაჭიებს არც ერთი სტრუქტურა არ პატრონობს, ანუ - როცა „არც მიწისა ხარ არც ცისა“
ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა განცხადება, რომელიც მსურველებს ნაირ-ნაირ ფერად შეღებილი ბაჭიების შეძენას სთავაზობს. დიახ, საუბარი ცოცხალ ბაჭიებზეა! უბრალოდ, მათ მფლობელს არაორდინალური ბიზნეს იდეა გაუჩნდა და ცოცხალი ბაჭიები ცისარტყელის ფერებში გადაღება.

„სასაჩუქრე ბაჭიები არიან შეღებილები და არ არიან დეკორატიულები” - გვამცნობს საქონლის საკმაოდ მოკლე აღწერა.

პირველ რიგში, დავუკავშირდით აღნიშნული განცხადების ავტორს, რომელმაც მოგვახსენა, რომ ბაჭიებს ხნით ღებავენ, დანარჩენ ფერებზე კი, რომელთა ხნის მეშვეობით მიღწევა შეუძლებელია, ასეთი კომენტარი გააკეთა: „ადრე რაღაც „კრასკა“ ჰქონდათ ჩამოტანილი, ბუნებრივი არისო და მაგით ჰქონდათ შეღებილი... ცხოველებისთვის სპეციალური არის
თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ბუნებრივია“
. მეტი ინფორმაციის მოწოდებაზე განმცხადებელმა უარი გვითხრა.

რა თქმა უნდა,
ყველა, მეტ-ნაკლებად შეგნებულ, მოქალაქეს უჩნდება კითხვა: რამდენად უსაფრთხოა ეს ცხოველისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი, სულ მცირე, იმის გაგება გვჭირდება, რა საღებავია გამოყენებული.

ამიტომ, ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია სხვადასხვა უწყებას მივაწოდეთ, ვითარებაში გარკვევა და, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირება ვთხოვეთ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მათ კომპეტენციაში არ შედის. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ კი განცხადება მიიღო, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ეს შემთხვევა არც მას ეხება, რადგან მხოლოდ გარეულ ცხოველებზე ზრუნვა ევალება. გარემოს დაცვამ კვლავ ცხოველთა მონიტორინგში გადაგვამისამართა, ცხოველთა მონიტორინგის ცხელმა ხაზმა საჭირო ორგანოს მოსაძიებლად 11108 ან 11109 საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირება გვირჩია...

მაგიური წრის გასარღვევად უშუალოდ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს - ლერი ქვარაიას მივმართეთ. მისი პასუხი, რომ აღნიშნულ ფაქტს უდგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლი - ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რომლის ქვემდებარეობას ადგენს იმავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად განეკუთვნება გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციას“, მეტად დეტალური და ამომწურავი მოგვეჩვენა ჩვენ, მაგრამ არა - გარემოს დაცვის სამინისტროს... „ეს პროცედურული მუხლი ვრცელდება, როცა არის გარეული ცხოველი... ანუ, შინაური ცხოველზე და ფრინველზე ჩვენ, სამწუხაროდ, საშუალება არა გვაქვს, რომ რაიმე ღონისძიება გავატაროთ,“ - სხვადასხვა ხმით გვიმეორებდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე.

საწყალ ბაჭიებზე პასუხისმგებელი ორგანოს პოვნის ყველანაირი იმედი გადაგვეწურა, ყოველ შემთხვევაში ისეთის, ვინც ამ პასუხისმგებლობას ნებაყოფლობით აღიარებს. ბოლოს, 112-ზე დავრეკეთ და, ყველა პროცედურის დაცვით, სისხლის სამართლის 259-ე მუხლით - ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა - საქმის აღძვრაზე შევიტანეთ განცხადება. პოლიციის თანამშრომლები საქმის დეტალების გაგებისას გაოცებას ვერ მალავდნენ, ცოტა გამხიარულდნენ კიდევაც, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, გულდასმით გამოძიებას შეგვპირდნენ.

შედეგს კი მომავალი გვაჩვენებს.


ნატალია სლეპაკოვა - სპეციალურად ZooClub.ge-სთვის



Zooclub

"სასაჩუქრე ბაჭიები
იყიდება სასაჩუქრედ ბაჭიები ...."


Zooclubსასაჩუქრე ბაჭიები
სასაჩუქრე ბაჭიები არიან შეღებილები და ...
მაგდა
დაგცინებდნენ პოლიციაში, გიჟები არიანო. თჲ გაიგეს რომ ჟურნალისტი ხართ მაშინ კიდე შეიძლება თავი შეეკავებინათ. უბრალო ”მოკვდავებს” ალბათ გამოაგდებდნენ იქიდან დროს რატომ გვაკარგინებთო.საწყალი კურდღლები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?