აქცია მთავრობის კანცელარიასთან - ცხოველთა მოყვარულები შსს-ს მოქმედებისკენ მოუწოდებენ (+ფოტო)
აქცია მთავრობის კანცელარიასთან - ცხოველთა მოყვარულები შსს-ს მოქმედებისკენ მოუწოდებენ (+ფოტო)
ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ძაღლების ჩხუბია ასახული, მოსახლეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გუშინ, 17 იანვარს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ცხოველთა მოყვარულები შეიკრიბნენ.

ისინი დამნაშავეების დასჯასა და კანონის გამკაცრებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილე:
„ჩემი აზრით, ეს არის სადიზმი და მეტი არაფერი. უფრო მეტიც, ადამიანები, რომელთაც სიამოვნებას ანიჭებს ამის ყურება საზოგადოებისთვის საშიშნი არიან. და, მეორე, რისთვისაც შევიკრიბეთ - უნდა მოხდეს იმ მუხლის გამკაცრება. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, ჩემი აზრით, საზოგადოებრივი აქტიურობით და ჩარევით უნდა გაკონტროლდ
ეს, თუ რამდენად ყურადღებას მიაქცევს მომხდარს შსს. იმედია, ეს სიგნალი იქნება მათთვის, ვინც მომავალში დააპირებს მსგავსი რაღაცით გაერთოს. ის ადამიანები არ წარმოადგენენ მთელ
სვანეთს. ძაღლების და, ზოგადად, ცხოველების წვალება უნდა შეწყდეს. ძირითადი პრობლემა ამ მხრივ საქართველოში, ალბათ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაშია. შეიძლება, ადამიანები, ვინც ძაღლებს აჩხუბებდნენ, არ არიან სადისტები. ისინი რომ აცნობიერებნენ, რომ ეს სისასტიკეა და დანაშაული, ამას არ ჩაიდენენ. ასეთი ფაქტები ხშირია და არამარტო სვანეთში, უბრალოდ, ერთი გავრცელდა. ეს თბილისშიც ხდება - თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ლისზე ამ, ე. წ., გართობის მოყვარულები ძალიან ხშირად იკრიბებიან. და ეს უნდა შეწყდეს.“

აქციაზე თავის პოზიცია ამერიკელმა ვილიამ კინგმაც დააფიქსირა:
„ მე უკვე 5 წელია საქართველოში ვცხოვრობ. დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ გავრცელებულ ვიდეოზე ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ვწუხვარ, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ მოსულნი. ზოგადად, საშინელებად მიმაჩნია ცხოველებისადმი სისასტიკე და ვთვლი, რომ ყველა ის ხალხი ციხეში უნდა მოხვდეს.“

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თავმჯდომარემ, თეიმურაზ წიქორიძემ:
„ამ ფაქტმა გამოიწვია ხალხის ვნებათა ღელვა და აბსოლუტურად სამართლიანად. პირველ რიგში, ეს არის დანაშაული, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, და არა მხოლოდ ამ მუხლით. ადამიანთა მთელი ის ხროვა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არის დასაკავებელი: ისინი თანამონაწილეები იყვნენ და თუ თანამონაწილეები არ იყვნენ, არსებობს კანონი სისხლის სამართლის კოდექსში, „დანაშაულის შეუტყობინებლობა“, რომელიც ორწლიან პატიმრობას გულისხმობს. პირი, რომელიც უყურებს დანაშაულს და არ შეატყობინებს სამართალდამცავ ორგანოებს, არის დამნაშავე და ისჯება.
როგორც კი ვნახე ვიდეო, მე, როგორც პიროვნებამ, როგორც მოქალაქემ და, მითუმეტეს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, შსს-ს გადავუგზავნე შეტყობინება და ლინკი სასწრაფო რეაგირებისთვის. ეს რომ არ გამეკეთებინა, მე ვიქნებოდი დამნაშავე. ამის ვალდებულება აქვს ყველა მოქალაქეს.
გარდა დანაშაულისა, ეს, რა თქმა უნდა, სისასტიკეა და, როგორც ვფიქრობ, ამ პირებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, რადგან უხარიათ და დადებით ემოციებს განიცდიან, როცა ცოცხალ არსებას ამხელა ტკივილს აყენებენ თავიანთი ქმედებებით. ის ძაღლები, ცალკე რომ შეხვედრილიყვნენ ქუჩაში, მე, პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ არ დაეტაკებოდნენ ერთმანეთს.
ეს ძაღლი, კავკასიური ნაგაზი, ოდითგანვე ადამიანის მეგობარი იყო და ემსახურებოდა მას. ის იცავდა ფარებს გარეული ცხოველებისგან და ძალიან ბევრ სხვა მოვალეობასაც ასრულებდა. სამწუხაროდ, ეს ძაღლები, ამ ფსიქოლოგიურად აშლილმა ხალხმა, გლადიატორებად აღზარდა. ისინი ფარაში ვეღარ გამოდგებიან. მათ აღარ აქვთ დამცავი ინსტინქტები. პრაქტიკულად, ესენი არიან მოუწესრიგებელი ცხოველები, რომლებიც არიან ან დაბმული ან სადმე დამწყვდეული და მათი მთავარი ფუნქციაა, იჩხუბონ.
ძაღლების ჩხუბის სელექციით გამართლება აბსოლუტურად მცდარი და შეუგნებელი პოზიციაა და მიზნად ფულის მოხვეჭას ისახავს. ჯერ ერთი, ნებისმიერი ძაღლის სელექცია შვიდ თაობას მოიცავს და შეიძლება ძაღლი იყოს ფიზიკურად ძალიან კარგი აღნაგობის და ძლიერი, მაგრამ ლეკვი სულ სხვა ხაზის იყოს, ამიტომ ასე ლაპარაკი არაფრით არ შეიძლება. მეორეც, კავკასიური ნაგაზი არის ბუნებრივი ძაღლი. ეს არ არის ხელოვნურად გამოყვანილი ჯიში. ეს უნიკალური თვისებების მატარებელი სახეობაა, უკეთილშობილესი, უჭკვიანესი ძაღლია, მსოფლიოში გამორჩეული თავისი ბუნებრივი კოდებით. ასეთი კარგი გენეტიკური ფსიქიკის და კოდების ძაღლი, შეიძლება, მეორე არ არსებობდეს. კავკასიური ნაგაზი იზრდება ოჯახში. ფარაში კავკასიური ნაგაზები ახლა შეიძლება ვეღარც ვნახოთ, რადგან, პრაქტიკულად, აღარ ჰყავთ. რამდენიმე კავკასიური ნაგაზი, 5, 10, 12 ერთად იზრდებოდა, დედ-მამა ასწავლიდა ჩხუბს და არავითარი ხელოვნური ჩარევა არ იყო საჭირო. უფრო მეტსაც გეტყვით, კავკასიური ნაგაზები ფარაში თვითონ იყოფიან: მზვერავები, რომლებიც ფარას, დაახლოებით, 2-3 კმ-ის მოშორებით მისდევენ, მეორე ჯგუფი ფარის გარშემო ტრიალებს და მესამე - ფარის შიგნითაა. ეს მათ ბუნებრივი კოდების წყალობით აქვთ.
ახლა, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ხალხმა ეს ძაღლები წაიყვანა, სადღაც დააბა და ხელოვნურად აჩხუბებს. ამ ძაღლების ფსიქიკა უკვე დაზიანებულია. ამ დაზიანებულმა ფსიქიკის ხალხმა დააზიანა უკეთილშობილესი ძაღლის ფსიქიკა. შეიძლება, ჩხუბის შედეგად ძაღლი არ მოკვდეს და ფიზიკურმა ტრავმამ გაუაროს, მაგრამ ფსიქიკური ტრავმა არ გაუვლის.
ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ კავკასიური ნაგაზები ერთმანეთთან იბრძვიან და ადამიანის ჩარევა არ სჭირდებათ გასაშველებლად: წაგებული ძაღლი კბილებს აწაკწაკებს და მეორე მას ეშვება. ესეც გასაოცარი ბუნებრივი კოდია. ხელოვნური ჩარევისას ასე უკვე აღარ ხდება.“

როგორც შსს-დან გვაცნობეს, ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ შედეგებს.

- - -
სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 259
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა.

1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.
აგრეთვე ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი
ა) ჯგუფურად.
ბ) არაერთგზის.
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით.
– ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

აქვე,

სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 375

დანაშაულის დაფარვა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად დაფარა ახლო ნათესავის დანაშაული, და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) პასუხისმგებელი პირი.




ნატალი სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა


ასევე იხილეთ ვიდეო: ”მესტიაში მეტისებს შორის ჩხუბის გამართვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს” (+ვიდეო)
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?