"13 წლის ძაღლია ჩვენს თავშესაფარში. ბავშვებმა ქვებით ჩაქოლეს ლეკვები და გადავარჩინეთ..."- GSPSA, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია, რომელსაც არაერთი ძაღლი გადაურჩენია
"13 წლის ძაღლია ჩვენს თავშესაფარში. ბავშვებმა ქვებით ჩაქოლეს ლეკვები და გადავარჩინეთ..."- GSPSA, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია, რომელსაც არაერთი ძაღლი გადაურჩენია
ალბათ ბევრმა ჩვენმა მკითხველმა არ იცის, რომ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" (GSPSA) დაარსებიდან უკვე ათი წელი შეუსრულდა. 

როგორც zooclub.ge-ს ორგანიზაციიდან აცნობეს, საზოგადოების ფრანგმა მეგობრებმა, საფრანგეთის საელჩოსთან შეთანხმებით, გადაწყვიტეს, რომ საფრანგეთის ეროვნული დღე და ორგანიზაციის ათი წლისთავი სასიამოვნო საღამოთი აღნიშნონ. შედეგად, 13 ივლისს, 19:00 საათზე Lisi Rest-ში ფრანგული საღამო გაიმართება.

საღამოდან მიღებული შემოსავალი მიუსაფარ და ორგანიზაციის თავშესაფრის ბინადარ ცხოველებს მოხმარდება.


"მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი 2003 წელს შეიქმნა. ამის აუცილებლობა განაპირობა თბილისში
უპატრონო ცხოველების უმძიმესმა მდგომარეობამ. ამ პერიოდში უპატრონო ქუჩის ცხოველების საკითხს წყვეტდა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, შემდგომ კი კეთილმოწყობის სამსახური. არ არსებობდა
არც თავშესაფარი და არც რაიმე ჰუმანური პროგრამა უპატრონო ცხოველების პოპულაციის სამართავად. ამ სამსახურების და კონტრაქტორების უშუალო მონაწილეობით ხდებოდა ცხოველთა განადგურება სასტიკი მეთოდებით, რაც იმის გარდა, რომ სისასტიკე იყო, ამავდროულად ვერანაირად ვერ არეგულირებდა უპატრონო ცხოველების პოპულაციას. არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, 2006 წელს გადაწყდა არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსება. ააიპ "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" – GSPSA. ცხოველთა თავშესაფარი გახდა GSPSA-ს სტრუქტურული ერთეული," - მოგვითხრობს ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.

Zooclub

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ წიქორიძემ zooclub.ge-ს განუცხადა, თავშესაფრის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ტრავმირებული და პრობლემური ცხოველების მიღება და პატრონობაა. მისი თქმით, თავშესაფარში მხოლოდ მძიმე შემთხვევების შედეგად დაზარალებულ ცხოველებს იღებენ. ასეთი შემთხვევებია, მაგალითად, როდესაც ძაღლს თოფს ესვრიან ან მანქანა დაეჯახება. ,,თავშესაფარი სპონტანურად შეიქმნა, - გვიამბობს თეიმურაზ წიქორიძე, - 2003 წელს პირველად მივიყვანე სახლში დიდი რაოდენობით ძაღლები და 2006 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია დავაფუძნე."

Zooclub

თეიმურაზ წიქორიძის თქმით, თავშესაფარი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი სტრუქტურაა, რომელსაც მხოლოდ დროებითი კი არა, მუდმივი ბინადრებიც კი ჰყავს:
ერთი 13 წლის ძაღლია ჩვენს თავშესაფარში. ჩვენთან ჯერ კიდევ ლეკვობაში მოხვდა: ბავშვებმა ქვებით ჩაქოლეს ლეკვები და გადავარჩინეთ. მთელი ამ ხნის მანძილზე მისით არავინ დაინტერესებულა. ათი წლის და ცხრა წლის ძაღლებიც გვყავს ლეკვობის პერიოდიდან. 

მისი თქმით, თავშესაფრებს შორის შედარება არ უნდა გაკეთდეს, რადგან ყველა თავშესაფარს თავისი პროგრამა აქვს და თავისი მისია აკისრია. ჩვენთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ თავშესაფარს სტერილიზაციის პროგრამა წელიწადნახევრის განმავლობაში ჰქონდა, მაგრამ შეწყვიტა, რადგან სტერილიზაცია უნდა გააკეთოს იმ ორგანიზაციამ, რომელსაც შესაბამისი პირობები გააჩნია: ,,სტერილიზაციისთვის საჭიროა საკმაოდ ძლიერი ვეტერინარული ცენტრი და პოსტოპერაციული სათავსოები, რადგან ის სერიოზული ოპერაციაა," - აცხადებს ბატონი თეიმურაზი, თუმცა, იმასაც ამბობს, თავშესაფარში მოხვედრილი ნებისმიერი ცხოველი შესაბამის ასაკში ექვემდებარება სტერილიზაცია/კასტრაციას, მაგრამ თავშესაფარს ბევრი ძაღლის დაჭერა და მათი გასტერილება არ შეუძლია, ვინაიდან ეს მატერიალურ სახსრებთან, ტექნიკურ მხარესა და კიდევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთანაა დაკავშირებული.

Zooclub

მისი თქმით, ამერიკულ ორგანიზაცია PETA -საც მსგავსი პრაქტიკა აქვს: სტერილიზაციას არ აკეთებს. თუმცა,ზოგი ორგანიზაცია უპირველეს მიზნად ცხოველების გასტერილებას ისახავს.
რაც შეეხება კომპლექსურ აცრებს, თეიმურაზ წიქორიძის თქმით, ასეთი აცრები არც ერთ თავშესაფარში არ კეთდება, რადგან ცხოველები მას ძნელად იტანენ. ცოფზე კი ყველას ცრიან: "როგორც წყლის დალევა, ისეთი აუცილებელია ცოფზე აცრაც," - ამბობს ის ჩვენთან საუბარში.

Zooclub

ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, თავშესაფრებიდან ცხოველების გაჩუქების აქციებს ორგანიზაცია 2013 წლიდან მართავს, თუმცა, 2015 წელს ეს ვერ მოხერხდა თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო. მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 270-ზე მეტი ძაღლი გაჩუქდა. გაჩუქების აქციები კვირაობით, გაზაფხულიდან შემოდგომამდე პერიოდში იმართება.

თეიმურაზ წიქორიძის თქმით, თავშესაფრის ძაღლები მუნიციპალურ თავშესაფარში სტერილდებიან და ყველანაირი ლაბორატორიული შემოწმებაც იქ უტარდებათ. საჭიროების შემთხვევაში, ძაღლების ევთანაზიაც იქვე ხორციელდება.

რაც შეეხება უცხოეთში გაჩუქებას, ოცზე მეტ ძაღლს გამოუჩნდა უცხოეთში პატრონი, თუმცა, თეიმურაზ წიქორიძის თქმით, ეს ამჯერად აღარ ხორციელდება, რადგან ძაღლის უცხოეთში გასამგზავრებლად მომზადება ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული: ძაღლის აყვანის მსურველნი ითხოვენ კომპლექსურ აცრებს, რითაც, მისი თქმით, ცხოველის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება ხოლმე. ,,გარდა ამისა, ცხოველის გაყვანა ევროპასა თუ ამერიკაში, მინიმუმ, 500 ევრო ჯდება თავისი კომპლექსური აცრებით, სისხლის გაგზავნით ევროპაში, ტრანსპორტირებით, კონტეინერით და ა.შ.," - გვიამბობს თეიმურაზ წიქორიძე, - ამიტომ ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. ბოლო პერიოდში რამდენიმე ძაღლის გაგზავნა გაგვიჭირდა იქიდან გამომდინარე, რომ კეთდებოდა ცოფის აცრები, გერმანიის ლაბორატორიიდან კი უარყოფითი პასუხები მოდიოდა. ბოლო ძაღლი დაახლოებით წელიწადნახევარი ვამზადეთ გასამგზავრებლად, როცა წელიწადნახევარში შეიძლება, აქაც გაჩუქდეს,"- აცხადებს ის.

მისი თქმით, უცხოეთში არსებობს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, მოხალისეებს თავშესაფარში შესული ძაღლები სახლებში მიჰყავთ, საიდანაც მათ გაჩუქებას ახორციელებენ. "ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რაც უცხოეთშია განვითარებული. ჩვენც გვინდოდა მსგავსი სტრუქტურა ჩამოგვეყალიბებინა, რადგან როდესაც ცხოველს აჩუქებ, მისი სოციალიზაციაა საჭირო და უფრო ადვილადაც ჩუქდება, მაგრამ ეს საქართველოა და სახლში ცხოველს არავინ არ წაიყვანს..." -აცხადებს თეიმურაზ წიქორიძე.

მისი თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ორგანიზაციამ საკუთარი ხარჯებით მოაწყო ოჯახური თავშესაფარი, მაგრამ მან ხუთი თვეც კი ვერ გასტანა. როგორც თეიმურაზ წიქორიძე აცხადებს, ამ საქმისთვის და ზოგადად, თავშესაფრის კარგად ფუნქციონირებისთვის მოხალისეებია საჭირო, რის სურვილსაც ქართველები ნაკლებად იჩენენ. ,,უფრო მეტიც, ბევრს მოხალისეობა მხოლოდ ძაღლის მოფერება ჰგონია," - აცხადებს ის.

Zooclub

"ორგანიზაციას დაარსებიდან ათი წელი შეუსრულდა. საფრანგეთის საელჩომ და ფრანგებმა გამოთქვეს სურვილი, რომ დრო დაუთმონ საქველმოქმედო ღონისძიებას და ეს თარიღიც აღვნიშნოთ. საერთოდ, ცხოველთა დაცვის ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს,"- აცხადებს თეიმურაზ წიქორიძე. მისი თქმით, ორგანიზაცია ცხოველთა შესახებ კანონმდებლობის დახვეწისა და საქველმოქმედო ფონდის შექმნისათვის იბრძვის.

თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
ია
მიხარია რომ ასე ეხმარებიან ცხოველებს. კიდევ ერთი ნორმალური თავშესაფარი.ამდენი თუ იყო თბილისში არ ვიცოდი.გაიხხარეთ.წარმატებები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?