როგორც zooclub.ge-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნინო მამუკაშვილმა განუცხადა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოში გავრცელებული ტარანტულის სახეობა ადამიანებისა და ცხოველებისთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტარანტული ტანად საკმაოდ დიდი (20-30 მმ სიგრძის), ფეხსახსრიანი ცხოველია. ბინადრობს უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებსა და ტყე-ველებში, სოროს იკეთებენ 60 სმ-მდე სიღრმეზე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული Lycosidae-თა რამდენიმე სახეობა. ამათგან Lycosa singoriensis-ს საშიში შესახედაობის გამო, „ობობა-მგელს“
Lycosa singoriensis - იგივე რუსული ტარანტული, გვხვდება შუა აზიაში, რუსეთის სამხრეთით და უკრაინაში. რუსული ტარანტული ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე ცენტრალურ ევროპასა და ჩინეთში. მისი არეალის უკიდურესი დასავლეთი წერტილია სახელმწიფო ავსტრია. ბინადრობს უდაბნოში, სტეპებსა და ტყე-სტეპის ზონებში. სხეულის სიგრძე 25-35 მმ. წონა 2.6-დან 7 გრ-მდე. დაფარულია ხშირი რბილი ბეწვით. მოყავისფრო ფერისაა. თხრის ვერტიკალურ სოროებს, რომელთა სიგრძეა საშულოდ 30-40 სმ. შესასვლელი დაფარულია პარკით. ობობა-მგელი დღის განმავლობაში სოროში რჩება, ხოლო ღამით ნადავლის დასაჭერად გამოდის. როგორც წესი, ტარანტული ცხოვრობს განმარტოებით. ისინი არ ჯგუფდებიან.
ტარანტული მეტად აგრესიული ობობაა იმ შემთხვევაში, თუ მის დაჭერას ეცდებით. ვინაიდან შხამიანია, მისი კბენა იწვევს ლოკალურ დალურჯებას და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე. როგორც წესი, ადამიანს თავს არ ესხმის.
როგორ მოვიქცეთ ტარანტულის კბენის შემთხვევაში? დაავადებათა კონტროლის ცენტრი შემდეგ რეკომენდაციებს გვთავაზობს:
• მოიბანეთ ნაკბენი ადგილი თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი ხელის საპნით. კანი ძლიერ არ დაიზილოთ;
• დაიმუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკური საშუალებით;
• დაიდეთ ნაკბენზე ცივი (ყინული, წყალი) 10 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ცივი საფენი 10 წუთით და ისევ გაიმეორეთ პროცედურა. განაგრძეთ პროცედურები სანამ არ შეწყდება ტკივილი;
• შეშუპების თავიდან ასაცილებლად, ნაკბენი ადგილი განალაგეთ მაღლა;
• შეინარჩუნეთ სიმშვიდე;
• მიიღეთ ბევრი სითხე - ეს უზრუნველყოფს ტოქსინების სწრაფ გამოდევნას;
• ალერგიული რეაქციის შემთხვევაში - მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი;
• იმ შემთხვევაში თუ, ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს, ან თუ დაზარალებულის თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
ამრიგად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციის თანახმად, ამ სახეობის ტარანტული საქართველოს ტერიტორიაზე ყოველთვის ბინადრობდა. ბოლო პერიოდში მისი რაოდენობის მატება არ შეინიშნება. შესაბამისად, მოსახლეობისთვის რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს.
თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის