კახეთში კალიების წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს
კახეთში კალიების წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სამსახურის მუშაობის პროცესს გაეცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, განსაკუთრებით აქტიურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობა.

სპეციალისტების მიერ ინტენსიურად ხორციელდება კვების ობიექტების, სავაჭრო ქსელების, სკოლებისა და საბავშვო ბარების კვების ბლოკების კონტროლი, ასევე ცხოველთა სასაკლაოების მონიტორინგი, ცხოველთა პროფილაქტიკური ვაქცინაცია, სარეალიზაციო ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოწმება, კალიებისა და ტრანსმისიული
დაავადებების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებები.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ
საშიში მავნებლის - კალიის წინააღმდეგ წამლობის ღონისძიებას დაესწრნენ. ფართობის დამუშავება სამანქანო აგრეგატებით, ე. წ. თერმული ნისლით ხორციელდება. დღეისათვის, კახეთის რეგიონში - სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ახმეტის მუნიციპალიტეტებში უკვე დამუშავებულია 3600 ჰა ფართობი, ქვეყნის მასშტაბით კი - 4300 ჰა ფართობი.

”კალია საშიში მავნებელია, რომელიც მნიშვნელოვნად ანადგურებს მწვანე საფარს, ნათეს ფართობებსა და მოსავალს. შესაბამისად, წამლობის ღონისძიებების დროული ჩატარება აუცილებელია მავნებლის გავრცელების არეალის შემცირებისა და ნათესი ფართობების დაცვის კუთხით“ , - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, კალიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები უკვე მესამე წელია ინტენსიურად უახლესი ტექნოლოგიებითა და ეფექტური პრეპარატებით ხორციელდება. შედეგად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული მავნებლის გავრცელების არეალი.
დედოფლისწყაროში კალიების წინააღმდეგ წამლობის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?