თბილისის ზოოპარკი სექტემბერში გაიხსნება (+ვიდეო)
თბილისის ზოოპარკი სექტემბერში გაიხსნება (+ვიდეო)
თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკი მუშაობას მიმდინარე წლის სექტემბერში განაახლებს.

ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ტერიტორიის გადარჩენილი ნაწილის აღდგენითი და დასუფთავების სამუშაოები თითქმის დასრულებულია, ასევე იმუშავებს ის ატრაქციონებიც, რომელიც არ დაზიანებულა ან რომელთა აღდგენაც მოხერხდა.

"ახლა მიმდინარეობს ზოოპარკში აღდგენითი სამუშაოები და ტერიტორიის დასუფთავება. დასუფთავება თითქმის დამთავრდა, თუმცა, არის გარკვეული დეტალები, რომლებზეც მუშაობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. სექტემბერში აუცილებლად გაიხსნება. იმუშავებს ზოოპარკის ის ნაწილი, რომელიც გადაურჩა წყალდიდობას. გვყავს საინტერესო ცხოველები, რომელთა ხილვაც დამთვალიერებელს კვლავ შეეძლება", - განაცხადა გურიელიძემ.

მისი თქმით, იგეგმება ახალი
ცხოველების ჩამოყვანაც. "ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორია, რომ ბევრი ვოლიერი განადგურდა. უახლოეს პერიოდში შეიძლება მოხდეს მაიმუნების
ჩამოყვანა. სხვა ცხოველებს კი ჩამოვიყვანთ, როდესაც შესაბამისი ვოლიერები გვექნება", - განაცხადა გურიელიძემ.

რაც შეეხება ახალ ზოოპარკს, რომელიც თბილისის ზღვაზე უნდა გაშენდეს, როგორც გურიელიძის მოადგილემ, დავით თაქთაქიშვილმა განაცხადა, უკვე შერჩეულია ტერიტორია და ამჟამად მიმდინარეობს კონცეფციაზე მუშაობა. მისივე თქმით, ახალი ზოოპარკი 47 ჰექტარ ფართობზე გაშენდება.

"თავისთავად ცხადია, რომ ამაში თბილისის მერია ძალიან აქტიურად არის ჩართული. დაახლოებით 47 ჰექტარია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ საკმაოდ დიდი ზომის ვოლიერები, ცხოველები ფაქტობრივად ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში იქნებიან. ეს იქნება საკმაოდ კარგი ზოოპარკი, სადაც ადამიანი როდესაც ამოვა, გაერთობა, მიიღებს კარგ შემეცნებით ინფორმაციას და დაისვენებს.

ჩვენ გვინდა, ახალი ზოოპარკი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს ევროპის და ამერიკის სტანდარტებს. ჩვენი კუთხით ძალიან კარგად შევისწავლეთ ტერიტორია იმის მიხედვით, თუ სად რომელი ცხოველი უნდა მოთავსდეს, რომელი ცხოველისთვის უნდა აშენდეს ვოლიერი", - განაცხადა თაქთაქიშვილმა და განმარტა, რომ ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის დაიწყება მშენებლობა. მისივე თქმით, მშენებლობა 2-3 წელი გაგრძელდება.

თბილისის ზოოპარკი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაკეტილია. სტიქიამ დააზიანა ზოოპარკის დიდი ტერიტორია, დაიხოცნენ ცხოველები. სტიქიის შემდეგ გაიწმინდა ტერიტორია. ვოლიერებისა და ცხოველების ნაწილი სტიქიას გადაურჩა.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?