ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დღეს თბილისის ზოოპარკში ღონისძიებები გაიმართება
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დღეს თბილისის ზოოპარკში ღონისძიებები გაიმართება
დღეს, 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი პროგრამა, რომელიც 13:00 საათიდან დაიწყება, მოიცავს შემდეგ აქტივობებს: სპორტული აკრობატიკის საჩვენებელი ნომრები და ილუზიონისტის შოუ, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღების კოლექტივების, "ბასტი ბუბუს" სტუდიის მოსწავლეთა და საბავშვო სტუდია "სახეს" საკონცერტო პროგრამა, სახალისო ვიქტორინები, "ბრეიკ დანსის" მოცეკვავეების გამოსვლა. დღის განმავლობაში სტუმრებს გაართობენ საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის მიმები. სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება "სმარტ ფოტოს" ჯიხური, რომელშიც ყველა მსურველს ექნება სამახსოვრო ფოტოს უფასოდ
გადაღების შესაძლებლობა. ღონისძიების მსვლელობისას ზოოპარკში მისული ბავშვები ფურცლებზე სურვილებს დაწერენ და ზუსტად 18:00 საათზე, დიდი
საჰაერო ბუშტი პატარების სურვილებს ცაში აიტაცებს.

ღონისძიების სტუმრები იქნებიან თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს საპატიო კონსული ფილიპინების რესპუბლიკაში ტელმო კუნანანი და ფილიპინების რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში თეიმურაზ ჭიჭინაძე. სტუმრების მისასალმებელი გამოსვლის შემდეგ თბილისის ზოოლოგიურ პარკსა და მანილას ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ბაღს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხელი მოეწერება თბილისისა და მანილას ზოოპარკების მოხალისეების ჯგუფების მეგობრობის დეკლარაციას. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ტელმო კუნანანი დამსწრე საზოგადოებას იმ სიურპრიზის შესახებ ამცნობს, რომელსაც თბილისის ზოოპარკი და საქართველოსა და ფილიპინების საკონსულოები ქართველ ბავშვებს უმზადებენ. კერძოდ, მომავალ წელს, საახალწლოდ, საქართველოსა და ფილიპინების ურთიერთობის 25 წლის აღსანიშნავად, თბილისის ზოოპარკში აშენდება ფილიპინებისა და საქართველოს მეგობრობის პარკი - საბავშვო მინიპარკი ღია ცის ქვეშ, სადაც პატარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან დამზადებული გასართობი ზონა მოეწყობა.

"ბავშვები ცხოველების ყველაზე დიდი მეგობრები არიან, ამიტომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ჩვენთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. სასიხარულოა, რომ ჩვენი ფილიპინელი მეგობრების დახმარებით ზოოპარკის პატარა სტუმრებს მალე კიდევ ერთი საჩუქრით გავახარებთ და საახალწლოდ ჩვენს საბავშვო ეკოპარკში მოვიპატიჟებთ", - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
ღონსძიების მხარდამჭერები თბილისის მერია, საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი და კომპანია "ორიფლეიმი" არიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?