error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/046a5e1a17e3c26e73230cb8ef3abc74.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
უსაფუძვლოა თუ არა დახოცილი ცხვრების გარშემო შექმნილი პანიკა
უსაფუძვლოა თუ არა დახოცილი ცხვრების გარშემო შექმნილი პანიკა
ადრე ქართული ცხვარი ექსპორტზე 12 ქვეყანაში გადიოდა, ახლა კი - მხოლოდ სამ ქვეყანაში გადის. იორდანიიდან საქართველოში დაბრუნებული ცხვრის გამო ატეხილმა აჟიოტაჟმა ყველას ყურადღება მიიპყრო. რამდენიმე კვირის წინ საქართველოდან ექსპორტზე დაახლოებით ათი ათასი სული ცხვარი გაიყვანეს. იორდანიაში ქართულ ბიზნესკომპანიას ცხვრების შეყვანის უფლება არ მისცეს და საქონელი საქართველოში, კერძოდ უფლისციხეში დააბრუნეს. ამან ადგილობრივი მოსახლოების შეშფოთება გამოიწვია: სოფელში შიშობდნენ, რომ ცხვარი დაავადებული იქნებოდა. მოსახლეობის შიში იმ ფაქტმაც გააძლიერა, რომ ათასამდე სული ცხვარი უკვე დაიხოცა, ცოცხლებს კი, გაურკვეველი დაავადების ნიშნები აქვთ.

სურსათის სააგენტოს ცნობით,
ამ ფაქტის გამო, პანიკის საფუძველი არ არსებობს: "სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ. წინასწარი
მონაცემებით, პათანატომიური გაკვეთის შედეგების მიხედვით, დაცემულ ცხოველებში ინფექციის ნიშნები არ აღინიშნება," - აცხადებენ უწყებაში და ვარაუდობენ, რომ ცხვრის დაცემა ხანგრძლივმა ტრანსპორტირებამ, შიმშილმა და არასათანადო პირობებში ყოფნამ გამოიწვია.

ამ მოსაზრებას იზიარებს "საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი, რომელმაც ჩვენთან მომხდარ ფაქტზე და ქართული ცხვრის ექსპორტის პრობლემებზე ისაუბრა.

ბექა გონაშვილი: "მეც ვეთანხმები სურსათის უვნებლობის სააგენტოს და გეტყვით, რატომ: ერთი წუთით წარმოიდგინეთ პირუტყვი, რომელიც ლამის ორი თვის განმავლობაში ღია ზღვაში, გემზე იმყოფება. ჩემი აზრით, მათი მდგომარეობა კვების ბრალია იმიტომ, რომ ღია ზღვაში ცხვარს ისე ვერ გამოკვებავ, როგორც საჭიროა. როგორც ვიცი, ცოფზეც აქვთ ეჭვი, მაგრამ საქართველოში ცხვარს ცოფი არასოდეს ჰქონია. ჩვენთან თურქულიც არ არის იმიტომ, რომ მთავრობა უფასო ვაქცინაციას ატარებს. ასე რომ, დაავადებები, რომელზეც ეჭვი შეაქვთ, გამორიცხულია. ცხვრების დახოცვა უფრო შიმშილისა და დასუსტების ბრალია. თქვენ რომ იყოთ მთელი ერთი თვე მშიერი და მერე უცებ ვიღაცამ მწვადი გაჭამოთ, შეიძლება თქვენც დაიღუპოთ."

ბექა გონაშვილის შეფასებით, მსგავსი ისტორიები ქართული ცხვრის იმიჯს ძალიან აზარალებს.

"ეს ყველაფერი ბიზნესოპერატორების დაპირისპირების გამო მოხდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ჩვენ დავზარალდით. ეს ინფორმაცია ორი კვირით ადრე ვიცოდი არაბი კლიენტებისგან, რაც ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ვინც ამ საქმეშია ჩართული, ყველას აქვს ერთმანეთთან რაღაც კავშირი და ამგვარი ინფორმაციები მათ შორის ძალიან სწრაფად ვრცელდება. მერე კი, ყველა თავს იკავებს ქართული ცხვრის შეძენისა და ექსპორტირებისაგან. ამიტომ, თუ ადრე ქართული ცხვარი 12 ქვეყანაში გადიოდა ექსპორტზე, ახლა მხოლოდ 3 ქვეყანაში გადის - აზერბაიჯანში, ლიბანსა და იორდანიაში. აზერბაიჯანში მხოლოდ ქართული ცხვარი შედის, ხოლო ლიბანსა და იორდანიაში ხშირად სომხური ცხვარი შეჰყავთ, ოღონდ - ქართულის სახელით. ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგჯერ ცხვარი საქართველოში სომხეთიდან შემოდის და მერე ექსპორტზე აქედან გაჰყავთ, როგორც ქართული. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპირებენ ცხვარი რუსეთიდანაც შემოიყვანონ. ნაწილი აქ დაიკვლება, ხოლო ნაწილს რეექსპორტისთვის გამოიყენებენ. აქ თუ დაიკვლება, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ როცა სხვა ქვეყნებიდან შემოყვანილი ცხვარი საქართველოდან გადის, როგორც ქართული, ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. საქართველოდან არ უნდა გავიდეს საქონელი, რომელიც არ არის ქართული. რატომ? - თუნდაც იმიტომ, რომ იქ, საიდანაც შემოდის, პირუტყვის სრულყოფილი ვეტრინარული შემოწმება ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, სურსათის უვნებლობის სააგენტომ აუცილებლად უნდა გაამკაცროს ცხვრის იმპორტისა და ექსპორტის წესები. ჩვენ უკვე არაერთი ბაზარი დავკარგეთ და ეს პროცესი აღარ უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნავს ბექა გონაშვილი.

მისივე თქმით, როგორღაც უნდა დავიცვათ ქართული ცხვრის რეპუტაცია, ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ის ჯანმრთელი და საღსალამათია და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ.
"ჯერ მე არ მახსოვს ინიციატივა, რომ ქართული ცხვრის ხორცი ან ყველი სადმე გამოფენაში გამოეტანათ და მის პოპულარიზაციაზე ეზრუნათ, მაშინ, როცა ქართულ ღვინოს, ან თაფლს უამრავ საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალში მიუღია მონაწილეობა. ქართული ცხვრის პოპულარიზაციის ასეთი მცდელობა კი ჯერ არ გვინახავს. ჩემი აზრით, სახელმწიფოც მხარში უნდა დაგვიდგეს და ექსპორტიორებიც, რომ ჩვენებური ცხვრის რეპუტაცია ამაღლდეს. ეს ბიზნესი არ უნდა იყოს გადართული ერთჯერად მოგებაზე, მარტო იმაზე არ უნდა ფიქრობდნენ, რომ დღეს ცხვარი გაიყვანეს და ხვალ ფული ჯიბეში უნდა ჩაიდონ. ექსპორტიორებიც უნდა იყონ ჩართული ჩვენი ცხვრის იმიჯისა და რეპუტაციის აღდგენაში, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სფეროში ყველა ვიღაცის "გადაგდებაზეა" გადართული და თუ ამ ყველაფერს არ მივხედავთ, ყოველთვის გვექნება პრობლემები, რომლებიც დღეს გვაქვს", - აღნიშნავს "საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი.

ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ ექსპორტის საკითხებში "მეცხვარეთა ასოციაციაც" უნდა ჩაერთოს, რადგან ამ სფეროში სრული განუკითხაობაა, რასაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

და მაინც, რა მოხდა? რატომ დააბრუნეს საექსპორტოდ გაყვანილი ცხვარი საქართველოში? ამ კითხვაზე ბექა გონაშვილის პასუხი ასეთია: "ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაც მოხდა, ბიზნესოპერატორებს შორის დაპირისპირების ბრალია:

არაბულმა კომპანიამ პრობლემები შეუქმნა ქართულს, რომ აქედან წაყვანილი ცხვარი საუდის არაბეთში სარეალიზაციოდ შესულიყო. ამის შემდეგ კომპანია შეეცადა, ცხვარი იორდანიაში შეეყვანა, მაგრამ იქაც არ მიიღეს და იძულებული გახდნენ უკან დაებრუნებინათ. საუდის არაბეთის ბაზარი ჩვენ 2010 წელს დავკარგეთ, წელს ეს ბაზარი ჩვენთვის დიდი მცდელობის შედეგად გაიხსნა, რაშიც სახელმწიფოც აქტიურად იყო ჩართული, მაგრამ ამ ქვეყანამ ექსპორტიორებს ძალიან რთული მოთხოვნები დაუწესა. სხვათა შორის, მე ეჭვი მეპარება, რომ უკან დაბრუნებული ცხვრის ნაწილი ქართული არ იყო. როგორც ვიცი, სწორედ იმ პერიოდში დაიწყეს სომხეთიდან ცხვრის შემოყვანა, თანაც, ამ პერიოდში ასეთი რაოდენობის ცხვარი ჩვენთან არ არის".

გონაშვილის აზრით, ქართული ცხვრის ექსპორტს ძალიან ბევრი რამ უშლის ხელს. მისი თქმით, პირველი და უმთავრესი პრობლემა იმიჯია, რომელიც საკმაოდ შეგველახა.

"მეორე - ეს არის მაღალი ფასი - ჩვენი ცხვარი საკმაოდ ძვირია, რის გამოც კონკურენტუნარიანები არა ვართ. მოლდოვას მაგალითს მოგიყვანთ: ზოგჯერ იქ ცხვარი 2,5 მაქსიმუმ 3 დოლარი ღირს, (ცოცხალი წონის მიხედვით) ჩვენ კი, მისი გაყიდვა 3 დოლარადაც გაგვიჭირდება. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი ლოჯისტიკური პრობლემებია. ჩვენ რომ გვყავდეს ბაზირებული თვითმფრინავი, რომლითაც ცხვარს გადავიყვანდით, მისი ექსპორტზე გაყვანა ასე ძვირი აღარ დაგვიჯდებოდა. ერთი სიტყვით, უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მათ შორის მთავარი ქართული ცხვრის რეპუტაციის შელახვაა, რასაც ყველა უნდა მოვერიდოთ", - აცხადებს გონაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე bpn.ge-სთვის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?