"თბილისში 50 ათასი მაწანწალა ძაღლია!"
"თბილისში 50 ათასი მაწანწალა ძაღლია!"
საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ მაწანწალა ძაღლების დახოცვა გამოიღებს შედეგს და ხალხს საფრთხე აღარ დაემუქრება. 2010 წელს თბილისის მერიის ჩატარებულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "პირველმა ვეტერინარმა", რომლის მოვალეობაც დაავადებული ძაღლის მკურნალობა ან, თუ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა, მისი ინიექციის გზით დაძინება იყო. მაგრამ კომპანიამ ორხევში ნამდვილი სასაკლაო მოაწყო - სასტიკი მეთოდით ხოცავდნენ ცხოველებს, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი დაავადებულნი. 2010-2012 წლებში ასეთი გზით 85 ათასი ძაღლი განადგურდა, თუმცა, პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა.

ლერი ქვარაია, ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
- ბოლო
5 თვეში 112-ში მაწანწალა ცხოველებისა და ქვეწარმავლების თაობაზე 10 558 ზარი დაფიქსირდა.
როგორც წესი, ხალხი
ამბობს, რომ ცხოველი აგრესიულია, სინამდვილეში, ისინი მხოლოდ მაშინ არიან საშიშნი, თუ ადამიანი ცუდად მოექცევა, ჭამის დროს წაადგება თავზე ან ძალიან ახლოს მივა. კინოლოგი იღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანოს თუ არა ცხოველი თავშესაფარში, სადაც ვუტარებთ გამოკვლევას. თუ დადასტურდება, რომ დაავადებულია, ინიექციით ვაძინებთ. თუ არ არის დაავადებული, ვაქვეყნებთ ინფორმაციას და ვცდილობთ, ვინმეს მივაბაროთ. თუ მსურველი არ გამოჩნდა, ძაღლს ვუკეთებთ სტერილიზაციას, რომ არ გამრავლდეს, ვცრით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, ყურზე ვუკეთებთ ე.წ. ბირკას, სადაც აღნიშნულია მისი ნომერი და ვუშვებთ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მხოლოდ თბილისში 50 ათასამდე მაწანწალა ძაღლი და ორი ამდენი კატაა, მაგრამ ეს მონაცემები ზუსტი არ არის, რადგან საქართველოში ასეთი კვლევა არასოდეს ჩატარებულა. მალე ჩატარდება და ზუსტი ციფრი გვეცოდინება.

ძაღლი მშვიდ, ოჯახურ გარემოში წელიწადში ერთხელ 5-6 ლეკვს ყრის, მაწანწალობის დროს კი ორჯერ მრავლდება და შესაძლოა, 10-12 ლეკვიც დაყაროს.

- ორხევში ისევ არის ძაღლების სასაკლაო?
- მაშინ ამ სფეროს კერძო სტრუქტურა კურირებდა.
მათი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ძაღლი დაეჭირათ, რადგან თითოეულ ცხოველში თანხას იღებდნენ. ხოცავდნენ მხოლოდ ხვადებს, რომ მაწანწალა ძაღლები ისევ გამრავლებულიყვნენ და შემოსავალი მუდმივად ჰქონოდათ.

ჩვენ პოპულაციის უსაფრთხო რაოდენობამდე შემცირება გვინდა.

- როგორ დაიცვან მოქალაქეებმა თავი ცხოველთა აგრესიისგან?
- ცხოველის გაღიზიანების მიზეზი ხშირად ადამიანი ხდება. თუ ძაღლი ბუნკერთან იკვებება, თქვენ კი ძალიან ახლოს ჩაივლით, შესაძლოა, აგრესია გამოავლინოს. საჭიროა, ნაგვის გადაყრის შემდეგ ბუნკერს თავი დავახუროთ, ფანჯრიდან ნაგავი არ გადმოვყაროთ, რომ იმ ადგილს ძაღლი არ მიეჩვიოს და ჭამის დროს გამვლელები არ დაკბინოს. ჩვენი მოქალაქეების დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებით... ამას წინათ ძაღლების მუნიციპალურმა თავშესაფარმა ერთი მაწანწალა ძაღლის - ჯუნას ფოტო გაავრცელა მისი გაჩუქების მიზნით. იგი უკვე წაიყვანეს კეთილმა ადამიანებმა... იმედია, მალე მოგვარდება პრობლემა და ქუჩაში მხოლოდ აცრილი და ხალხისადმი კეთილად განწყობილი ძაღლები დარჩებიან.

ცოფის ვირუსი

ცოფის ვირუსი ჯერ კიდევ 500 წლის წინ, 1514 წელს აღწერეს ესპანელმა კონკისტადორებმა, მაგრამ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა მე-19 საუკუნემდე არ არსებობდა. ლუი პასტერმა 1885 წელს შექმნა ვაქცინა, რომელსაც დღესაც ანტირაბიულ იმუნოგლობულინთან ერთად იყენებენ. ცოფით დაინფიცირების შემდეგ, რაც უფრო დროულად აიცრება ადამიანი, მით მეტია მისი გადარჩენის შანსი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ცოფის ვირუსით წელიწადში 55 ათასი ადამიანი იღუპება. ყველაზე მეტი შემთხვევა აზიასა და აფრიკაში გვხვდება. დაავადება არასდროს დაფიქსირებულა ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.

ცოფის ვირუსის მატარებელია შინაური ან გარეული ცხოველი. დაავადებულ ცხოველთან ურთიერთობისას ვირუსი ადამიანზე გადადის, ნერვული უჯრედების გავლით ვრცელდება და სანერწყვე ჯირკვლებსა და თავის ტვინის ქერქს აღწევს. ვირუსი იწვევს თავის ტვინის ანთებას. შემთხვევათა 60%-ში საინკუბაციო პერიოდი 20-90 დღეა, ხოლო 30%-ში დაავადება 6 თვის შემდეგ იჩენს თავს.

მარი ჯაფარიძე

წყარო: "კვირის პალიტრა"
ლელა
წლებია მიუსაფარ ცხოველებს ვკვებავ არასოდეს მიგრძვნია მათგან აგრესია, ცხოველი აგრესიული ხდება მაშინ როცა ჩვენგან რაიმე საფრთხეს გრძნობს, თუ ვერ გამოკვებავ ნუ დაჩაგრავ მაინც, მათ ისიც ყოფნით ლუკმა პურისთვის მთელი დღე დაწანწალებენ. ვერანაირი მონიტორინგი და თავშესაფარი ვერ გვიშველის თუ საზოგადოების დამოკიდებულება არ შეიცვალა მიუსაფრების მიმართ და ზოგადად ცხოველების მიმართ.
ლუკა
სამი შვილი მყავს ,სამივე ძაღლებთან ერთად გავზარდე,ისე უყვართ ცხოველები,ახლა პატარა გადაგდებული კნუტი მოიყვანეს,ამჟამად ეზოში 5 ძაღლი მყავს სახლში პუდელი და კნუტი,ყველა მიყვარს,სახლში შესვლა მიხარია ისეთი სიხარულით მხვდებიან,ოღონდ ერთი მინუსი აქვთ დილის 6 საათზე სამსახურში ყეფით და ყმუილით მაცილებენ
marika
აბსოლუტურად ვეთანხმები 123-ს.ბავშვობიდან მიკვარდა და მკავს ძაგლები,არ ვერიდები არც უპატრონო ცხოველებს,ვაჭმევ და ვეფერები,არასოდეს არანაირი აგრესია არ მიგრძვნია.ლეკვებიან დედასთანაც მქონია კონტაქტი. თავი და თავი ისევ ადამიანია, თუ არ გიკვარს ნუ დაჩაგრავ მაინც.
დინგო დინგო
თუ ქალაქში ან ქვეყანაში მაწანწალა ძაღლები დადიან ეს მათი ბრალი არ არის, ეს არის ადამიანების გულგრილობის ბრალი, ღმერთმა ადამიანებს უერთგულესი უღალატო მეგობარი აჩუქა, სამწუხაროდ კი რას ღებულობენ ისინი ყველამ კარგად ვიცით ეს.
ათინა
სად ხედავთ საზოგადოებას.მე პირადად ვერანაირ საზოგადოებას ვერ ვხედავ.ღმერთმა ცხოველები ჩვენ ჩაგვაბარა მოსავლელად და აი, ვუვლით.....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?