უსახლკარო ძაღლების პრობლემები და საზოგადოება
უსახლკარო ძაღლების პრობლემები და საზოგადოება
ამასწინათ საშინელი ფაქტის მომსწრე გავხდი. ფანჯირიდან დავინახე, 5-6 წლის ბავშვი კედელთან როგორ მიიმწყვდია ორმა მაწანწალა ძაღლმა. ბავშვი განწირული ითხოვდა შველას. იქვე არავინ იყო. ბედად, მაღაზიიდან გამოვიდა ვიღაც და დაეხმარა. არ უკბინეს, მაგრამ ძალიან, ძალიან, ძალიან შეაშინეს. შიშის საფუძველზე კი, ჯანმრთელობის უმარავი პრობლემა შეიძლება, გაუჩნდეს. მე რომ ძალიან ცუდად გავხდი, ეს სხვა თემაა.. ვერაფრით ვეხმარებოდი ზევიდან, ჩასვლასაც ვერ ვასწრებდი. მადლობა ღმერთს, გადარჩა. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, ჩავარდეს, რადგან თბილისის ქუჩები სავსეა უპატრონო ცხოველებით. პრობლემა მხოლოდ ძაღლები არაა, კატების საკითხიც გასათვალისწინებელია, მაგრამ
იქიდან გამომდინარე, რომ ძაღლები მეტი აგრესიულობით გამოირჩევიან, მოსახლეობის ნაწილი სწორედ მათ მიმართ გამოხატავს დიდ უკმაყოფილებას.
რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ ასეთ ვითარებაში? როგორ უნდა დავიცვათ, თუნდაც სკოლიდან შინისაკენ მომავალი შვილები ძაღლებისგან? რა ბერკეტებს ფლობს სახელმწიფო და რა უნდა ვიცოდეთ ძაღლებთან "ურთიერთობისას"?

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურს 2012 წლიდან შინაური და გარეული ცხოველების კონტროლი და რეგულირება ევალება. ჩვენ ამ განყოფილების უფროსის, თემურ ფხალაძის მოადგილეს ლერი ქვარაიას ზემოჩამოთვლილი კითხვებით მივმართეთ.
- ბატონო ლერი, როგორ შეიძლება თავი დავიცვათ უპატრონო ცხოველებისგან მანამ, სანამ დავრეკავთ შესაბამის უწყებაში და მათ წაყვანას ვთხოვთ...
- აგრესიული ძაღლების რიცხვი, რომლებიც ადამიანებს ერჩიან, ძალიან მცირეა. როგორც წესი, ძაღლი ადამიანს თავისი ინიციატივითა და სურვილით არ ესხმის თავს, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ახორციელებენ ამის პროვოცირებას. ძაღლის მხედველობის არეალში არ უნდა გამოხატოთ აგრესია, არ უნდა განახორციელოთ მკვეთრი მოძრაობები, არ იყვიროთ, არ წაართვათ საკვები და ა.შ. სტატისტიკიდან გამომდინარე, ძირითად შემთხვევებში, თვითონ ადამიანები ექცევიან არასწორად ცხოველებს - ძაღლებს, რაც იწვევს მათი მხრიდან აგრესიას.
- ესეც შეიძლება იყოს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ჩემი თვალით ვნახე, მაღაზიასთან თავისთვის მდგომი 5-6 წლის ბავშვი, როგორ მიიმწყვდია ორმა უპატრონო ძაღლმა კედელთან. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები და გადაარჩინეს გოგონა... ამით იმის თქმა მინდა, რომ ისეთი ძაღლებიც მრავლად დადიან ქუჩებში, რომლებიც პროვოციების გარეშეც გამოხატავენ აგრესიას..
- გეთანხმებით. მსგავსი შემთხვევებისთვის არსებობს ორი მარტივი მეთოდი. პირველი არის ის, რომ ცხოველის მიერ გამოხატული აგრესიის დროს, საერთოდ უნდა შევწყვიტოთ მოძრაობა, უნდა გაშეშდეს ადამიანი, ასეთ დროს ცხოველი შეიძლება, მოგიახლოვდეთ, მაგრამ დაგყნოსავთ და წავა, თავდასხმის გარეშე.
- კი მაგრამ, ამის გაკეთება უფროსებისთვისაც კი ძნელია, რომ აღარაფერი ვთქვა 5-6 წლის ბავშვებზე...
- ესაა ცხოველებთან მოპყრობის ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც მშობელმა ბავშვს უნდა აუხსნას, მაგრამ თუ პატარაა, მაშინ ალბათ მშობელთან ერთად იქნება და ის გააკონტროლებს სიტუაციას. გარდა ამისა, ასეთ ვითარებებში შეგიძლიათ, დაურეკოთ 112-ს, შესაბამისი ჯგუფი მოვა და ადგილზე დაადგენს, ძაღლი ნამდვილად აგრესიულია, თუ ვინმემ მოახდინა აგრესიის პროვიცირება.
- დადგენა როგორ ხდება?
- მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანამდე ცხოველის აგრესიულობის დადგენა ხდება დაკვირვებით. ჯგუფში, რომელიც 112-ზე დარეკვის საფუძველზე გამოცხადდება, შედის პროფესიონალი კინოლოგი, რომელსაც აქვს ცხოველებთან ურთიერთობისა და მათი ქცევების შედეგად დასკვნების გამოტანის გამოცდილება. შესაბამისად, კინოლოგი, რამდენიმე წუთიანი იდეალური დაკვირვებისა და ცხოველთან კონტაქტში შესვლის შედეგად, გააკეთებს დასკვნას. თუ რჩება კითხვის ნიშნები, მაშინ ასეთი ცხოველი ექვემდებარება დაჭერას და მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანას, სადაც ათი დღის განმავლობაში, ვოლიერის პირობებში მასზე ჩატარდება დაკვირვება.
- თავშესაფარში გადაყვანილ ცხოველს, დაკვირვების შემდეგ, რა ბედი ეწევა?
- ჩვენ ზემოთ აქცენტი გავაკეთეთ ძაღლის აგრესიულობაზე, ამიტომ მე ჯერ გეტყვით იმას, ამის გარდა, კიდევ რა შემთხვევაში ხდება ძაღლის გადაყვანა. ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის ყველაზე ხშირი შემთხვევა ადამიანის დაკბენის, დაკაწვრის ფაქტს უკავშირდება, ასევე შეიძლება, ცხოველმა მეორე ცხოველზე გამოხატოს აგრესია, ამ შემთხვევაშიც ვალდებულნი ვართ დავიჭიროთ და ჩავატაროთ მასზე ათ დღიანი დაკვირვება, რათა გამოვრიცხოთ ცოფის არსებობა. მეორე შემთხვევა: შეიძლება, მოქალაქემ განაცხადოს, რომ ცხოველს სცვივა ბეწვი, სდის დორბლი, არ იღებს საკვებს, წყალს არ სვამს, დასუსტებულია, ვერ გადაადგილდება, კოჭლობს - ასეთ დროსაც მოვა შესაბამისი ჯგუფი, ვიზუალურად დააკვირდება ძაღლს, თუ შეამჩნევს დაავადების ნიშნებს, გადაიყვანს თავშესაფარში, სადაც უტარდება ლაბორატორიული კვლევა, ანალიზების შედეგად იმ დღესვე ვიგებთ ვითარების სიმძიმეს. თუ დადასტურდება, რომ ძაღლი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას ატარებს, მაშინ მას უტარდება ევთანაზია, ანუ ჰუმანური წესით დაძინება, მოკვდინება. ასევე, ევთანაზია ხდება მაშინაც, თუ ათ დღიანი დაკვირვების შედეგად, დადგინდება, რომ ის ნამდვილად აგრესიულია და მისი ადამიანების გარემოში გაშვება საშიშია. გარდა ამისა, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, ცხოველის დაჭერა ხდება მაშინაც, როცა ცხოველი არის გამოგდებული, ან ჰყავს შესაძლო პატრონი, ან დაიკარგა. ასეთ დროს მიგვყავს თავშესაფარში, უტარდება ლაბორატორიული კვლევები. თუ აღმოჩნდება, რომ ჯანმრთელია, მის ფოტოებს ვათავსებთ ჩვენს გვერდზე "ფეისბუქში", ვურთავთ ინფორმაციას სქესის, ასაკის, ჯიშისა და იმის შესახებ, თუ სად მოხდა მისი დაჭერა, 10 დღის განმავლობაში, თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს მისი ცხოველია, ვატანთ, ოღონდ უნდა წარმოადგინოს ან ცხოველთან გადაღებული ფოტომასალა, ან ვეტერინარული პასპორტი, ან სარეგისტრაციო მოწმობა და ა.შ. თორემ ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჯიშიანი, კარგად მოვლილი ცხოველები ჩვენთან ხვდებიან თავშესაფარში და მერე არაკეთილსინდისიერი ადამიანები აცხადებენ პრეტენზიას, ეს ჩემი ცხოველიაო. მოკლედ, დამადასტურებელი საბუთის გარეშე, ცხოველს არ ვატანთ. თუ მისი პატრონი არ გამოჩნდა, მაშინ დგება მისი გაჩუქების საკითხი, გამოხმაურების საფუძველზე, შედგება მსურველთა სია და ათი დღის შემდეგ, თუ პატრონი არ გამოჩნდა, ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება გავაჩუქოთ. იმ შემთხვევაში, თუ მსურველიც არ გამოჩნდა, ძაღლის წამყვანი არავინაა და ამასთან ერთად, ცხოველი ჯანრთელია და არაა აგრესიული, მას უტარდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია, რაც გვაძლევს საშუალებას შევწყვიტოთ მისი გამრავლების შესაძლებლობა მომავალში, იცრება ცოფის წინააღმდეგ, უკეთდება შესაბამისი ბირკა, სადაც აღინიშნება, რომ ცხოველი მუნიციპალური თავშესაფრიდანაა გამოშვებული და ვუშვებთ იმავე ადგილას, სადაც დავიჭირეთ. მოგეხსენებათ, თბილისში უამრავი უპატრონო ცხოველია, რომლებიც უკონტროლოდ მრავლდებიან. სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა და შემდეგ ცხოველების იმ ადგილებში დაბრუნება, საიდანაც მოხდა მითი აყვანა, გვაძლევს საშუალებას, რომ პოპულაცია ვაკონტროლოთ და გამრავლება შევამციროთ, იმიტომ, რომ ცხოველი, რომელიც კონკრეტულ ადგილას ბინადრობს, იცავს თავის ტერიტორიას და არ უშვებს სხვა ძაღლებს, რომლებიც შეიძლება მეტად აგრესიულები ან დაავადებულები იყვნენ.
- ზემოთ აღნიშნეთ, რომ წაყვანა ძირითადად მხოლოდ დაკბენა-დაფხაჭვნის შემდეგ ხდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ დაზიანებას არ აყენებენ ადამიანს, მაგრამ გამოხატავენ აგრესიას, მისდევენ, უყეფენ - მაშინ?
- ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი ცხოველთა მოვლა-პატრონობის შესახებ, რომელიც მიღებულია 2012 წელს. იქ გაწერილია ყველა დეტალი. ამ დოკუმენტის თანახმად, დაჭერასა და გადაყვანას ექვემდებარებიან ცხოველები, რომელნიც საფრთხეს უქმნიან ადამიანებს, ასევე უპატრონო ცხოველები მათი იდენტიფიკაციის, აღრიცხვის და შემდგომ მათი ბედის გადაწყვეტის მიზნით, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ამის ფიზიკური საშუალება მუნიციპალიტეტს გააჩნია. დღესდღეობით, თბილისში არის მხოლოდ ერთი მუნიციპალური თავშესაფარი, რომელიც გათვლილია 200 ცხოველის ერთდროულად მომსახურებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში წინასწარი მონაცემებით 50 000 უაპტრონო ძაღლია და 70 000-მდე უპატრონო კატა, მარტივი ლოგიკით, ყველას ვერ დავიჭერთ და თავშესაფარში ვერ შევტენით, ამიტომ ამას დრო სჭირდება. 112-ის გამოძახების შემდეგ, რეაგირებას ვახდენთ მხოლოდ აგრესიულ და დაავადებულ ცხოველებზე. თუ თავშესაფრის გამტარობა გვაძლევს შესაძლებლობას და ფიზიკურად ადგილი გვაქვს ცხოველებისთვის, თავისთავად, მიგვყავს უპატრონო ცხოველები.
- თუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ითხოვს ძაღლის წაყვანას, მაგრამ აღმოჩნდება ერთი მოწინააღმდეგე, მაშინ ვის სასარგებლოდ გადაწყდება საკითხი?
- ძაღლის დაჭერისა და გადაყვანის საფუძვლებს არეგულირებს კანონი, აქედან გამომდინარე, ადამიანების რაოდენობაში არაა საქმე. რამდენი ითხოვს წაყვანას და რამდენი დატოვებას, ეს არაა მნიშვნელოვანი. თუ აგრესიული და დაავადებულია ცხოველი, მაინც წავიყვანთ, თუნდაც მთელი თბილისი მიტინგზე გამოვიდეს, პირიქითა შემთხვევაში კი, აუცილებლად დავტოვებთ და გავუძლებთ ზეწოლას.
- თუ არსებობს რაიმე რეგულაცია, ჯარიმა შინაურ ცხოველებთან მიმართებაში, როცა ისინი დადიან საყელურის, ალიკაპის გარეშე? შეიძლება, სულ არ უკბინოს ადამიანს, შეახტეს და ესეც საკმარისი აღმოჩნდეს მისთვის...
- საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც ზემოთ ვახსენე, არეგულირებს შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. იქ გაწერილია, რომ პატრონი ვალდებულია ცხოველი ქუჩაში ატაროს ალიკაპით, საბმელით, აუცილებელია, ცხოველს ჰქონდეს იდენტიფიკაციის აღმნიშვნელი ყელსაბამი, სადაც მონაცემები იქნება დატანილი, მათ შორის ტელეფონის ნომერი. თუ ამ და სხვა მოთხოვნებს პატრონი არღვევს, მაგალითად, ალიკაპის გარეშე დადის ძაღლი ქუჩაში და პატრონი მიჰყვება გვერდით, ეს დარღვევაა, ის ექვემდებარება დაჯარიმებას. ამ სამსახურმა 2012 წლის ბოლოდან დაიწყო ფუნქციონირება და ძალიან ბევრი პროცედურაა გასავლელი, ნორმატიულ აქტსაც სჭირდება დახვეწა, ახალი პროექტი გაკეთებულია და საკრებულოში გადაგზავნილია, უახლოეს დღეებში კი, ჩვენ ველოდებით ახალ ნორამტიულ აქტს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი. უახლოეს დღეებში თბილისის მერის ბრძანებით გადმოგვეცემა ეს უფლებამოსილება და შესაბამისად, მომავალში ხშირად დაინახავთ ქუჩებში სპეციალურ ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს, რომელნიც ზემოხსენებული დარღვევების შემთხვევაში გააჩერებენ მოქალაქეს და გამოუწერენ ადმინისტრაციულ ჯარიმას.

წყარო - mshoblebi.ge


ციცი ომანიძე
ლელა
ეკას ვეთანხმები რა უნდა ასეთ პატარას მარტო ქუჩაში, თანაც ამდენი მაწანწალა ძაღლის არსებობა ისევ და ისევ უპასუხისმგებლო ადამიანების ბრალია პირველ რიგში, აიყვანა პატარა ლეკვი გაიზარდა მერე მოვლა აღარ მოუნდა და ქუჩაში მოისროლა უსარგებლო ნივთივით. ვიდრე ასეთი დამოკიდებულება არ შეიცვლება ცხოველების მიმართ სიტუაცია არ მოწესრიგდება.
tatiana
მე ძალიან მიყვარს ცხოველები. ჩემ ეზოში არავის არ ვაძლევ უფლებას მატ რამე დაუშაონ. მაგრამ როდესაც 2 დეფალი წავაყვაინეტ სტერლიზაციის გასაკეთებლად, მოგვატყუეს და არ გაუკეტეს. 1 ძაგლი ეხლა საცაა გააჩენს ლეკვებს. მე მიწევს ადრე წასვლა სამსახურსჰი და მაწანწალა ძაღლები ძალიან შემაშინებენ ხოლმე. არავის არ აინტერესებთ მათი ბედი. ძაღლების თავშესაფარში მარტო ტავის თავზე ფიქრობენ. როგორ გაისქელონ ჯიბეები ძაღლებზე გამოყოფილი ფულით
gaocebuli
5-6 წლის კი არა 3-4 წლისაც გამოყრილები ჰყავთ ბავშვები და ხშირად დაღამებისასაც არ კითხულობენ, მე თვითონ ვარ ამის მომსწრე.... დღევანდელ დღეს კი ზოგიერთი ადამიანი ბევრად აგრესიულია ვიდრე საცოდავი ძაღლები...
marika
5-6 წლის ბავშვს რა უნდოდა ქუჩაში მარტო?ეს ნამდვილად ვინმე ცხოველთმოძულეს ფანტაზიის ნაყოფია,უპატრონო ძაგლი ნამდვილად არ არის აგრესიული განსხვავებით პატრონიანისგან, თუ პროვოცირება არ მოხდა ადამიანებისგან.აქ ზოგიერთ კომენტატორს კი მთელი გულით ვუსურვებ მეორედ უპატრონო ძაგლად დაიბადონ
maro
პრობლემის გადაჯრა იმ სჰემტხვევასჰი იქნება სჰესადლებელი როდესაც ყპველ დზაგლსსდა კატას პატრონი ეყოლება .უპატრონოს ამ მოუდებნიან პატრონს ან კიდევ "დასაძინებლად "განწირავენ . მეპატრონეები ვალდებულებას კისრულობენ რომ უპატრონონ ცხოველსს სადმდეც შედლებენ ცხოველის ქუჩაში მიტოვების სჰემტხვევაში მეპატრონე უნდა დაისაჯოს. ამერიკასჰი ძაგლს ან კატას ერტი წლის განმავლობაში ტუ არ გამოუჩნდა პატრონი ან არ მიიბარა ვინმემ კლავენ ანუ აძინებენ რადგანაც შენახვა ძვირი უჯდებატ.ამერიკაში მაწანჭალა ცხოველი არ არსებობსს ცდილობენ ცხოველტა ტავშესაპარსჰი მიიყვანონ და ასეტი ტავშესაპრები ბევრია .მიუხედავად ამისა მაინც აძინებენ ტუი არავინ აიყვანა და მიტუმეტეს ტუ აგრესიულია და ადამიანს უგრენსს ან არ ჩერდება და გარბის.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?