ეს საოცარი ამბავი ამტკიცებს, რომ ცხოველთა მადლიერება არსებობს და ის ბევრად ძლიერია ადამიანის მადლიერებაზე!
ეს საოცარი ამბავი ამტკიცებს, რომ ცხოველთა მადლიერება არსებობს და ის ბევრად ძლიერია ადამიანის მადლიერებაზე!
როდესაც მეორე კლასში ვსწავლობდი, ჩვენს კუნძულზე მდინარე ამურზე ვცხოვრობდით. ჩინეთთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე ხაბაროვსკთან. საშინელი ყინვები იყო, გარშემო - ტყე.

მაგარ ყინულზე ხშირად უსურიული ვეფხვები გადმოდიოდნენ. ღამ-ღამობით აივნიდან ჩანდა, როგორ იქექებოდნენ საჭმლის ძიებაში ნაგვის ბუნკერებში.

მამა მაშინ ჯერ კიდევ უფროსი ლეიტენანტი იყო. დღეგამოშვებით ყარაულში მსახურობდა, სადაც ხშირად კურიოზები ხდებოდა.

ერთხელაც დაშორებული პუნქტიდან შეშინებული ყაზახის ზარი გაისმა.
- უფროსო, აქ... ისა... ვეფხვი დგას...

- რა? ვეფხვი? თუ შენკენ გამოიწევს, ეგრევე ესროლე, - ჩასძახა ყურმილში მამაჩემმა, - მალე მანდ ვიქნები!

-
ის უბრალოდ ზის და მიყურებს. უკვე 20 წუთი გაუნძრევლად ზის, არაფერს აკეთებს. მაგრამ საშიშია მაინც, - საწყალ ყაზახს ასეთი დიდი კატა ცხოვრებაში არ ენახა...

მამამ ნაწილში დარეკა, უფროსობას შეატყობინა სიტუაცია, ჩაჯდა მანქანაში და ცოტა ხანში ადგილზე მივიდა.

ზუსტად! ზის თავისთვის მშვიდად ვეფხვი, არ მოძრაობს. უფრო სწორედ ძუ ვეფხვი. ცხოველმა და ადამიანმა ერთმანეთი შეათვალიერეს. უეცრად მამამ შორს, ხეებში რაღაც მოძრაობა შენიშნა. ჯანდაბა! სამი ბოკვერი! ცხოველი კი ზის მშვიდად!

ყაზახი და მამაჩემი მიხვდნენ, რომ ცხოველმა ტყეში საკვები ვერ იპოვა და ადამიანებს მოადგა დახმარების თხოვნით…

ისინი სამხედრო ნაწილში გაბრუნდნენ.

პოლკის უფროსის მაგივრად იმ დღეს ჭაღარა მაიორი იყო - საოცრად ბრძენი და მშვიდი ადამიანი. მაიორმა მოისმინა ეს უცნაური ამბავი და ჩაფიქრდა… ბოკვრები რომ აეყვანათ - რაში სჭირდებოდათ, უფრო მეტი პრობლემა შეექმნებოდათ, ხაბაროვსკის ზოოპარკთან დაკავშირება მოუწევდათ, მანქანის აღჭურვა დასჭირდებოდათ, გაგზავნა... ისა-ესა... არა, არ ღირდა... ვეფხვის მოკვლა არ შეიძლებოდა - გაჭირვებამ მოიყვანა და ცოდო იყო ცხოველი. მაგრამ თავისით არ წავიდოდა იქიდან ვეფხვი და მოკვდებოდა შვილებთან ერთად.

- აი, რა გავაკეთოთ, ლეიტენანტო, მოიყვანე მანქანა საწყობთან. გაყინული ნახევარი ძროხა გვაქვს იქ მგონი… - უთხრა მამას.

საწყობში მისულებმა მართლაც იპოვეს გაყინული ხორცის დიდი ნაჭერი. ჩადეს მანქანაში.

- აიღე. მიიტან ვეფხვთან და გადაუგდებ. მაგრამ იცოდე, ფრთხილად იყავი…

სათქმელად ადვილი იყო. ადგილზე მისულმა მამამ სერჟანტთან ერთად ხორცის დიდი და მძიმე ნაჭერი მანქანიდან გადმოიღო და სერჟანტი დაარიგა, იარაღით ჩასაფრებულიყო და თავად ვეფხვისკენ რომ გაათრევდა ხორცს, ყაზახს საშიშროების შემთხვევაში ვეფხვისთვის ავტომატი ესროლა.

ძუ ვეფხვი ისევ გაუნძრევლად იჯდა. მხოლოდ დიდ თვალებს აფახულებდა. მიუთრია ახლოს მამამ ხორცი. ვეფხვი ნელა წამოიმართა, ხორცი დაყნოსა, მოიგდო კბილებში და ჰოპ... ტყეში მიიმალა...

მამამ და სერჟანტმა შვებით ამოისუნთქეს...

ერთი დღის მერე მამა ისევ ყარაულში იდგა. პოსტების შესამოწმებლად ღამე, უკუნეთ სიბნელეში ადგილიდან ადგილზე გადადიოდა, ვარსკვლავები ანათებდნენ... საოცარი ღამე იყო. მამამ სიგარეტს მოუკიდა. სიბნელეში ასანთი აანთო და კინაღამ გული წაუვიდა შიშისგან - სიბნელეში ღობესთან ძუ ვეფხვი იჯდა... სწორედ ის... და უყურებდა... მამა გაშეშდა...

”ძალიან ახლოსაა, პისტოლეტის ამოღებასაც ვერ მოვასწრებ”, - გაიფიქრა...

ვეფხვი კი წამოდგა და სწრაფად მიუახლოვდა, თვალებში ყურადღებით ჩახედა...

”აი, ეს არის სიკვდილი…”, - გაიფიქრა მამაჩემმა.

ვეფხვმა მას თვალებში ჩახედა, მერე ცხვირი ხელისგულს ამოსდო, კატასავით, ფეხზე გაეხახუნა, მიეფერა და ასევე უხმოდ გაქრა...

ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა, მაგრამ მამას ყველაფერი ახსოვს და ახლაც დარწმუნებულია, რომ ცხოველების მადლიერება არსებობს და ის ადამიანის მადლიერებაზე ძლიერია!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?