ცხოველთა უფლებადამცველების ერთობლივი განცხადება საქართველოს პარლამენტს და შსს სამინისტროს
ცხოველთა უფლებადამცველების ერთობლივი განცხადება საქართველოს პარლამენტს და შსს სამინისტროს
"28 აგვისტოს, ქალაქ სიღნაღის ბულვარში ფიზიკურად გაუსწორდნენ ცხოველთა უფლებადამცველ ქალბატონს, რომელიც წლებია, უვლის რამდენიმე ცხოველს და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურეობას უწევს მათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ სიღნაღში არ არსებობს მერიის სამსახური, რომელიც იზრუნებს ავადმყოფ უპატრონო ცხოველებზე.

ქალბატონს სასტიკად გაუსწორდნენ მაშინ, როდესაც მისი მფარველობის ქვეშ მყოფი 17 წლის ხნიერი დაუძლურებული ძაღლის ცემის უფლება არ მისცა უცხო ადამიანს.


მიგვაჩნია, რომ ამას და უამრავ სხვა ფაქტს რამდენიმე მიზეზი აქვს:


1. სახელმწიფოს მოძველებული და სისასტიკეზე დაფუძნებული პოლიტიკა ცხოველთა პრობლემების მოგვარების მხრივ, რომელიც
წლებია არ იცვლება მიუხედავად წამგებიანი და არაეფექტური შედეგებისა და ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის უაზროდ ხარჯვისა. 


2.
იმ ფონზე როდესაც წლებია ცხოველთა წამება და მკვლელობა მასიურ ხასიათს იღებს ქვეყანაში, თავად სხვადასხვა ქალაქში მერიის სამსახურები კანონის გვერდის ავლით უპატრონო ცხოველების დახოცვას ახორციელებენ სხვადასხვა მეთოდით და ამის უამრავი ვიდეო მასალა გავრცელებულა ცხოველთა მოყვარულების მიერ. ეს ფაქტები კი მოსახლეობაში ჰუმანიზმის დანერგვას ნამდვილად არ უწყობს ხელს, პირიქით, ის აქეზებს მოსახლეობას აგრესიისკენ.


3. ასევე, ხელისუფლების მხრიდან ნების არარსებობის გამო საქართველოს პარლამენტში შეჩერებულია კანონპროექტი "კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" რომლის მიღების შემთხვევაში ცხოველთა მიმართ სისასტიკე იქნებოდა დასჯადი და კანონი დაარეგულირებდა სფეროში არსებულ პრობლემებს, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია მიღწეულია და ეფექტურად მუშაობს.


4. კანონის მიღების მთავარი პრობლემა გეგმისა და ხედვის უქონლობაა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის კომიტეტში მიღებულ იქნა ცხოველთა უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია, სადაც გაწერილი იყო განვითარებული ქვეყნების რეკომენდაციის თანახმად ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, თუ როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარებაში, დღემდე არ არის შეცვლილი არც პოლიტიკა და არც მეთოდები. მეტიც, ხორციელდება ძველი კომუნისტური მეთოდებით  ცხოველების ხოცვა და საზოგადოების წაქეზება მსგავს ქმედებებზე, რაც დაუშვებელია თანამედროვე სახელმწიფოსთვის. 


5. ასევე, დიდ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოების გულგრილობა მსგავს დანაშაულებზე - ისინი არ ახდენენ ცხოველთა მიმართ ჩადენილი სისასტიკის გამოძიების წარმართვას ობიექტურად და დაუსჯელობის სინდრომიც ახდენს წაქეზებას ხალხის მიერ მსგავს არაადამიანურ ქმედებებზე.

რამდენიმე დღის წინ რუსთავში კვლავ მოხდა საზარელი ფაქტი: პატარა უმწეო ლეკვს თათები დააჭრეს და წამებით მოკლეს, თუმცა, როგორც უამრავი ფაქტი ესეც გამოუძიებელი დარჩება. პრობლემას წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონიც, კერძოდ 259-ე მუხლი, რომელიც მკვდარი მუხლია ფაქტობრივად და საჭიროა მისი გამკაცრება და დახვეწა, თუ საზოგადოების სურვილია მსგავსი ამაზრზენი ფაქტები აღარ მოხდეს ქვეყანაში ან მაქსიმალურად შემცირდეს. 


ამ სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი და ეს იწვევს გაცილებით სერიოზულ პრობლემებს, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიაზე მობინადრე უპატრონო ცხოველები. ხელისუფლების უმოქმედობა და ნების არქონა ზრდის საზოგადოებაში არაჰუმანურობას, სისასტიკეს და უკანონობას, რაც ქვეყნისთვის დამღუპველ შედეგებს გვაძლევს. უნდა გვესმოდეს, რამდენად დამაზიანებელი შეიძლება გახდეს ქვეყნის მომავლისთვის გულგრილობა და უპასუხისმგებლობა, რადგან დაუსჯელობის სინდრომი და სისასტიკე განვითარებისა და პროგრესის პირდაპირი მტერია. 
"გუშინ" სისასტიკის მსხვერპლი უამრავი კომპანიონი ცხოველი იყო, "დღეს" უკვე მსხვერპლია კეთილშობილი, ცხოველთა მოყვარული ქალბატონი, რომელსაც აქვს მძიმე დაზიანებები თავის არეში, რისი ფოტო მასალაც გავრცელდა. როდესმე ეს უნდა შეჩერდეს, თუ გვინდა მომავალი და ღირსეული ადგილი გვქონდეს თანამედროვე მსოფლიოში. 


მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოს პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ცხოველთა უფლებების სფეროს, რადგან დაუცველ ცხოველზე ძალადობა და დამნაშავის დაუსჯელობა საშიში და არაჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების პირველი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი საფეხურია."
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?