რატომ უყვარს ამ მხატვარს ცხენებთან ერთად მინდვრებში შიშვლად სირბილი… (+ფოტო)
რატომ უყვარს ამ მხატვარს ცხენებთან ერთად მინდვრებში შიშვლად სირბილი… (+ფოტო)
ნიკ ტერნერის პირად და პროფესიულ ცხოვრებაში ერთადერთი მუდმივი რამ არსებობს - მისი კავშირი ცხენებთან.

ამერიკელმა მხატვარმა, რომელიც სხვადასხვა ჟანრითა და მიმართულებით მუშაობს, მოზარდობის პერიოდი საფრანგეთში გაატარა. ის იღებს ფოტოებს და ხატავს. მხატვრის ყოველ ნამუშევარში მისი ბუნებით, განსაკუთრებით კი ცხენებით გატაცება იკითხება.

ცოტა ხნის წინ ის ისლანდიაში გაემგზავრა სამხატვრო ორგანიზაცია Twyla-სთან ერთად და ცხენებთან ერთად ავტოპორტრეტებზე მუშაობა დაიწყო.

შედეგად, გამოვიდა ფოტოპროექტი, რომელიც იკვლევს სუფთა ენერგიასა და ადამიანში ცხოველური ინსტინქტის დაბრუნებას. ტერნერის შიშველი სხეული ულამაზეს ცხენებთან ერთად აბსოლუტურად ბუნებრივად ჩანს: მამაკაცის სხეულის მუსკულები ცხოველის
დაძარღვულ სხეულებს ერწყმის. ეს ყველაფერი საოცრად ლამაზია, მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობდა მხატვარი ფოტოების ამ სერიაში?

”ბავშვობაში სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ კი საფრანგეთში გადავედით, სადაც სწავლა მაღალ კლასებსა და უნივერსიტეტში გავაგრძელე. სიცოცხლის უმეტესი პერიოდი თავს დამკვირვებლად ვგრძნობდი და არა სოციალური ცხოვრების მონაწილედ. არც ერთ სოციალურ ჯგუფში არ შევდიოდი და ჩვეულებრივ, დიდ დროს ვუთმობდი ცხენოსნობას. სკოლის კონტაქტებისგან განსხვავებით, ცხენებთან ერთად თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი”.

”გარდა სპორტისა, მათ ვხატავდი, ფოტოებს ვუღებდი. შედეგად, მოგვიანებით საკუთარი თავიც ჩავრთე ცხენებთან ერთად პოზირებაში. მინდოდა, ვყოფილიყავი არა მხოლოდ ადამიანი, რომელიც ცხენებთან ერთად დგას, არამედ - ჯოგის წევრი გავმხდარიყავი”, - ყვება ტერნერი.

ტერნერის თქმით, ადამიანებისა და ცხენების მჭიდრო კავშირი იმითაა განსაზღვრული, რომ ისტორიის მანძილზე ცხენი ადამიანს ევოლუციაში უწყობდა ხელს. იმ ფაქტის აღქმით, რომ ცხენი ადამიანის სიცოცხლისა და განვითარების ფუნდამენტალური რესურსია, ადამიანი აფასებდა და იცავდა მას.

მხატვარი უკვე აღარ არის პროფესიონალი ცხენოსანი, მაგრამ მას ძალიან ამშვიდებს ცხენებთან ურთიერთობა. ის ამბობს, რომ ამ ცხოველებს თერაპიული თვისებები აქვთ.

ისლანდია მხატვარმა ბუნების საოცარი პეიზაჟების გამო აირჩია. ასევე, მას შთააგონებს ქვეყნის კულტურა და ისტორია. ეს ცხენების მოვლის კულტურას ეხება, გარდა ამისა, ისლანდიაში მცხოვრები ცხენების ამტანობას. იგი აღნიშნავს, რომ ისლანდიაში არის რაღაც ჯადოსნური. ისეთი შეგრძნება ეუფლება, რომ აი, ახლა კლდეებიდან გამოვა გველეშაპი. ის თავს რომელიღაც სათავგადასავლო რომანში წარმოიდგენს.

თავის ნახატებში, რომლებიც ისლანდიურ სერიებში შევიდა, ტერნერი ცდილობს, დააფიქსიროს არა მხოლოდ ის, რაც ნახა, არამედ - ემოციებიც.

როგორ მოხდა ის, რომ მან შიშველმა დაიწყო გადაღება? პირველად ეს საკუთარი თავის შესწავლის მიზნით მოხდა. როგორც ის აღნიშნავს, თავს აუტსაიდერად გრძნობდა, აკლდა თვითდაჯერება და ტერნერმა გადაწყვიტა გაერკვია, რატომ არ ყოფნიდა გამბედაობა. შემდეგ ეს ცხენების რემის ნაწილად ყოფნის სურვილში გადაიზარდა, სადაც ის თავის პირველყოფილ ინსტინქტებს აკვირდებოდა და ცდილობდა, თავი დიდი ეკოსისტემის ნაწილად ეგრძნო.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?