ჯიშიანი ცხენი თუშეთმა შემოინახა
ჯიშიანი ცხენი თუშეთმა შემოინახა
ცხენი - ეს მშვენიერი, ერთგული ცხოველი ადამიანს თან ახლდა ჭირსა თუ ლხინში, ბრძოლის ველზე თუ მინდვრად, ამიტომ მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ.

ომში მოკლულ ცხენს ისე დაიტირებდნენ, როგორც ახლობელს, კარგი ცხენი და იარაღი კი ვაჟკაცის განუყოფელ ატრიბუტად მიაჩნდათ.

თანამედროვე ეპოქამ ყველაფერი შეცვალა, მათ შორის, ცხენისადმი დამოკიდებულებაც, თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხენები გამორჩეულად უყვართ. მათ შორის არის ჩვენი სტუმარი, თბილისის ზოოპარკთან არსებული თბილისის ზღვის­ საცხენოსნო-სპორტული კლუბის ცხენების მწვრთნელი­ გია ღოღობერიძე.

- ცხენების რაოდენობა მთელ მსოფლიოში ძალიან შემცირდა, რა მდგომარეობაა საქართველოში?
- შეიძლება
ითქვას, ცუდი: ცხენი და მეცხენეობა ძირითადად, ენთუზიასტების იმედად დარჩა. ეს ის ხალხია, ვისაც ცხენები უყვარს,
უვლიან, შეძლებისდაგვარად ამრავლებენ და ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში ეს კულტურა არ დაიკარგოს. ძნელი სათქმელია, რამდენი ცხენია ამჟამად საქართველოში, მაგრამ არის რეგიონები, სადაც შედარებით მეტად არის გავრცელებული.

კერძოდ, სამტრედიაში, აბაშაში, მარტვილში, ფოთში, სადაც საცხენოსნო გუნდებიც ჰყავთ. ცხენებს ოჯახებშიც შეხვდებით, მათ თივის მოსატანად და ტვირთის გადასაზიდად იყენებენ. მათი რიცხვი შედარებით მეტია მთიან რეგიონებში, მაგალითად, თუშეთში, სადაც მესაქონლეობას მისდევენ. ცხენი კარგი დამხმარეა­ ზამთრის თუ ზაფხულის საძოვრებზე გადასვლისას.

- როგორც ვიცი, ცხენები გურიაშიც­ ჰყავთ...
- დიახ, გურიაში, ბახმაროში ყოველ­ ზაფხულს აუცილებლად იმართება დოღი, რომელიც ძალიან პოპულარულია.

- არსებობს ადგილობრივი ჯიშის ცხე­ნები?­

- საქართველოში ცხენის სამი სახეობა იყო გავრცელებული: ჯავახური, მეგრული და თუშური ჯიშის. დღეს მხოლოდ თუშური შემოგვრჩა, მეგრული და ჯავახური კი სუფთა სახით აღარ არსებობს.
მიზეზი ის არის, რომ XVIII-XIX საუკუნეებში მასობრივად შემოვიდა ინგლისური და არაბული ცხენები. ადგილობრივ ჯიშებთან აჯვარებდნენ მათ გასაუმჯობესებლად, მაგრამ ამის გამო ძველი გენი დაიკარგა და ცუდი შედეგი მივიღეთ: შეჯვარებისა და სისხლის არევის გამო, მეგრული და ჯავა­ხური ჯიშები დაიკარგა. ისინი თანდათან გადაგვარდნენ, მხოლოდ შერეული შემორჩა.

ისტორიამ შემოგვინახა ცნობები, რომ მეგრული ცხენი ძალიან ლამაზი იყო, პროპორციული სხეულით, სისწრაფითა და საუკეთესო საბრძოლო თვისებებით გამორჩეული. ძალიან ამტანი ყოფილა და ცუდ პირობებსაც კარგად უძლებდა. ჯავახური ცხენი უხეში თავითა და მოკლე, ღონიერი ფეხებით გამოირჩეოდა. მას იყენებდნენ, როგორც საომრად, ასევე სამუშაოდ. ტანით ჯავახური ცხენი უფრო დიდი იყო.
დღემდე მოვიდა მხოლოდ ერთი აბორიგენული ჯიში - თუშური. ის ფართოდ არის გავრცელებული თუშეთში და ინტენსიურად იყენებენ.
გენეტიკური ანალიზით დავადგინეთ, რომ თუშურ ცხენს თვითმყოფადობა შენარჩუნებული აქვს და სხვა ჯიშების გენები უმნიშვნელოდ აქვს შერეული. თუშური ცხენი იდეალურად არის შერწყმული გარემო პირობებთან, მკაცრ ზამთარსა და ცივ ზაფხულთან.
შედარებით ტანმორჩილია, ბუნებით დინჯი, ამტანი და კონტაქტური. აქვს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება: უკანა ფეხს ყოველთვის წინა ფეხის ნაკვალევში დგამს. მთის ბილიკებზე სიარულისას ეს ძალიან ფასეული თვისებაა. ეს ინსტინქტი შეუცვლელია თოვლში, ვიწრო ბილიკზე, სადაც ის შეიძლება გადაიჩეხოს.
თუშური ცხენები თბილისშიც ჰყავთ და ალვანის მეურნეობაშიც, სადაც დიდი რემა, ძირითადად, სწორედ თუშური ჯიშის ცხენებისგან შედგება. დანარჩენ­ საქარ­თველოში კი შერეული ჯიშის ცხე­ნებია.

Zooclub

- რომელი ჯიშებია დღეს მსოფლიოში­ დომინანტი?
- უმეტესობა არაბული, ინგლისური და ახალთექური ჯიშის ცხენებია. ისინი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. არაბული ცხენი მკაფიოდ გამოხატული თვისებებით არც ერთ სხვა ჯიშთან არ აგერევათ: ცოტა აპრეხილი ცხვირი აქვს და მოძრაობისას კუდს მაღლა სწევს. ინგლისური ჯიშის ცხენი უფრო დიდია და ძირითადად, სპორტული მიზნებისთვის გამოიყენება: დოღისთვის, წინააღმდეგობების გადალახვისას და სხვ. ახალთექური, იგივე თურქმენული ჯიშის ცხენი უძველესი ჯიშია. ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელის კარზე, ძირითადად, ახალთექური ჯიშის ცხენები ჰყავდათ. ისინი სპორტული მიზნებისთვის არ გამოიყენება. გამორჩეული ნიშნებია გრძელი სხეული, მაღალი კისერი და ლამაზი თავი. ახალთექური ჯიშის ცხე­ნიც არასოდეს აგერევათ სხვა ცხენებში, რადგან ის ფერითაც გამოირჩევა. არის ოქროსფერი, ჩალისფერი, ან უფრო მუქი ფერისა. შემდეგში სწორედ ამ ჯიშების გენეტიკური შერევით მიიღეს სხვადასხვა ჯიშის ცხენები.

- ბრძოლის ველზე რომელი გამოდგებოდა?
- ყველა იყენებდა იმ ჯიშს, რომელიც მის მხარეში იყო გავრცელებული. არაბები ბრძოლის ველზე არაბულ ცხე­ნებს იყენებდნენ. მათ მსუბუქი კავალერია ჰყავ­დათ. ჯვაროსნებს, პირიქით, მასიური ცხენებისგან შემდგარი კავალერია ჰყავდათ, ღონიერი ცხოველები სჭირდებოდათ, რომლებიც აბჯრიანი რაინდების ტარებას შეძლებდნენ. მონღოლები თავიანთი, ადგილობრივი ჯიშის ცხე­ნებით ომობდნენ. ეს განსაკუთრებული ჯიში არ იყო, თუმცა, გამძლეობით გამოირჩეოდა. იმდენი ჰყავდათ, რომ ცხე­ნი მათთვის ფასეულობას არ წარმოადგენდა. ერთი ცხენი რომ კვდებოდა, მის ნაცვლად ათი ეგულებოდათ.

- რომელია ყველაზე ძვირად ღირებული ჯიში?

- დოღისთვის მთელი მსოფლიო ინგლისურ ცხენებს იყენებს, თუმცა, არაბულ ცხენსაც ჰყავს მოყვარულები, რომლებიც მხოლოდ ამ ჯიშის ერთგული არიან. ყველა ჯიშიანი ცხენი ძვირი ღირს. მიმდინარეობს მკაცრი აღრიცხვა, როგორც წესი, ყველა ცხენის ხუთი თაობა მაინც არის ცნობილი. ეს აუცილებელია, მით უმეტეს, სპორტული თვალსაზრისით. ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა, სადაც დიდძალი ფული ტრიალებს.


- ჩვენ თუ გვყავს ასეთი ცხენები?
- რასაკვირველია, თბილისის თავლაში სუფთა არაბული ჯიშის ცხენიც არის, ინგლისურიც და ახალთექურიც. საბედნიეროდ, ენთუზიასტიც ბევრია. ამ ადამიანებს ჰყავთ ცხენები, საცხენოსნო კლუბები და საკუთარი თავლებიც აქვთ. მაგალითად, ერთ-ერთ ბიზნესმენს კარგი საცხენოსნო კლუბი აქვს მუხრანში. ასეთივე კლუბი არის ნატახტარსა და თბილისის იპო­დრომზე. ზოოპარკსაც აქვს კლუბი თბილისის ზღვაზე. ერთი სიტყვით, ამ მშვენიერ ცხოველს ჯერ კიდევ ბევრი ჰყავს დამფასებელი.

ყველაზე ძვირადღირებული ცხენები


1. ცხენი შარიფ­ დანსერი მისმა მფლობელმა 40 მილიონ დოლარად შეაფასა. სამწუხაროდ, ცხენმა ახალი პატრონის იმედი ვერ გაამართლა და ვერც ერთი შეჯიბრება ვერ მოიგო.

2. სიძვირით მეორეა წმინდა სისხლის ულაყი გრინ მანკი. 2006 წელს აუქციონზე 2 წლის გრინ მანკი 19,2 მილიონ დოლარად გაიყი­და.­ გრინ მანკი­ კეთილშობილი წარმოშობის ცხენია, მისი მშობელი კი სამგზის ჩემპიონია სხვადასხვა შეჯიბრებაში.

3. ულაყი ანიჰილატორი 1989 წელს პატრონმა 19 მილიონ დოლარად შეიძინა. ცხენს­ შოკოლადისფერი შეფერილობა და ულამაზესი ფაფარი ჰქონდა, თანაც, ძალიან სწრაფი იყო. მისი ღირსებები სათანადოდ დაფასდა.

კვირის პალიტრა
gaga
ვინც 19 მილიონ დოლარს ცხენში გადაიხდის ეგრევე ცოცხლად უნდა შეაჭამო მატლებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?