რატომ სჯობს თხის რძე ძროხისას?
რატომ სჯობს თხის რძე ძროხისას?
თხის რძე, ისევე როგორც ძროხისა, კაზეინის შემცველია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ შეიცავს ალფა-1S-კაზეინს, რომელიც რძეზე ალერგიის გამომწვევი ძირითადი ფაქტორია, ამიტომაც ძროხის რძეზე ალერგიის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია თხის რძე. კაზეინი ამინმჟავებით გაჯერებული ცილაა, რომელსაც ორგანიზმი ძალიან ნელა ითვისებს და ასევე ნელა გამოდევნის.


დიეტოლოგების აზრით, დროა, დიასახლისებმა შეიცვალონ აზრი ამ ერთი შეხედვით უწყინარ პროდუქტზე - რძეზე. მათი აზრით, ძროხის რძე მხოლოდ ხბოსთვის არის მისაღები , ისიც - სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე. ძროხის რძე მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ცილებს. თხის რძეში ცილების შემცველობა ნაკლებია.
ბავშვისთვის სწორედ ნაკლებკონცენტრირებული ცილებია საჭირო. ძროხის რძეში არსებულ ჭარბ ცილას ორგანიზმი მთლიანად ვერ ითვისებს, მისი
აუთვისებელი ნაწილისგან კი ტოქსიკური ცილოვანი მჟავები წარმოიქმნება, რომლებმაც შესაძლოა სათავე დაუდოს ალერგიას, ფილტვების ანთებას, ქრონიკულ რინიტს, ნუშურა ჯირკვლების ანთებას (ტონზილიტს), ადენოიდებს, რევმატულ დაავადებებს, გასტრიტს, კოლიტს, სიმსივნურ პათოლოგიებს.
რძის ფხვნილს, რომელსაც ნატურალური ძროხის რძის ალტერნატივად განიხილავენ, მრავალი დიეტოლოგი მიუღებელ პროდუქტად მიიჩნევს, ვინაიდან მასში მაღალია არაორგანული ნივთიერებების, მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ფერმენტების შემცველობა. თერმული დამუშავებისა და პასტერიზაციის შემდეგ სასარგებლო თვისებებს კარგავს ნატურალური რძეც. არსებობს ნაშრომები ორგანიზმზე პასტერიზებული რძის არასასურველი გავლენის შესახებ. ვერც შესქელებული რძის სასარგებლო თვისებების შესახებ მოისმენთ რამე სასიკეთოს - ის კონსერვირებული პროდუქტია და კადმიუმს შეიცავს.
თუ ყოველივე ზემოთქმულს შევაჯამებთ, თამამად შეიძლება დავასკვნათ: ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, რძე საერთოდ არ არის დიეტური პროდუქტი. ის უნდა განვიხილოთ როგორც უძვირფასესი ნედლეული, რომლისგანაც რძის ნაწარმი მზადდება.ასაკოვანმა ადამიანებმა რძის ნაწარმი ზომიერად უნდა მიიღონ. ზრდასრული, მით უფრო - ხანში შესული ადამიანისთვის მისი სიჭარბე არამც და არამც არ არის სასურველი.


თხის რძის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ძველ რომსა და საბერძნეთში მას ელენთის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებდნენ. შუა საუკუნეების ექიმი ავიცენა თხის რძეს სამკურნალო სითხედ მიიჩნევდა. ერთ-ერთი მითის თანახმად, ღვთიური თხა ამალთეა თავისი რძით კვებავდა ზევსს. თხის რძისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის ყველს, არაჟანს, ჩუმამაწონს და სხვა ნაწარმს. ფართოდ ცნობილი შვეიცარიული ყველის მრავალი სახეობა ძროხისა და თხის რძეთა ნარევისგან მზადდება. თხის რძეში ძროხისაზე გაცილებით მეტია სასარგებლო ნივთიერებები, მინერალები, ანტიოქსიდანტები, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა და მანგანუმი, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მათ შორის - ასკორბინის მჟავას (ჩ ვიტამინს), რეტინოლს (A ვიტამინს), თიამინს (B1 ვიტამინს), რიბოფლავინს (B2 ვიტამინს) და ციანკობალამინს (B12 ვიტამინს). 100 გრამი თხის რძის ენერგეტიკული ღირებულება 68 კილოკალორიაა.

სასარგებლო თვისებები

თხის რძე შეუცვლელია კუჭისა და მხედველობის ორგანოს დაავადებათა დროს, დიათეზისა და ძვლოვანი ქსოვილის დემინერალიზაციის პროცესში. სხვა ცხოველების რძესთან შედარებით მას მრავალი უპირატესობა აქვს. მაგალითად, მასში ძროხის რძეზე გაცილებით მეტია კალიუმი, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის. გარდა ამისა, ის მდიდარია კობალტით, რომლის გარეშე წარმოუდგენელია სისხლის წარმოქმნა. თხის რძეს ზოგიერთი სპეციალისტი ქალის რძესაც კი ადარებს, რადგან მასში ბევრია ბეტა-კაზეინი. თხის რძე აუცილებელია რაქიტით დაავადებული ბავშვებისთვის. ის შეიცავს სიალის მჟავას, რომელიც შედის ორგანიზმის ბუნებრივი ბარიერული სისტემის სტრუქტურაში. თხის რძის ცილების უმრავლესობა ალბუმინებითაა წარმოდგენილი. ალბუმინები უკეთ ურთიერთქმედებს კუჭის წვენთან, იოლი ასათვისებელია და არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ დარღვევებს. თხის რძის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ნაკლებცხიმიანია. ცხიმების შემცველობა მასში 4%-მდე მერყეობს. ეს 4%-იც კი სრულად აითვისება და, რაც მთავარია, არ გროვდება ორგანიზმში. თხის რძე ლაქტოზის მცირე შემცველობით გამოირჩევა. ძროხის რძეში - დაახლოებით 13%-ით, დედის რძეში კი 41%-ით მეტი ლაქტოზაა, ვიდრე თხის რძეში, ეს კი მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს. ამასთან, თხის რძით გამოწვეული დიარეის შემთხვევები პრაქტიკულად გამორიცხულია.


გამოყენებულია mkurnali.ge-ს მასალა
jaba
ცოტათი გემო აქვს არც ისე სახარბიელო თხის რძეს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?