გიორგი ქორქიას შვილს სიარული ძაღლმა ასწავლა
გიორგი ქორქიას შვილს სიარული ძაღლმა ასწავლა
ცხოველები არის თემა, რომელზეც გიორგი ქორქია სიამოვნებით საუბრობს . ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ''რუსთავი 2''-ის ტელეწამყვანი ერთი პერიოდი ზოოპარკში ცხოველების მომვლელად მუშაობდა. ახლა ციმბირული ჰასკი ჰყავს, სიუქსი, რომელიც უკვე 5 წლისაა. ერთი თვისაც არ იყო, სახლში რომ მოიყვანა და მასზე პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო.

- სანამ ვაკეში, დედაჩემის სახლში ვცხოვრობდით, ქუჩის ძაღლი გვყავდა. მაშინ 3-4 წლის ვიყავი, კარგად არც მახსოვს, მაგრამ ცხოველებთან შეხება იმ დროიდან მქონდა. 8-9 წლის ასაკში დავიწყე ცხენოსნობაზე სიარული. დიდი ხნის განმავლობაში ნაკრებშიც ვთამაშობდი და
სულ მყავდა ცხენი. 12 წელი ვიყავი ამ სპორტით დაკავებული. თბილისის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორიც გახლდით.
საერთაშორისო მასშტაბებზე არ გავსულვარ. ერთ ცხენს, რომლითაც ვასპარეზობდი, დევიზი ერქვა.

- თავიდან ცხენზე ჯდომის არ შეგეშინდა?
- არა. რაც არ მაქვს, ეს ცხოველის შიშია. არც გარეულის მეშინია და არც შინაურის. მიუხედავად იმისა, რომ 300-ჯერ მაინც ვარ ცხენიდან გადმოვარდნილი, აქედან ნახევარი მაინც ჩემი ბრალი იყო. ცხენიდან თუ გადმოვარდები, იმწუთასვე თუ არ ადექი და ისევ არ დაჯექი, შიში შეგიპყრობს და იმავეს გაკეთება მერე მართლა გაგიჭირდება. ერთხელ ტურნირი ხელმოტეხილმა გავაგრძელე. მერე, 90-იანებში ვეღარ ვახერხებდი სწავლას, მუშაობას და ცხენოსნობას ერთად. თან ქვეყანაში ყველაფერი აირია და შევეშვი ამ სპორტს.

- ნოსტალგია არ გაქვს?
- კი, ყოველთვის მქონდა. და როცა მომინდება ხოლმე, იპოდრომზე ავდივარ და ცხენზე ვჯდები. ახალ ცხენზე რომ ჯდები, ის გამოცდას გიწყობს. თავს ცხენზე მუხლებით იმაგრებ, თუ მუხლი აგიკანკალდა, ჩათვალე, რომ ძირს ხარ. ცხენი გრძნობს, რომ გეშინია და გაგდებს. ძაღლი რატომ გკბენს? ადრენალინს გამოყოფ და ამას გრძნობს ძაღლი. ასევეა ცხენიც.

- შენთვის ძაღლს თუ უკბენია?
- კი, საკუთარსაც.

- რა ძაღლი გყავს?
- ხუთი წლის წინ მომინდა, მყოლოდა ციმბირული ჰასკი. მაშინ ეს ჯიში ბევრი არ იყო ქალაქში, სულ რამდენიმე ცალი. ოჯახის წევრებიც ნორმალურად შეხვდნენ ჩემს ამ ახირებას, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი სულ ამბობდა, სახლში ძაღლს რა უნდაო. ეზო გვაქვს, მაგრამ ჰასკის ეზოში ცხოვრება არ შეიძლება. ეს ის ჯიშია, რომელიც გარბის, იმიტომ არა, რომ პატრონს გაურბის, ამ ჯიშის დანიშნულება სირბილია. მარხილში აბამენ. ჰორიზონტს რომ ხედავს, გარბის.

- მერე აღარ ბრუნდება უკან, პატრონთან?
- ქალაქში იკარგებიან. იმდენად უკონფლიქტოა, ნებისმიერს შეიძლება ჩაუჯდეს მანქანაში და გაჰყვეს. ჰასკის მოპარვა ადვილია... ჩემი ძაღლი 25 დღის იყო, ჩემმა მეგობარმა კინოლოგებმა იაფად რომ მაყიდვინეს. ფაქტობრივად, საფასურის ნახევარი გადავიხადე - 400 დოლარი. მას მერე ერთად ვართ.

- მაინცდამაინც ჰასკი რატომ მოგინდა?
- იმ პერიოდში ბავშვს ველოდებოდი, ვიფიქრე, ბავშვი და ძაღლი კარგი იქნება ერთად-მეთქი.

- ვიცი, რომ ძაღლები პატარა ბავშვებზე ეჭვიანობენ.
- ეჭვიანობენ, მაგრამ შენ უნდა დაალაგო ურთიერთობები. ძაღლს არ უნდა მისცე ამის საფუძველი. სახლში რომ მივდივარ, ჯერ ძაღლს ვეფერები და მერე ბავშვს. ბავშვი რომ გაჩნდა, ძაღლი საწვრთნელ ბაზაზე გავუშვი. სამი თვის განმავლობაში იქ იყო. რომ დავაბრუნეთ, ჩემი შვილი უკვე სამი თვის დახვდა. ერთმანეთს ადვილად შეეგუვნენ. მეტსაც გეტყვით, სიარული ჩემს შვილს ძაღლმა ასწავლა.

- როგორ?
- აი, ასე, ხოხვა არ დაუწყია ბავშვს. ფეხზე დადგა თუ არა, ძაღლი გვერდში ამოუდგა და გაიარა. ორი დღე ატარა ასე ოთახებში და ისწავლა სიარული. ფაქტობრივად, ჭოჭინის ფუნქცია შეასრულა. ჰასკი ყველაზე ერთგული ძაღლია. მდედრობითი სქესი განსაკუთრებით. რბილი ხასიათი აქვთ, უფრო ადვილად იწვრთნებიან.

- მდედრობითი სქესის ძაღლებს მეტი პრობლემაც აქვთ. მაგალითად, მამრები დასდევენ...
- ჩემს ძაღლს არ დასდევენ. ჰასკისთან ჩხუბს სხვა ძაღლები ერიდებიან. რატომ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მოჩხუბარი ჯიში არ არის, მაგრამ თუ მოუწია, მიაკლავს თავს, უკან არ დაიხევს.

- ძაღლის მთავარი პრობლემა სახლში არის ბეწვი. ამას როგორ უმკლავდებით?

- ეს მართლაც პრობლემაა. ახლაც ჩემი ძაღლი ბეწვს იცვლის და მუდმივად ყურადღება უნდა. დღეში ორჯერ ვვარცხნი, როცა გარეთ გამყავს და დღის განმავლობაში მტვერსასრუტით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას. შავი ტანსაცმელი, ფაქტობრივად, აღარ მაქვს (იცინის), მაგრამ არ ვწუწუნებ, ისე გვიყვარს ყველას... თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული, რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებდი საკუთარ თავზე, როცა ძაღლი მომყავდა სახლში. არ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც ჰასკი იმიტომ მიჰყავთ სახლში, რომ ცისფერთვალება თოჯინა ჰყავდეთ. მერე სამ თვეში ჰბეზრდებათ და კარს უღებენ. ქუჩაში სეირნობის დროს თუ გაექცევათ, პირიქით უხარიათ. ზოგს ენანება მხოლოდ იმის გამო, რომ ძვირი აქვს გადახდილი და სხვას ჩუქნის. ეს ყველაზე კარგი გამოსავალია მსგავსი სიტუაციიდან, თან თუ იცი, რომ სანდო ოჯახს აძლევ.…
მე ერთადერთი ცხოველი ვიცი, ძაღლი, რომელსაც ადამიანი უყვარს ადამიანებზე მაგრად. პირდაპირ გეტყვი, ასეთი ერთგული ძმაკაცი არ მყავს. ზუსტად ვიცი, არც ერთ ვარიანტში არ გამყიდის. ერთხელ ქუჩაში ვასეირნებდი ძაღლს და ბავშვს ერთად. ძმაკაცი შემხვდა, ბავშვს მოეფერა, ხელი რომ არ მიმეშველებინა, სახეს მოაჭამდა. ძაღლს რომელსაც აგრესია არ აქვს, უცბად გადაეკეტა.

- შენ რატომ გიკბინა?
- სხვა ძაღლს ეჩხუბებოდა, ჩვენს ეზოში ნახა. მივედი, რომ გამომეთრია და ჩამავლო.

- როგორ სჯი?
- გაზეთი საუკეთესო საშუალებაა, მტკივნეულიც არ არის და თან ხვდება, რომ დააშავა. ხელის დარტყმა არ შეიძლება. ერთი-ორჯერ კი დავარტყი, მაგრამ ჭკუა ნამდვილად ისწავლა. ყურადღება თუ მოაკლდება, შეიძლება, წინდები მოიპაროს და დემონსტრაციულად დადოს შუა ოთახში, მოვიპარე და არ დავღეჭეო.
ყველაზე დიდი სასჯელი ძაღლისთვის მაინც იგნორია, ამას ურჩევნია, მაგრად სცემო. ძირითადად, ბავშვის წინდებს ერჩოდა, ჭამდა და მერე, იმის გამო, რომ ვერ ინელებდა, აღებინებდა. რეზინის სათა-მაშოებსაც ჭამდა. ბავშვის სათამაშოებს იპარავდა. ერთი-ორჯერ თითი დავუქნიე, სათამაშო ბავშვთან მივიტანე, ამით მივახვედრე, რომ ეს მისი იყო და არა ძაღლის. ერთხელ იცი, რა გააკეთა, თავისი სათამაშო მიუტანა ჩემს შვილს და იმისი წამოიღო, გაუცვალა. ინდიელებმა რომ იციან, ბუმბულს რომ უცვლიან პიჯაკში ტიპებს (იცინის), დაახლოებით ეგ გააკეთა.
სახელიც უცნაური ჰქვია ჩემს ძაღლს, ''სიუქსი'' ჩემი საყვარელი მუსიკალური ჯგუფის სახელია. თან სიუქსები ინდიელების ტომია, რომლებმაც პირველებმა შეაბეს ძაღლები მარხილებში. ჰასკიც ხომ მარხილის ძაღლია. აქედან გამომდინარე დავარქვი ეს სახელი….
მოკლედ, ძალიან მიყვარს ცხოველები. იყო პერიოდი, როცა ზოოპარკში მოხალისედ ვმუშაობდი. მარტორქას ვუვლიდი, ვწმენდდი, უფრო სწორად, ვატალახიანებდი. საჭმელს ვაჭმევდი ირმებს, ვაკეთებდი ყველაფერს, რისი გაკეთებაც შემეძლო. უბრალოდ, მომინდა, ცხოველებს დავხმარებოდი. ეს განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალებაა, ძილს ცხოველებთან ურთიერთობა მირჩევნია.

- მარტორქასთან მარტო გალიაში არ გეშინოდა?
- არა, ხომ გითხარი, ცხოველის არ მეშინია. მერე ბევრი საქმე დამიგროვდა ტელევიზიაში და ვეღარ მოვახერხე ზოოპარკში მოხალისეობა. როგორც კი გამოვნახავ დროს, ისევ დავბრუნდები.

- დასასრულ, რაიმე ურჩიე მათ, ვისაც ჰყავს ან სურს იყოლიოს ძაღლი შინ.
- უპირველესია იმის კარგად გაცნობიერება, უნდათ თუ არა ძაღლი სახლში, რა ჯიში უნდათ და რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. აუცილებელია, ძაღლი პროფესიონალ მწვრთნელთან მიიყვანოთ. სამი თვე საკმარისია იმისთვის, რომ ძაღლს ჩვევები ჩამოუყალიბდეს, უფროსად გაღიაროს და დაგიჯეროს.… ბავშვზე მეტი მოვლა სჭირდებოდა ძაღლს. ბავშვს სხვა მომვლელებიც ჰყავდა სახლში და ძაღლს მარტო ვუვლიდი. ახლა, როცა ჩემი შვილი ჩემთან არის, სიუქსის ერთად ვასეირნებთ. შადრევნებში ერთად დარბოდნენ, ძალიან რომ ცხელოდა.

- საყელურის გარეშე დაგყავს ჰასკი ეზოში?
- სკოლამ კარგად გაწვრთნა. სიუქსი, მგონი, ერთადერთი ჰასკია თბილისში, რომელსაც საყელურის გარეშე ვუშვებ.

- დიდი ხნით რომ ტოვებ, ხელახალი შეხვედრისას როგორია?
- დიდი ხნით არასდროს დამიტოვებია, მაქსიმუმ 3-4 დღით.

- დასასვენებლად რომ მიდიხარ, თან მიგყავს?
- არ მივდივარ დასასვენებლად.

- როგორ, ხუთი წელია, დასასვენებლად არ ყოფილხარ?
- არა. შარშან ვიყავი ერთი კვირით გასული თბილისიდან.

- მერე, როგორ შეგხვდა?
- ძალიან გაუხარდა, მაგრამ ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ახლაც მთელი დღის განმავლობაში სახლში რომ არ ვარ, რომ ვბრუნდები, უხარია (იღიმება). ჩემს ზურგჩანთას რომ ხედავს, დეპრესია ეწყება. საერთოდ, შემოსასვლელ კართან წევს, მაგრამ წასასვლელად გამზადებულს რომ მხედავს, დგება და სხვა ოთახში გადის. არც მაცილებს, იბუტება. კარადის ქვეშ შეძვრება და წევს. რომ გავდივარ, კართან წვება და მთელი დღე იქ მელოდება.


ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
noe
გიო შე მაგარო. მაგრად მიყვარხარ
bebe
ღმერთმა ბედნიერება არ მოგაკლოს შენ და შენს ოჯახს.
nini
მეც ჰასკი მყავს ძუ და ზუსტად ესეთ ფერებში, ყველაზე საყვარლები არიაააააააააააააააააააან
ნანა ერისთავი
ბრავო!!!!!
archil
პროსტო მაგარია!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?