ფრთხილად! როცა სახლში ცხოველია...
ფრთხილად! როცა სახლში ცხოველია...
ზოოპარკის კონსულტანტი, ვეტერინარი აკაკი რუაძე ამ სფეროში 30 წელზე მეტია მუშაობს. ბატონი აკაკი გვესაუბრება იმ დაავადებებზე, რომლებიც შესაძლოა, ადამიანებს ცხოველებისგან გადაეცეს. როგორ უნდა დავიცვათ თავი, წაიკითხეთ საინტერესო რჩევები სპეციალისტისგან.

- დღესდღეობით ძაღლებისგან გადამდები ყველაზე საშიში დაავადება არის ცოფი, რომელიც არ იკურნება. პროფილაქტიკური ღონისძიება არის ძაღლებისა და კატების აცრა, რის შემდეგაც საშიშროება ნაკლები იქნება.
გარდა ამისა, არსებობს ასეთი დაავადება - ლეპტოსპეროზი, მწვავე ინფექცია, რომელიც გადადის ცხოველთან უშუალო კონტაქტით. შესაძლოა, ადამიანმა ცხოველს ეს დაავადება ვერც შეამჩნიოს, მაგრამ ძალიან საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, იწვევს ბავშვის
დაკარგვას. ლეპტოსპეროზს ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ძლიერი ტკივილი, თირკმლების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის
დაზიანება, მძიმე შემთხვევაში – სიყვითლე, მენინგიტი და ა.შ. ეს დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის, ბევრმა იცის ძაღლების კოცნა, მოფერების შემდეგ ხელს არ იბანენ და ასეთი ხელებით შეიძლება, საჭმელიც ჭამონ, ამის შედეგად კი ავადდებიან.

დაავადება ბრუცელოზი ყველამ იცის, ის საქონლიდან გადადის, უჩნდება ძაღლებსაც, მაგრამ რატომღაც მხოლოდ საქონელს ამოწმებენ. შეიძლება, ძაღლმა დალიოს ახალი ჩამოწველილი რძე და დაავადდეს. მისი გამონაყოფი მასა ინარჩუნებს ამ დაავადების მიკრობებს და ვრცელდება. სხვათა შორის, ბრუცელოზი ძალიან რთულად იკურნება, არსებობს სპეციალური სასაკლაოები, სადაც ამ დაავადების მქონე ცხოველებს ამუშავებენ და ხოცავენ.

პარაზიტულ დაავადებებს შორის საშიშია ექინოკოკი, რომელიც განვითარების რთულ ციკლს გადის და ხვდება ძაღლების ორგანიზმში. ძაღლები არიან ამ დაავადების ძირითადი მასპინძლები, შუალედური მასპინძლები კი - ძროხები, ცხვრები, შეიძლება, ღორებიც. მათ ორგანიზმში ვითარდება ბუშტები, ანუ ცისტები, რომლებიც სავსეა პარაზიტის თავებით. შეიძლება, ეს ბუშტი შეჭამოს ძაღლმა და პარაზიტები მის ორგანიზმში ხვდებიან. ფეკალურ მასასთან ერთად გამოდის ამ პარაზიტის ფრაგმენტები, თანდათან ძვრება მასას, მოძრაობს და ამ მოძრაობის შედგად ძაღლის ბეწვებზე მაგრდება. მისი გადაყლაპვის შედეგად კი ეს პარაზიტი ხვდება ადამიანის ორგანიზმში. ამიტომაც აქვს ხალხს წარმოდგენა, რომ თუ ბეწვს გადაყლაპავ, ექინოკოკი გაგიჩნდება. თუ ძაღლს ეს დაავადება არ აქვს, მხოლოდ ბეწვის გადაყლაპვა მას ვერ გააჩენს. თითქმის შეუძლებელია, ეს დაავადება ოთახის ძაღლს გაუჩნდეს, სამაგიეროდ, შეიძლება დაავადდეს ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ჰყავს ცხოველები სახლში. მე მყავს ქირურგი ძმა, ვკითხე, ექინოკოკის ოპერაცია ვისაც სჭირდება, ცხოველი თუ ჰყავს სახლში-მეთქი. აღმოჩნდა, რომ უმეტესობას არ ჰყავს ცხოველი. ეს დაავადება ხშირ შემთხვევაში გადადის მწვანილიდან, ამიტომ მისი კარგად გარეცხვაა საჭირო.

Zooclub

- კატებიდან რა სენი შეიძლება გადაედოს ადამიანს?

- ტოქსოპლაზმოზი პარაზიტული დაავადებაა, რომელიც გავრცელებულია კატებში და შეიძლება ითქვას, კატების ნახევარზე მეტი ამ დაავადების მატარებელია. რადგან არანაირი სიმპტომები არ ახასიათებს, ადამიანებზე გადადის კონტაქტის მეშვეობით და მათაც არ აღენიშნებათ არაფერი. ადამიანი მარტივად ეჩვევა ამ დაავადებას. ვისაც კატა ჰყავს, უმრავლესობა დაავადებულია, მაგრამ ორგანიზმი და ეს დაავადება რაღაცნაირად სიმბიოზშია ერთმანეთთან, არ ვგულისხმობ გართულებულ შემთხვევას. გამწვავების დროს ადამიანს უვითარდება თვალის ლორწოვანი გარსის ანთება კონიუნქტივიტი, ზოგ შემთხვევაში საქმე სიბრმავემდეც მიდის. თუმცა, საკმარისია ორგანიზმის დამცველობითი ძალები შესუსტდეს, დაავადება თავს იჩენს. ეს დაავადება შეიძლება, კატისგან გადაეცეს ძაღლს და შემდეგ ადამიანს.

- რა გავაკეთოთ, თუკი გვაქვს ალერგია ცხოველებისა და ფრინველების მიმართ?
- ალერგიას არ იწვევს ბეწვი, ზოგი ცხოველის ან ფრინველის მიერ გამოყოფილ ცხიმს ვერ იტანს, ზოგი - ქერტლს და აღიქმება, როგორც ბეწვის ალერგია, თორემ რეალურად ასე არ არის. თუ ადამიანი აპირებს ცხოველის აყვანას, ჯერ უნდა გაარკვიოს, არის თუ არა ალერგიული მის მიმართ. არსებობს სპეციალური სინჯები, თუმცა ამის გარეშეც შეგიძლიათ, ესტუმროთ მას, ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს, ერთი-ორი საათი გაჩერდეთ, იკონტაქტოთ ცხოველთან და თუკი სახლში დაბრუნების შემდეგ დაგეწყოთ ცემინება, რეფლექტორული ხველება, მაშინ ჯობს, ცხოველი შინ არ მიიყვანოთ.

- სამზარეულოში შინაური ცხოველის სიარული, მათთან ერთად ძილი ნორმალურია?
- თუ ძაღლი ჯანმრთელია, ეს ყველაფერი საშიში არ არის. მქონია შემთხვევა, როცა ადამიანს ჰქონია ალერგია ცხოველებზე, შვილის დაჟინებული თხოვნით, ოჯახში მიუყვანიათ პატარა ლეკვი, ძალიან საყვარელი, იმ ადამიანს კი ალერგია გაჰქრობია, დღემდე ლოგინში უწევს. როდესაც ორგანიზმი ეგუება ცხოველთან ერთად ცხოვრებას, ალერგია ქრება, მაგრამ საკმარისია, ცხოველს რამდენიმე თვით მოშორდეს, მისი დაბრუნების შემდეგ ალერგია ისევ იჩენს თავს.


ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

nini
ჩემს ლეკვს ისე ვუვლი ბევრი თავის შვილს არ უვლის ეგრე, ჩემი ლეკვი მოვლილია, ჯანმრთელია, ლოგინშიც მიწევს და იმდენს ვკოცნი ვჯმუჯნიი. ასე რომ დაავადებები იმათთვისაა საშიში ვინც რეგულარულ აცრებს არ უკეთებს ცხოველს და არ უვლის.
liza
თუ ცხოველს უვლი და ყველა საჭირო აცრას დროულად უკეთებ, არაფერი გადაგედება. ჩემ ძაღლს ჩემთან სძინავს, სულ ვკოცნი და თუ ისეთ რამეს ვჭამ რომ მას არ ავნებს ჩემი თეფშიდანაც მიირთვას არაა პრობლემა. სამაგიეროდ ბავშვივით ვბან, კბილებს ვუხეხავ, ვვარცხნი, სპეციალური ძაღლის სუნამოსაც ვასხავ და არ გეგონოთ სხვა საქმე არ მქონდეს, დილიდან საღამომდე ვმუშაობ, ოჯახსაც ვუვლი და ბევრ ვითომ ცხოველებს რომ სიბინძურედ თვლიან იმ ხალხზე მეთად სუფთად მაქვს სახლი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?