გოგონა, რომელსაც სახლში გველები ჰყავს, ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში მიიპატიჟეს
გოგონა, რომელსაც სახლში გველები ჰყავს, ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში მიიპატიჟეს
23 წლის თეკლა კვაჭაძე სტუდენტია, სწავლობს ზოოვეტში. სურვილი აქვს პალეონტოლოგიას დაეუფლოს და შესაბამისი განათლების მიღებას აპირებს. ახლა ზოოპარკში მუშაობს, ეგზოტარიუმის მომვლელია და ამას სიამოვნებით აკეთებს. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეგზოტიკური ცხოველების კოლექციონერობა ჩვეულებრივი რამ არ არის. თბილისში გველები, მორიელები და ობობები სახლში ცოტას თუ ჰყავს. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ თეკლა და მას ამ გატაცების შესახებ დაწვრილებით გამოვკითხეთ.

- ცხოველები ბავშვობიდან მიყვარს. გველების, ხვლიკებისა და ისეთი ცხოველების ინტერესი, რომელიც ბევრში ზიზღის გრძნობას იწვევს, ადრეულ ასაკში გამიჩნდა. მაინტერესებდა, რატომ ეზიზღებოდა ხალხს. ხან ხვლიკები მომყავდა
სახლში, ხან მდინარის კიბორჩხალები, ხან ობობებს ვიჭერდი ტყეში და სახლში მოვათრევდი.
- როგორც ვიცი, კორპუსის
ბინაში ცხოვრობ, ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ ამ უცნაურ გატაცებაზე?

- მაქსიმალურად მიწყობდნენ ხელს, რომ ეს ინტერესი დამეკმაყოფილებინა. ერთი ძმა მყავს, ჩემზე უფროსია, მამა ჩვენთან არ ცხოვრობს.
- როგორ აჯობე უფროს ძმას იმაში, რომ სახლის დიდი ნაწილი შენს განკარგულებაშია, მასაც აქვს მსგავსი ინტერესი?
- (იღიმება) არა, იძულებულია, ეს ყველაფერი აიტანოს. გატუტუცებული ბავშვი ვიყავი და ამ ახირებებს მპატიობდნენ. პირველად შინ გველი რომ მოვიყვანე, 18 წლის ვიყავი. ეს არ ყოფილა სიურპრიზი ოჯახისთვის, დედას წინასწარ შევუთანხმდი. მთელი ოჯახი ელოდებოდა.
- გველი საიდან მოიყვანე?
- ერევნიდან ჩამომიყვანეს, წარმოშობით სამხრეთ ამერიკიდანაა. ეს იყო ბარტერული გაცვლა, რამდენიმე აქაურ შხამიან გველზე გავცვალე. მაშინ უკვე ზოოპარკში ვმუშაობდი, აქ 16 წლიდან ვმუშაობ. ორწლიანი პრაქტიკის შემდეგ ჩამოვყალიბდი, რა მინდოდა. როცა უკვე მივხვდი, რომ შევძლებდი გველების მოვლას, ტერარიუმის აწყობას, გველი შინ მოვიყვანე.
- ე.ი. გველებს სახლიც თავად მოუწყვე?
- კი, ელიავაზე ვიყავი. შევკარი ''ფანერკები'', დავამაგრე მინები...
- მეზობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ნორმალური, მეზობლური. იციან, რომ მათ მეზობელს ასეთი გატაცება აქვს და ისიც იციან, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. უკვე ხშირად აღარ მსტუმრობენ, მაგრამ ნამდვილად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ის გველები, რომლებიც მე მყავს, სრულიად უვნებელია.
- რა გველები გყავს სახლში?
- ერთი მახრჩობელა, ორი გუტატა - სიმინდის მცურავი და ორი ობსოლეტა - ნარინჯისფერი მცურავი.
- ალბათ, მათი გამოკვება პრობლემაა?
- არანაირად. ძაღლის გამოკვება ბევრად ძვირი მიჯდება, ვიდრე გველების, ობობებისა და მორიელების ერთად. თაგვებსა და ვირთხებს მიირთმევენ. ამას სამედიცინო ინსტიტუტში ვყიდულობ.
- მერე, თაგვები და ვირთხები არ გეცოდება, გველებს რომ აჭმევ?
- ისინიც მეცოდებიან, მაგრამ ბუნების კანონია, ასე იკვებებიან გველები ბუნებაში, არაფერს ვარღვევ.
- ძაღლს როგორი ურთიერთობა აქვს ოჯახის ბინადარ ეგზოტიკურ ცხოველებთან?
- კოჰაბიტირებულები არიან, ერთმანეთს არ ერჩიან. ჩემი ლაბრადორი 9 თვის იყო, რომ მოვიყვანე და მას მერე ერთად არიან. 2 დეკემბერს ჩემი ''ოდრი'' ორი წლის ხდება. დაბადების დღეს ვუხდი ''მზიურში'' და გეპატიჟებით.
- მადლობა, ჩემს ლაბრადორთან ერთად გესტუმრებით... გველები ტერარიუმიდან გამოგყავს ხოლმე?
- როცა სახლში მარტო ვარ, ან ჩემნაირი მეგობრები მსტუმრობენ. ზოგს უნდა მოეფეროს, უფრო ახლოს ნახოს, ფოტო გადაიღოს მასთან და მერე ''ფეისბუქზე'' იმარიაჟოს (იღიმება).
- გამოდის, რომ ჩვენ, ვისაც გველების გვეშინია, უსაფუძვლოდ ვშიშობთ?
- საფრთხე რეალურია, თუ შხამიან გველთან გაქვს საქმე. მახრჩობელა, მცურავი გველი არ არის საშიში. ჩემთვის ძალიან ბევრჯერ უკბენია თუნდაც პითონს, მაგრამ არაფერია.
- რატომ გიკბინა?
- ჩემი ბრალი იყო, მკვეთრი მოძრაობა გავაკეთე და გავაღიზიანე. ნაკბენი საშიში არ არის. გველს არანაირი ბაქტერია არ აქვს, დაიმუშავებ სპირტით ან სარეცხის საპნით ჩამოიბან, სულ ესაა. გველის კბენა ნემსის ჩხვლეტასავით არის, ოღონდ ბევრი ნემსი რომ გიჩხვლიტონ, დაახლოებით ასეთი შეგრძნებაა.
- თეკლა, გველები გიყვარს თუ გეამაყება, რომ სხვებისგან განსხვავებით, მათთან ურთიერთობა შეგიძლია?
- ყველას შეუძლია, უბრალოდ, საკუთარ თავს უნდა აჯობონ. მე მიყვარს გველები, ლამაზები არიან, ჩემთვის ლამაზია თუნდაც მათი ნადირობის სცენა... გველი არ არის რთულად მოსავლელი. კვირაში ერთხელ უნდა აჭამო, კვირაში ერთხელ გამოუცვალო წყალი, დაუსუფთაო და ტემპერატურა აკონტროლო. გველებს სითბო სჭირდებათ.
- გველების გამრავლების მცდელობა გქონია?
- კი, მქონდა. გუტატები გავამრავლეთ და მერე გავაჩუქეთ.
- გააჩუქე?! ვინ იჩუქა?
- ჩემ გარდა არიან სხვა გიჟებიც (იცინის).
- თეკლა, 23 წლის ხარ, გასათხოვარი, შენმა მომავალმა შეყვარებულმა გატაცება რომ არ მოგიწონოს, როგორ მოიქცევი?
- თუ შენი გატაცება არ მოსწონს, პატივს არ სცემს, ის შენი ყურადღების ღირსიც არ არის.
- გქონია პრეცედენტი, როცა ამის გამო ბიჭს უკან დაუხევია?
- არა, პირიქით (იღიმება).
- ვინმეს გაუპროტესტებია შენი უცნაური გატაცება?
- კი, ბევრს უკვირს, ზოგს სატანის მოციქული ვგონივარ ამის გამო. ევა ხომ გველმა აცდუნა, ამ ლოგიკით მე სატანისტი ვყოფილვარ (იცინის). ამაზე მხოლოდ მეცინება.
- კიდევ რა გატაცება გაქვს?
- ნუმიზმატიკა მიტაცებს, მონეტებს ვაგროვებ, ეგზოტიკური ცხოველებისგან ვაკეთებ ფიტულებს, მიყვარს ფოტოგრაფია, ლაშქრობა, სპორტი.
- სპორტთან შეხება რომ გაქვს, მაშინ მივხვდი, ის უშველებელი გველი რომ შემოიგდე კისერზე.
- (იცინის) დილაობით ძაღლებს ვასეირნებ, ესეც ჩემი სამსახურია. მივდივარ ძაღლის პატრონთან, მომყავს ძაღლი და ახლომდებარე პარკში ან სტადიონზე ვასეირნებ. ცოტა მსუქანი რომელიც არის, ვარბენინებ.
- შენზე ''გიჟებიც'' არსებობენ? კიდევ ვის ჰყავს უცნაური ცხოველები სახლში?
- ერთს პინგვინი ჰყავს, მაგრამ იმასთან, მგონი, ინტერვიუს ვერ ჩაწერთ. სხვათა შორის, ძალიან მინდოდა მისი ზოოპარკის დათვალიერება. დავრეკე და მითხრეს, არ არის პრობლემაო. მერე თავად ვერ მოვიცალე და რატომღაც მივივიწყე ეს თემა.
- თუ კვლავ გადაწყვეტ, გაგვაგებინე, გამოგყვებით ფოტოკამერითა და დიქტოფონით... კიდევ რომელი ცხოველის ყოლას მოისურვებდი შინ?
- მინდა, ჩემი საკუთარი ზოოპარკი მქონდეს. შეძლებისდაგვარად, ამ ოცნების ახდენას ვეცდები.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
ქეთი
პ.ს. ორთოგრაფიული შეცდომების გამო ნუ გამკიცხავთ, უცებ დავაჭირე ენთერს:))
ქეთი
გაუგებრად რა წერია: გველები ამას ჰყავს, დაინტერესდა კერძო ზოოპარკით (მით უნეტეს, ოცნებობს ჰქონდეს საკუთარი კერძოლ ზოოპარკი), ითხიოვა და მიიპატიჟეს. მარტო გველები რომ არ უყვარს, ეგაც ჩანს აქ
tea
მაგარია. ყოჩაღ თეკლა.
102010
გულ.......:)))
#
რა სისულელეა ამ სტატიის სათაური.ბიძინას გველები არ უყვარს და ამ გოგოს მასთან არავინ არ მიიპატიჟებდა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?