როგორ მოვუაროთ სახლის პირობებში ცხოველებს
როგორ მოვუაროთ სახლის პირობებში ცხოველებს
ბევრს სურს, სახლში ჰყავდეს სხვადასხვა ჯიშის კატა თუ ძაღლი, თუმცა ყველა ვერ აცნობიერებს, რომ ისინი ცოცხალი არსებები არიან და სათამაშოსავით არ უნდა მოვეპყროთ. მათ მზრუნველობა, მოვლა, პატრონობა და იმ სიყვარულის უკან დაბრუნება სჭირდებათ, რომელსაც თავად გვჩუქნიან. ცხოველთა მოვლის ნიუანსებზე გვესაუბრება ექიმი ვეტერინარი, ვეტერინარიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ნათია ნატროშვილი.

- ქალბატონო ნათია, საქართველოში რომელი ჯიშის ძაღლი უფრო ჰყავთ ოჯახში?
- ადრე დიდ ძაღლებს ანიჭებდნენ უპირატესობას, მაგრამ ახლა, უფრო მეტად - ქალბატონები, ამჯობინებენ ჩიხუახუას, იორკშირულ ტერიერს, ბოოს. ძაღლს მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამიტომ მომავალ პატრონებს ვურჩევდი,
ცხოველის შეძენამდე კონსულტაცია ექიმ ვეტერინართან გაევლოთ. ყველა ჯიშს აქვს ესა თუ ის თავისებურება, რომლის შესახებაც
პატრონმა აუცილებლად უნდა იცოდეს და მზად იყოს წამოჭრილ პრობლემებთან გასამკლავებლად. ჩემი დაკვირვებით, მრავალსართულიანი კორპუსის ბინებში ხშირად ჰყავთ დიდი ძაღლები. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ძაღლიც და პატრონიც მძიმე სიტუაციაში არიან. ძაღლს დღეში 2-ჯერ მაინც, საზოგადოდ კი - რაც შეიძლება ხშირად, სჭირდება გასეირნება. ოთხ კედელში ის ძალიან ცოდოა და იჩაგრება.

- რატომ არის აუცილებელი გასეირნება?
- სეირნობა აუცილებელია კუნთოვანი სისტემის განვითარებისთვის. გულისა და ყველა სხვა ორგანოს ფუნქციობისთვის საჭიროა ჰაერის ცვლა და სიარული. პატრონებს ეს ავიწყდებათ, ამიტომ ძაღლებს უჩნდებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, წონის, ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემები.

- როგორ შევარჩიოთ ძაღლის ჯიში? ბოლო ხანს მოდური გახდა ისეთი ჯიშები, რომლებიც ჩრდილოეთის სარტყლისთვის არის დამახასიათებელი და ჩვენი გეოგრაფიული ზონისთვის უჩვეულოა.
- მათ უჭირთ საქართველოში ადაპტაცია, სიცხის გადატანა და სხვა. ძაღლის ჯიშის შერჩევისას პატრონმა, პირველ რიგში, საკუთარი შესაძლებლობები უნდა გაითვალისწინოს, რათა ძაღლი არ დაიჩაგროს.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ყველა ჯიშის ძაღლს სჭირდება გასეირნება, მოვლა და მზრუნველობა. მაინც რა კრიტერიუმებით მივანიჭოთ უპირატესობა ამა თუ იმ ჯიშს?
- უწინარესად, მნიშვნელოვანია თავად მფლობელის სურვილი. შეიძლება ვურჩიოთ რომელიმე ჯიში, მაგრამ მას სულ არ მოსწონდეს იგი. ჯერ უნდა გაარკვიონ, თავად რა სურთ, მერე კი გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, შეაჯერონ დადებითი და უარყოფითი მხარეები, განსაზღვრონ, შეძლებენ თუ არა პრობლემებთან გამკლავებას და ცხოველის მოვლას. პატარა ძაღლი უფრო ადვილი მოსავლელია, იოლი გადასაყვანია და მისი წაყვანა ყველგან შეიძლება. თუ ძაღლი მოწესრიგებული, აღზრდილი და პატრონის მიერ გაფუჭებული არ არის, მან იცის, როგორ მოიქცეს და პრობლემებს არ ქმნის. მაგრამ საქართველოში ძაღლის აღზრდის საკითხი რამდენადმე პრობლემურია, ამიტომ პატრონებს ვურჩევ, ლეკვობიდანვე მიაჩვიონ წესრიგს, მოაქციონ ჩარჩოში და პატარა ბავშვივით აღზარდონ. სირთულეები უმეტესად თავს იჩენს ლეკვობის ასაკში, სანამ აცრების ჩატარებაა აუცილებელი. ამის შემდეგ ძაღლის მოვლა სულაც აღარ არის რთული. მივედით იმ საკითხამდე, რომელიც დაკავშირებულია ძაღლის ჯანმრთელობასთან, რაზეც გარკვეულწილად ოჯახის ჯანმრთელობაც არის დამოკიდებული. მთავარია, ლეკვს სათანადოდ მოუარონ, ექიმის დანიშნულება შეასრულონ: დროულად ჩაუტარონ ვაქცინაცია, მისცენ ჭიების წამალი თუ ანტიპარაზიტული წვეთები. თუ ცხოველი ჭიებზე დამუშავებულია, პატრონიც მშვიდად იქნება. საქართველოში არის ადგილები, სადაც ძაღლმა უმჯობესია არ იბანაოს, რადგან შესაძლოა დასნებოვნდეს სოკოთი, კანქვეშა ტკიპით, ლეიშმანიოზით, თუმცა ამ უკანასკნელის საწინააღმდეგოდ აცრაც ტარდება და საყელოთი დაცვაც არის შესაძლებელი. სოკოს საწინააღმდეგო აცრაც არსებობს, ამიტომ საჭიროა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, რათა პრობლემა არ შეგვექმნას.

- სახელდობრ როდის ტარდება აცრები?
- 20 დღის ლეკვს უნდა ჩაუტარდეს ჭიის საწინააღმდეგო დამუშავება; მეთხუთმეტე დღეს პროცედურა განმეორდეს, რათა ლეკვის ორგანიზმი გასუფთავდეს, 6 თვემდე - თვეში 1-ხელ, 6 თვის შემდეგ - 3 თვეში 1-ხელ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პარაზიტი მთელ ორგანიზმში მიგრირებს; თუ კუჭის კედელი გაიხვრიტა, სისხლის საშუალებით მთელ ორგანიზმში მიმოდის და შეიძლება მოხვდეს გულში, თავის ტვინში, ფილტვში, ღვიძლში. ამიტომ სასურველია, ლეკვობიდანვე მივხედოთ და მოვაწესრიგოთ ძაღლი ამ თვალსაზრისით. თვე-ნახევრიდან ვიწყებთ აცრებს: ორკვირიანი შუალედით 4 კომპლექსური აცრა უნდა ჩატარდეს და ერთი - ცოფის საწინააღმდეგო 3 თვის ასაკში. ამით ლეკვის იმუნიზაცია სრულდება. ძირითადი აცრების დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგ ტარდება ლეიშმანიოზისა და სოკოს საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2-3-კვირიანი შუალედით. მომდევნო წლებში კეთდება თითო აცრა წელიწადში 1-ხელ.

- თქვენ კანქვეშა ტკიპა ახსენეთ. ადამიანისთვის თუა გადამდები და როგორ დავიცვათ ცხოველი?
- კანქვეშა ტკიპაც და სოკოც ადამიანისთვის გადამდებია, მაგრამ პროფილაქტიკური ღონისძიებებით, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, თავს ვიზღვევთ. გარდა ამისა, ძაღლი წელიწადში 2-ჯერ კონსულტაციისთვის უნდა მივიყვანოთ ვეტექიმთან. რაც შეეხება რწყილებსა და ტკიპებს: თვეში 1-ხელ, განსაკუთრებით - მზიან პერიოდში, მარტის თვიდან, აუცილებლად უნდა მოხდეს ძაღლის დამუშავება ანტიპარაზიტული წვეთებით და ანტიპარაზიტული საყელოთი. ტკიპები სისხლის პარაზიტების გადამტანები არიან და ბევრ პრობლემას ქმნიან. კანქვეშა ტკიპა ყველა ძაღლს აქვს. იმუნიტეტის დასუსტებისას, ასევე - სტრესულ ვითარებაში, მან შესაძლოა თავი იჩინოს.

- ცხოველთა კვების საკითხიც მნიშვნელოვანია. რამდენჯერ უნდა ვაჭამოთ ძაღლს? რაზეა დამოკიდებული საკვების რაოდენობა - წონაზე?
- ლეკვს ხშირად უნდა ვაჭამოთ მცირე ულუფებით. ზრდის პროცესში კვების რაციონი ცხოველის წონის გათვალისწინებით დგება, ზრდასრულ ასაკში კი ძაღლი 2-ჯერ იკვებება და ავტომატურად გადადის ამ რეჟიმზე. თუ ძაღლი მაკედაა, მისი რაციონი თვითნებურად არ უნდა შევარჩიოთ, იმიტომ, რომ ამ მდგომარეობაში მას დამატებითი სპეციფიკური კვება სჭირდება, ის კი ექიმთან კონსულტაციით უნდა დაიგეგმოს, რათა ძაღლი ჯანმრთელი იყოს, კარგად იმშობიაროს და ჯანსაღი და ხალისიანი ლეკვები დაბადოს. კვების რაციონში შეიძლება დავამატოთ შვრია, წიწიბურა, ბრინჯი, ბოსტნეულის უცხიმო და უმარილო წვნიანი.

- ცხოველისთვის სუფრიდან საკვების მიცემა შეიძლება?
- არ არის სასურველი. ჩვენი საკვები მეტად კალორიული და ცხიმიანია, ცხოველს ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავს უზიანებს. არ არის სასურველი კვერცხის, შემწვარ-მოხრაკულის მიცემა. არ შეიძლება ნამცხვარი, შოკოლადი, სხვა ტკბილეული - ძაღლს გაუჩნდება კარიესი და კბილებს დაკარგავს. თუ ძაღლს კბილებზე ნადების წარმოქმნისკენ აქვს მიდრეკილება, აუცილებელია გაწმენდა, თორემ პაროდონტოზს და კბილების დაცვენას გამოიწვევს. ხშირად ძაღლი მაშინ მოჰყავთ, როდესაც პირიდან სუნი საგრძნობი ხდება. ასეთ დროს კი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ რამდენიმე კბილის ამოღებაც კი გვიხდება ხოლმე.

- როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი "მათხოვრობას"?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიაჩვევს და გაზრდის პატრონი. ხშირად ეს პატრონის ბრალია.

- ალბათ ჯობს, ჯერ ცხოველი დავაპუროთ და მერე მივუსხდეთ მაგიდას...
- ეს არ არის გადამწყვეტი. ძაღლი თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ, რომ ჭამის დროს არ მოგვეკაროს, ანდა რაიმე ნუგბარი მივცეთ, რომელზეც გადაიტანს ყურადღებას.

- რამდენადაც ვიცი, ცხოველებისთვის დელიკატესებიც არსებობს.
- ძალიან ბევრი: შოკოლადები, კანფეტები, ჩხირები... არსებობს ისეთი ჩხირებიც, რომლებიც კბილების გაწმენდას უწყობს ხელს.

- როგორ ჩავუტაროთ პირის ღრუს ჰიგიენა?

- სპეციალური ჯაგრისით, თანაც თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ, იმიტომ, რომ მერე ამის გაკეთება ძნელია.

- ფრჩხილების ჰიგიენა როგორ ტარდება?
- როდესაც ცხოველს ხშირად ასეირნებენ ასფალტიან გზაზე, ფრჩხილი ავტომატურად იქლიბება და პრობლემა აღარ წარმოიშობა. თუ არადა ფრჩხილები სპეციალური მაკრატლით უნდა დაიჭრას, თორემ შეიძლება ისე გაიზარდოს, რომ თათის ბალიშში შეერჭოს და დაუზიანოს.

- რა ასაკიდან შეიძლება ძაღლის გარეთ გაყვანა?
- მეორე აცრიდან 1 კვირის შემდეგ, რაც დაახლოებით 2 თვის ასაკს შეესაბამება, თუ აცრებს შორის შუალედები ზუსტად არის დაცული. საზოგადოდ, რა ასაკისაც უნდა იყოს ლეკვი, პირველი აცრის შემდეგ, სასურველია, გარეთ არ გაიყვანოთ, რადგან ამ დროს ძალიან სუსტადაა.

- როგორ შევაჩვიოთ ჰიგიენას, რათა სახლში არ მოისაქმოს?
- სასურველია, შემოვსაზღვროთ ერთი ადგილი. ზაფხულში ეს შეიძლება იყოს აივანი, ზამთარში კი ლეკვი, რა ჯიშისაც უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიყვანოთ აივანზე. ჭამიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ძაღლი იწყებს წრიალს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსაქმება სურს. უნდა მიიყვანოთ და დასვათ იმ ადგილას. ასე რამდენიმეჯერ, რათა იქ მოსაქმების ჩვევა გამოუმუშავდეს.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ჯანმრთელი ძაღლი წელიწადში 2-ჯერ სამედიცინო კონტროლს უნდა გადიოდეს. რა გამოკვლევები ტარდება ამ დროს?
- ვიზუალური დათვალიერება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის შემოწმება, სისხლის ანალიზი. ეს ყველაფერი არც ისე ძვირია, რომ წელიწადში ორჯერ მათი ჩატარება ვერ შევძლოთ. ასევე საყურადღებოა პროქტიტი - ანალური ჯირკვლების გადავსება. როდესაც ძაღლი სახლშია და გაადამიანურებულია, ამ ჯირკვლების განთავისუფლება სჭირდება. ეს მეტად მტკივნეული პრობლემაა, ძაღლი ვერ ხვდება, სად სტკივა და მთელ ტანს იკბენს.

- მინდა, კატის შესახებაც გკითხოთ - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას ამდენი მოვლა და მზრუნველობა არ სჭირდება.
- კატები ამ თვალსაზრისით უფრო დამოუკიდებლები არიან, მაგრამ მათ ძაღლებზე ხშირად აწუხებთ შარდკენჭოვანი დაავადება.

- კატის ჯიშის შერჩევის დროსაც საჭიროა ვეტერინარის კონსულტაცია?
- როდესაც სახლში ცხოველი შეგყავთ, სასურველია, მომზადებული შეხვდეთ იმ სიურპრიზებს, რომლებსაც შეიძლება ველოდოთ მისგან.

- აცრების კალენდარი და დამცავი მექანიზმები კატებისთვისაც იგივეა, რაც ძაღლებისთვის?
- კატებს 3 თვიდან უტარდებათ აცრები. აუცილებელია ჭიის საწინააღმდეგოდ მათი დამუშავება. აცრები ტარდება 2-ჯერადად: კომპლექსური და ერთი - ცოფის საწინაარმდეგო. კატის მოვლაც, ძაღლთან შედარებით, უფრო ადვილია. მას არ სჭირდება გასეირენება, თავად იცავს ჰიგიენას და იწესრიგებს თავს.

- რამდენჯერ ეცვლებათ ცხოველებს ბეწვი?
- სეზონურად. უმთავრესად ზამთარ-ზაფხულის ბეწვის ცვლაა შესამჩნევი და შემაწუხებელი. გრძელბეწვიანი ცხოველის ვარცხნა აუცილებელია ლეკვობიდან, არსებობს სპეციალური ვიტამინებიც, რომლებიც თმის გამაგრებას უწყობს ხელს - ისინიც შეიძლება დავიხმაროთ.

- რამდენჯერ უნდა დავვარცხნოთ ცხოველი?
- კატა თუ ძაღლი, თუ გრძელბეწვიანია, დღეში 2-ჯერ უნდა დაივარცხნოს. დაბალბეწვიანი ცხოველი ვარცხნეთ დაბალკბილიანი სავარცხელ-მასაჟორით - ეს კარგია სისხლის მიმოქცევისთვის, ამასთან, ცხოველი სიამოვნებასაც იღებს და რელაქსაციას განიცდის.

- რა სიხშირით დავბანოთ?
- ძაღლის შამპუნით დაბანა სასურველია 3 თვეში ერთხელ. ზაფხულის სიცხეში წყლის გადავლება და გაგრილება ყოველდღეც შეიძლება. გასეირნების შემდეგ სასურველია თათები და მუცელი გავუსუფთაოთ.

- კატაც ასეთი სიხშირით უნდა დავბანოთ?
- კატა თავად ისუფთავებს თავს, მას არ აბანავებენ. თუ გრძელბეწვიანია, ბეწვი სცვივა და ამით დისკომფორტს გვიქმნის, მაშინ შეიძლება გაკრეჭა და გაპარსვაც კი.

- როგორ უნდა დავბანოთ ცხოველი?
- ცხოველის დაბანა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ძირითადად აბაზანაში ბანენ. ბანაობისას ყურებში ბამბა უნდა ჩავუდოთ, რათა წყალი არ ჩაუვიდეს და ანთებითი ან სოკოვანი პროცესი არ განუვითარდეს.

- როდესაც პატრონი ცხოველს კარგად უვლის და პირად ჰიგიენასაც იცავს, პრობლემა ალბათ არ უნდა შეიქმნას, მაგრამ პარაზიტული თუ სხვა გადამდები დაავადებების პრევენცია როგორ უნდა მოვახდინოთ?

- შესაძლოა, ადამიანს ცხოველი საერთოდ არ ჰყავდეს და ხორცისგან ან ბოსტნეულისგან დასნებოვნდეს პარაზიტით თუ მიკრობით... ცხოველთან ყოველი კონტაქტის შემდეგ ხელები უნდა დავიბანოთ. თუმცა 100%-იანი გარანტია არც ამ შემთხვევაში არსებობს.

- რა სიხშირით გავკრიჭოთ ცხოველი?
- დაბალბეწვიან ცხოველებს საერთოდ არ სჭირდებათ გაკრეჭა, მაღალბეწვიანს კი თათები აუცილებლად გაკრეჭილი უნდა ჰქონდეს, ბალახი რომ არ შეერჭოს. მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს ტანიც. თუ ვერ ვვარცხნით, ჯობს მთლიანად გავპარსოთ ან ისე გავკრიჭოთ, რომ თმის კვანძები არ დარჩეს, თორემ შესაძლოა კანის პრობლემები შეექმნას.

ბოლო ხანს საქართველოში გაიზარდა ინტერესი ჩიტების, თევზების, ზღვის გოჭების, ზაზუნებისა და ჯუჯა კურდღლების მიმართ. მათ თავისებური მოვლა სჭირდებათ. ამის შესახებ "ზოოპლაზას" ექიმი ვეტერინარი ზურაბ ხოტულაშვილი გვესაუბრება.


- ბატონო ზურაბ, რას ურჩევდით მათ, ვისაც თუთიყუშის შეძენა სურს?
- ჯერ უნდა გადაწყვიტონ, რა ჯიშისა სურთ. ზოგიერთი ბეღურასავით პატარაა და მცირე ფართობიც ჰყოფნის, ზოგიერთის სიგრძე კი მეტრ-ნახევარსაც აღწევს. ასეთ თუთიყუშებს ერთოთახიანი ბინისოდენა ვოლიერი სჭირდებათ. რაც შეეხება მოვლა-პატრონობას, საჭიროა სპეციფიკური რაციონის უზრუნველყოფა, სისუფთავის დაცვა, ვიტამინები. ყველა ზოომაღაზიაში ჰყავთ ვეტექიმი და ამ საკითხების თაობაზე კონსულტაცია აუცილებლად მათთან უნდა გავიაროთ. თავდაპირველად უნდა გაირკვეს, რა სურს ოჯახს: მგალობელი იადონი, თუთიყუში, რომ ლაპარაკი ასწავლონ და ამით გაერთონ თუ წყვილი გასამრავლებლად. თუმცა დაწყება ჯობს პატარა, ე.წ. ტალღოვანი თუთიყუშით.

- წყვილი აუცილებლად დედალ-მამალი უნდა იყოს?
- რა თქმა უნდა, ბიოლოგიური თვალსაზრისით ასე ჯობია, რათა წყვილს თავისი ფიზიოლოგიური ცხოვრება ჰქონდეს. მაგრამ როდესაც თუთიყუშს მეწყვილე ჰყავს, არ ლაპარაკობს, ამიტომ თუ მოლაპარაკე თუთიყუში გვინდა, ჯობს ერთი ცალი გვყავდეს. ბარტყი დაახლოებით 3 თვეში იწყებს ლაპარაკს. ამისთვის უნდა ველაპარაკოთ დღეში 2-3 საათი. ის ჯერ მარტივი სიტყვების წარმოთქმას დაიწყებს, მერე და მერე მთელ ფრაზებს სწავლობს, ზოგი ლექსებსაც კი ამბობს.

- სად უნდა მოვათავსოთ გალია, როგორ დავიცვათ მისი ჰიგიენა, რა სიხშირით დავასუფთაოთ?
- გალია არ უნდა იდგას ფანჯარასთან - მზის პირდაპირი სხივები ჩიტს აწუხებს. გალია ნახევრად ჩრდილში უნდა მოვათავსოთ. ახლოს არ უნდა იყოს კონდიციონერი, ვენტილატორი - ორპირ ქარს ჩიტი ვერ იტანს. არც ბნელი ოთახი ვარგა. ჩიტის საკვები და ვიტამინები ზოომაღაზიებში იყიდება. ყოველდღე საჭიროა გალიის ელემენტარული დალაგება-დასუფთავება, საკვების დამატება, წყლის გამოცვლა. საკვებს უნდა დავუმატოთ ხილი და ბოსტნეული. წყვილისთვის შედარებით დიდი ზომის გალიებს ყიდულობენ და მუდამ იქ ჰყავთ; ცალი თუთიყუში კი ისე ეჩვევა ოჯახს, რომ გამოდის გალიიდან, მთელ სახლში დაფრინავს და გალიაში დასაძინებლად თავისით შედის.

- რაიმე დაავადება ხომ არ შეიძლება გადაედოს ჩიტისგან ადამიანს?
- არსებობს დაავადებები, რომლებიც ჩიტისგან შეიძლება ადამიანს გადაედოს, მაგრამ თუ ჰიგიენის წესებს დავიცავთ, ასეთი რამ გამორიცხულია. თუ შეამჩნიეთ, რომ ფრინველი აბუზულია, უარს ამბობს საკვებზე, წყალზე, უნდა მიმართოთ ვეტექიმს. საზოგადოდ კი ჩიტი ექიმთან 3 თვეში 1-ხელ უნდა მივიყვანოთ.

- ჩიტის დაბანა თუ შეიძლება?
- შეიძლება პულვერიზატორით დაბანა. არსებობს მკბენარების საწინააღმდეგო სპეციალური სასხურებლები.

- თევზებსა და აკვარიუმის მოწყობაზე რას გვეტყვით?

- აკვარიუმისტიკა მთელი მეცნიერებაა. ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს, რამხელა აკვარიუმი სურს, რა ჯიშის თევზები აინტერესებს სილამაზისა თუ ბიოლოგიური ბუნების თვალსაზრისით. აკვარიუმში უნდა შეიქმნას ე.წ. ბიოტოპი, რომელიც აკმაყოფილებს ამა თუ იმ ჯიშს. აუცილებელია ჟანგბადის მიწოდება, ფილტრაცია, წყალი სუფთა და გამჭვირვალე უნდა იყოს. როდესაც აკვარიუმში ფილტრებია დამონტაჟებული, წყლის ხშირი გამოცვლა აღარ არის საჭირო, თუმცა თავად ფილტრებს დროდადრო გაწმენდა სჭირდება. რაც აორთქლდება, იმ წყლის დამატება აუცილებელია. 2 კვირაში 1-ხელ კი წყლის მესამედი უნდა გამოვცვალოთ.

- ბევრს იზიდავს მღრნელები: ზაზუნები, ზღვის გოჭები, ჯუჯა კურდღლები. როგორ მოვუაროთ მათ?
- ამ ცხოველებს სჭირდებათ მშრალი ტერარიუმები ან სპეციალური კონტეინერები, რომელთა შეძენაც ზოომაღაზიებშია შესაძლებელი. ფსკერზე უნდა ეყაროს ნახერხი, ოღონდ არა ფიჭვის, რადგან მას სპეციფიკური ფისი აქვს.

- როგორ გავასუფთავოთ ცხოველმყოფელობის პროდუქტებისგან მღრღნელების საცხოვრებელი?
- ნახერხის ფენა 3-4 დღეში ერთხელ უნდა გამოიცვალოს.

- როგორ გამოვკვებოთ?
- ზოომაღაზიებში საკვებიც იყიდება. ცხოველები თვითონ არეგულირებენ, როდის და რამდენი ჭამონ. აუცილებელია ბოსტნეული - რაციონის დაახლოებით 80%, იმიტომ, რომ წყალს ისინი პრაქტიკულად არ სვამენ და სითხე ხილ-ბოსტნეულისგან უნდა მიიღონ. მათ სჭირდებათ ვიტამინები და 3 თვეში 1-ხელ - ვეტერინარის კონსულტაცია, ჭიებზე, პარაზიტებზე დამუშავება. დასასრულ, მინდა გითხრათ, რომ თუ ჰიგიენის წესებს დავიცავთ, ცხოველის ყოლა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.



ავტ: მარიკა დვალი

ინფორმაცია გამოყენებულია საიტიდან mkurnali.ge

ლელა
შევიძინე ერთი თვის კოკერსპანიელი სპანიელი, როგორ გამოვკვებო? ის მხოლოდ 500 გრამია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?